ნამახვანჰესის მშენებლობა მასშტაბური აქციით გააპროტესტეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში. უწყვეტი პროტესტის 105 დღეს ხეობის მცხოვრებლებმა სოფელში, მდინარე რიონის ჭალის მიმდებარედ დადგეს კარავიც, რომელიც წინა კვირას სამართალდამცველებმა აიღეს სოფელ ჟონეთში, იმ მოტივით, რომ კარავი იდგა ჰესის მშენებელი კომპანიის „ენკას“ ტერიტორიაზე.
7 თებერვალს გამართული აქციის მონაწილეთა მოთხოვნა უცვლელია, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი, სამოქალაქო აქტივისტები, გარემოსდამცველები და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენელები, რომლებსაც სოლიდარობა სხვადასხვა რეგიონიდან ჩასულმა მოქალაქეებმაც გამოუცხადეს, მოითხოვენ სამუშაოების შეჩერებას, კომპანიისგან ხეობის დატოვებას და მძიმე ტექნიკის გაყვანას. დღეს ამ მოთხოვნებს დაემატა კიდევ ერთი მოთხოვნა: ერთი კვირის წინ სამართალდამცველების მიერ აღებული ჯვრის დაბრუნება იმავე ტერიტორიაზე.
2020 წლის ნოემბერში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ჯვარი აღმართეს იმ ადგილზე, სადაც კომპანია მოსამზადებელ სამუშაოებს ასრულებდა.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორთა მოთხოვნაა, მთავრობამ გააუქმოს ის ხელშეკრულება ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებელ კომპანია „ენკასთან“, რომლის მიხედვითაც, რიონის ხეობის ნაწილი კომპანიას საკუთრებაში, ნაწილი კი 99 წლით, მართვის უფლებით გადაეცა.
სოფელ ნამოხვანში გამართულ აქციას შეუერთდნენ ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, თუმცა მათ აქციის მონაწილეთათვის სიტყვით არ მიუმართავთ, რადგან ორგანიზატორებს არ სურთ, პროტესტს რომელიმე პარტიის სასარგებლო პოლიტიკური დატვირთვა მიეცეს.
აქციაზე იმყოფებოდა სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილიც.
აქცია ნამოხვანში სამართალდამცველთა უპრეცედენტო მობილიზების ფონზე მიმდინარეობდა, თუმცა პოლიციას ხელი არ შეუშლია კარვის დადგმისთვის.
სამართალდამცავები ქუთაისიდან აქციაზე მიმავალ მანქანებს აჩერებდნენ სოფელ ოფურჩხეთთან და საბარგულებს უმოწმებდნენ. 7 თებერვალს შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აქციის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ორი ავტომობილი შეაჩერეს. ერთ-ერთიდან ამოღებულია ვინჩესტერის მოდელის რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და სნაიპერული შაშხანა, ხოლო მეორიდან - ბეისბოლის ჯოხი და ბლაგვი საგანი, ე.წ. დუბინკა.
პოლიციამ ჩამორთმევის შემდეგ მფლობელებს განუმარტა, რომ აღნიშნული ნივთები აქციის დასრულების შემდეგ დაუბრუნდებათ.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ რიონის ხეობაში კომპანია „ენკასთვის“ მიწის ნაკვეთის გადაცემასთან დაკავშირებით განცხადება რამდენიმე დღის წინა გაავრცელა:
„გვსურს გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს კომპანია "ენკას", რომელიც ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტს ახორციელებს, სახელმწიფოსგან საკუთრებაში გადაეცა რიონის მთელი ხეობა. ხაზგასმით განვმარტავთ, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ემსახურება დაძაბულობის შექმნას - კომპანიას საკუთრებაში ან გრძელვადიანი სარგებლობის უფლებით გადაეცა მხოლოდ ის კონკრეტული ტერიტორია, სადაც უშუალოდ შენდება და განთავსდება ჰიდროსადგურის ნაგებობები, რაც ქვეყანაში ჩვეულებრივად მიღებული პრაქტიკაა - როდესაც ინვესტორი ახორციელებს ინვესტიციას, მითუმეტეს, განსაკუთრებით დიდ ინვესტიციას (საუბარია 800 მილიონ დოლარზე), ცხადია, მიწა მას უნდა ჰქონდეს ან საკუთრებაში, ან გრძელვადიანი სარგებლობის უფლებით“.
პროტესტის პასუხად, კომპანიაში პროექტის სიკეთეებზე, გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე, დასაქმებულთა რაოდენობასა და ინვესტიციის მოცულობაზე საუბრობენ. მათი ინფორმაციით, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე მშენებარე ნამახვანისა და ტვიშის ჰესები წლიურად 1,514 გიგავატ.სთ ენერგიას გამოიმუშავებენ, ხოლო ჰესებზე დადგმული სიმძლავრე ჯამურად 433 მეგავატს შეადგენს.
ჰესის ამოქმედების შემდეგ, „ენკა“ ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონი ლარის შეტანისა და მშენებლობაზე 3 000-მდე ადამიანის დასაქმების პირობას დებს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში ორი ჰესის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი წლებია აპროტესტებს, თუმცა პროტესტი განსაკუთრებით გამწვავდა შარშან, მას შემდეგ, რაც კომპანია „ენკამ“ რიონის ხეობაში რამდენიმე ადგილზე სამშენებლო მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო და მშენებლობაზე დასაქმებული უცხოელი სპეციალისტებისთვის დროებითი საცხოვრებელი ბანაკი მოაწყო.