Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დენის გაზრდილი ტარიფი მცირე ბიზნესს ახალ პრობლემებს უქმნის


თელავი
თელავი

2021 წლის 1 იანვრიდან საქართველოში დენი გაძვირდება. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომპანიის გადაწყვეტილებით, ტარიფი გაიზარდა როგორც სამომხმარებლო, ასევე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის.

სამომხმარებლო ტარიფი გაიზარდა 3,5 თეთრით, არასაყოფაცხოვრებო კი - 10,8 თეთრიდან 14,6 თეთრამდე. იანვრიდან ელექტროენერგიის გაძვირება რომ დამატებით ფინანსურ ხარჯებს წარმოშობს, ეს უკვე დაზუსტებით იცის კახეთში ერთ-ერთი სწრაფი კვების ობიექტის მფლობელმა, მიხეილ ჩაკვეტაძემ.

მან ბიზნესი კორონავირუსის პანდემიის პირობებში დაიწყო, ამიტომ, მისი თქმით, ჯერ ისედაც მრავალმხრივ დაზარალებული, იძულებული გახდება ან ბიზნესი დაკეტოს, ან თანამშრომლები შეამციროს, რადგან თუ პრუდუქტზე ფასს გაზრდის, მომხმარებელს დაკარგავს.

თელავი
თელავი

„იმ აპარატურის 90 პროცენტი, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებ, დენზეა. წინა თვეებში 870 და 900 ლარი მხოლოდ ელექტროენერგიაში გადავიხადე, ახლა კი, ალბათ, 1300 ლარი მომიწევს. აქვე სხვა სახის გადასახადებზეც არის ლაპარაკი. ალბათ, იძლებული ვიქნები შევამცირო თანამშრომლები (სულ 10 თანამშრომელი მყავს) ან, უკიდურეს შემთხვევაში, საერთოდ დავკეტავ მანამდე, სანამ პანდემია არ ჩაივლის. ჩვენ ხარჯები ისედაც გაგვეზარდა, ყველა ის პროდუქტი გაძვირდა, რასაც სწრაფ კვებაში ვიყენებთ. რატომ აკეთებენ ასეთ რამეს, მომავალ არჩვნებში აღარ უნდათ ხალხის მხარდაჭერა?“

სწრაფი კვების ობიექტის მეპატრონე მიხეილ ჩაკვეტაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ელექტროენერგიის გაძვირებამდეც მისი ბიზნესი მნიშვნელოვნად დაზარალდა იმის გამო, რომ დასაქმებული მოსახლეობის დიდი ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა და მომხმარებელი მნიშვნელოვნად შემცირდა. ჩაკვეტაძის თანახმად, მან შესაბამისი განაცხადი გააკეთა, თუმცა ამ დრომდე ვერ ისარგებლა სახელმწიფოს მიერ დაწესებული ვერანაირი შეღავათით. ლაპარაკია შეღავათებზე, რომელიც პანდემიის პირობებში ბიზნესისთვის დაწესდა.

„მე განაწყენებულის პოზიციიდან კი არ გელაპარაკებით, რეალობას ვაფასებ, რომელშიც ვარ. მე 15 წელი ევროპაში ვიცხოვრე. ვიცი, რომ იქ სახელმწიფო მაქსიმალურად ეხმარება იმას, ვინც ხალხს ასაქმებს. ასევე მთავრობა გვერდში გიდგას, რომ შენ მეტი მოგება ნახო. მე კი არ ვითხოვ, რომ ინდივიდუალურად დამეხმარონ, რომ მეტი მოგება მივიღო... ქვეყანაში ისეთი მდგომარეობაა, რომ სახელმწიფოს დახმარება ყველას სჭირდება, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს“.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს მომავალ წელს არ მოუწევთ ელექტროენერგიის საფასურის გაზრდილი ტარიფით გადახდა. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, „საქართველოს მთავრობა სხვაობას დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის“. გახარიას თქმით, სუბსიდირება შეეხება ოჯახების 95 %-ს. რაც შეეხება კერძო კომპანიებს, პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, 2021 წლის განმავლობაში დღევანდელ და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობა 50 %-ით დასუბსიდირდება მათთვის, ვინც ადგილობრივი წარმოების საკვებ პროდუქტს უშვებს.

თელავი
თელავი

საწარმო „შუამთა“ თელავში რძის პროდუქტებს აწარმოებს, უმეტესწილად, სულუგუნს. კორონავირუსის პანდემიის პირობებში კომპანიის გაყიდვები მნიშვნელოვნად შემცირდა, ამიტომ ამჟამად უშუალოდ წარმოების პროცესი შეჩერებული აქვთ, თუმცა არსებული მარაგები რომ შეინახონ, მცირე ზომის საწარმოში მუდმივად მუშაობს სამაცივრე მეურნეობა და სხვა სახის ელექტრომოწყობილობები. წარმოების ტექნოლოგის, გიორგი ღაღაშვილის, განცხადებით, მათთვის შესაძლოა ფასთა სხვაობით წარმოქმნილი ელექტროენერგიის საფასურის 50 პროცენტი სახელმწიფომ გადაიხადოს, თუმცა დარჩენილი თანხაც კომპანიას მძიმე ტვირთად დააწვება. სწრაფი კვების ობიექტის წარმომადგენლის მსგავსად, ყველის საწარმოშიც ამბობენ, რომ ფასს, უბრალოდ, ვერ გაზრდიან, რადგან მომხმარებელს დაკარგავენ, ამიტომ როგორ გააგრძელებენ მუშობას, ჯერ არ იციან.

„ფასს კი გავზრდით, მაგრამ თუ არ გაიყიდა, ელაგოთ დახლებზე... მე თუ სულგუნს გავაძირებ, გლეხი აღარ იყიდის. იყიდის მარილინ ყველს, რომელიც, ალბათ, ერთი კვირა ეყოფა, და არა სულგუნს. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ და არც ვიცით, რა იქნება. უკვე იმ დონეზე ვარ მისული, ბანკის კრედიტები რომ არ გვქონდეს, ერთი წამითაც არ ვიფიქრებდი მუშაობაზე...

ენერგოომბუდსმენის შეფასებით, ელექტროენერგიის გაძვირება უარყოფითად აისახება მომხმარებლის ინტერესებზე, თუმცა, სალომე ვარდიაშვილის თქმით, დენისა და წყლის ტარიფის გაზრდა გარდაუვალი იყო.

აღსანიშნავია, რომ 1 იანვრიდან დენის ფასის გაზრდასთან ერთად თბილისში, მცხეთასა და რუსთავში წყლის ფასიც გაიზარდა.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG