ინსტიტუტის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოლაპარაკების პროცესში უმნიშვნელოვანესია ადამიანების უსაფრთხოებასთან და ძირითად უფლებებთან დაკავშირებული საკითხების წინა პლანზე წამოწევა. შესაბამისად, ორგანიზაცია მოლაპარაკების მონაწილეებს მოუწოდებს, სათანადო ყურადღება მიაქციონ იმ საკითხებს, რომელთა გადაწყვეტის გარეშე, უკიდურესად ზარალდება მშვიდობიანი მოსახლეობა. აუცილებელია უკანასკნელ წლებში დაკეტილი ყველა საკონტროლო-გამშვები პუნქტის გახსნა, როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ისე დე ფაქტო აფხაზეთის მიმართულებით.
„2 წელია სამხრეთ ოსეთი თბილისს სრულიად მოწყვეტილია. ადამიანებისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის უფლების მისაცემად და ოჯახების გასამთლიანებლად, უახლოეს მომავალში უნდა გაიხსნას ოძისი-მოსაბრუნის, პერევი-ქარძმანის და პერევი-სინაგურის გადასასვლელები. მძიმე მდგომარეობაა აფხაზეთის მიმართულებითაც. აფხაზეთი-სამეგრელოს ტერიტორიაზე არსებული შვიდი ალტერნატიული გადასასვლელიდან, დღეს მხოლოდ ორი მუშაობს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია უახლოეს მომავალში კვლავ გაიხსნას ხურჩა-ნაბაკევის, ორსანტია-ოტობაიას, თაგილონი-შამგონას, ლეკუხონა-ფახულანი და მუჟავა-ლეკუხონას გადასასვლელები“. - წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს ოკუპირებულ გალის და ახალგორის რაიონებში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის აკრძალვაზე.
„აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ქართველებისთვის შეზღუდულია მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება. პრაქტიკა სისტემურია და ვლინდება ისეთ ქმედებებში, როგორიცაა, ქართულ ენაზე განათლების მიღების მკაფიო აკრძალვა, სამუშაო ადგილზე ქართული ენის მასწავლებლების შევიწროება, სასწავლო პროგრამებიდან ქართული სახელმძღვანელოების ამოღება“. - გალის და ახალგორის რუსიფიკაციის საკითხებს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი დიდი ხანია სწავლობს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს ამ რაიონებში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით მეტი ყურადღება გამოიჩინონ. ახალგორის ლეგიტიმური გამგებელი, ნუგზარ თინიკაშვილი ამბობს, რომ 3-4 წელიწადში დაბის სრული რუსიფიკაცია მოხდება. ამიტომ მისი აზრით, საერთაშორისო ორგანიზაციებმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ ოკუპაციის პირობებში განვითარებულ ამბებს და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის მონაწილეებისადმი მიმართვაში დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტებზე.
„მხარეებმა უნდა მიიღონ ზომები უკანონო დაკავებების აღსაკვეთად და დაკავებული პირების გასათავისუფლებლად 2020 წლის 30 სექტემბერს გალში ირაკლი ბებუა აფხაზეთის დროშის დაწვისთვის დააკავეს. აღნიშნული ქმედებისთვის მაქსიმალური სასჯელის სახით ერთწლიანი პატიმრობაა გათვალისწინებული. ირაკლი ბებუა ერთი წელზე მეტია, სასჯელს იხდის. მხარეები მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზე უნდა შეთანხმდნენ. უკანონო პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს ცხინვალში დაკავებული გენადი ბესტაევიც. მხარეები უნდა შეთანხმდნენ უკანონო ბორდერიზაციის დაუყოვნებლივ შეწყვეტის აუცილებლობაზე, რაც ხელოვნურად ზრდის ადამიანების უკანონოდ დაკავების რისკებს“, - წერია ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.
ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის ამოქმედება როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში. მისი აზრით, სამხრეთ ოსეთში პოლიტიკური დევნის მსხვერპლია ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი. მის საქმეში იკვეთება გადაადგილებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ასევე არის დისკრიმინაციის სავარაუდო ნიშნები. უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციების დაშვება ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი 2008 წელის აგვისტოს ომის შემდგომ შეიქმნა. აღნიშნული დისკუსიების ჩამოყალიბების გადაწყვეტილება 2008 წელის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან ერთად იყო მიღებული. საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აშშ-ის, ეუთოს, ევროკავშირის და გაეროს წარმომადგენლები.