Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო „კა-გე-ბე" საოკუპაციო ხაზთან ე.წ სასაზღვრო რეჟიმის უსაფრთხოებას ამკაცრებს


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უშიშროების კომიტეტი ე.წ სახელმწიფო საზღვარზე მოქმედი სამართლებრივი რეჟიმების დარღვევის მზარდი შემთხვევების შესახებ იუწყება და ე.წ სასაზღვრო რაიონების მცხოვრებლებს მოუწოდებს, რომ მუდმივად თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი საბუთები.

დე ფატო „კა-გე-ბე" განსაკუთრებით ჯავის რაიონის სოფლების სინაგური-ქარზმანის მოსახლეობას აფრთხილებს, სოფლის დატოვებისას და ეგრეთ წოდებულ სასაზღვრო ზონაში შესვლისას პასპორტები თან იქონიონ. ქარზმანი და სინაგური საჩხერის რაიონს ესაზღვრება.

„ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობას ყურადღებას ვაქცევთ, სასაზღვრო ინფრასტრუქტურის არსებული საშუალებები და ობიექტები განლაგებულია, უპირველეს ყოვლისა, ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სახელმწიფო საზღვართან და მის მიმდებარედ უკანონო მოქმედებების თავიდან ასაცილებლად”, - ნათქვამია დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში. ამასთან დაკავშირებით, „კა-გე-ბე" დესტრუქციულად მიიჩნევს იმ ინდივიდების ქმედებებს, რომლებიც კონტრაბანდული საქმიანობისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნის მიზნით, სოფელ სინაგურთან, ე.წ სასაზღვრო საკონტროლო გამშვები პუნქტის დახურვას ლობირებენ.

დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი მოუწოდებს მოქალაქეებსა და სტუმრებს, გაგებით მოეკიდონ სასაზღვრო სამსახურების მიერ გატარებულ ზომებს სასაზღვრო სივრცეში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მასთან დაკავშირებული უხერხულობებისთვის და ასევე შეახსენებს მათ, რომ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სასაზღვრო კანონმდებლობის დარღვევა ითვალისწინებს არა მხოლოდ ადმინისტრაციულ, არამედ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ე.წ სასაზღვრო რაიონებში და სოფლებში, გამყოფი ხაზის ორივე მხარეს, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სავაჭრო ურთიერთობები აღადგინეს და ამას ხშირად საოკუპაციო ძალების გვერდის ავლით ახერხებენ. საოკუპაციო ძალების ე.წ სასაზღვრო სამსახური კი ასეთ სოფლებში ამგვარი ურთიერთობების აღსაკვეთად ე.წ სასაზღვრო რეჟიმს ამკაცრებს.

XS
SM
MD
LG