Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაღაროელები თბილისისგან მეტს ელოდნენ. როგორ უყურებს დედაქალაქი მათ პროტესტს


ჭიათურელი მაღაროელების და მათი მხარდამჭერების მსვლელობა "ჯორჯიან მანგანეზის" ოფისთან, თბილისი, 20 ივნისი.
ჭიათურელი მაღაროელების და მათი მხარდამჭერების მსვლელობა "ჯორჯიან მანგანეზის" ოფისთან, თბილისი, 20 ივნისი.

ჭიათურელი მაღაროელები განაგრძობენ გაფიცვას და შიმშილობას. ერთმა ამოიკერა პირი, მეორემ თვალები, მესამემ - ხელები დაისერა. ყველაფერი უშედეგოდ. დამსაქმებელი, კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი”, არ თმობს მთავარს და ხელფასებს მხოლოდ ხუთი პროცენტით უზრდის.

საქმეს ვერც თბილისში აქციების გამართვამ უშველა.

ტარიელ მიქაცაძეს ოჯახის რჩენის გარდა სხვა არაფრისთვის სცალია. წლებია, ხან სამსახურშია, ხან სძინავს.

37 წლის კაცი ჭიათურაში, კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” მაღაროებში ამფეთქებლად მუშაობდა. კვირაში შვიდი დღე, დღეში თორმეტი საათი. მომდევნო ერთი კვირა დასვენება შეეძლო. მაგრამ კომპანია 1500-1600 ლარს უხდიდა, რაც მის ოჯახს “არაფერში ჰყოფნიდა”. ამიტომ, დასვენების მაგივრად ზესტაფონში, ავტობანის მშენებლობაზე დადიოდა.

მაღაროელების უმეტესობა ასე ცხოვრობდა. “როდესაც მაღაროში ვამთავრებთ მუშაობას, სხვაგან მივდივართ. ზოგი მეურნეობაში, ზოგი ხელოსანია, ზოგიც ამფეთქებელი. ასე ვავსებდით ოჯახურ ბიუჯეტს”, - ჰყვება იგი.

"ბოდიში, ვისაც სიმშვიდე დაგირღვიეთ", - მიმართავს ტარიელ მიქაცაძე თბილისელებს
"ბოდიში, ვისაც სიმშვიდე დაგირღვიეთ", - მიმართავს ტარიელ მიქაცაძე თბილისელებს

კომპანიაში დასაქმებულ სამი ათასზე მეტ ადამიანს ეს ყოფაც სანატრელი გაუხდა. პირველი თებერვლიდან, “ჯორჯიან მანგანეზმა” შეაჩერა ჭიათურის ოთხივე მაღაროსა და ცხრა ვახტის მუშაობა. ეს იმით ახსნა, რომ მსოფლიო ბაზარზე კრიზისია და ფეროშენადნობებს ვეღარ ყიდის.

მაისის ჩათვლით, ტარიელ მიქაცაძე და სხვები ხელფასის მხოლოდ 60%-ს იღებდნენ. მაისში, სამსახურში დაბრუნებულ მაღაროელებს ახალი პირობები დახვდათ. კომპანიამ მოითხოვა, რომ 12-საათიანი ცვლის ნაცვლად, 8-საათიან ცვლებში ემუშავათ. ეს კი ბევრისთვის ერთკვირიანი დასვენების, ანუ მეორე სამსახურის დაკარგვას ნიშნავდა - ჰყვება ტარიელი.

თანაც ადრე კომპანია იმას უთვლიდათ, თუ რა წონის მადანს გამოიტანდნენ მაღაროდან. მაგრამ ახალი პირობების თანახმად, დაითვლის იმას, თუ რამდენი მეტრით წაიწევენ წინ. ერთ ცვლაში გეგმის ვერშესრულება ხელფასის 15%-ს დააკარგვინებთ. ტარიელი ამბობს, რომ "ჯორჯიან მანგანეზი" შეუძლებელს ითხოვს და, შესაბამისად, მაღაროელებს ხელფასი შეუმცირდებათ.

სხვა სამსახურს ვერ იშოვიან. “არ არსებობს მეტი დასაქმების წყარო. არსებობს მაღაზიები, მაგრამ თუ არ იქნება სახელფასო ანაზღაურება, ვერც მაღაზიები იმუშავებს”.

გაფიცვა და შიმშილობა

5 ივნისს მაღაროელები გაიფიცნენ. ბოლო ხუთ წელიწადში უკვე მეოთხედ. ახალ მოთხოვნას - პირველ თებერვლამდე არსებული გრაფიკის დაბრუნებას, დაემატა ძველებიც - დაზღვევის პირობების გაუმჯობესება, ხელფასიანი შვებულებით სარგებლობა, შრომის უსაფრთხოების დაცვა, ულუფის გაუმჯობესება და ხელფასის ზრდა.

მაღაროელები ამბობენ, რომ შვებულება მათთვის ფუფუნებაა, მაღაროში შესულებმა კი ხშირად არ იციან, უკან ცოცხლები დაბრუნდებიან თუ არა. ბოლო წლებში ჭიათურაში არაერთი მუშა დაიღუპა. მაგალითად, 2013 წელს ორი ადამიანი მაღაროში დაიხრჩო, წყლის დონის მატების გამო.

მაღაროელების ხელფასი, საშუალოდ, 1200-დან 1400 ლარამდე მერყეობს. ამიტომ გასამრჯელოს 40%-ით მატება გაფიცვის საკვანძო მოთხოვნაა. გაფიცულები ამბობენ, რომ ამას კომპანია ცინიკურად შეხვდა.

„გვითხრეს, აფრიკიდან უფრო იაფად ჩამოვიტანთ მარგანეცს, რაც გინდათ, ქენითო”, - უთხრა წინა კვირაში რადიო თავისუფლებას ერთ-ერთმა გაფიცულმა, გვირაბგამყვანმა მერაბ სარალიძემ.

პროტესტის მე-6 დღეს ათმა მაღაროელმა ჭიათურაში შიმშილობა დაიწყო. ერთმა თვალები ამოიკერა, ერთმა პირი. მესამემ ხელები დაისერა.

მოლაპარაკებებში მალე სახელმწიფო ჩაერთო. კომპანია დათანხმდა ძველი გრაფიკის დაბრუნებას, სამუშაო პირობების და ულუფის გაუმჯობესებას. ეს ულუფა 12-საათიან ცვლაში “ერთი კილკა კონსერვი და ერთი ნაჭერი პური იყო. და ერთი ლიტრა წყალი”, - ამბობს ტარიელ მიქაცაძე.

მაგრამ გაფიცვა არ წყდება. მაღაროელები ამბობენ, რომ ბოლო წლებში კომპანიამ სიტყვა ბევრჯერ გატეხა, ხელფასის მომატებას კი მხოლოდ ხუთი პროცენტით დათანხმდა.

“დასაცინად გვიგდებენ. დავიღალე ამ ყველაფრით და მატყუარა ხალხის დანახვა არ მინდა და ამოვიკერე თვალები”, - თქვა კიდევ ერთმა გაფიცულმა, გიორგი კუპატაძემ.

19 ივნისს “ჯორჯიან მანგანეზმა” პრესკონფერენცია გამართა. კომპანიის დირექტორმა, ლაშა თუთბერიძემ განაცხადა, რომ ჯამში ხელფასების ზრდა კომპანიას 10 მილიონი დოლარი დაუჯდება და მაღაროელების მოთხოვნა “ალოგიკურია”. “დღესდღეობით ჩვენი ზარალი შეადგენს 12 მილიონ დოლარს”, - თქვა მან.

ტარიელ მიქაცაძეს ვერ გაუგია, “რატო მიზრდის 50%-ით სამუშაო გეგმას, როცა ბაზარზე იმასაც კი ვერ ყიდის, რაც გამოვიმუშავე”.

იმავე დღეს ოცდაათამდე მაღაროელი დედაქალაქში ჩავიდა. მათ პარლამენტის წინ კარვები გაშალეს. ტარიელ მიქაცაძემ თქვა, რომ დათმობაზე მიდიან და ახლა ხელფასის მომატებას მხოლოდ 20%-ით ითხოვენ. კომპანიასთან შეთანხმება ვერც გაფიცვის მე-14 და შიმშილობის მერვე დღეს მოხერხდა.

“რომელი ევროპა?”

20 ივნისს, დღის ოთხ საათზე, ტარიელ მიქაცაძე თბილისში, პარლამენტის წინ დგას. მასთან ერთად კიდევ ასამდე ადამიანია. ამ პატარა შეკრებაში მარტივად გამოარჩევთ მაღაროელებს - განიერი მხრებით და მკვეთრი რუჯით. ეს ზორბა კაცები ლაპარაკობენ იმაზე, რასაც კაცები საქართველოში იშვიათად ამხელენ ხოლმე - რომ მათ ჩაგრავენ და მხარდაჭერა სჭირდებათ.

ისინი მიდიან “ჯორჯიან მანგანეზის” ოფისისკენ.

“როგორია მაღაროელი?” - ყვირის ტარიელი. “ძლიერი!” - პასუხობს მსვლელობა. მათ შეძახილებს მანქანები დროდადრო სიგნალებით პასუხობენ.

მსვლელობას პოლიცია აცილებდა
მსვლელობას პოლიცია აცილებდა

ტარიელს მიაჩნია, რომ თუ ქვეყანას ევროკავშირის წევრობაზე აქვს პრეტენზია, “მონური შრომა” არ უნდა უწევდეს. მიუყვება რუსთაველის გამზირს და მოუწოდებს “ყველას, ვისაც ქვეყანაში შრომითი პირობების გაუმჯობესება უნდა, მოვიდნენ 6-ზე პარლამენტთან!”

მაღაროელების მსვლელობას რამდენიმე ათეული ადამიანი შეუერთდა
მაღაროელების მსვლელობას რამდენიმე ათეული ადამიანი შეუერთდა

“სანამ თბილისის ხედებით ტკბებიან, მუშა მტვრის, გამონაბოლქვის და დაუძლურებისგან კვდება”, - ამბობს ერთ-ერთი გაფიცული. “რომელ ევროპაზეა საუბარი? სასამართლოს რეფორმა კი არა, ჯერ ხალხის რეფორმა გვჭირდება!” - ამბობს მეორე.

ცათამბჯენიდან გაფიცულებთან არავინ ჩამოსულა
ცათამბჯენიდან გაფიცულებთან არავინ ჩამოსულა

მაგრამ საღამოს შვიდ საათზე, “ჯორჯიან მანგანეზის” ოფისიდან უშედეგოდ დაბრუნებულებს, მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი და კიდევ ერთი საპროტესტო აქცია ხვდებათ. აქ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ და გაფიცულებს ეჭვის თვალით უყურებენ.

ცოტა ხანში ადგილში შეეცილებათ 29 მარტს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი. მისი შვილი 7-9 მარტს "რუსულ კანონს" აპროტესტებდა. გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება, რისთვისაც ახლა 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„ორი კვირა არის, რაც დაანონსებული გვაქვს აქცია პარლამენტის წინ. ახლა მათ იქ კარავი ჩაადგმევინეს თავისუფლად. ჩვენ ამის საშუალებას არ გვაძლევდნენ“, - თქვა ბექა გრიგორიადისმა, სანამ პროტესტის ნიშნად, ისიც პირს და ცალ თვალს ამოიკერავდა.
„ორი კვირა არის, რაც დაანონსებული გვაქვს აქცია პარლამენტის წინ. ახლა მათ იქ კარავი ჩაადგმევინეს თავისუფლად. ჩვენ ამის საშუალებას არ გვაძლევდნენ“, - თქვა ბექა გრიგორიადისმა, სანამ პროტესტის ნიშნად, ისიც პირს და ცალ თვალს ამოიკერავდა.

მაღაროელების აქცია მაინც იწყება, თუმცა რვა საათისთვის, პარლამენტთან მათ მხარდასაჭერად მხოლოდ სამასამდე ადამიანია შეკრებილი.

მაღაროელები და მათი მხარდამჭერები პროტესტს თავსხმა წვიმაში აგრძელებდნენ
მაღაროელები და მათი მხარდამჭერები პროტესტს თავსხმა წვიმაში აგრძელებდნენ

აქცია შუაღამემდე გრძელდება. ზორბა კაცები იმედგაცრუებას არ მალავენ, მაგრამ ამბობენ, რომ ხვალაც შეიკრიბებიან. დებენ პირობას, რომ ჭიათურაში “მოშიმშილე, თვალებ და პირამოკერილ ძმებს გასაჭირში არ მიატოვებენ”.

21 ივნისიდან მათაც შიმშილობა დაიწყეს.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG