Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთის პრესა მსოფლიოში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე


კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეთა აქცია ბარსელონაში. 20 ოქტომბერი, 2019 წ.
კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეთა აქცია ბარსელონაში. 20 ოქტომბერი, 2019 წ.

კატალონია, ჩილე, ლიბანი, ეკვადორი, ჰონგ-კონგი: მსოფლიოს ბევრ ქვეყანასა და რეგიონში მოქალაქეები ქუჩებში გადიან საპროტესტო აქციებზე. ევროპის პრესა იკვლევს მიზეზებს და ფაქტორებს, რომელთა გამოც სულ უფრო მეტად მატულობს პროტესტის მუხტი სხვადასხვა მთავრობისა თუ ხელისუფლების მიმართ.

უკრაინაში გამომავალი, რუსულენოვანი, ლიბერალური ორიენტაციის „ნოვოიე ვრემია“ 24 ოქტომბერს აქვეყნებს ამერიკელი ეკონომისტის, ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბესთან ბრძოლის საკითხების მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტის, ჯეფრი საქსის, წერილს, რომელშიც ის ამბობს, რომ აქციების გამომწვევი მთავარი ფაქტორი სოციალური უსამართლობაა. „ბინების ძალიან მაღალი ფასის გამო, ხალხის დიდ ნაწილს უწევს ცენტრალური, ბიზნესუბნების დატოვება და სამსახურში მისასვლელად, როგორც წესი, ისინი პერსონალურ ან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე არიან დამოკიდებული. ამდენად, მოსახლეობის დიდი ნაწილი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ტრანსპორტის ფასების ცვლილების მიმართ, რაც აჩვენა პარიზსა და სანტიაგოში საპროტესტო აქციების აფეთქებამ. ... ყველა საზოგადოების ვალია, თავის მოსახლეობას მაჯისცემა გაუსინჯოს და შეამჩნიოს სოციალური უბედურებისა და უნდობლობის წყაროები. სამართლიანობისა და გარემოს მდგრადობის გარეშე ეკონომიკური ზრდა არეულობის რეცეპტია და არა კეთილდღეობის. საჭიროა საზოგადოებრივი სერვისების გაცილებით მაღალი მიწოდება, შემოსავლების მდიდრებიდან ღარიბებზე უფრო მეტად გადანაწილება და მეტი ინვესტიციები საზოგადოებრივ სექტორში“.

თურქეთში მოქმედი ვებგამოცემა, ლიბერალური ორიენტაციის „T24“ 28 ოქტომბერს წერს, რომ ამ გამოსვლებში ყველაზე კარგი რამ მათი მშვიდობიანი ხასიათია - ის, რომ დემონსტრანტები იარაღად სიმღერასა და ცეკვას იყენებენ: „დავინახოთ კიდევ ერთი რამ, რაც მათ საერთო აქვთ: ეს მშვიდობიანი მასობრივი საპროტესტო აქციებია, ძალადობის მისხლის გარეშე. ... სიმღერები, ფოლკლორი და ცეკვა იარაღი ხდება. ... ჩილეს დედაქალაქში აივნებიდან ვიქტორ ხარას სიმღერები ისმის. ლიბანში მუსლიმები, ქრისტიანები, დრუზები, იეზიდები და სხვები ერთსა და იმავე სიმღერებს მღერიან - ხელჩაჭიდებულები, გვერდიგვერდ მდგომები, უზარმაზარ მოედანზე. ისინი ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიიდან სიმღერას მღერიან არაბულ ენაზე“.

საპროტესტო აქცია სანტიაგოში
საპროტესტო აქცია სანტიაგოში

საფრანგეთში გამომავალი მემარცხენე-ცენტრისტული ყოველდღიური „ლიბერასიონი“ 28 ოქტომბრის ნომერში წერს, დემონსტრანტებს კონკრეტული იდეების ნაკლებობა აქვთ და აქციები, რომლებიც მსოფლიოსაა მოდებული, უფრო კონსტრუქციული უნდა იყოსო. „ეს მოძრაობები სპონტანურ ამბოხებას კი გამოხატავს, მაგრამ პარტიებსა და ასოციაციებში მათ საშინლად აკლიათ შუამავლები. ელიტების მიმართ სიბრაზე გასაგებია - ბოლოს და ბოლოს, სწორედ მათ დანერგეს ფინანსური ორთოდოქსიის კულტი, „ტოპ პერფორმერების“ მიმართ აღტაცება და ხელმომჭირნეობის დოგმატური პოლიტიკა. ... თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, ასეთმა სიბრაზემ ვაკუუმი ან დემაგოგია მოიტანა. რეფორმების, მოლაპარაკებების, კომპრომისების გარეშე შეუძლებელია რაიმეს მიღწევა. დემონსტრანტები ავსებენ ქუჩებს, მოედნებს, სიმბოლურ ნაგებობებს, შემდეგ კი სახლებში ბრუნდებიან ხელშესახები შედეგების გარეშე, გამწარებულები და იმედგაცრუებულები. სოციალური მოძრაობა, რომელსაც არ აქვს პოლიტიკური პერსპექტივა, ოპიუმს ჰგავს ხალხისათვის. ... არადა, გაზაფხულის ბოლოს უკვე მოსავალზეა საჭირო დაფიქრება“.

„იქნებ შენ თავად ხარ პრობლემის ნაწილიო“, - წერს აქტივისტი და ხელოვანი, იოლანდა დომინგესი ინტერნეტგამოცემა „ჰაფინგტონ პოსტის“ ესპანეთის დანაყოფ „ელ ჰაფონგტონ პოსტზე“ 27 ოქტომბერს. „სოციალური სამართლიანობა არ არის რაღაც დროებითი ტენდენცია, როგორც ამას ბევრი ამბობს, და ის არც მაისურზე დატანილი სლოგანია. ... პერსპექტივის მწვავე ნაკლებობას ამჟღავნებს ყველა, ვინც სხვადასხვა თაობის სოციალურ და პოლიტიკურ მოძრაობებს ადარებს სწრაფ მოხმარებას ან აქსესუარებს. იმის თქმა, რომ ეს რაღაც დროებითია, ან ტრივიალური, თანაგრძნობის აბსოლუტურ არარსებობაზე მიუთითებს. ... თუ ისეთ ადამიანებს მიეკუთვნები, რომლებიც ღიზიანდებიან, რომ სტატიები მუდამ ერთსა და იმავე თემებზე იწერება, - მაგალითად, ფემინიზმსა ან სოციალურ სამართლიანობაზე, - და ღიზიანდება იმაზეც, რომ დემონსტრაციები მუდმივად ხდება, შესაძლოა საკუთარ თავს უნდა დაუსვა შეკითხვა, მაინც რატომ გაწუხებს ეს. იქნებ იმიტომ, რომ ყოველივე ეს შეგახსენებს - თუ არაფერს აკეთებ, ამით შენც პრობლემის ნაწილი ხდები“.

ბელგიაში გამომავალი ლიბერალურ-კონსერვატიული ორიენტაციის „სტანდაარდი“ პრობლემის სათავეს იმაში ხედავს, რომ პოლიტიკოსები მოქალაქეების მოთხოვნებს უგულებელყოფენ. 21 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ: „ჰონგ-კონგი, ლიბანი, ბარსელონა და ჩილე... ოთხივე შემთხვევაში მოქალაქეები ქუჩებში გავიდნენ, რათა გააპროტესტონ ის, რასაც თავიანთ ქვეყნებში მიუღებელ უსამართლობად მიიჩნევენ. ჰონგ-კონგში იბრძვიან კანონის უზენაესობის დაცემის წინააღმდეგ, ჩილეში - უთანასწორობის წინააღმდეგ, ლიბანში - არასწორი მართვის, ხოლო ბარსელონაში - კატალონიელთა მიერ მოთხოვნილი თვითგამორკვევის უფლების მიმართ უპატივცემლობის წინააღმდეგ. ეს არის ოთხი შემთხვევა, როცა სახელმწიფოები მეტ-ნაკლები მიზანმიმართულობით უგულებელყოფენ თავიანთი მოქალაქეების სურვილებს. ძალაუფლებაზე ჩაბღაუჭებამ ის მოიტანა, რომ ინსტიტუციები და დამკვიდრებული ღირებულებები უფრო პრიორიტეტული გახდა, ვიდრე მოსახლეობის პრობლემები და საჭიროებები“.

საპროტესტო აქცია ჰონგ-კონგში
საპროტესტო აქცია ჰონგ-კონგში

საფრანგეთში მოქმედი მემარცხენე ორიენტაციის ვებსაიტი „მედიაპარტი“ 21 ოქტომბერს წერდა, ამ გამოსვლების გამომწვევ მიზეზებს ყურადღებას არავინ აქცევსო. გამოცემას მიაჩნია, რომ მსოფლიოს მოდებული დემონსტრაციების ტალღა ნიშნავს ნეოლიბერალიზმის კრიზისს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გაღრმავდება. „ეს კრიზისი მხოლოდ დასაწყისია. არ არსებობს არანაირი საფუძველი იმედისთვის, რომ ეს ნეოლიბერალური კრიზისი მალე გადაიჭრება - პირიქით. საზოგადოებაზე ზეწოლას თან ერთვის კლიმატურ კატასტროფათა მზარდი რიცხვი, რაც სოციალურ პირობებს მხოლოდ გააუარესებს. ... და, რაც მთავარია, სახელმწიფოებს, უბრალოდ, არ ძალუძთ გამონახონ ისეთი გამოსავალი, რომელიც განსხვავებული იქნებოდა ნეოლიბერალური წესრიგის მიერ დამკვიდრებული მიდგომებისგან. კი, ეკვადორსა და ლიბანში დემონსტრანტები დააკმაყოფილა უკმაყოფილების გამომწვევი სქემების უკან გატანამ. ლიბანში გადანაწილების ზომაც კი დაამტკიცეს - გადასახადი საბანკო მოგებაზე. მაგრამ წარმატების ეს შემთხვევები მყიფეა და უპასუხოდ ტოვებს როგორც ფუნდამენტურ პრობლემებს, ისე დემოკრატიის მოთხოვნებს“.

ლიბერალური დემოკრატიის მარცხზე წერს პორტუგალიაში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის „ესპრესო“ 21 ოქტომბერს. „ყველა ამ ვითარებას [ბრექსიტი, კატალონია, აშშ-ის პრეზიდენტის, ტრამპის, კედელი] თავისი გამომწვევი მიზეზები აქვს - არა მხოლოდ ისტორიული, არამედ სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკურიც. ... თუმცა ისიც ეჭვგარეშეა, რომ ზოგიერთ საზოგადოებასა და ქვეყანაში საქმე გვაქვს მზარდ ტენდენციასთან იზოლაციისკენ. გვხვდება გეტოების აშენების, კედლებისა და ბარიერების აგების მცდელობები, „კარგი“ ბიჭების „ცუდ“ ბიჭებთან დაპირისპირების მცდელობები. ჩვენ და ისინი, უცხოეთიდან მომავალი საფრთხე, რომელიც ძირს უთხრის ჩვენს შინაგან ჰარმონიას. ეს ყველაფერი წარმოადგენს გამხლეჩ დისკურსს, რომელიც ბიძგს აძლევს სოციალურ დაყოფას და ხალხის ნაწილის ხარჯზე ხეირის ნახვას. ეს სახიფათო მოსაზრება - რომ რაც უფრო იზოლირებული ხარ, მით უკეთესია - წარმოადგენს ლიბერალური დემოკრატიისა და კაპიტალიზმის მარცხს“.

ჩეხეთში გამომავალი, ლიბერალური ორიენტაციის „მლადა ფრონტა დნეს“ 22 ოქტომბრის ნომერში წერს: „ჰონგ-კონგში, უკვე ოთხ თვეზე მეტია, მართავენ დემონსტრაციებს და ჩხუბობენ. ბარსელონის ქუჩებში ნახევარი მილიონი ადამიანი გავიდა. ლიბანში შექმნილი ატმოსფერო სამოქალაქო ომისას მოგვაგონებს, ჩილეში - პინოჩეტის პერიოდს. ინდონეზიაში სტუდენტები სწავლობენ ჰონგ-კონგში გამოყენებულ მეთოდებს და ისინი თავიანთ სივრცეში შეაქვთ, რათა თავიანთ ქვეყანაში ფეთქებადი ვითარება შექმნან. მიაჩნიათ, რომ მათი ბრძოლა სამართლიანია და ამიტომ ყველაფერი დაშვებულია. შექმნილი ვითარება, მართლაც, ეპიდემიას ჰგავს“.

XS
SM
MD
LG