მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში 30 ოქტომბერს დაწყებული საჩივრების განხილვა პირველ ნოემბერს განაახლეს. კომისიას საიას საჩივრები აქვს განსახილველი. მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სამი საჩივრის განხილვას აპირებს, - სამივე საუბნო კომისიის ცალკეულ წევრთა მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხს ეხება, - თუმცა 30 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე საოლქო კომისიამ მხოლოდ ორი საჩივარი დააკმაყოფილა. ერთი საჩივარი გადასატან ყუთში ჩაყრილი ბიულეტენების გაბათილებას ეხებოდა.
კობა ასანიძის განცხადებით, საოლქო კომისიაში სულ 30 საჩივარი შევიდა. პირველივე სხდომაზე ოთხი საჩივარი დაკმაყოფილდა, თუმცა, ასანიძის თქმით, ეს გავლენას ვერ მოახდენს არჩევნების საბოლოო შედეგებზე. წინასწარი შედეგების თანახმად, მარნეულის მუნიციპალიტეტში ხმების 47 პროცენტი პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მოიპოვა, 38 გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ.
22-ე საარჩევნო ოლქში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საიას) დამკვირვებლების კოორდინატორი გვანცა საკენაშვილი იმედოვნებს, რომ საოლქო კომისია მათ მიერ წარდგენილ სხვა საჩივრებსაც დააკმაყოფილებს.
ორგანიზაციის განცხადებებში ლაპარაკია ადმინისტრაციული ხასიათის დარღვევებზე.
საიასგან განსხვავებით, 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიის პირველ სხდომაზე „გაერთიანებული ოპოზიციის“ მიერ შეტანილი არც ერთი საჩივარი არ დაკმაყოფილებულა - მაგალითად, მე-13 უბნის კომისიის წევრ ნოვრუზ მეხტიევის 4 საჩივარი, რის გამოც მან სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
ერთ-ერთი საჩივარი შეეხებოდა უბანზე არაუფლებამოსილი პირის, მარნეულის საკრებულოს წევრ ალი მურადოვის, მისვლას და ვითარებით დაინტერესებას. ნოვრუზ მეხტიევის თქმით, მან ალი მურადოვს უბნის დატოვება მოსთხოვა, პასუხად კი საკრებულოს წევრისგან მუქარა მიიღო. ნოვრუზ მეხტიევმა აქვე ივარაუდა, რომ საოლქო კომისიაში „გაერთიანებული ოპოზიციის“ მიერ სხვა უბნებიდან შეტანილი არც ერთი საჩივარი არ დაკმაყოფილდებოდა.
30 ოქტომბერს გამართული პირველი სხდომა გვიანობამდე კამათის ფონზე წარიმართა. „გაერთიანებული ოპოზიციიდან“ საოლქო კომისიის წევრ ლაშა ქველაძის თქმით, საოლქო კომისიაში ათობით საჩივარი შევიდა, მაგრამ საოლქოში პრაქტიკულად არც ერთი პრეტენზია არ გაიზიარეს. ოპოზიციონერი წევრის თქმით, საოლქო კომისიაში უმრავლესობას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები წარმოადგენენ.