ლაგოდეხში, სოფელ შრომაში მცხოვრები 15-მდე ოჯახი დახმარებას ითხოვს. დაზიანებული სარწყავი არხიდან გაჟონილმა წყალმა საცხოვრებელი სახლები დატბორა.დაზარალებული მოსახლეობა ამბობს, რომ ნესტიანმა კედლებმა დაშლა დაიწყო. სარწყავი არხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს მელიორაციის სამსახური, თუმცა ჯერ პროექტის მზადების ეტაპზე არიან.
რას აპირებენ ადგილობრივები იმ შემთხვევაში, თუკი მათი პრობლემა არ მოგვარდება?
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მცხოვრები 15-მდე ოჯახი ადგილობრივ ხელისუფლებასა და მელიორაციის სამსახურს უყურადღებობაში ადანაშაულებს. საქმე ეხება საბჭოთა კავშირის დროს აშენებულ სარწყავ არხს, რომელიც მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთების მიმდებარე ტერიტორიაზე გადის. ადგილობრივი მცხოვრებნი ამბობენ, რომ არხი უკვე წლებია მწყობრიდან არის გამოსული და არ ხდება მისი გაწმენდა. შედეგად, არხიდან გაჟონილი წყალიმათ საცხოვრებელ სახლებში შედის და მთელი წლის განმავლობაში სახლების პირველი სართულები დატბორილია.დაზარალებულთა შორის არის ნათელა მაისურაძე. ის ამბობს, რომ დახმარების თხოვნით შესაბამის უწყებებს არაერთხელ მიმართა, მაგრამ პრობლემა ვერ მოგვარდა:
„წყალს არ აქვს გასასვლელი და ჩემს ეზოში შემოდის. სახლის პირველი სართული მთლიანად წყალშია. მელიორაციაში ვიყავი და სოფლის გამგებელთან. ასე დავდივარ ზევიდან ქვევით და პირიქით. უყურადღებოდ ვართ მიტოვებულები. სხედან სკამებზე იმიტომ, რომ მხოლოდ ხელფასები აიღონ. სამაგიეროდ, თეთრზე შავს წერენ. ვის ვენდო, უკვე აღარ ვიცი. ვითხოვ დახმარებას, რადგან გაუსაძლისია უკვე ჩემი და ჩემი მეზობლების მდგომარეობა“.
ნათელა მაისურაძის გარდა, სარწყავი არხიდან გაჟონილმა დიდი რაოდენობით წყალმა სოფელ შრომაში თებრო ბაგაურის სახლიც დატბორა. ის ამბობს, რომ ადგილზე ცხოვრება არა მარტო გაუსაძლისია, სახიფათოც არის, რადგან წყალი სახლების საძირკველს აზიანებს და კედლებმა ჩამოშლა დაიწყო. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ პრობლემა, მართლაც, წლებია არსებობს და ამის შესახებ კარგად იციან, თუმცა, მერის მოადგილე ალექსანდრე ჭანკოტაძის თქმით, საკითხი მელიორაციის სამსახურის მოსაგვარებელია.
მელიორაციის სამსახურის კახეთის რეგიონალურ სამმართველოში გვითხრეს, რომსარწყავი არხი ნამდვილად მათ დაქვემდებარებაშია, თუმცა იმის გამო, რომ ინფრატსრუქტურა მთლიანად განადგურებულია, შეკეთებას აღარ ექვემდებარება.
მელიორაციის სამსახურის რეგიონალური სამმართველოს უფროსის, სანდრო კირვალიძის თქმით, ამჟამად დროებითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომ წყალი სხვა მიმართულებით წავიდეს, პარალელურად კი, პროექტზე მუშაობენ, რომელიც სოფელ შრომის სარწყავი არხის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. თუმცა ეს სამუშაოები მხოლოდ მომავალ წელს დასრულდება.
„გამორიცხულია ამ არხის მწყობრში ჩაყენება რეაბილიტაციის გარეშე. რეაბილიტაცია კი დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ამ თვეში პროექტი იქნება მზად, რომელიც შემდეგ ტექნიკურ საბჭოს გაივლის და, სავარაუდოდ, მომავალი სარწყავი სეზონისათვის არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებული იქნება. მანამდე კი შემაკავებელი საშუალებების ნაწილი ჩატარებულია და პროცესი კვლავ მიმდინარეობს“.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მცხოვრებ 15-მდე ოჯახში ამბობენ, რომ თუკი სარწყავი არხის მიერ შექმნილი პრობლემა ამჯერად მაინც არ მოგვარდა, საპროტესტო აქციებს დაგეგმავენ და ყველა კანონიერ უფლებას გამოიყენებენ, რომ სასურველ შედეგს მიაღწიონ.