Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაბრუნებული ამერიკა და მოლოდინები საქართველოში


აშშ-ის ხელისუფლების სათავეში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მოსვლა განსაკუთრებულ მოლოდინებს აჩენს საქართველოში. პოლიტიკოსები და ექსპერტები მოელიან, მაგალითად, ახალი პერსპექტივის გაჩენას ნატოსთან დაახლოების კუთხით; მეტ რეაგირებას რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე და მეტი დემოკრატიის მოთხოვნასაც საქართველოსთვის. ოპონენტებისგან განსხვავებით ვაშინგტონიდან მეტი შენიშვნის მიღებას არ ელოდებიან „ქართულ ოცნებაში“.

  • ვინ რას მოელის და რას ეყრდნობა ბაიდენის ადმინისტრაციასთან დაკავშირებული მოლოდინი?
  • გვაქვს თუ არა კონკრეტული გეგმები ახალი შესაძლებლობების გამოსაყენებლად?
  • რას ნიშნავს საქართველოსთვის ბაიდენის ადმინისტრაციის განაცხადი - „ამერიკა დაბრუნდა“?

საქართველო ნატოს კართან და რუსეთი

19 იანვარს, აშშ-ის სენატში გამართული მოსმენის დროს, აშშ-ის მომავალმა სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და არ იზიარებს პოზიციას, რომ ასეთ შემთხვევაში რუსეთისგან მეტი აგრესიაა მოსალოდნელი.

ნატოს გაფართოების მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რესპუბლიკელი სენატორის, რენდ პოლის შეკითხვებზე საპასუხოდ ბლინკენმა თქვა, რომ:

  • ნატოს კარი ღია უნდა დარჩეს საქართველოსთვის, თუკი საქართველო დააკმაყოფილებს გაწევრიანებისათვის სავალდებულო მოთხოვნებს და კვლავაც შეიტანს წვლილს გლობალურ უსაფრთხოებაში;
  • რუსეთი აგრესიულია ისეთი ქვეყნების მიმართ, რომლებიც არ არიან ნატოს ქოლგის ქვეშ და არ ესხმის თავს ნატოს წევრ ქვეყნებს;
  • არიან ქვეყნები, რომლებიც ნატოში გაწევრიანების შემდეგ აღარ გამხდარან რუსეთის სამიზნე.

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი, 78 წლის ჯო ბაიდენი ნატოს ყველაზე ეფექტიან და პერსპექტიულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად განიხილავს. სხვადასხვა დროს მას არაერთხელ გამოუხატავს საქართველოს ნატოში გაწევრიანების მტკიცე მხარდაჭერაც და მათ შორის, 2008 და 2009 წლებში თბილისში სტუმრობის დროს.

ენტონი ბლინკენის გარდა, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში მაღალ თანამდებებზე წარდგენილთა შორის ექსპერტებს ნატოსთან საქართველოსა და უკრაინის დაახლოების მხარდამჭერი კიდევ არაერთი ფიგურა ეგულებათ.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ასოცირებული პროფესორი, ექსპრეზიდენტ მარგველაშვილის ადმინისტრაციის საგარეო ურთიერთობათა მდივანი, თენგიზ ფხალაძე გვეუბნება, რომ საქართველოსთვის სრულიად ახალი შესაძლებლობები ჩნდება არა მხოლოდ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან, არამედ შავი ზღვის უსაფრთხოების პროგრამაში საქართველოს ეფექტიანად ჩართვის კუთხითაც:

„ბაიდენის ადმინისტრაციაში შესანიშნავად იციან თანამედროვე საფრთხეების შესახებ და თანამედროვე რუსეთს ნამდვილად არ უყურებენ ვარდისფერი სათვალეებით... დარწმუნებული ვარ, რომ დასრულდება პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციისთვის დამახასიათებელი იზოლაციონიზმი, შეერთებული შტატები მნიშვნელოვნად გააქტიურდება საერთაშორისო არენაზე და მათ შორის - ნატოში.

დავინახავთ მის ძალიან დიდ ძალისხმევას ტრანსატლანტიკური კავშირების გაძლიერებისთვის და იმავე შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის. ვფიქრობ, დიდი შესაძლებლობები მიეცემა საქართველოს, თუკი ამ შესაძლებლობებს ჩვენ ადეკვატურად გამოვიყენებთ“ - გვეუბნება ფხალაძე.

ჯო ბაიდენმა აშშ-ის აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ნატოსთვის ძირის გამოთხრასა და აშშ-ის ინტერესების გაწირვაში დაადანაშაულა. ასევე ხაზი გაუსვა ტრამპის მისწრაფებას - გულთბილი ურთიერთობები ჰქონდეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და სხვა ავტორიტარ ლიდერებთან.

ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, ნატოსთან მიმართებით ახალი შანსების გაჩენას ელის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ნიკოლოზ სამხარაძეც. მისთვის ცხადია, რომ შეერთებული შტატები მეტ ყურადღებას დაუთმობს ევროპასთან ურთიერთობების განმტკიცებას, გააძლიერებს ნატოს და ეს დამატებით შესაძლებლობებს გააჩენს საქართველოსთვისაც.

მოითხოვს თუ არა ეს ახალი პერსპექტივა ახლებურ მიდგომებს, ახლებურ გეგმებს საქართველოსგან? მოგვეთხოვება თუ არა მეტი ძალისხმევა, მეტის გაკეთება ნატოსთან დაახლოების მიმართულებით?

ამ შეკითხვებზე ნიკოლოზ სამხარაძე გვპასუხობს, რომ საქართველო თავის წილს აკეთებს და ახლა შემხვედრი ნაბიჯები თავად ნატომ უნდა გადმოდგას:

„სასურველია, რომ უფრო მკაფიო პოლიტიკური სიგნალი და დროში გაწერილი გეგმაც გვქონდეს - როდის გავხდებით ნატოს წევრები. თუმცა ეს უფრო ნატოს მხრიდან გადასადგმელი ნაბიჯია, რომ ნატომ თქვას, ეს როდის იქნება...

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ MAP-ი (გაწევრიანების სამოქმედო გეგმა) არ გვაქვს; პაკეტი, რითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ, წევრობისთვის მოსამზადებელი პაკეტია...

თვითონ ნატოშიც ღიად ლაპარაკობენ, რომ, მაგალითად, სამხედრო თავსებადობის კომპონენტი თითქმის სრულად არის შესრულებული... ამიტომ, ამ მხრივ მე უფრო ვიტყოდი, რომ ნატოსგან უნდა ველოდოთ ქმედით ნაბიჯებს. ჩვენ, ჩვენი მხრივ, საშინაო დავალებას ვასრულებთ და მიზანმიმართულად მივდივართ წინ“ - გვეუბნება სამხარაძე.

ოპონენტები ფიქრობენ, რომ პროაქტიური ქმედებებისა და დამატებითი აქტიურობის გარეშე არაფერი გამოვა.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი, გიორგი კანდელაკი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას განმარტავს, რომ „ნატოს საკითხი ადგილიდან დაძვრას საჭიროებს, ხოლო რასაც ვხედავთ, ჯერჯერობით, ყველაფერი დე ფაქტო გაყინულია“.

კანდელაკი არ ფიქრობს, რომ მათ შორის რუსეთთან ურთიერთობების დალაგებისა და არგაღიზიანების პოლიტიკის ფონზე, „ქართულ ოცნებას“ რეალურად სურდეს საქართველოს ნატოში გაწევრიანება.

მეტი დემოკრატიის მოთხოვნა და მეტი შენიშვნის მოლოდინი

აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა მსოფლიოს ამცნო, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ლოზუნგი „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ მისი მმართველობის დროს იცვლება ლოზუნგით - „ამერიკა დაბრუნდა“. ჯო ბაიდენმა არაერთხელ განმარტა, რომ ამერიკა აპირებს დაიბრუნოს ლიდერის როლი მსოფლიოში და ეს, უპირველეს ყოვლისა, დემოკრატიების გაძლიერებას უკავშირდება.

ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი, ბათუ ქუთელია გვეუბნება, რომ თუკი საქართველო დემოკრატიის განმტკიცებაზე არ იფიქრებს და დარჩება „წართმეული და მითვისებული ხელისუფლების ამარა“, მაშინ ქვეყანას პრობლემები შეექმნება.

„ახალი ადმინისტრაციის დღის წესრიგის მთავარი საკითხი იქნება დემოკრატიების ხელშეწყობა და თავისუფლების საზღვრების გაფართოება. ჩემი მოლოდინია, რომ ამერიკა იქნება მსოფლიოში დემოკრატიის ტალღის ლიდერი.

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი მმართველობის პირველი წლის ქვაკუთხედი იქნება დემოკრატიის გლობალური სამიტის მოწვევა. ამ სამიტის ფარგლებში კი მთავარი თემები იქნება: მაღალი დონის კორუფცია, კლეპტოკრატია, ფულის გათეთრება - ანუ ის მექანიზმები, რომელთა გამოყენებითაც ავტოკრატები ქვეყნის დემოკრატიულ პროცესებში ჩარევას ცდილობენ...

ბოლო პერიოდში აშშ-შიც ბევრს საუბრობდნენ საქართველოს უკუსვლაზე დემოკრატიის გზაზე და თუკი ამ სამიტზე ჩვენ ვერ მოვხვდებით იმ ქვეყნების კალათაში, რომლებიც დემოკრატიულად ვითარდებიან, არამედ მოვხვდებით ავტორიტარიზმისკენ მიმავალი ქვეყნების ჯგუფში, ეს იქნება, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან სამწუხარო თუ არა- ხელიდან გაშვებული ისტორიული შანსი“ - უთხრა რადიო თავისუფლებას ბათუ ქუთელიამ.

საქართველოში ბევრი ექსპერტი და პოლიტიკოსი მოელის, რომ ვაშინგტონის ყურადღების ცენტრში მოექცევა საქართველოში ბოლო თვეებში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიც და ასევე მოელიან, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მეტ შენიშვნას მიიღებს ბაიდენის ადმინისტრაციისგან.

მეტი შენიშვნის მიღებას არ მოელის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ნიკოლოზ სამხარაძე. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, საქართველო დემოკრატიის გაძლიერების გზაზე „მკაფიოდ გაწერილი გეგმით“ მოძრაობს და ეს მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება - „არ არსებობს დემოკრატიის ნიშნული, რომელსაც მიაღწევ და მერე გაჩერდები. ეს არის მუდმივი პროცესი“.

სამხარაძე არ მოელის, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში შეიცვლება მიდგომები საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, როცა ოპოზიციის ძირითადი ნაწილი ბოიკოტს აგრძელებს, ხოლო პარლამენტში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, ახლა მხოლოდ „ევროპელი სოციალისტები“ არიან.

რას ფიქრობს ნიკოლოზ სამხარაძე - რა შეიძლება გვირჩიონ ამერიკელმა პარტნიორებმა?

„გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს ალბათ იქნება (საუბრის) თემა, რადგან ეს ქვეყნის შიგნითაც პოლიტიკური თემაა. თუმცა რჩევის თვალსაზრისით, რჩევები ალბათ იგივე იქნება, რაც ახლა იყო, რომ იმ პარტიებმა, რომლებმაც მოიპოვეს მანდატები, ეს მანდატები უნდა გამოიყენონ და დაიწყონ საპარლამენტო ცხოვრება... რადიკალური ცვლილება ვერ იქნება, რადგან ეს ხომ სახელმწიფოს პოზიციაა და სახელმწიფოს პოზიცია ერთ დღეში არ იცვლება“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე.

თენგიზ ფხალაძის თქმით კი, საქართველოს აშშ-სგან მეტი დახმარების მიღების მოლოდინი შესაძლოა ჰქონდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იფიქრებს არჩევნებთან მიმართებით თუ სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე. შესაბამისად, მას ეჭვი არ ეპარება, რომ აშშ-ის მომავალი ადმინისტრაციის საგანგებო ყურადღების ცენტრში მოექცევა 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიც.

„დარწმუნებული ვარ, რომ ვაშინგტონში ძალიან კარგად იციან, რა ხდება აქ რეალურად. მაგალითად, სახელმწიფო დეპარტამენტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტი (სახელმწიფო მდივნის მოადგილე) ექნება ვიქტორია ნულანდს, რომელმაც არაჩვეულებრივად იცის საქართველო...

მოდის ხალხი, რომელმაც ზუსტად იცის, რა ხდება აქ, როგორ ვითარდება პროცესები - როგორ იმართება, ვისგან იმართება და ასე შემდეგ... შესაბამისად, არ იქნება გაკვირვება... იქნება შეფასებები და რეაგირება... საქართველოს შიდა პოლიტიკაში დღეს შექმნილ სიტუაციაში, როგორც მინიმუმ, ვაშინგტონიდან ჩვენ მოვისმენთ მოწოდებებს დიალოგის გაგრძელებისა და გამოსავლის მოძებნისკენ“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას თენგიზ ფხალაძე.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG