Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენი: ამერიკა დაბრუნდა


აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დემოკრატმა ჯო ბაიდენმა მომავალ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან ერთად საზოგადოებას წარუდგინა კანდიდატები, რომლებიც მის ადმინისტრაციაში დაიკავებენ მაღალ თანამდებობებს საგარეო და ეროვნული უსაფრთხოების სფეროებში.

ჯო ბაიდენმა სახელმწიფო მდივნად წარადგინა ენტონი ბლინკენი, შინაგან საქმეთა მინისტრად ალეჰანდრო მაიორკასი, ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელად ევრილ ჰეინსი, გაეროში აშშ-ის ელჩად ლინდა ტომას-გრინფილდი, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად ჯეიკ სალივანი და კლიმატის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად ჯონ კერი, რომელიც ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრიც გახდება.

ენტონი ბლინკენს პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტარციაში ეკავა სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობა. ალეჰანდრო მაიორკასი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, ხოლო ევრილ ჰეინსი ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორის მოადგილე. ლინდა ტომას-გრინფლიდს 35-წლიანი დიპლომატიური საქმიანობის გამოცდილება აქვს, ჯეიკ სალივანი ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის მრჩეველი იყო, ხოლო ჯონ კერის პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციაში ეკავა სახელმწიფო მდივნის თანამდებობა.

მათი წარდგენა დელავერის შტატის ქალაქ უილმინგტონში გაიმართა. ჯო ბაიდენის განცხადებით, ეს გუნდი ასახავს იმ ფაქტს, რომ ამერიკა დაბრუნდა და მზად არის მსოფლიო ლიდერობისთვის.

ბაიდენის თქმით, აშშ ლიდერის როლს შეასრულებს წყნარი და ატლანტიკის ოკეანეების რეგიონებში და ალიანსებს განამტკიცებს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში. ჯო ბაიდენმა ამერიკელები დაარწმუნა, რომ ქვეყანას არ შეიყვანს არასაჭირო კონფლიქტებში. არჩეულმა პრეზიდენტმა ერთ-ერთ პრიორიტეტად დაასახელა კლიმატის ცვლილების პრობლემა.

ბაიდენის მიერ წარდგენილი კანდიდატები სენატმა უნდა დაამტკიცოს მას შემდეგ, რაც 20 იანვრდან ჯო ბაიდენი ოფიციალურად დაიკავებს აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობას.

23 ნოემბერს აშშ-ის საერთო სამსახურების ფედერალური სააგენტოს(GSA) ხელმძღვანელმა ემილი მერფიმ არჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეატყობინა, რომ შეუძლია ახალი ადმინისტრაციისთვის ხელისუფლების გადაცემის პროცესისთვის გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო სახსრები და რესურსები.

24 ნოემბერს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ეროვნული დაზვერვის სამმართველოს მისცა უფლება ჯო ბაიდენს გაუგზავნოს საფრთხეების შესახებ ყოველდღიური ანგარიში, რომელსაც სპეცსამსახურები ტრადიციულად ამზადებენ აშშ-ის პრეზიდენტისთვის.

დონალდ ტრამპმა, რომელიც მყარი მტკიცებულებების გარეშე აცხადებს, რომ 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა, არაერთი სასამართლო დავა წამოიწყო, თუმცა, უშედეგოდ.

XS
SM
MD
LG