Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას განიხილავენ ევროკავშირში და დაბრუნდება თუ არა „აგენტების კანონი“ საქართველოში


აქცია რუსთაველის გამზირზე - „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების“ კანონის წინააღმდეგ. 9 მარტი, 2023 წელი.
აქცია რუსთაველის გამზირზე - „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების“ კანონის წინააღმდეგ. 9 მარტი, 2023 წელი.

ევროკომისიის ინიციატივამ, „ქართულ ოცნებას“ და მის მოკავშირეებს „აგენტების შესახებ" კანონზე საუბრის განახლების საბაბი მისცა. მასშტაბური პროტესტისა და დასავლელი პარტნიორების კრიტიკის შემდეგ პარლამენტიდან კანონი მმართველმა გუნდმა გაზაფხულზე გაიწვია.

„ოცნების“ შეფასებით, ევროკავშირში ახლა სწორედ იმგვარი და „ბევრად უფრო მკაცრი“ კანონის მიღებას გეგმავენ, როგორიც მანამდე საქართველოში „ყალბი კამპანიით“ ჩააგდეს.

„ოცნება“ ამავე დროს ირწმუნება, რომ კანონის დაბრუნებას არ გეგმავს, ხოლო მისი განაყოფი - „ხალხის ძალა“ უკვე გამოვიდა ახალი საკანონმდებლო ინიციატივით.

ჯერჯერობით გაურკვეველია, საერთოდ დამტკიცდება თუ არა ევროკომისიის ინიციატივა, თუმცა ქართულ და ევროპულ ვარიანტებს შორის განსხვავებები მკაფიოა.

ისევ აგენტების ძიება

„ქართული ოცნება“ და მისი განაყოფი „ხალხის ძალა“ ბოლო პერიოდში ხშირად ახსენებდნენ „აგენტების შესახებ კანონს“ და ქართულ რეალობაში მის საჭიროებაზე აკეთებდნენ აქცენტს. მას შემდეგ კი, რაც ევროკომისიამ 12 დეკემბერს, მესამე ქვეყნების მხრიდან ჩარევის საწინააღმდეგოდ, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა გამოაქვეყნა, საქართველოს ხელისუფლებამ ამ თემაზე კიდევ უფრო აქტიურად დაიწყო ლაპარაკი.

„აქ [საქართველოში] იყო სპეკულაცია. ჩვენთან ინიცირებულ კანონს დაარქვეს "რუსული კანონი", მაშინ, როდესაც ახლა ამ კანონს განიხილავს უშუალოდ ევროკომისია, ევროკავშირის ერთ-ერთი უმთავრესი სტრუქტურა. აქედან ჩანს, თუ რამდენად ყალბი იყო ის კამპანია, რომელიც წარიმართებოდა ჩვენს ქვეყანაში“, - უთხრა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებს, 13 დეკემბერს.

„ოცნება“ უკვე დიდი ხანია მოქმედებს რწმენით, რომ - საქართველოში ფუნქციონირებენ „მულტიმილიონერი ენჯეოები, რომლებიც მოქმედებენ არა საქართველოს, არამედ თავისი დამფინანსებლების ინტერესებით“ და „მათ დონორებს არ უნდოდათ ამ ფინანსების გასაჯაროება“. ეს შეფასებები ამ დღეებშიც არაერთხელ გაიმეორეს.

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება „აგენტების შესახებ კანონის“ თავიდან ინიციირებას არ გეგმავს, რადგანაც საქართველოში ყველამ გაიგო „ყველაფერი იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იღებს ფინანსებს ექსტრემიზმისთვის, რევოლუციური პროცესებისთვის“ და „დღეს საზოგადოება ბევრად უფრო მეტად არის შეიარაღებული ინფორმაციით ამ პროცესებთან დაკავშირებით“.

თუმცა „ხალხის ძალამ“, რომელიც „ქართული ოცნების“ განაყოფია და საპარლამენტო უმრავლესობას მმართველ პარტიასთან ერთად ქმნის, ახალი ინიციატივა გაახმოვანა.

სამშაბათს, პარლამენტის სხდომაზე, აშშ-ის „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის" (FARA) ანალოგის შექმნის მოწოდებით გამოვიდა „ხალხის ძალის" დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე. „აგენტების შესახებ კანონიც“, თავის დროზე, სწორედ „ხალხის ძალის“ ინიციირებული იყო და მაშინ მას აუბა მხარი „ქართულმა ოცნებამ“.

ხუნდაძემ თქვა, რომ სასწრაფოდ დასაწყებია არასამთავრობო ორგანიზაციების ყოვლისმომცველი წინასწარი ფინანსური შემოწმება.

„ხალხის ძალა“ გაზაფხულზეც ირწმუნებოდა, რომ მის მიერ შემუშავებული ალტერნატიული კანონპროექტი [რომელიც ხალხის პროტესტის გამო კენჭისყრამდეც ვერ მივიდა], სწორედ FARA-ს ანალოგი იყო. თუმცა საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო პარტნიორებმა განუმარტეს, რომ მათ ინიციატივას ამერიკული კანონის სულისკვეთებასთან არაფერი ჰქონდა საერთო.

„მეტ-ნაკლებად ობიექტური მედიაგაშუქებისა და რადიკალიზაციის შემცირების პირობებში, "ქართული ოცნება" ისე გამაგრდება, რომ საქართველოში აგენტოკრატიის დამყარების "ამერიკული ოცნება" შეიძლება ბოლომდე აუხდენელი დარჩეს“, - ეს არის ციტატა „ხალხის ძალის“ მიერ 2022 წლის ნოემბერში გამოქვეყნებული ერთ-ერთი წერილიდან.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ხელისუფლებაში ჩასაცინებლად ექნებათ საქმე, თუკი ევროკავშირში ახალი კანონი ამოქმედდება და შემდეგ უკვე, პარტნიორ ქვეყნებსაც მის მიღებას მოსთხოვენ.

„დაინიცირებულია, როგორც ევროკავშირის დირექტივა. დაველოდებით, მიიღებენ ამ დირექტივას და მერე, მე მგონი, აქეთ მოგვთხოვენ, რომ მივიღოთ. მაშინ კი ნამდვილად ირონიულად ჩაგვეცინება, როდესაც დირექტივის სახით შემობრუნდება ეს თემა და აქეთ მოგვთხოვენ, რომ ასეთი კანონი მივიღოთ“, - უთხრა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით - ევროკავშირში ინიციირებულია „ზუსტად იგივე სულისკვეთების და შინაარსის კანონპროექტი“, ხოლო ირაკლი კობახიძის მოსაზრებით, ევროპული ინიციატივა - „ბევრად უფრო მკაცრ რეგულაციებსაც“ მოიცავს.

12 დეკემბერს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა „დემოკრატიის დაცვის პაკეტი“, რომლის მთავარ საკითხსაც წარმოადგენს საკანონმდებლო ინიციატივა დირექტივაზე „მესამე ქვეყნების სახელით წარმომადგენლობითი საქმიანობის ინტერესების გამჭვირვალობის შესახებ“. აქ საქმე არაევროკავშირის ქვეყნებს ეხება. 2024 წლის საერთო ევროპული არჩევნების წინ, ევროკომისია საჭიროდ თვლის, რომ უცხო ქვეყნების შესაძლო ლობისტური ჩარევის პროცესი სრულიად გამჭვირვალე იყოს.

„აბა, გაბედეთ და კიდევ შემოიტანეთ რუსული კანონი, ვნახოთ, რა მოხდება!“, - მიმართა „ლელოს“ წარმომადგენელმა დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა ხელისუფლებას პარლამენტის სხდომაზე. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება „აგენტების შესახებ კანონის“ დაბრუნებაზე ფიქრობს და ამისათვის ნიადაგს სინჯავს.

ევროკომისიის ინიციატივას ჯერ ისევ ეცნობიან „ღია საზოგადოების ფონდში“, თუმცა ადამიანის უფლებათა პროგრამის კოორდინატორი, საბა ბრაჭველი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამ ტიპის კანონპროექტების შესაფასებლად ორი მთავარი კრიტერიუმი არსებობს:

„ორი ფილტრია, მოკლედ, რაც განასხვავებს დემოკრატიულ და არადემოკრატიულ მიდგომებს. ერთი ვარიანტია - მიიღონ კონკრეტული ქვეყნების წინააღმდეგ და არ შეზღუდონ ყველა ქვეყანა. ასეთი მოდელია, მაგალითად, ბრიტანეთში.

შეიძლება შეზღუდვა დაწესდეს მიზნის მიხედვითაც - როცა კონტროლი ვრცელდება არა ყველა ორგანიზაციაზე, არამედ ლობისტური საქმიანობით დაკავებულ ორგანიზაციებზე და პირებზე [აშშ-ში მოქმედი FARA]“, - ბრაჭველი აღნიშნავს, რომ „ამ ორი ფილტრიდან არცერთი არ იდო [ხელისუფლების მიერ] საქართველოში გაზაფხულზე შემოთავაზებულ კანონპროექტებში“.

რას გულისხმობს ევროკომისიის ინიციატივა?

„დღევანდელი წინადადება წესების ჰარმონიზაციის შესახებ მიზნად ისახავს გამჭვირვალობისა და დემოკრატიული ანგარიშვალდებულების საერთო უმაღლესი დონის უზრუნველყოფას მთელ ევროკავშირში - ლობისტურ კომპანიებთან მიმართებით და ასევე მსგავსი საქმიანობის მიმართ, რომელსაც ახორციელებენ მესამე ქვეყნების მთავრობების სახელით მოქმედი სუბიექტები“, - წერია ევროკომისიის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გეგმის თანახმად:

  • მოხდება ლობისტური საქმიანობით დაკავებული სუბიექტების რეგისტრირება „გამჭვირვალობის რეესტრში“ და ევროკავშირის ქვეყნებს ევალებათ ასეთი რეესტრის შექმნა.
  • საჯარო იქნება ინფორმაციის ძირითადი ნაწილი, მაგალითად - ყოველწლიურად მიღებული თანხები; დაინტერესებული ქვეყნები და საქმიანობის ძირითადი მიზნები.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები მღელვარებას მანამდეც გამოხატავდნენ, ვიდრე ევროკომისიის ინიციატივა გამოქვეყნდებოდა. ისინი შიშობენ, რომ ამან შესაძლოა ხელი შეუშალოს დემოკრატიულ პროცესებს ევროპულ ქვეყნებში.

ევროპულ მედიაქსელ EUROACTIV-თან ექსპერტები, უნგრეთის გარდა, არაწევრი ქვეყნების - საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინის მაგალითებსაც იხსენებდნენ.

„მესამე ქვეყნებმა უკვე დაიწყეს ევროკომისიის საკანონმდებლო ინიციატივის გამოყენება საკუთარი ზომების გასამართლებლად“, - წერდა EUROACTIV-ი ნოემბერში.

ევროკავშირის ოფიციალური პირები საეჭვოს და შემაშფოთებელს ვერაფერს ხედავენ. ისინი აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას უკავშირდება. რადიო თავისუფლებასთან საუბარში იკვეთება ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი - უცხოური დაფინანსება არ იკრძალება, მხოლოდ საჭიროა რეგისტრაცია, რითაც მოწმდება - უკავშირდება თუ არა ამა თუ იმ სუბიექტის საქმიანობა ლობიზმსა და ზეგავლენას გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე.

ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია.

ევროკომისიის საკანონმდებლო ინიციატივა განხილვებისა და კამათის მთელ სერიას გაივლის და საბოლოოდ შესაძლოა არც დამტკიცდეს.

„ღია საზოგადოების ფონდის“ წარმომადგენელი, საბა ბრაჭველი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პრობლემური საკითხია კანონის აღსრულებაც და, საქართველოში თუ რომელიმე დემოკრატიულ ქვეყენაში, ერთი და იგივე კანონი ერთნაირად ვერ იმუშავებს.

„შერჩევითი აღსრულება არის ერთ-ერთი ის პრობლემა, რომელსაც შეუძლია, რომ ნებისმიერი კანონი აქციოს უკანონოდ, მარტივად რომ ვთქვათ. ჩვენთან ამის საფრთხე არსებობს. საქართველო ახალი დემოკრატიაა, მყიფე ინსტიტუტებით“, - ამბობს საბა ბრაჭველი.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG