Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაბალი კვალიფიკაცია, თუ საარჩევნო დავალების შეუსრულებლობა? - გურჯაანში სპეციალისტი გაათავისუფლეს


გურჯაანის მერმა კონკურსის წესით დანიშნული და 15-წლიანი სტაჟის მქონე სპეციალისტი ოპტიმიზაციისა და დაბალი კვალიფიკაციის საბაბით გაათავისუფლა,

თუმცა თავად გათავისუფლებული ამბობს, რომ მერი სამსახურიდან წასვლას ადრევე სთხოვდა და მისი კვალიფიკაცია მოგონილი თემაა. საფინანსო სამსახურის სპეციალისტი მომხდარს საპრეზიდენტო არჩევნების დროს უკანონო დავალების შეუსრულებლობით ხსნის, რაც მერმა არ აპატია. რა არგუმენტები აქვს გურჯაანის მერს და რატომ აცხადებს ის რეორგანიზაციას ხშირად?

გურჯაანის მერიის თანამშრომელი, საფინანსო სამსახურის სპეციალისტი მალხაზ ზარდიაშვილი, მერმა არჩილ ხანდამაშვილმა სამსახურიდან გაათავისუფლა. გათავისუფლების შესახებ ბრძანება ზარდიაშვილს უკვე ჩაბარდა, სადაც წერია, რომ ის დაბალი კვალიფიკაციის სპეციალისტია და ამის გამო მერიის ეს განყოფილება გამართულად ვერ მუშაობს. მალხაზ ზარდიაშვილი ამბობს, რომ ორი უმაღლესი სასწავლებელი აქვს დამთავრებული და, შესაბამისად, ფლობს ორ დიპლომს, მათ შორის ერთი წითელია. მისი სპეციალობებია: ფინანსისტ-ეკონომისტი და წარმოების ეკონომიკა და მართვა. აქვს გურჯაანის მერიაში მუშაობის 15-წლიანი სტაჟი.

„ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად მინიშნებული აქვს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათი, სადაც ეს პიროვნება მუნიციპალიტეტის მერს სწერს, რომ შეისწავლა ჩემი განათლების დონე, კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება და თურმე მე ეს ყველაფერი მაკლია. აქედან გამომდინარე, მოვხვდი გასათავისუფლებელთა სიაში“.

გურჯაანის მერია მალხაზ ზარდიაშვილის გათავისუფლების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სპეციალისტის დაბალ კვალიფიკაციას ასახელებს, თუმცა თავად ზარდიაშვილი ამბობს, რომ ვიდრე მას ოფიციალური ბრძანების საფუძველზე გაათავისუფლებდნენ, მას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ გურჯაანის მერი, არჩილ ხანდამაშვილი, სთხოვდა განცხადება დაეწერა და სამსახურიდან საკუთარი ნებით წასულიყო, მიზეზს კი არ ეუბნებოდა.

ზარდიაშვილი ფიქრობს, რომ ის სამსახურიდან, შესაძლოა, გაათავისუფლეს ერთი კონკრეტული ფაქტის შემდეგ. ზარდიაშვილი გვიყვება, რომ საპრეზიდენტო არჩენების მეორე ტურის წინ მისი უშუალო ხელმძღვანელი თანამშრომლებისგან მოითხოვდა, ხმის მიცემის დროს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შემდეგ კაბინიდან ბიულეტენი გაშლილი გამოეტანათ. ზარდიაშვილი გვეუბნება, რომ მან ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა, რადგან ასეთ ქცევას კანონი კრძალავს:

„როგორც წესი, რაღაც ფორმით ყველა თანამშრომელს რაღაცას სთხოვენ ხოლმე, მაგრამ მათ რაც მთხოვეს, ყველა ზღვარს სცილდებოდა: კაბინიდან გამოსულს ბიულეტენი გახსნილ მდგომარეობაში უნდა გამომეტანა. ეს იყო საფინანსო სამსახურის უფროსის მითითება, რაც მე არ გავაკეთე, რადგან ორგანული კანონი, საარჩევნო კოდექსი არ მაძლევს მაგის უფლებას. ბიულეტენი არ გავხსენი. მე არ მინდა ჩემი გათავისუფლება განვიხილო პოლიტიკურ ჭრილში, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაგ დასკვნამდე მივდივარ, რომ ჩემი განთავისუფლების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი ეგ იყო“.

გურჯაანის მერი, არჩილ ხანდამაშვილი, ამ თანამდებობაზე მუშაობს 2017 წლიდან, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. ამ პერიოდიდან დღემდე მერიაში და მერიას დაქვემდებარებულ სტრუქტურებში რეორგანიზაცია თითქმის ყოველ ორ თვეში ერთხელ ცხადდება. თანამშრომლებს ოპტიმიზაციის საბაბით ათავისუფლებენ. ჩვენ დავინტერესდით და მერს ვკითხეთ, რატომ აცხადებს ხშირად რეორგანიზაციას და რატომ გაათავისუფლა კონკრეტულად საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სპეციალისტი მალხაზ ზარდიაშვილი. მერმა ასე გვიპასუხა:

„რაც შეეხება იმას, რომ მე კონკრეტულად მალხაზიზე გაგცეთ პასუხი, ცოტა გამიჭირდება, რადგან მე ნამდვილად ვერ ვიტყოდი, რომ მას კვალიფიკაცია არ აქვს... გათავისუფლების ძირითადი მიზეზია ოპტიმიზაცია, იმიტომ რომ მალხაზის გარდა კიდევ რამდენიმე ადამიანი გათავისუფლდა. მერია არის ცოცხალი ორგანიზმი და ყოველდღიურად სწავლობს. ყოველდღე ვაახლებთ ცოდნას და მიდგომებს სხვადასხვა მიმართულებებით. რეორგანიზაცია თუ საჭირო გახდა, კვლავ გამოვაცხადებ. რა თქმა უნდა, საფუძველი უნდა ჰქონდეს ამ ყველაფერს“.

გურჯაანის მერს არ სურს დეტალურად ილაპარაკოს იმაზე, თუ რატომ გაათავისუფლა მალხაზ ზარდიაშვილი. მერი მას ურჩევს, თუკი პრობლემებს ხედავს, სასამართლოს მიმართოს. ზარდიაშვილი სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს. ამბობს, რომ ამ თანამდებობაზე კონკურსის წესით იყო დანიშნული და მერს მისი გაშვების უფლება არ ჰქონდა. ვიდრე დავა დაიწყება, მალხაზ ზარდიაშვილის მეუღლე, მირანდა ფაიქიძე, გვეუბნება, რომ, გურჯაანის მერის გადაწყვეტილების გამო, მათი ოჯახი მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩდა, რადგან მათ ჰყავთ სპეციალური საჭიროების მქონე შვილი, რომლის მკურნალობასაც დიდი ოდენობით თანხა სჭირდება:

„მერის ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის არის კატასტროფის ტოლფასი. ჩემი მეუღლე იყო ოჯახში ერთადერთი შემომტანი. ჩვენს შვილს, ზუკას, ძალიან ბევრი მედიკამენტები სჭირდება. გარდა ამისა, საჭიროა ძვირად ღირებული სამედიცინო სერვისები და გამოკვლევები, რომელიც წელიწადში სამჯერ უტარდება. საჭიროა განსაკუთრებული კვებაც. მე მეორე მცირეწლოვანი შვილიც მყავს, მარტო ზუკაზე ხომ არ არის საუბარი. ვნადგურდებით მთელი ოჯახი. ჩვენი მდგომარეობა აქ, გურჯაანში, ყველამ იცის, მათ შორის მერმაც. წარმოუდგენელია ეს ყველაფერი... ბავშვი ყველანაირი მედიკამენტის გარეშე მრჩება“.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც გურჯაანის მერს უკანონოდ გათავისუფლებაში ადანაშაულებენ. 2018 წელს მერიის თანამშრომელმა ზვიად ბიაშვილმა თქვა, რომ მერი მისგან განცხადების დაწერასა და სამსახურიდან საკუთარი ნებით წასვლას მოითხოვდა, უარის მიღების შემდეგ კი ის სამსახურიდან მაინც გაუშვა.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG