ჩემი თვითიზოლაციის რეჟიმი კომენდანტის საათის შემოღებასთან ერთად დასრულდა. ეს ერთადერთია, რაც დასრულდა. სხვა - როდის დასრულდება და როდის დაიწყება, არ ვიცი. არავინ იცის. გაურკვევლობა სივრცესა და დროში ქმნის უსასრულობის შიშს, ფაქტობრივად, პანიკას, რომელსაც პირადად მე ზოგჯერ ვერ ვუმკლავდები. აგერ, ხომ დაწერა ერთმა პატიოსანმა ადამიანმა ჩემი წინა დღიურის კომენტარში ”გამოურთეთ ამ კაცს შუქი, თვითონაც დაისვენებს და ჩვენც დაგვასვენებსო”.
სხვები იხტიბარს არ იტეხენ, მაინც მწერენ: ”რომელი ფილმის ნახვას გვირჩევთ იზოლაციაში?”. რამდენჯერ გავიმეორე, ვის ლუი დე ფიუნესი ეხმარება და ვის ლარს ფონ ტრიერი. კაცია და გუნება. ზოგს თავდავიწყება შველის, ზოგს შოკი. სხვათა შორის, ისტერიკაც ეხმარება ბევრს. დიდზე დიდი კაცი, სერგეი ეიზინშტეინი, ელ გრეკოზე წერდა, ექსტაზის ყველა მოდელი გვიჩვენა, მათ შორის ”მინიექსტაზი”, როგორიცაა ისტერიკაო. სწორედ ისტერიკაში იწყებს ადამიანი მოძრაობას, რომელიც ”ექსტაზის რკალს” ჰგავს და დროებით, მაგრამ მაინც თავისუფლდებაო. ცრემლიც ეხმარება ბევრს. ზოგიერთი მტირალა ბავშვის მშობლისგან გამიგია, ”ნუ აქცევ ყურადღებას, იტირებს, იტირებს და გაჩერდებაო!”. რამხელა სისასტიკეა! მაგრამ სიმართლეცაა. ეს ისტერიკაც მოსაწყენი ხდება ხოლმე და ადამიანი მაინც ნახულობს თავის თავში ძალას სიცოცხლის გასაგრძელებლად.
რამდენად შეიძლება ამ საყვარელი კაცის, ლუი დე ფიუნესის, ”შეერთება” მიზანტროპ და კაცთმოძულე ლარს ფონ ტრიერთან? რამდენად შეიძლება კინოს ”ტექსტი” ორი სიბრტყის ერთობლიობას შეადგენდეს? იმედისა და უიმედობის, ოპტიმიზმისა და პესიმიზმის? სწორედ ასეთი ტექსტები ხომ არ გვჭირდება დღეს ყველას? ხომ არსებობს ასეთი გენიალური ლიტერატურა, მთლიანად აგებული ”ინ-იანზე”? მუსიკაც ხომ არსებობს? უიმედობის ისეთ კულმინაციას რომ აღწევს, რის იქითაც, უბრალოდ, არაფერია... ამიტომ სასოწარკვეთის ზღვარი როგორღაც თავისით რომ გიბიძგებს უიმედობის გადალახვისკენ... კი, ხელოვნების ყველა გენიალური ნიმუში ოპტიმიზმისა და პესიმიზმის ამ ერთიანობის იდეაზე იგებოდა, მათ შორის კარგი ფილმებიც, რომელთა ნახვას ყველას გირჩევთ - მორწმუნეებს და ურწმუნოებს, იმედიანებს და დეპრესიულებს.
10. ”ლევიათანი” (ანდრეი ზვიაგინცევი, რუსეთი, 2014) - იდეალური მაგალითი ფორმისა და შინაარსის აბსოლუტური მთლიანობისა, როცა დაპირისპირებულობათა ერთიანობა (ჰარმონიული მხატვრული ქსოვილი და სრული დისჰარმონია ნგრევამდე მისულ სამყაროში) ფილმს ანტიკური ტრაგედიის იერს ანიჭებს. კორუფცია ხელისუფლებაში, ფარისევლობა ეკლესიაში, უსიყვარულობა და უიმედობა მთელ ქვეყანაში სწორედაც რომ ზღვარს უახლოვდება. მაგრამ არ ანგრევს ფილმის მხატვრულ მთლიანობას, არ ანგრევს მაყურებელს, რომელიც უკვე იძულებული ხდება წონასწორობა საკუთარ თავში ეძებოს.
9. ”დილა მშვიდობისა, ბაბილონო!” (ძმები ტავიანები, იტალია, 1987) - პაოლო და ვიტორიო ტავიანების იუმორი ხალხურია, ზოგჯერ ტლანქი და უხეში. ნამდვილ ამბავს გვიყვებიან ხოლმე, მაგრამ ნახევრად ფანტასტიკურ იერს ანიჭებენ თავიანთ გმირებს, დოკუმენტური ჩვენს თვალწინ გადაიზრდება ზღაპარში. ”ბაბილონი” კინემატოგრაფის დაბადებას, უფრო სწორად, პირველ დიდ კინოხელოვანს, დევიდ უორკ გრიფიტს, ეძღვნება. თუმცა ფილმის გმირები არა გრიფიტი და ჰოლივუდის რეჟისორები, არამედ იტალიელი ძმები არიან - მხატვრები, დეკორატორები, რომლებმაც ახალი ხელოვნება ”რენესანსის ფორმებით” გაამდიდრეს. იწყება პირველი მსოფლიო ომი და კინოკამერის როლი იცვლება - ზღაპრული რეალობის ნაცვლად კინომ სასტიკი რეალობა უნდა ასახოს.
8. ”მთრთოლვარე სხეული” ( პედრო ალმოდოვარი, ესპანეთი, 1997) -”სულ სხვანაირია დღეს მადრიდიო, ხალხს აღარაფრის ეშინიაო” - როგორ შეიძლება დღეს ცრემლი არ მოგერიოს ალმოდოვარის ამ საშობაო ფილმის ფინალზე? საზიზღარმა ვირუსმა მადრიდი ფრანკოს ეპოქას დაუბრუნა? იმ დროს, როცა ხალხს ქუჩაში გამოსვლის ეშინოდა? და ეს ბედნიერი ფინალიც ილუზია აღმოჩნდა? ყოველთვის ილუზიაა, როცა სხვის ხარჯზე ხდები ბედნიერი? ვერ შეირგებ ბედნიერებას მსხვერპლის ხარჯზე? რჩება მხოლოდ ჩაველა ვარგასის ხმა და დიდებული სიმღერა სიყვარულზე.
7. ”შემოდგომის ზღაპარი” ( ერიკ რომერი, საფრანგეთი, 1998) - დიდი ფრანგი რეჟისორის ციკლში, რომელიც წელიწადის დროებს მიეძღვნა, ეს სურათი ნაკლებად პოპულარულია, თუმცა, სევდისა და იუმორის მთლიანობის თვალსაზრისით, ვფიქრობ, გამორჩეული. შემოდგომა თავისთავად სევდაა. ყველაფერი ემზადება ძილისთვის. თუმცა ფილმის პერსონაჟები ახალი ცხოვრების დაწყებისთვის ემზადებიან. არა, ყველა არა. სხვები, უბრალოდ, მეგობარს ეხმარებიან ახალი ცხოვრების დაწყებაში. როგორ დასრულდება ყველაფერი? ძალიან კარგად. ”ჰეპი-ენდით”?. უყურეთ ფილმს სულ უკანასკნელ კადრამდე.
6. ”მთვარე” (ბერნარდო ბერტოლუჩი, იტალია, 1979) - ბერტოლუჩის ყველაზე სკანდალური ფილმი. უფრო სკანდალურიც, ვიდრე ”უკანასკნელი ტანგო პარიზში”. ერთგვარი ოპერა, სიმღერის გარეშე. არა, მუსიკა არის ფილმში და მთავარი გმირიც ოპერის ვარსკვლავია, მაგრამ ”ოპერულია”, პირველ რიგში, ფილმის დრამატურგია, მთელი ეს ამბავი 68 წლის თაობის მარცხზე, ამბოხების დასასრულზე. ბერნარდო ბერტოლუჩი არის ავტორი ფილმისა ”რევოლუციის წინ”... ”მთვარეს” ნამდვილად შეიძლება ვუწოდოთ ”რევოლუციის შემდეგ”.
5. ”ქალი გავლენის ქვეშ” ( ჯონ კასავეტესი, აშშ, 1974) - ვფიქრობ, საუკეთესო ფილმი კინოს ისტორიაში ქალზე და მის მარტოობაზე, ასევე საზოგადოებაზე, რომელიც ყველანაიარდ ცდილობს ჩვენს ჩამწყვდევას გალიაში - მეტი კომფორტისთვის, მეტი სიმშვიდისთვის. ჯინა როულენდსი, დაახლოებით, ისეთ სახეს ქმნის, როგორც იტალელმა მსახიობმა ფალკონეტიმ შექმნა ჯერ კიდევ მუნჯი კინოს ეპოქაში კარლ თეოდორ დრეიერის შედევრში ”ჟანა დარკის ვნებანი”. ჯინა როულენდსი თანამედროვე წმინდანის სახეს ქმნის.
4. ”ჩიტები” (ალფრედ ჰიჩკოკი, აშშ, 1963 ) - არა, „ჩიტები“ არაა ფანტასტიკის ჟანრის ფილმი. ეს ნამდვილი ტრაგიკომედიაა, რომელიც სრულდება ”ანტიჰეპიენდით”... ანუ დასასრული ”კეთილია” თითქოს, მაგრამ რამდენად ლოგიკური? რამდენად თანმიმდევრული? კორონავირუსი სანამ ჩვენამდე მოაღწევდა, სადღაც წავიკითხე, კაცობრიობის ისტორიას ახსოვს ასეთი შემთხვევები, როცა ვირუსი მოულოდნელად ქრებოდაო.. აი, მოედებოდა ყველას, კლავდა ადამიანებს და უცბად, გაუგებარი მიზეზით ქრებოდა... ხალხსაც ისე უხაროდა, რომ ეზარებოდა იმის გარკვევა, რატომ გაქრა ბოროტება ასე მოულოდნელად. რატომ მარცხდებიან გაბოროტებული ჩიტები? რატომ ამბობენ ბრძოლაზე უარს?
3. ”მოდელების ატელიე” (ჟაკ დემი, საფრანგეთი, 1969) ჩემთვის ”სუფთა კინოს” იდეალური ნიმუშია, ანუ ფილმი, რომლის ავტორი მხოლოდ და მხოლოდ კინოს ენაზე გველაპარაკება. ”შერბურგის ქოლგების” რეჟისორი ”ატელიეში” არ ერიდება თვითციტირებასაც. ფილმის ზემოქმედება გაცილებით უფრო ძლიერი იქნება, თუკი ”ატელიესთან” ერთად ვნახავთ ჟაკ დემის ადრინდელ ფილმს ”ლოლა”, ანუკ ემეს მონაწილეობით. ”მოდელების ატელიე”, ფაქტობრივად, ”ლოლას” გაგრძელებაა - ეგაა რომ უკვე სხვა დროა. აქაც დამარცხდნენ 68 წლის მეამბოხეები - ილუზიები დაიმსხვრა. დარჩა სევდა და სიცარიელე.
2. ”პეიზაჟი ნისლში” (თეო ანგელოპულოსი, საბერძნეთი, 1988) -ფილმი-მოგზაურობა კორონავირუსის ეპოქაში, რომელიც, არ ვიცით, კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება, სხვაგვარად მოქმედებს, ვიდრე ”მშვიდობიანობის” ჟამს. მოგზაურობის მიზანი ყოველთვის ერთია - საყრდენის ძიება. აქაც, მოხეტიალე ბავშვები გამორბიან სახლიდან და მიემართებიან ”გერმანიაში” (ასე ამბობენ!) მამის საძებნელად. ინდუსტრიული ჯოჯოხეთიდან სამოთხეში, რომელიც ნამდვილად არაა ”გერმანია”. არა, დედამიწაზე ის სამოთხე, - ყვითელი მიწა და ნატვრის ხე - რომელშიც ხვდებიან ბავშვები, არ არსებობს, მაგრამ არსებობს თეო ანგელოპულოსის ფილმში - როგორც მშვენიერი სიზმარი, გაფორმებული ელენე კარაიანდრუს მუსიკით.
1. ”პოეზია” (ლი ჩან-დონი, სამხრეთი კორეა, 2010) - არა მარტო ამ სიის, არამედ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია. როგორ შეიძლება იმ რეალობის მიღმა, რომელშიც ვცხოვრობთ, დავინახოთ ახალი რეალობა. ყველაფერი წარმავალია, გარდა პოეზიისა! პოეზია, უპირველეს ყოვლისა! ადამიანი შეიძლება ისე გაქრეს ამ სამყაროდან, რომ კვალი არ დატოვოს, მაგრამ შეიძლება ”მოკვდეს სხვაში”, მოკვდეს სიყვარულში. მაშინ სიკვდილიც აღარ იქნება ასეთი საშიში. უფრო მეტიც, მაშინ სიკვდილი შეიძლება თავად გადაიქცეს უმაღლეს პოეზიად.