რუსთავში ე.წ. „სტამბოლის ბაზრის“ დირექტორის, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარეს სამასამდე მოწმე ჰყავს. ამის მიუხედავად, ბრალდებულ გიორგი ჭანტურიას ადვოკატი ამტკიცებს, რომ მკვლელი სხვაა და პროკურატურაც ამ მიმართულებით უნდა წავიდეს.
რუსთავში გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი თითქმის ორი თვეა მიმდინარეობს. დაიკითხნენ მთავარი მოწმეები: მოკლულის ვაჟი ბესო ქუთათელაძე, გენერლის ცოლი მეგი სირბილაძე და „სტამბოლის ბაზრის“ დირექტორი მამუკა ცხოვრებაძე, რომელიც სამსონ ქუთათელაძის ბავშვობის მეგობარია. სასამართლოში დღემდე დაბარებული ყველა მოწმე ირწმუნება, რომ გიორგი ჭანტურიას ქუთათელაძის მკვლელობის მიზეზი ჰქონდა და ეს ფინანსური მოტივია.
მეგი სირბილაძემ სასამართლო პროცესზე გაიხსენა ქმრის სიტყვები, თუ რატომ სურდა ჭანტურიას საქმიდან ჩამოშორება:
„ჩემი ქმარი მეუბნებოდა, რომ კრედიტი უნდა ავიღო კიდევო. რაზე უნდა აიღო კრედიტი-მეთქი. მიწა უნდა ვიყიდოო. რა მიწა უნდა იყიდო-მეთქი, მეტი რაღად გინდა, სულ კრედიტების გადახდაში უნდა იყო-მეთქი? არა, მირჩევნია ვიყიდოო. ვისგან ყიდულობ-მეთქი და ჭანტურიასგან უნდა ვიყიდოო. რატომ? - ვკითხე და თავად შემომთავაზაო. მირჩევნია ვიყიდოო. მოსიარულე შარია, აღარ მინდა მაგასთან [ჭანტურიასთან] ურთიერთობაო“.
მეგი სირბილაძე აღწერს თავისი ვაჟის, ბესიკ ქუთათელაძის, მობილური ტელეფონით გადაღებულ კადრებსაც, სადაც ბრალდებული მკვლელობის დღეს ორჯერ იცვლის ტანსაცმელს:
[გიორგი ჭანტურიას] სულ სხვა ტანსაცმელი აცვია მკვლელობამდე, რაღაც მუქი ფერის ლაბადა, ისე უცნაურად ჩაცმული, რომ ჩემი შვილი ამბობს, გვერდით რომ დამჯდომოდა, ვერც ვიფიქრებდი, თუ ეს ჭანტურია იქნებოდა, ისე უცნაურად ეცვაო. მერე მოდის [ჭანტურია] სულ სხვა ტანსაცმელში გამოწყობილი და ბესო ამბობს, მისმა მკვეთრმა სუნამომ გამომაფხიზლაო“.
მოკლულის ცოლის თქმით, სამსონ ქუთათელაძესა და გიორგი ჭანტურიას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა ქუთათელაძეს სთხოვა ბაზრის ტერიტორიაზე თავისი დის მიწების შესყიდვაც. მკვლელობის ფინანსურ მოტივზე ლაპარაკობს პროკურატურის მთავარი მოწმე, ბაზრის დირექტორი მამუკა ცხოვრებაძე, რომელმაც მოკლული სამსონ ქუთათელაძე პირველმა ნახა. ცხოვრებაძემ სასამართლო პროცესზე თქვა, რომ ჭანტურია, თავისი კუთვნილი 60 დახლის გარდა, ქუთათელაძეს ბაზრის წილის 15 პროცენტის შესყიდვას სთავაზობდა, თუმცა, ცხოვრებაძის თქმით, ეს 15 პროცენტი, რომელსაც ჭანტურია რუსთავის მერიას ედავება, დაყადაღებულია:
„ჯერ იყო და [ბაზრის] წილს მოგყიდითო. მე კი ვიფიქრე, რა წილი უნდა მიჰყიდოს [სამსონ ქუთათელაძეს], 2016 წლიდან ეს 15 პროცენტი დაყადაღებულია. ვისი წილი უნდა მიეყიდა, ან როგორ უნდა მიეყიდა, არ ვიცი“.
მამუკა ცხოვრებაძე ამბობს, რომ ქუთათელაძემ ამაზე უარი თქვა, რამაც გენერალსა და ჭანტურიას შორის უთანხმოება კიდევ უფრო გაამწვავა.
ბრალდებულის ადვოკატი ბექა ბასილაია ირწმუნება, რომ მოწმეთა ჩვენებები დამაჯერებელი არ არის და, წესით, გამოძიებამ ისინი უტყუარ მტკიცებულებად არ უნდა გამოიყენოს:
„რატომ უნდა ჰქონოდა წილთან დაკავშირებით ვინმეს სამსონ ქუთათელაძის მოკვლის მოტივაცია, როცა სამსონ ქუთათელაძე ფლობდა „სტამბოლის ბაზრის“ მხოლოდ 29 პროცენტ წილს და მისი მკვლელობის შემთხვევაშიც ამ 29 პროცენტს მისი მემკვიდრეები მიიღებდნენ? შესაბამისად, აბსოლუტურად გაუგებარია წილთან დაკავშირებული საკითხები“.
ადვოკატი ბექა ბასილაია ხაზს უსვამს, რომ ბრალდების მხარის მთავარმა მოწმემ ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა, როცა მკვლელობის დღეს იხსენებდა. ბასილაიამ სასამართლო პროცესზე ცხოვრებაძეს ამ გარემოებაზე მიუთითა, რასაც მათ შორის კამათი მოჰყვა. კამათი იმდენად გამწვავდა, რომ მოსამართლე მადონა მაისურაძე იძულებული გახდა ჩარეულიყო და პროცესი კონტროლქვეშ დაებრუნებინა. მოგვიანებით ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ პროკურატურა ცხოვრებაძის ალიბით უნდა დაინტერესდეს:
„მამუკა ცხოვრებაძის ქმედებებთან დაკავშირებით არსებობს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, რაც გამოძიებამ თავის დროზე არ გამოიკვლია. უფრო მეტიც, მამუკა ცხოვრებაძე არის ადამიანი, რომელმაც ნახა სამსონ ქუთათელაძე მის სამუშაო კაბინეტში დასისხლიანებულ მდგომარეობაში. ერთი ზარი არ გაუკეთებია სასწრაფო დახმარების ცენტრში, ერთი ზარი არ გაუკეთებია პოლიციაში და ალიბის შესაქმნელად დაცვის თანამშრომლებს მოუხმო“.
საქმის პროკურორი ნიკოლოზ სანიკიძე დაცვის მხარის ტაქტიკას ბრალდების უტყუარ მტკიცებულებებს უკავშირებს:
„ეს არის დაცვის მხარის ე.წ. ტაქტიკა, რაღაც ფორმით რომ შექმნან, თითქოს საქმეზე არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება. თუმცა ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ასეულობით მოწმეა დაკითხული და გამოძიებამ მხოლოდ მას შემდეგ მიიღო სისხლის სამართლებრივი დევნის გადაწყვეტილება [გიორგი ჭანტურიას მიმართ], რაც შეკრიბა საკმარისი მტკიცებულებები“.
პროკურორ ნიკოლოზ სანიკიძის ინფორამციით, მომდევნო სასამართლო სხდომებზე კვლავ ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებს მოისმენენ.