უნგრეთის ნაყიდია დანა, რომლითაც რუსებმა უკრაინელ ჯარისკაცს გამოსჭრეს ყელი, - ასე აფასებენ კიევში ბუდაპეშტის გადაწყვეტილებას, გააძლიეროს ენერგეტიკული ურთიერთობები რუსეთთან. მოლაპარაკებებს 11 აპრილს მოსკოვში უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი, პეტერ სიიარტო აწარმოებდა.
კიევსა და მის დასავლელ მოკავშირეებს უკვე დიდი ხანია აშფოთებთ ბუდაპეშტის პრორუსული პოლიტიკა და უნგრეთის დისტანცირება დასავლელი მოკავშირეებისგან.
„უნგრეთი მშვიდობის მხარეს დგას. მშვიდობა მოითხოვს მოლაპარაკებებს, ხოლო მოლაპარაკებები მოითხოვს ურთიერთობის არხებს“, - დაწერა პეტერ სიიარტომ, 12 აპრილს, თავის ფეისბუკგვერდზე, როცა მოსკოვიდან ახალდაბრუნებული ბუდაპეშტში უკვე ბელარუს კოლეგას მასპინძლობდა.
მინისტრი სიიარტო ახლახან თბილისსაც სტუმრობდა და 6 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ - თბილისი, ბუდაპეშტის მსგავსად, ცდილობს ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას, ძლიერი საგარეო წნეხის პირობებში.
აშშ-ის სანქციები რუსეთთან შეთანხმებისთვის
ბუდაპეშტში მოქმედი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკისთვის (IIB) და მისი ხელმძღვანელი პირებისთვის სანქციების დაწესება აშშ-მა რუსეთის ინტერესების გატარებით ახსნა.
„IIB-ის ხელმძღვანელები რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ პირებთან ათანხმებდნენ IIB-ის ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხებს, 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგაც კი“, - იტყობინება აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო, 12 აპრილს გამოქვეყნებულ ცნობაში.
სანქცირებულთა სიაში ორი მოქმედი და ერთი ყოფილი მაღალი რანგის მენეჯერები არიან, ერთი მათგანი - უნგრეთის, ხოლო ორი - რუსეთის მოქალაქე.
- გიორგი პოტაპოვი - რუსეთის მოქალაქე, IIB-ის მმართველის მოადგილე. მას რუსეთის მედია გიორგი ნუგზაროვიჩად მოიხსენიებს (და ერთ-ერთ სააგენტოს გვარიც კი არ აქვს მითითებული). IIB-ის ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, პოტაპოვს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება საერთაშორისო ურთიერთობებში, დიპლომატიაში და 2013 წლამდე, IIB-ში დასაქმებამდე, იკავებდა ხელმძღვანელ პოსტებს რუსეთის როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო კორპორაციებში, მათ შორის - „როსატომსა" და „ბანკ როსიაში“.
- ნიკოლაი კოსოვი - რუსეთის მოქალაქე, IIB-ის ყოფილი მმართველი. ბანკის ვებსაიტის თანახმად, კოსოვი, 2012 წლის შემდეგ, ამ პოსტზე 2-ჯერ 5-5 წლით აირჩიეს და სწორედ მის სახელს უკავშირებენ ბანკის საქმიანობის გაფართოებას. მითითებულია, რომ კოსოვი იკავებდა ხელმძღვანელ პოსტებს საგარეო საქმეთა სამინისტროში საბჭოთა კავშირის დროს და ასევე, მოგვიანებით - რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის - „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“.
- იმრე ლასლოცკი - უნგრეთის მოქალაქე, IIB-ის მმართველის მოადგილე. ბიოგრაფიის მიხედვით, ლასლოცკი კარიერული დიპლომატია: სხვადასხვა დროს იყო ელჩი აზერბაიჯანსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში და მუშაობდა რუსეთშიც, უნგრეთის წარმომადგენლობაში. დასაქმებული იყო ხელმძღვანელ თანამდებობებზე, მათ შორის კადრების დეპარტამენტის უფროსად - უნგრეთის საგარეო უწყებაში. დამთავრებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტი.
2023 წლის მარტში, „მედუზა“ წერდა, რომ საერთაშორისო საინვესტიციო ბანკს დასავლეთში რუსეთის „ჯაშუშურ ბანკსაც“ უწოდებენ და ასეთი რეპუტაციის გამო, ბანკი, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, გაკოტრების საფრთხის წინაშეც აღმოჩნდა.
გამოცემის თანახმად, 2023 წლის თებერვალში ბანკზე მოხდა ჰაკერული თავდასხმა და გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰაკერებმა ბანკის შიდა მიმოწერისა და სხვა საიდუმლო მასალების ხელში ჩაგდება შეძლეს. სწორედ ამ მასალების შედეგად გახდა ცნობილი, რომ ბანკს მძიმე ფინანსური მდგომარეობა აქვს, რადგან ევროპელ აქციონერებს მასთან საქმის დაჭერა აღარ სურთ.
ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ამ საფინანსო ინსტიტუტში მონაწილე ქვეყნები არიან რუსეთის ფედერაცია, უნგრეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, კუბა, მონღოლეთი და ვიეტნამი.
თუმცა „როიტერსი“ წერს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან, ბულგარეთმა, ჩეხეთმა, რუმინეთმა და სლოვაკეთმა შეწყვიტეს მონაწილეობა საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის საქმიანობაში.
„მედუზას“ თანახმად, თავდაპირველი სურვილის მიუხედავად, ბანკის წილის შეძენისგან თავს იკავებს სერბეთი, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება უფრო სურს და ბრიუსელთან საქმის გაფუჭებას ერიდება.
უახლოვდება რუსეთს, შორდება დასავლეთს
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, ოლეგ უსტენკომ Politico-სთან ინტერვიუში ღიად გამოხატა აღშფოთება უნგრეთსა და რუსეთს შორის ბუნებრივ აირთან დაკავშირებული ახალი შეთანხმების გაფორმების გამო.
„თუკი თქვენ ნახეთ ვიდეო, სადაც რუსები თავს სჭრიან უკრაინელ სამხედროს - ამ დანის საფასურს უნგრელები იხდიან“, - თქვა უსტენკომ. ის მოუწოდებს ევროკავშირის ქვეყნებს, რომ უნგრეთს საერთო ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუწყვიტონ.
კიევის გაბრაზება მოჰყვა უნგრეთსა და რუსეთს შორის ახალი შეთანხმების გაფორმებას 11 აპრილს, როდესაც უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი, პეტერ სიიარტო მოსკოვში ჩავიდა და რუსეთთან კონტრაქტი ხელსაყრელი პირობებით განაახლა.
სიიარტო შეხვდა რუსეთის ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკსაც.
უნგრეთის მედიის თანახმად, სწორედ იმ დღეს, როცა აშშ-მა რუსეთის გავლენების საინვესტიციო ბანკსა და მის მენეჯერებს სანქციები დაუწესა, აშშ-ის ელჩმა უნგრეთში, დევიდ პრესმანმა პრესკონფერენციაზე გამოხატა შეშფოთება - რუსეთსა და უნგრეთს შორის კავშირის გაღრმავების გამო. „რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები კვებავს რუსეთის სამხედრო მანქანას და ტრანსატლანტიკური ალიანსის უსაფრთხოებას ემუქრება“, - ელჩის სიტყვებს მედია ციტირებს.
რადიო თავისუფლების ევროპის რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ უნგრელი მინისტრის მოსკოვში ვიზიტის შესახებ ევროკავშირში „ინტერესის ნაკლებობა იმაზეც მეტყველებს, რომ ბრიუსელმა უკვე „ხელი ჩაიქნია“ უნგრეთზე“.
იოზვიაკი აღნიშნავს, რომ „უნგრეთი ევროკავშირში სულ უფრო იზოლირებული ხდება“ და „მისი მნიშვნელობა ბრიუსელისთვის კლებულობს“ .
ამავე დროს, უნგრეთი არაერთ პრობლემას უქმნის დასავლელ პარტნიორებს და ხშირად, პირდაპირ უპირისპირდება მათ, იქნება ეს კატეგორიული უარი რუსეთისთვის დასაწესებელი სანქციების გამკაცრებასა და უკრაინის მეტად დახმარებაზე, პუტინის დაკავების შესახებ ჰააგის სასამართლოს ორდერის დაბლოკვა თუ შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროცესის გაჭიანურება.
„ჩვენი მეგობრები საქართველოში“
მოსკოვში ჩასვლამდე 5 დღით ადრე, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი, პეტერ სიიარტო კიდევ ერთხელ ჩამოვიდა თბილისში და ის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმაც მიიღო.
სიიარტომ მაშინ თქვა, რომ საქართველოსაც, უნგრეთის მსგავსად, სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად უწევს ბრძოლა და თბილისი თავს კარგად ართმევს.
„ჩვენი მეგობრები საქართველოში ისეთივე გამოწვევების წინაშე დგანან, როგორც ჩვენ - ისინი ცდილობენ შეინარჩუნონ სუვერენიტეტი მზარდი საგარეო ზეწოლის ფონზე. კარგად იბრძვიან, ხელისუფლების მხარდაჭერა სტაბილურია. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებულია მეგობრობასა და საერთო ღირებულებებზე“, - დაწერა უნგრელმა მინისტრმა თავის ფეისბუკგვერდზე და თბილისში გადაღებული არაერთი ფოტო გამოაქვეყნა.
თბილისის მსგავსად, ბუდაპეშტიც, ზეწოლის გამო, თითქმის არასოდეს ადანაშაულებს რუსეთს.
2022 წლის ოქტომბერში, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით იყო ჩასული, მისმა კოლეგამ, ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის „მსგავსება ბევრია“ და „ძალიან ახლოს“ არიან პოზიციებით, მათ შორის - გეოპოლიტიკისა და ომის საკითხებზე.
ირაკლი ღარიბაშვილმა კი თქვა, რომ ვიქტორ ორბანის მთავრობამ „ძალიან ბევრი წარმატებული პოლიტიკა და რეფორმა განახორციელა“, უნგრეთის მაგალითები საქართველოსთვის მისაბაძია.
უნგრეთსა და საქართველოს შორის სამწუხარო მსგავსებაზე ექსპერტებიც ხშირად ლაპარაკობენ და ასე იყო თებერვალ-მარტშიც, საქართველოში ე.წ. აგენტების კანონთან დაკავშირებული ვნებათაღელვის ფონზე.