Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი ბუდაპეშტის და მოსკოვის მეგობრობას ყურს უყრუებს


რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ მოსკოვის მოსანახულებლად საუკეთესო დრო შეარჩია - კათოლიკური სააღდგომო არდადეგები ახალი დასრულებული იყო, ცოტა ხნით ადრე კი ემანუელ მაკრონის გახმაურებული ვიზიტი შედგა პეკინში. ევროკავშირის მაღალჩინოსნები, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ სააღდგომო წვეულების განწყობაზე იყვნენ. 11 აპრილს სამსახურში ბევრი არც გამოცხადებულა. ვინც იყო, იმათაც, მოსკოვში ამ ვიზიტი კომენტარად უბრალოდ მხრები აიჩეჩეს.

განხილვის ერთადერთი თემა ბრიუსელში საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ მედიისთვის გაკეთებული კომენტარი იყო. მან, პეკინში ვიზიტის შემდეგ, როგორც ჩანს უარყო ევროპის პასუხისმგებლობები და მოვალეობები ჩინეთსა და ტაივანს შორის კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში და აღნიშნა, მნიშნელოვანია „არ გავეხვიოთ კრიზისებში, რომლებიც ჩვენ არ გვეკუთვნისო.“

ევროკომისიის შუადღის ბრიფინგზე ჟურნალისტებმა სპიკერს უამრავი შეკითხვა მიაყარეს ამასთან დაკავშირებით. ლაპარაკობდა თუ არა მაკრონი ევროპის სახელით? რას ფიქრობდა ამ ყველაფერზე ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტს ახლდა ვიზიტისას? აქვს თუ არა ევროპას ერთიანი პოზიცია ტაივანთან დაკავშირებით? 40 წუთის განმავლობაში ზოგ შეკითხვას პასუხი გაეცა, ზოგი კი თავიდან აირიდეს.

რა დრო დაეთმო შუადღის ამ ბრიფინგზე სიიარტოს მოსკოვურ ვიზიტს? ნული წუთი!

ცხადია, ისიც აღსანიშნავია, რომ, საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტი ჩინეთში და მისი შემდგომი კომენტარები უფრო დიდ ყურადღებას იმსახურებს, ვიდრე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვოიაჟი. მაგრამ, ინტერესის ნაკლებობა იმაზეც მეტყველებს, რომ ბრიუსელმა უკვე „ხელი ჩაიქნია“ უნგრეთზე.

როდესაც დიპლომატებს ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარები ვთხოვე, დიდი აღშფოთება არავის გამოუთქვამს. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნის წარმომადგენელმა მითხრა „სამწუხაროა, რომ მათ ეს გზა აარჩიესო“. მეორემ უფრო გესლიანად განმიცხადა, რომ „ეს არც პირველი და, სამწუხაროდ, არც უკანასკნელი ვიზიტია იქ.“ დასავლეთი ევროპის ქვეყნის დიპლომატმა აღიარა, რომ ეს ამბავი არც გაუგია და დასძინა „ყველანი მივეჩვიეთ, რომ ბუდაპეშტი მოსკოვთან თბილი ურთიერთობების დამყარებას აგრძელებსო.“

უნგრეთს ბრიუსელში არავისთვის უცნობებია ამ ვიზიტის შესახებ. ეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხია და დამოუკიდებლობას საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის ყველა წევრი მტკიცედ ინარჩუნებს. ბრიუსელში აღნიშნეს, რომ მსგავსი ვითარება იყო მინისტრის ბელარუსში ვიზიტთან დაკავშირებითაც. ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა მითხრა, რომ, „სასიამოვნო“ იქნებოდა, ვიზიტის წინ ვინმეს საქმის კურსში რომ ჩაეყენებინა, მაგრამ ამის ვალდებულება არ არსებობს და წესით საკმარისია ვიზიტის შემდეგ ევროკავშირის წევრებისთვის გაგზავნილი წერილიც, თუმცა არც ამას ელის ვინმე მოუთმენლად.

აქ შეგვიძლია სამი მნიშვნელოვანი თემა დავინახოთ - გარდა იმისა, რომ უნგრეთი ევროკავშირში სულ უფრო იზოლირებული ხდება და მისი მნიშვნელობა ბრიუსელისთვის კლებულობს. პირველი ისაა, რომ ევროკავშირს არასაკმარისი წვდომა აქვს არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკის, არამედ ენერგეტიკასთან დაკავშირებულ საკითხებთანაც. მეორეა, რომ სულ უფრო იკლებს ევროკავშირის ეფექტიანი სანქციების მასშტაბი რუსეთის წინააღმდეგ . მესამე კი ისაა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემულ პუტინის დაკავების ორდერს რეალური და დაუყოვნებლივი შედეგი არა აქვს.

რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის დაწყებისთანავე ბუდაპეშტი ევროკავშირმა კიდევ უფრო გარიყა. ბრიუსელს უნგრეთთან მანამდეც არაერთი წინააღმდეგო ჰქონდა, ძირითადად სასამართლოს უზენაესობასთან დაკავშირებული საკითხების გამო, თუმცა მას ყოველთვის გვერდით ედგა პოლონეთი, რომელსაც მსგავსი კონფლიქტები ჰქონდა ბრიუსელთან. რუსეთის მიერ დაწყებულმა ომმა ის ამ ქვეყნების გზები გაყარა - ვარშავა კრემლის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე და კიევის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა.

ევროკავშირმა რაღაცნაირად გვერდი აუარა უნგრეთის ობსტრუქციულ დამოკიდებულებას რუსეთთან მიმართებით. იარაღის შესყიდვას უნგრეთის თანხმობა არ სჭირდება, უკრაინის ეკონომიკის დასახმარებელი ზომები ბუდაპეშტთან ვაჭრობის შემდეგ მაინც მიიღეს, ერთობა არსებობს სანქციების გაგრძელებასთან დაკავშირებითაც.

მაგრამ პრობლემებიც ბლომად იყო. ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული ათი პაკეტი ალიანსის სხვა წევრებმაც შეასუსტეს, მაგრამ მთავარი აქ მაინც უნგრეთის როლი იყო. მან მოახერხა, რომ რუსული ბუნებრივი აირი უნგრეთს კვლავ მიეწოდება, რუსეთის ბირთვულ ენერგიას არავინ განიხილავს და რუსულ ნავთობთან დაკავშირებით არაერთი შემამსუბუქებელი დათქმა კეთდება - ამას ბუდაპეშტი ვეტოს მუქარით ახერხებს.

ბრიუსელის მიერ მოსკოვის წინააღდეგ დაწესებული ბოლო სანქციები მწვავე აღარ არის, რადგან ბუდაპეშტი ენერგეტიკულ სექტორზე ახალ სანქციებს მხარს არ უჭერს. პოლონეთმა და ბალტიის ქვეყნებმა ცოტა ხნის წინ მოამზადეს დოკუმენტი, სადაც რუსეთის ატომური გიგანტის, „როსატომის“ წინააღმდეგ სანქციებს განიხილავდნენ, თუმცა აქაც სპეციალური გამონაკლისები იყო დაშვებული ბუდაპეშტის ატომურ სადგურთან დაკავშირებით, რომლის მშენებლობასაც რუსეთი აფინანსებს.

ენერგეტიკის საკითხი მნიშვნელოვანია. ვიზიტის დროს სიიარტო რუსეთის ენერგეტიკის სექტორის მაღალჩინოსნებსაც შეხვდა. ევროკავშირმა ეს ზამთარი შედარებით უმტკივნეულოდ გადაიტანა, მაგრამ წინ კიდევ ერთი ზამთარია, რომელიც, ევროკავშირის მესვეურების განცხადებით, შესაძლოა მძიმე აღმოჩნდეს. შიშობენ, რომ ენერგომატარებლებზე ფასმა შეიძლება კიდევ უფრო მოიმატოს და ბევრი ქვეყნისთვის ეს პოლიტიკურ საკითხად იქცეს. ასე, რომ ბუდაპეშტთან, მოსკოვთან და გაბრაზებელ ამომრჩეველთან ახალი კონფლიქტების დაწყება არავის სურს.

სიიარტოს ვიზიტი ასევე ხაზს უსვამს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული ორდერი სიმბოლურ დატვირთვას ატარებს. მინისტრმა პუტინთან შეხვედრას თავი აარიდა, რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ მოსკოვში ჩასვლაზე უარი მან მაინც არ თქვა. რუსეთის პრეზიდენტს მოგზაურობა შეიძლება შეეზღუდა, მაგრამ ორდერი ხელს არ უშლის ევროპელებს, რომ რუსეთის დედაქალაქს ეწვიონ. ამის მთავარი ტესტი ის იქნება, ჩავა თუ არა თავად ორბანი მოსკოვში. თუმცა, ეს საკითხი, როგორც ჩანს, ჯერ არ დგას. ახლა მიანიშნებენ, რომ ორბანი შეიძლება კიევში ჩავიდეს და დაამტკიცოს, რომ ბუდაპეშტისთვის უკრაინა კვლავაც მნიშვნელოვანია.

ამასობაში კი ევროკავშირი გააგრძელებს განდგომილი წევრი სახელმწიფოს იგნორირებას. მისი გაგდება ან სანქცირება ბრიუსელს არ შეუძლია. ერთადერთი, ევროკავშირის ბიუჯეტის ნაწილი ბუდაპეშტს აღარ მიეწოდება. ბუდაპეშტი შეიძლება „შავი ცხვარი“ იყოს, მაგრამ ის მაინც ოჯახის წევრია. შერიგების შესაძლებლობა ყოველთვის იარსებებს.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG