Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია უკრაინიდან ელჩის გამოწვევაზე: რა თქმა უნდა, ჩვენ ელჩს გამოვიწვევთ!


"რა თქმა უნდა, უკრაინიდან ელჩს გამოვიწვევთ მხოლოდ იმისთვის, რომ გავიაროთ კონსულტაციები, როგორ დავიცვათ ურთიერთობები ავანტიურისტებისგან"- თქვა საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ 9 მაისს, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან ჟურნალისტების დასმულ კითხვაზე პასუხად. მისი განმარტებით, ელჩის გამოწვევა არ ნიშნავს კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობის ან დიპლომატიური ურთიერთობის, ესაა მცდელობა, რისკის ქვეშ არ დადგეს ორი ქვეყნის ურთიერთობა.

„ჩვენ ეს განწყობა არ დაგვიმალავს. გაურკვეველია, როდესაც სტრატეგიული პარტნიორი სასამართლო სისტემის მიერ უკვე მსჯავრდებულ და მძიმე დანაშაულებისთვის მისჯილ ადამიანს ნიშნავს თანამდებობაზე. გასაგებია, რომ არ ინიშნება მაღალ სამთავრობო პოზიციაზე, ინიშნება რაღაც მრჩევლის თუ რაღაც საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელად, მაგრამ ეს არის მაინც გაურკვეველი და ჩვენი ელჩის გამოწვევა სწორედ ამიტომაა. ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს. ოდესის შემდგომ რა ძალისხმევა დაგვჭირდა იმისთვის, რომ ამ გარკვეული ისტორიების შემდგომ, საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობები დაგვებრუნებინა ნორმალურ, სტრატეგიული მეკავშირეობის ფარგლებში. პირადად ვიყავი ამაში ჩართული, პირადად ვიყავი კიევში ჩასული, პირადად მქონდა შეხვედრები. ახლა ელჩს ვიწვევთ, რადგან ამ პოლიტიკურმა ავანტიურისტებმა არ შეძლონ, ჩვენს მოძმე და სტრატეგიულ პარტნიორთან ხელი შეგვიშალონ და რისკის ქვეშ დააყენონ ეს ურთიერთობა. ეს ჩვენთვის არის ყველაფერზე მნიშვნელოვანი. ამ წინადადების შემდგომ აუცილებლად, ვინც არ უნდა იყოს ეს, უნდა თქვას, რომ ასევე უზრუნველყოფს, რომ შემდგომში სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა არ გაგრძელდეს და როგორ დააკავებენ ახლა მიხეილ სააკაშვილს იმისგან, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისგან თავი შეიკავოს, ეს ძალიან მაინტერესებს და ამას დავაკვირდები“, – განუცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს.

7 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების ეროვნულ საბჭოში, აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.

8 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საგანგებო პრესკონფერენციაზე თქვა, რომ საქართველო უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის საკითხს არ განიხილავს, თუმცა უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა კითხვებს იწვევს, რის გამოც უკრაინაში საქართველოს ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ.

ამავე დღეს უკრაინის საგარეო უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომელიც შეიცავდა მოწოდებას, გაეთვალისწინებინა საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები და არ გაეხადა პარტნიორობა უკრაინაში რეფორმების პროცესზე დამოკიდებული. უკრაინის პრეზიდენტმა კი ელჩის გამოძახებას შეცდომა უწოდა. "ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უფრო დიდია, ვიდრე ნებისმიერი ქვეყნის ხელმძღვანელობა“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

XS
SM
MD
LG