წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის პირველი საჯარო სკოლის 200-მდე მოსწავლეს, რამდენიმეწლიანი მოლოდინის მიუხედავად, სასწავლო წლის განახლება კვლავ სოფლის ყოფილი საბჭოს ერთსართულიან შენობაში მოუწევს. მეოთხე წელია, ექვს მცირე ზომის საკლასო ოთახში პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით სწავლა ორ ცვლაში მიმდინარეობს. როგორც სკოლის ადმინისტრაციაში ამბობენ, ფართის სიმცირის გამო, პედაგოგები სამასწავლებლო ოთახშიც მორიგეობით შედიან, პედაგოგიური საბჭოს სხდომებს კი საჯარო რეესტრის ან კულტურის სახლის შენობაში მართავენ, რადგან 22 მასწავლებელს და ადმინისტრაციის წარმომადგენელებს ერთად ვერ იტევს დროებითი სკოლის ვერც ერთი ოთახი.
გეგუთის პირველი სკოლის მოსწავლის თეონა სულამანიძის თქმით, უკვე რამდენიმე წელია, ელოდებიან ახალი სკოლის აშენებას, რაც მათ მოტივაციას გაზრდიდა, რადგან ფართის სიმცირისა და ამორტიზებული საკლასო ოთახების გამო მოსწავლეთა ნაწილი სასწავლებლად ქუთაისში მიდის.
გეგუთელები ამბობენ, რომ არ იციან, რა აფერხებს დაპირებული ახალი სკოლის მშენებლობის დაწყებას. მოსწავლეთა მშობლების თქმით, მოზარდებს მეორე ცვლაში სწავლა უჭირთ და ამიტომ იძულებულნი არიან შვილები რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე საჯარო სკოლაში ატარონ.
გეგუთის პირველი საჯარო სკოლის ადმინისტრაციაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სკოლის ძველი შენობა ავარიული იყო, 2015 წელს ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ის საფრთხის შემცველად მიიჩნია და სკოლა ალტერნატიულ ფართში დროებით იმ იმედით გადავიდა, რომ ძველის ადგილზე ახალი აშენდებოდა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ერთ- ერთი ყველაზე დიდი სოფლის ბავშვებს მოემსახურებოდა. სკოლის ადმინისტრაციაში იმასაც ამბობენ, რომ სოფელში რამდენიმე წლის წინ საბავშვო ბაღი აშენდა და მისი გახსნის შემდეგ მოსწავლეთა რაოდენობამ სკოლაშიც მოიმატა, თუმცა რადგან შენობა, სადაც ამჟამად სკოლა ფუნქციონირებს, ამორტიზებულია და მოსწავლეებს საკლასო ოთახების სიმცირის გამო ორ ცვლაში უწევთ სწავლა, სკოლიდან მოზარდების ნაწილი მიდის. გეგუთის პირველი საჯარო სკოლის დირექტორის მაია მამისეიშვილის ინფორმაციით, სკოლის ძველი შენობის დემონტაჟი შარშან სექტემბერში დასრულდა და წელს, ივნისში, განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსგან მიიღო წერილი, რომლის მიხედვით, სააგენტოს წლევანდელ გეგმაში ასახულია 350-400 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის ახალი შენობის პროექტირება. მაია მამისეიშვილისთვის მშენებლობის დაწყების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
გეგუთის პირველი საჯარო სკოლის დირექტორის მაია მამისეიშვილის განცხადებით, ახალი სკოლის აშენების აუცილებლობა ცნობილია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ხელისუფლებისთვისაც და რადგან მიმდინარე წლიდან საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციად განისაზღვრა, მნიშვნელოვანია პროექტირების პროცესში მერიის შესაბამისი სამსახურების ჩართულობა. რადიო თავისუფლებას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უთხრეს, რომ მერია თანამშრომლობს განათლების სამინისტროს შესაბამის სამსახურთან, წელს პროექტი შედგება, მომავალი წლიდან კი მუნიციპალიტეტის ორ სოფელში გეგუთსა და ჩუნეშში, ახალი სკოლების შენება დაიწყება. გეგუთში ორი საჯარო სკოლაა. ერთ მათგანში მოზარდები მხოლოდ ცხრა კლასის ჩათვლით სწავლობენ.