Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განსაკუთრებული სიხარული საქართველოს ფორპოსტში და ქალები პოლიტიკაში საუკუნის წინ


საქართველოს ეროვნული არქივი
საქართველოს ეროვნული არქივი

დღემდე კვლევის საგანია, თუ რა ხდებოდა დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ ცენტრში, ქუთაისში, 100 წლის წინ, როცა საქართველო პირველად გამოცხადდა დემოკრატიულ რესპუბლიკად და ხელი მოეწერა დამოუკიდებლობის აქტს. ქუთაისის ცენტრალურ არქივში, რომელიც 1921 წლიდან არსებობს, არ მოიპოვება 2018–21 წლების მოვლენების ამსახველი არც ერთი დოკუმენტი ან ფოტო. ასეთი მასალა დაცული არ არის არც ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, რომელიც გასული საუკუნის ათიან წლებში დაარსდა. ამ მუზეუმში ინახება მხოლოდ საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას ხელჯოხი, რომელიც საიუბილეო გამოფენისთვის თბილისში, ეროვნულ მუზეუმში, გაიგზავნა.

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი სულხან კუპრაშვილი ვარაუდობს, რომ 1921 წელს, მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის წევრებმა ბოლო სხდომა ქუთაისში გამართეს და შემდეგ ემიგრაციაში წავიდნენ, თან წაიღეს ყველა დოკუმენტი, ფოტო და სხვა მასალა.

სულხან კუპრაშვილი 1918 წლის 26 მაისამდე განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას ყურადღებას ამახვილებს ქუთაისის როლსა და პოლიტიკურ მნიშვნელობაზე და დასძენს, რომ, ქვეყნის გარეთ მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, ქუთაისი იყო ფორპოსტი თურქეთის წინააღმდეგ. სულხან კუპრაშვილი ამბობს, რომ, ამ და სხვა ისტორიული ფაქტების გათვალისწინებით, 26 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადებას ქუთაისში განსაკუთრებული სიხარული გამოუწვევია.

არქივში დაცული გაზეთი "ჩვენი ქვეყანა"
არქივში დაცული გაზეთი "ჩვენი ქვეყანა"

ისტორიკოსი სულხან კუპრაშვილი გვეუბნება, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დღის წესრიგში მალევე დადგა დამოუკიდებლობის შენარჩუნებაზე ზრუნვის საჭიროება, რისთვისაც მაზრის კომისარმა ჯაფარიძემ საყოველთაო გაწვევისთვის 19-დან 35 წლამდე მამაკაცების მობილიზება გამოაცხადა. სულხან კუპრაშვილის ინფორმაციით, სხვადასხვა წყაროთი დგინდება, რომ ქუთაისში უპრეცედენტოდ ბევრი მამაკაცი შეიკრიბა და მათი დიდი ნაწილი 19 წელზე ნაკლები და 35 წელზე უფროსი ასაკის იყო, თუმცა ამას მალავდნენ და გაწვევისთვის მზადყოფნას გამოთქვამდნენ. სულხან კუპრაშვილის თქმით, ყველაზე მეტი ინფორმაცია საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნისა და არსებობის შესახებ შემოინახა იმდროინდელმა პრესამ, თუმცა გაზეთების ნაწილი საბჭოთა რეპრესიებს ვერ გადაურჩა. ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ციცი ჯინჯიხაძის ინფორმაციით, ბიბლიოთეკაში დაცულია საქართველოში იმ დროს გამომავალი 8 გაზეთი. მათგან 4 ქუთაისში გამოიცემოდა და მაზრის მოსახლეობა ყოველდღიური პრესის მეშვეობით ეცნობოდა როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ციცი ჯინჯიხაძის განცხადებით, მაშინდელი პრესის გაცნობა გვარწმუნებს, რომ 1918 წლის 26 მაისამდე კრიტიკული პუბლიკაციები და ინფორმაცია ძირითადად ფსევდონიმებით იბეჭდებოდა, დამოუკიდებლობის აქტის ხელმოწერის შემდეგ კი ავტორები საგაზეთო წერილებს უკევ თავისი სახელით აქვეყნებდნენ. ციცი ჯინჯიხაძის დაკვირვებით, გაზეთებში იშვიათად იბეჭდებოდა ფრაგმენტები ქართველი კლასიკოსების პატრიოტული ნაწარმოებებიდან, უფრო ხშირად კი ქვეყნდებოდა იმ ახალგაზრდა პოეტების ლექსები, რომლებიც მხარს უჭერდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას.

"ნობათი"
"ნობათი"

ციცი ჯინჯიხაძის თქმით, ქუთაისში გამომავალი ოთხი გაზეთიდან - „ჩვენი ქვეყანა“, „სოციალ-დემოკრატები“, „ ნობათი“ და „რევოლუციონური ნობათი“ - ერთი პროპაგანდისტული იყო და რუსეთის ინტერესებს ემსახურებოდა.

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებამდე ქუთაისში განვითარებულ კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესებზე საუბრისას კინომცოდნე თამთა თურმანიძე ყურადღებას ამახვილებს წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებლის როლზე. სწორედ ამ სასწავლებლის კურსდამთავრებული სამი ქალი იყო პირველი დამფუძნებელი კრების წევრი. თამთა თურმანიძის თქმით, სასწავლებლის კურსდამთავრებული ქალები აქტიურად ჩაერთნენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, აყალიბებდნენ ფემინისტურ მოძრაობას და ზრუნავდნენ ქალთა უფლებებზე.

კინომცოდნე თამთა თურმანიძე ამბობს, რომ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნისა და არსებობის ხანა, დოკუმენტებისა და მასალების სიმწირის გამო, დღემდე არ არის ჯეროვნად შესწავლილი, წყაროების არარსებობა კი საბჭოთა მმართველობას, კომუნისტურ ხელისუფლებას უკავშირდება, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდა ისტორიული მეხსიერება წაეშალა.

XS
SM
MD
LG