Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულვარი ადამიანებისთვის და ადამიანებისგან დაუცველი ბაღი


ქუთაისის ბულვარი
ქუთაისის ბულვარი

ქუთაისის ცენტრში მდებარე ბულვარში წელიწადის ყველა დროს, მზიან ამინდში, ბევრი ადამიანი ისვენებს - როგორც ქალაქის მცხოვრებნი, ისე სტუმრები. ისტორიული წყაროების მიხედვით, ბაღის ტერიტორია 1820 წლამდე იყო იმერეთის მეფე სოლომონ პირველის ასულის, დარეჯანის, საკუთრება და იქ ხეხილი, ვაზი და ბოსტანიც კი იყო გაშენებული. დარეჯანმა ბაღი ადგილობრივ ხაზინას გადასცა და ის საზოგადოებრივ ადგილად გამოცხადდა. ბაღის გეგმაზომიერი განაშენიანება 1840 წლიდან დაიწყო.

ქუთაისის ბულვარი, ისევე როგორც თავდაპირველად, ამჟამადაც ოთხკუთხა ფორმისაა და მის განაპირას, მთელ სიგრძეზე, გაშენებულია ორი ხეივანი. ბაღს შუაგულში კვეთს კიდევ ორი ხეივანი. ქალაქის ცენტრალური ბაღი გასული საუკუნის დასაწყისში არა მარტო სასეირნო, არამედ საზოგადო მოღვაწეების თავშეყრის ადგილიც იყო და მას „ქუთაისის პარლამენტს“ უწოდებდნენ. ბაღის ტერიტორია შემოღობილი იყო წითლად შეღებილი ხის ღობით, რომელიც რკინის ღობით შეცვალეს, მოგვიანებით კი ისიც მოხსნეს. ცენტრალურ ბაღში მდებარეობდა საზაფხულო თეატრის შენობა, რომელიც ხანძარმა გაანადგურა. ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში ქუთაისის მთავარმა ბაღმა იერსახე არაერთხელ შეიცვალა და ის ახლა იმ სახით არსებობს, როგორც იყო რეკონსტრუირებული 80-იან წლებში. ბულვარში განთავსებულია აკაკი წერეთლის, ზაქარია ფალიაშვილის, დები იშხნელების ძეგლები და 9 აპრილის მემორიალი. ქუთაისელები, რომლებიც ბულვარს ხშირად სტუმრობენ, ამორტიზებული სკამების შეცვლას, მრავალწლოვანი ხეების მოვლას, შადრევნების გაწმენდასა და სასმელი წყლის შადრევნის მოწესრიგებას ითხოვენ:

„ძელსკამები დამტვრეულია და ხომ შეიძლება მიაქციონ ყურადღება, ზოგჯერ საშინელი ანტისანიტარია მათთან“;

„მიხედონ იმას, რაც არის ამ ბულვარში, ისე, რომ ადამიანებმა დაისვენონ და წყალი იყოს ნორმალურად“;

„ეს ხეები მრავალი წლისაა და ზოგიერთი ტოტი გამხმარი აქვთ და ცვივა. ვინმეს თავში რომ დაეცეს, დააზიანებს. აქ ტოტი რომ ჩამოვარდა, დიდი იყო. შადრევანიც დააზიანა და ფილებიც“;

„პირველ რიგში ძელსკამები უნდა გაკეთდეს და მოწესრიგდეს და სისუფთავეა საჭირო“;

„სასურველია, წყალი მოდიოდეს დასალევი“.

ქუთაისის ბულვარი
ქუთაისის ბულვარი

რესპონდენტების ნაწილი ამბობს, რომ ბაღის მოვლაში ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად აქტიურად უნდა ჩაერთონ მოქალაქეებიც, რომლებმაც ბულვარი არ უნდა დააბინძურონ და ინფრასტრუქტურა არ დააზიანონ:

„რაც ადგილობრივ ხელისუფლებას ევალება, მან მოაწესრიგოს და რაც ჩვენ, თვითონ მოქალაეებმა დავიცვათ. ვინც ამ ძელსკამებს ამტვრევს, კარგია? მივედი დასაჯდომად და ერთი ფიცარია დატოვებული. მოქალაქეებმა უნდა დავიცვათ წესრიგი. მზესუმზირას რომ მიირთმევენ, ნარჩენებს ძირს ყრიან და იქვე ზიან. ეს უწესრიგობაა“.

ქუთაისის მერიის არქიტექტურის, ურბანული განვითარებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ ზაზა ჩხიკვაძის ინფორმაციით, იგეგმება ქალაქის ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქცია, რომლის ფარგლებში განახლდება გრანიტის საფეხმავლო ბილიკები, შეიცვლება შადრევნების იერსახე, განახლდება მწვანე საფარი და დაემატება მცენარეები. ასევე, უნდა განახლდეს ბულვარში მოქმედი კაფეს მსუბუქი კონსტრუქცია:

„ვგეგმავთ ბაღის რეკონსტრუქციას მთლიანად. მოწესრიგდება მიწიქვეშა საინჟინრო ინფრასტრუქტურა. ვგეგმავთ აღვადგინოთ ძველი შადრევანი, რომელიც იყო დიდი ლარნაკის ორიგინალური ფორმის. გამოცხადებულია კონკურსი პროექტირებაზე და გამარჯვებულ კომპანიასთან თანამშრომლობით შევჯერდებით და გავამრავალფეროვნებთ პროექტს“.

ქუთაისის მერიის არქიტექტურის, ურბანული განვითარებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ ზაზა ჩხიკვაძის ინფორმაციით, ქალაქის მთავარი ბაღის რეკონსტრუქციის პროექტის სავარაუდო ღირებულება მილიონი ლარი იქნება და მის ფარგლებში შესაძლებელია აღდგეს ღობეც და დაიდგას ბაგრატის ტაძრის მაკეტი.

XS
SM
MD
LG