"ჯაფარას პოდკასტში" ხალხის რჩეული ფეხბურთელი წამყვანს თავის შეხედულებებს უზიარებს "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციების მონაწილეების ცემაზე.
"… ერთ კაცს რომ ათი კაცი ურტყამს, ძალიან დამთრგუნველია, მით უმეტეს, როცა ტელევიზორში უყურებ და ერთადერთი, რაც შეგიძლია შორიდან გააკეთო, მით უმეტეს ასეთი სტატუსი რომ გაქვს, სპორტსმენი ხარ, ამხელა შესაძლებლობა გაქვს... რაღაც გვერდში დგომა მაინც უნდა ანახო იმ ხალხს, რომელიც დაიჩაგრა. ვიღაცები ამბობდნენ, რომ პროვოკაციებს აწყობდნენო. რაც არ უნდა პროვოკაცია მოაწყოს ვინმემ, ათი კაცი ერთ კაცს არ უნდა ურტყამდეს და წაქცეულ ადამიანს კიდე წიხლებით არ უნდა ურტყამდე", - თქვა პოდკასტში ფეხბურთელმა.
რედაქციებმა ამ ფრაზების გარდა ყურდღება მიაქციეს ინტერვიუს კიდევ ერთ ფრაგმენტს, სადაც ბუდუ ზივზივაძე რუსეთზე ლაპარაკობს და ამბობს, რომ "რუსეთი არა მარტო ჩვენთვის, თითქმის ყველასთვის მტერი სახელმწიფოა".
სოციალურ ქსელებში ფეხბურთელის ფოტოებზე დატანილი ეს ფრაზები მომხმარებლებმა აიტაცეს, "ქარდებს" ათასობით გაზიარება და კომენტარი მოჰყვა.
"ეს ბიჭი საქართველოს სიამაყეა, ბრილიანტი შვილი ხარ, მაგარი კაცი ხარ, ბუდუ! კარგი ადამიანი!" - უკომენტარებდნენ ფეხბურთელს ფეისბუკის მომხმარებლები.
თუმცა სოციალურ ქსელებში "ქარდები" ისევე სწრაფად გაქრა, როგორ გაჩნდა. მათთან ერთად დაიკარგა კომენტარები და გაზიარებებიც.
მედიაგამოცემებმა ისინი მოულოდნელად ერთმანეთის მიყოლებით წაშალეს და აუდიტორიისთვის ერთმანეთის მსგავსი განმარტებები გაავრცელეს:
ბუდუ ზივზივაძის გამოსახულებიანი ფრაზები წაიშალა თავად ფეხბურთელის თხოვნით და ეს თხოვნა ეფუძნებოდა მოახლოებული ჩემპიონატის წინ დამატებითი ემოციებისა და აჟიოტაჟის თავიდან აცილების სურვილს.
ბუდუ ზივზივაძე ახლა ნაკრების წევრებთან ერთად ავსტრიაშია და ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური შეხვედრისთვის ემზადება. პირველი მატჩი 18 ივნისს დორტმუნდში, თურქეთის ნაკრებთან გაიმართება.
"ბუდუს თხოვნა იყო და მსჯელობის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ გაგვეთვალისწინებინა მისი თხოვნა. თუმცა ჩვენ ვცადეთ აგვეხსნა, რომ თუ მისი მიზანი ინტერნეტსივრციდან ციტატების გაქრობა იყო, ეს დღესდღეობით შეუძლებელი ამოცანაა და ამ მიზანს ვერ მიაღწევდა. ასევე, შევთავაზეთ, რომ, მაგალითად, კომენტარებს გავუთიშავდით პოსტებს. საბოლოოდ, შევუთანხმდით, რომ დაგვჭირდებოდა განმარტების გაკეთება ჩვენი აუდიტორიისთვის, რადგან დაიდო "ქარდები" და შემდეგ წაიშალა, გაჩნდებოდა კითხვები, რა მოხდა. ამაზე მივიღეთ თანხმობა და ჩვენც გავაკეთეთ განმარტება", - ამბობს ონლაინგამოცემა "პუბლიკის" დირექტორი ზურა ვარდიაშვილი.
გამოცემა "პუბლიკა" ერთ-ერთი იყო, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. იმავე განმარტებებით კონტენტი წაშალეს "ტაბულამ", "მთავარმა არხმა", "ფორმულამ", "TV პირველმა" და ბუდუ ზივზივაძის ეპიზოდიდან "სპორტის და პოლიტიკის" მონაკვეთი ამოჭრა თავად პოდკასტის წამყვანმა გიორგი ჯაფარიძემაც, რომელმაც ბუდუსთან ინტერვიუ რამდენიმე დღის წინ თბილისში ჩაწერა.
"არ მსურს ამხელა აჟიოტაჟის გამოწვევა თამაშების წინო და მარტო ბუდუს თხოვნა გავითვალისწინე, სხვა არავინ დამკონტაქტებია", - უთხრა გიორგი ჯაფარიძემ რადიო თავისუფლებას.
რედაქტორები და ჟურნალისტები ამბობენ, რომ "ქარდების" წაშლის თხოვნით, მათ ნაწილს ზივზივაძის ოჯახის წევრი, ნაწილს კი თავად ფეხბურთელი დაუკავშირდა.
"ინსტაგრამზე მოგვწერა, გვთხოვა ბუდუმ ძალიან. ბუდუს პატივისცემის გამო გადავწყვიტეთ მხოლოდ და მხოლოდ ["ქარდების" წაშლა]", - ამბობს "მთავარი არხის" ციფრული და ვებდეპარტამენტის ხელმძღვანელი კოტე ურუშაძე.
ბუდუ ზივზივაძის პოზიციებზე კონტენტი არ წაშალა "ნეტგაზეთმა". ონლაინგამოცემის მთავარი რედაქტორი განმარტავს, რომ მათ ფეხბურთელის და ესაუბრა.
"ჩვენ გვაქვს ჩვენი სარედაქციო სტანდარტი. ამ სტანდარტის მიხედვით, ეს არ იყო წასაშლელი. როცა [ფეხბურთელის დას] ვუთხარით, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი სარედაქციო წესები, რომლის მიხედვითაც ვიღებთ დადებით ან უარყოფით გადაწყვეტილებას, გვითხრა, რომ [ბუდუ თავად] დაგვიკავშირდებოდა [პოზიციის უკეთ ასახსნელად], მაგრამ არ დაგვკავშირებია", - გვითხრა "ნეტგაზეთის" მთავარმა რედაქტორმა ნესტან ცეცხლაძემ.
"ტაბულას" მთავარი რედაქტორი ლევან სუთიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება:
"WhatsApp-ზე დამიკავშირდა თავად ბუდუ ზივზივაძე და მთხოვა წაშლა, თხოვნის ფორმა ჰქონდა ამას. ჩვენ მას განვუმარტეთ, რომ საჯარო სივრციდან, მედიიდან პოპულარული პოსტის წაშლა მეტ ყურადღებას მიაპყრობდა ამ პოსტს. ასევე ავუხსენით, რომ წაშლა სიმბოლურია სოციალურ მედიაში, რომ მრავალ ადამიანს უკვე ჩამოტვირთული და ატვირთული ჰქონდა ეს "ქარდები", ამის მიუხედავად მან მოგვწერა ის, რაც მოგვწერა".
ასეც მოხდა. გამოცემების ვებგვერდებსა და მათ გვერდებზე სოციალურ ქსელებში "ქარდები" აღარ იძებნება, თუმცა ისინი ისევ არსებობს ფეისბუკზეც და ინსტაგრამზეც.
ტიკტოკზე - პოდკასტიდან ამოჭრილი ვიდეოფრაგმენტის ნახვაც შეიძლება. ბუდუს ფანები თუ ხელისუფლების ოპონენტები, რომლებმაც გამოსახულებების ჩამოტვირთვა მოასწრეს, ამ მასალას სოციალურ ქსელებში ისევ აზიარებენ.
ფეხბურთელის ფრაზებს კი ახალი სკანდალი მოჰყვა. ბუდუ ზივზივაძის "ქარდების" ინტერნეტიდან წაშლა ხელისუფლების ზეწოლის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებად შეაფასა საზოგადოების ნაწილმა.
ბუდუ ზივზივაძის და, ხატია ზივზივაძე ირწმუნება, რომ "ქარდების" წაშლა მხოლოდ და მხოლოდ მისი ძმის სურვილი იყო და, რომ ის ზეწოლის ქვეშ არ ყოფილა.
"არანაირი ზეწოლა, ეგ არც კი გაიფიქროთ. უბრალოდ მისი სურვილი იყო. ძალიან ცუდია, რომ ინტერპრეტაციებს აძლევენ ადამიანები. არ უნდოდა უბრალოდ ყველგან მისი [ქარდების] ფრიალი", - უთხრა თავისუფლებას ხატია ზივზივაძემ.
კითხვაზე, აიძულეს თუ არა ბუდუ ზივზივაძე, ჟურნალისტებისთვის გამოქვეყნებული მასალების წაშლა ეთხოვა, თბილისის მერმა კახა კალაძემ უპასუხა, რომ საკუთარ თავსა და ფეხბურთელებს არ აკადრებს, რომ პოლიტიკაში შემოიყვანოს და პოლიტიკური განცხადებები გააკეთებინოს.
"... ბუდუ ზივზივაძესთან მეგობრული და ძმაკაცური ურთიერთობა არ მაქვს, მაგრამ ნაკრებში არიან ფეხბურთელები, ვისთანაც უფრო ახლო და უფრო მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ბევრთან მითამაშია კიდეც, თანაგუნდელები ვიყავით და ვერ იტყვის ვერცერთი მათგანი, რომ მე ვინმესთვის რაიმე მეთხოვოს, ან პოლიტიკური მხარდაჭერა, ან ჩემ მიმართ მხარდამჭერი განცხადების გაკეთება, თუნდაც არჩევნების დროს, არ არსებობს ბუნებაში, პირველ რიგში, საკუთარ თავს არ ვაკადრებ და არც ბიჭებს არ ვაკადრებ იმას, რომ პოლიტიკაში შემოვიყვანო და პოლიტიკური განცხადებები გავაკეთებინო", - თქვა კალაძემ.
მაისის დასაწყისში, როცა ფეხბურთელებთან ერთად მორაგბეებმა და სხვა ცნობილმა სპორტსმენებმა, მათ შორის ბუდუ ზივზივაძემაც, გააკრიტიკეს მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევა და "აგენტების შესახებ კანონი", "ქართული ოცნების" ლიდერებმა სპორტსმენების მწვავე კრიტიკა დაიწყეს.
"ბიჭო, მართლა რა გაახურეთ საქმე! არ ვიცოდეთ მაინც, სად, ვინ და როგორ გაბულინგებთ! ზოგს ცოლის დაქალები და ზოგსაც ნაშები გაწერინებენ რაღაც სისულელეებს", - ფეისბუკზე დაწერა, მაგალითად, მმართველი პარტიის დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ.
"ამდენი ხანია თვალებს ვხუჭავთ და გიტარებთ! მხატვარმა ხატოს, სპორტსმენმა სპორტი აკეთოს და პოლიტიკოსმა პოლიტიკა!", - დაწერა მან.
შოთა ხაბარელმა კი ბუდუ ზივზივაძეს საჯაროდ მიმართა და უთხრა, რომ სანამ რამეს დაწერს, ან ცოტა დაფიქრდეს, ან თავის წინამორბედებს ჰკითხოს და აუხსნიან, სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა.
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბუდუ ზივზივაძე საქართველოს იმ ნაკრების წევრია, რომელმაც თბილისში საბერძნეთი პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა.
ფორუმი