Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრძოლა მთაწმინდისთვის - ერთი დეპუტატის გამარჯვებაზე მეტი 


თუკი “ქართული ოცნება“ მთაწმინდის ოლქში 19 მაისის არჩევნებს წააგებს, ეს იქნება თბილისში წაგების ტოლფასი და საგანგაშო სიგნალი 2020 წლის არჩევნებისთვის - ასეთია ანალიტიკოსების შეფასება. ისინი მოელიან ცხარე ბრძოლასა და ხელისუფლების მხრიდან ძალ-ღონის სრულ მობილიზაციას.

მთაწმინდაზე ერთმანეთს პარლამენტის დეპუტატობის 20 კანდიდატი დაუპირისპირდება. თუმცა ანალიტიკოსების აზრით, რეალური ბრძოლა - ვლადიმერ კახაძესა და შალვა შავგულიძეს შორის გაიმართება.

მთაწმინდა - სტრატეგიული სიმაღლე

„მთაწმინდაზე წაგება იქნება სიგნალი იმისა, რომ „ქართული ოცნება“ დედაქალაქს მთლიანად აგებს... ამას ვერ შეეგუება „ქართული ოცნება“... ეს არის ბრძოლა, რომლის შედეგიც ერთ სადეპუტატო მანდატზე უფრო მეტია“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.

მისი თქმით:

  • მთაწმინდა ქალაქის ცენტრალური უბანია - მისი წონა და გავლენა ბუნებრივად დიდია;
  • მთაწმინდის ოლქის შედეგები ბევრ რამეს იტყვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც.

„ქართული ოცნებისთვის“, რომლის მიმართაც შესუსტებულია ამომრჩევლის მხარდაჭერა, ძალიან მტკივნეული იქნება მარცხი ნებისმიერ რეგიონში და ნებისმიერ ოლქში, სადაც შუალედური არჩევნები ტარდება, - ფიქრობს ძაბირაძე.

თუმცა მაინც განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება არჩევნების შედეგებს მთაწმინდის ოლქსა და ზუგდიდში - რადგან ოპოზიციისა და მედიის მხრიდან წაგება შეფასდება როგორც გარდაუვალი მარცხი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

„ხელისუფლების წაგების შემთხვევაში, სიგნალი ძალიან მარტივია: იზრდება მოლოდინი იმისა, რომ ის ასევე წააგებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს“, - ამბობს პოლიტოლოგი გია ნოდია.

გარდა იმისა, რომ მთაწმინდის ოლქში გამარჯვება მთელი თბილისის განწყობის სიმბოლური გამოხატულება იქნება, ხელისუფლება რამდენიმე მოცემულობის წინაშე აღმოჩნდება:

  • საზოგადოებაში გაჩნდება აღქმა, რომ შესაძლებელია ამ ხელისუფლების დამარცხება არჩევნების გზით;
  • ეს იქნება სიგნალი, რომ მუშაობს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების გაერთიანების სტრატეგია.

მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი, რომლისთვის ბრძოლასაც 19 მაისს მთაწმინდის ოლქში 20 კანდიდატი გამართავს, სალომე ზურაბიშვილმა დათმო - საპრეზიდენტო მარათონში ჩაბმის გამო.

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე შეგვახსენებს, რომ თავად სალომე ზურაბიშვილსაც საკმაოდ გაუჭირდა მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის მანდატის მოპოვება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

მთაწმინდაზე მაშინ მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო და სწორედ მეორე ტურში დაამარცხა სალომე ზურაბიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ნიკოლოზ რურუა.

ნიკა ჩიტაძისთვის ცხადია, რომ „ქართული ოცნება“ მთაწმინდის ოლქში მოგებას „ჩაებღაუჭება“:

  • 2016-ში სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდა კენჭს და „ქართული ოცნება“ მაინც მაქსიმალურად ეხმარებოდა მას;
  • ვლადიმერ კახაძე „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული კანდიდატია და ყველაფერი გაკეთდება მის მხარდასაჭერად.

მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების მოგების მნიშვნელობაზე ანალიტიკოსებისთვის ის ფაქტიც მეტყველებს, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატის მთავარ კონკურენტს, ადვოკატ შალვა შავგულიძეს პირადად ბიძინა ივანიშვილი დაუპირისპირდა.

ბრძოლა მთაწმინდისთვის

მთაწმინდის #1 საარჩევნო ოლქში დეპუტატის მანდატისთვის ერთმანეთს 20 კანდიდატი დაუპირისპირდება. აქედან ექვსი საინიციატივო ჯგუფის მიერ არის დასახელებული, ხოლო დანარჩენებს პოლიტიკური ძალები უმაგრებენ ზურგს.

ანალიტიკოსებისთვის ცხადია, რომ ძირითადი ბრძოლა გაიმართება ორ კანდიდატს შორის - ესენი არიან:

  • „ქართული ოცნების“ კანდიდატი - ვლადიმერ კახაძე;
  • „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი - შალვა შავგულიძე.

ექიმი ვლადიმერ (ლადო) კახაძე 1998-2002 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. 2016 წელს მან მთაწმინდის ოლქში პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური ძალის „სახელმწიფო ხალხისთვის“ სახელით იყარა კენჭი.

2019 წელს კი ვლადიმერ კახაძემ „ქართულ ოცნება“ ოჯახად მოიხსენია და თქვა, რომ შეთავაზება მიიღო „ოჯახისგან, რომელსაც ჰქვია ქართული ოცნება“.

მან პარტიის თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ დიდ სითბოსაც გაუსვა ხაზი 25 მარტს, „ქართული ოცნების“ ოფისში, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ.

„მართალი გითხრათ, პირადად ბატონ ბიძინას ასეთი სითბოთი არ ვიცნობდი, როგორიც დღეს გამოვლინდა და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენ იმ თაობის წარმომადგენლები ვართ, რომელსაც ჯერ კიდევ მშობლების მიმართ პატივისცემა და წინაპრების მიმართ დიდი კდემა არ დაგვიკარგავს და განსაკუთრებული მზრუნველობა შვილების მიმართ და შვილიშვილების მიმართ“, - ეს ვლადიმერ კახაძის სიტყვებია.

საკუთარი პრაქტიკიდან ის ხშირად იხსენებს დამოკიდებულებას ექიმსა და პაციენტებს შორის და ამბობს, რომ კარგი შედეგისთვის - პაციენტმა ექიმის რჩევა უნდა გაითვალისწინოს.

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი, შალვა შავგულიძე დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა საარჩევნო ბლოკმა, რომელშიც „თავისუფალი დემოკრატები“ და „ევროპული საქართველო“ გაერთიანდნენ. წინასწარი განცხადებებით, შავგულიძეს მხარს უჭერს „ნაციონალური მოძრაობაც“.

შალვა შავგულიძეს საზოგადოება იცნობს, როგორც სანდრო გირგვლიანის საქმის ადვოკატს. ეს ფაქტი თავის დროზე „ქართული ოცნების“ ლიდერისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვისაც დასაფასებელი იყო და ამ ფაქტს მუდმივად ესმებოდა ხაზი - „ქართული ოცნების“ სახელით შალვა შავგულიძის წარდგენისას.

შემდეგ, შალვა შავგულიძე „ქართულ ოცნებას“ გაემიჯნა. ის მიზეზებსაც ასახელებს:

  • ბიძინა ივანიშვილი არ იძლეოდა შესაძლებლობას განხორციელებულიყო სასამართლოსა და პროკურატურის რეალური რეფორმები;
  • ბიძინა ივანიშვილმა კიდევ უფრო მეტი კონტროლის ქვეშ მოაქცია სამართალწარმოების მთელი სისტემა;
  • ხელისუფლების უსამართლობისგან სამართალს ადამიანები ვერც ახლა პოულობენ და ამის ნათელი დასტურია შვილმოკლული მამები ქუჩაში...

ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ხაზი გადაუსვა შალვა შავგულიძის მთელ ღვაწლს გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით და მასაც მუდმივად შეახსენებს, რომ გირგვლიანის მკვლელი რეჟიმის გვერდით დადგა.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა შალვა შავგულიძეს იმდროინდელ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარიგებაშიც დასდო ბრალი.

შალვა შავგულიძე - ძირითადი სამიზნე

9 აპრილს, როცა ტელეკომპანია „იმედს“ სტუმრობდა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ბევრი ილაპარაკა შალვა შავგულიძეზე.

ის ფიქრობს, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის ადვოკატი შალვა შავგულიძე მონაწილე იყო მანიპულაციებისა იმდროინდელ სასამართლოსთან და პროკურატურასთან ერთად - „ადრე მეგონა, რომ მას გამოეპარა და შეცდომა დაუშვა, როდესაც აპელაციაში არ დაწერა, დღეს ასე აღარ ვთვლი. ის იყო თამაშის მონაწილე... როგორც გინდათ, ისე გადათარგმნეთ...“

ბიძინა ივანიშვილი შალვა შავგულიძეზე
please wait

No media source currently available

0:00 0:04:37 0:00

„ის (შალვა შავგულიძე) რეალურად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გახდა. „ნაციონალური მოძრაობა“ მას მხარს უჭერს არჩევნებზე... „ევროპული საქართველოა“, მაგრამ ეს ერთია ჩემთვის ორივე...“ - თქვა ბიძინა ივანიშვილმა.

რადგანაც სწორედ შალვა შავგულიძისკენ მიმართა მთელი თავისი ყურადღება, უნდა ვივარაუდოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" კანდიდატის რეალურ, სერიოზულ კონკურენტად მთაწმინდის ოლქში სწორედ მას განიხილავს, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნიკა ჩიტაძე.

პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ შალვა შავგულიძისთვის მომგებიანი იყო ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შემდეგ ტელეკომპანია „იმედზე“ გამართული ორი დებატი, როცა შალვა შავგულიძეს, ერთ შემთხვევაში - ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, ხოლო მეორე შემთხვევაში - მოსამართლე ლევან მურუსიძე დაუპირისპირდნენ.

მას შემდეგაც და მანამდეც შალვა შავგულიძემ არაერთხელ განმარტა, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის შემთხვევაში წამგებიანი იქნებოდა სააპელაციო სასამართლოსთვის მიმართვა - „საქმე სტრასბურგში მოვიგეთ, ეს არის მთავარი“.

„ქართული ოცნება წელგამართულად თვლის თავს იმით, რომ მთავარი კონკურენტის, შალვა შავგულიძის სახელს იოლად აბამს „ნაციონალურ მოძრაობას“, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

  • „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს ეუბნება, რომ შალვა შავგულიძის სახით მოსვლას ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს;
  • „ქართულმა ოცნებამ“ აამოქმედა ისევ ის ლოზუნგი, რაც მუშაობდა საპრეზიდენტო არჩევნების დროს - არა "ნაციონალურ მოძრაობას".

ხანგრძლივ გეგმებზე გათვლილი საარჩევნო ბლოკის „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად შექმნას „თავისუფალი დემოკრატები“ მორალურად გამართულ სვლად მიიჩნევენ.

როგორც შალვა შავგულიძემ არაერთხელ განმარტა: ერთად უკეთესი შედეგი ექნება ბრძოლას სამართლიანი სასამართლოსთვის და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია პროდასავლური ძალების გაერთიანება საქართველოში რუსეთის ზეგავლენების წინააღმდეგ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG