Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა შავგულიძე: ბიძინა ივანიშვილი ბინძურ ცილისწამებას მიმართავს


პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი, სანდრო გირგვლიანის ადვოკატი შალვა შავგულიძე ბიძინა ივანიშვილს „ბინძურ ცილისწამებაში“ ადანაშაულებს. ის ფიქრობს, რომ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „პირისპირ“-ში საუბრისას ბიძინა ივანიშვილს მის წინააღმდეგ ორი შესაძლო მიზეზი ამოძრავებდა.

„ეტყობა ბატონ ივანიშვილს იმდენად სჭირდება მისგან კონტროლირებად მოსამართლეთა დადებითად წარმოჩენა საზოგადოების თვალში და მათი შენარჩუნება სასამართლოს სისტემაში, რომ ამისათვის სიცრუესა და ცილისწამებას არ ერიდება“, - განაცხადა ადვოკატმა შალვა შავგულიძემ.

საარჩევნო ბლოკის მიერ მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად დასახელებულმა შალვა შავგულიძემ ბიძინა ივანიშვილის მწვავე დაპირისპირების მეორე მიზეზი სწორედ შუალედურ არჩევნებს დაუკავშირა.

„როგორც ჩანს, ბატონი ივანიშვილი ძალიან შეაშფოთა „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ევროპული საქართველოს“ თავისუფალ ბლოკად გაერთიანებამ შუალედურ საპარლამენტო არჩევნები და აღარაფერს ერიდება ჩემი, როგორც ამ ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატის დისკრედიტაციისთვის. ვფიქრობ, რომ წარმატებული არ იქნება, ბატონო ბიძინა, თქვენი ეს მცდელობა“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა შალვა შავგულიძე რამდენჯერმე ახსენა. მან თქვა, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოში არ გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ამ ფაქტმა არჩევნის შესაძლებლობა მოუსპო იმხანად საკასაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძეს.

ამასთან, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მიანიშნა ვარაუდზეც, რომ ადვოკატ შალვა შავგულიძის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების არგასაჩივრება, შესაძლოა, გარკვეული გარიგების ნაწილი იყო.

გირგვლიანის საქმის ადვოკატმა, შალვა შავგულიძემ 10 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ არ აპირებდა ბიძინა ივანიშვილის „ბინძურ ცილისწამებაზე“ პასუხის გაცემას. თუმცა მაინც განმარტა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრება საფრთხის ქვეშ აყენებდა სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვის გარანტირებულ შესაძლებლობას, ხოლო მოსამართლე ლევან მურუსიძე ვალდებულიც კი იყო დაეკმაყოფილებინა საკასაციო საჩივრის მოთხოვნა, რაც საქმის ხელახალი გამოძიების საშუალებას იძლეოდა.

„მაშინდელი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, დაზარალებულს არ შეეძლო მოეთხოვა არც მსჯავრდებულის ქმედებისათვის უფრო მძიმე კვალიფიკაციის მინიჭება და არც საქმის გამოძიებაში დაბრუნება, დანაშაულში სხვა პირთა მხილების მიზნით. ანუ ჩვენ არ შეგვეძლო სააპელაციო სასამართლოს წინაშე დაგვეყენებინა ის მოთხოვნები, რომლებიც საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის და დაზარალებული მხარის ინტერესების დაცვის ინტერესებს შეესაბამებოდა.

ჩვენ შეგვეძლო მხოლოდ მსჯავრდებულებისთვის, მათი ქმედების არსებული კვალიფიკაციის ფარგლებში, ცოტა უფრო მძიმე სასჯელის დაკისრება მოგვეთხოვა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში არსებობდა საშიშროება, რომ თუ სასამართლო ჩვენს ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებდა, გირგვლიანის საქმის წარმოება სააპელაციო ინსტანციაში დასრულდებოდა და ჩვენ აღარ გვექნებოდა არც საკასაციო ინსტანციისათვის და არც ევროპული სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

ადვოკატის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ოჯახი არ გაასაჩივრებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს სააპელაციო ინსტანციაში, არსებობდა მოქმედების ორი შესაძლო ვარიანტი:

„პირველი - თუ სააპელაციო საჩივარს შეიტანდა ან პროკურორი, ან რომელიმე მსჯავრდებული, მაინც ჩვენ, როგორც ბრალდების მხარის წარმომადგენელი, სუბსიდიური ბრალმდებელი, სრულფასოვნად მივიღებდით მონაწილეობას საქმის სააპელაციო განხილვაში და გვექნებოდა შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო ინსტანციაში გაგვესაჩივრებინა. მოვლენები სწორედ ასე განვითარდა.

ხოლო იმ შემთხვევაში თუ არც პროკურორი და არც ერთი მსჯავრდებული, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს არ გაასაჩივრებდა სააპელაციო ინსტანციაში, საქმე ადგილობრივ სამართალწარმოებაში დასრულდებოდა, მაგრამ ჩვენ მაინც გვრჩებოდა შესაძლებლობა, რომ ევროპული კონვენციის 13-ე, მე-6 და მე-2 მუხლების დარღვევასთან დაკავშირებით მიგვემართა ევროპული სასამართლოსთვის.

შექმნილ ვითარებაში მიზანშეწონილად მივიჩნიეთ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არ გაგვესაჩივრებინა სააპელაციო ინსტანციაში, რათა გარანტირებულად შეგვენარჩუნებინა ევროპულ სასამართლოში მიმართვის შესაძლებლობა მაინც“, - განაცხადა შავგულიძემ.

სანდრო გირგვლიანის საქმის ადვოკატი ამბობს, რომ მისი მოქმედებების მართებულობა მოგვიანებით გაიზიარა და დაადასტურა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, რომელმაც საქმე არსებითად განიხილა და ადეკვატური გადაწყვეტილებაც მიიღო.

XS
SM
MD
LG