Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრძოლა ვენესუელისთვის: როგორ მოქმედებენ აშშ და რუსეთი


მასობრივი ანტისახელისუფლებო დემონსტრაციები ვენესუელის ქალაქებში დროებით ნელდება. აშშ-ისა და სხვა მრავალი ქვეყნის მიერ მხარდაჭერილი ხუან გუაიდო, რომელმაც თავი ქვეყნის დროებით ლიდერად გამოაცხადა, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ხელისუფლებიდან ჩამოშორებას აპირებს. ამასთან, ჩნდება ახალი მტკიცებულებები, თუ როგორ ცდილობენ მოსკოვი და ვაშინგტონი გავლენა მოახდინონ ვენესუელაში მიმდინარე პროცესებზე, რომელსაც, როგორც ჩანს, ორივე მხარე საკუთარი ინტერესების შეტაკების მორიგ ადგილად განიხილავს.

ვენესუელელი ოპოზიციონერები ახალ მასშტაბურ პროტესტებს მიმდინარე კვირის ბოლოს დააორგანიზებენ. ხუან გუაიდომ კვირას, 27 იანვარს, კიდევ ერთხელ მოუწოდა ვენესუელის შეიარაღებულ ძალებს ხალხის მხარეს გადავიდნენ და მადუროს ბრძანებები არ შეასრულონ.

ვენესუელის არმიის მეთაურები ჯერჯერობით მადუროს ერთგულნი რჩებიან. ამასთან, მაგალითად, ვენესუელის სამხედრო ატაშემ ვაშინგტონში, ხოსე ლუის სილვამ, 26 იანვარს განაცხადა, რომ პრეზიდენტად გუაიდოს აღიარებს.

მანამდე, პირდაპირი რადიო ეთერის დროს, მადურომ ხუან გუაიდოს მოლაპარაკებებზე პირადად შეხვედრა შესთავაზა, თუმცა გუაიდომ უარით უპასუხა: “დიქტატორული რეჟიმი, როდესაც ზეწოლა იზრდება, პირველად რეპრესიებს იყენებს, შემდეგ ყალბ დიალოგზე მიდის, ყალბ დიალოგზე კი არავინ წავა.

ხუან გუაიდომ ვრცელი ინტერვიუ მისცა ამერიკულ გაზეთს, The Washington Post-ს, რომელშიც ოპოზიციის ლიდერებსა და ვენესუელის ჩინოვნიკებსა და სამხედროებს შორის მიმდინარე “დელიკატურ” მოლაპარაკებებზე ისაუბრა. მისი თქმით, განიხილავენ ნიკოლას მადუროს ხელისუფლებიდან ჩამოშორების სხვადასხვა გზას. გუაიდოს თქმით, ოპოზიცია აპირებს კონტროლქვეშ აიღოს ვენესუელის უცხოური აქტივები, პირველ რიგში კი, Citgo - ვენესუელის სახელმწიფო ნავთობკომპანია PDVSA-ს შვილობილი კომპანია, რომელიც აშშ-შია განლაგებული.

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსფართხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი “სერიოზული საპასუხო ზომებით” დაემუქრა ვენესუელის სპეცსამსახურებს, თუ ისინი ხუან გუაიდოს ან ქვეყანაში მყოფ ამერიკელ

დიპლომატებს საფრთხეს შეუქმნიან. ბოლტონმა ტვიტერზე დაწერა ასევე, რომ, მისი მონაცემებით, მადუროს მომხრე შეიარაღებულ ძალებს მხარდაჭერას კუბა უცხადებს.

ამერიკულმა გამოცემა Wall Street Journal-მა და სააგენტო AP-მ გაარკვიეს, რომ ხუან გუაიდოს, სანამ ის საკუთარ თავს დროებით პრეზიდენტად გამოაცხადებდა, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა დაურეკა და ვაშინგტონის სრული მხარდაჭერა გამოუცხადა მადუროს ჩანაცვლების საქმეში. WSJ ამტკიცებს, რომ აქვს ინფორმაცია საიდუმლო გეგმის შესახებ, რომელიც მადუროს ხელისუფლებიდან ჩამოშორებას ითვალისწინებს და რომელიც აშშ-ის ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა და კონგრესის წევრებმა შეიმუშავეს. გამოცემის ცნობით, პროცესს სათავეში ედგნენ სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და ჯონ ბოლტონი, ვენესუელელ ოპოზიციასთან შეთანხმებით.

AP-ის ინფორმაციით, ხუან გუაიდო გასული დეკემბრის შუა რიცხვებში საიდუმლოდ იმყოფებოდა კოლუმბიაში, ბრაზილიასა და აშშ-ში, რათა ამ ქვეყნების მთავრობებთან ოპოზიციის აქციების სტრატეგია შეეთანხმებინა.

Wall Street Journal წერს, რომ დონალდ ტრამპის წარმომადგენლებმა მჭიდრო მოლაპარაკებები დაიწყეს ვენესუელელ ოპოზიციონერებთან ჯერ კიდევ შობა-ახალი წლის დღესასწაულებზე, თუმცა ეს გეგმა აქტიურ ფაზაში იანვრის შუა რიცხვებში შევიდა.

კიდევ ერთი ამერიკული მედია, Politico, ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ელიოტ აბრამსი საკმაოდ მოულოდნელად დაინიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ვენესუელის საკითხებში სპეცწარმომადგენლად. სწორედ აბრამსს ასახელებდნენ 2002 წელს ვენესუელის მაშინდელი პრეზიდენტის საწინააღმდეგო ჩაშლილი გადატრიალების ერთ-ერთ ორგანიზატორად.

ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა კვირას, 27 იანვარს, განაცხადა, რომ მოსკოვს ვენესუელაში ნიკოლას მადუროს დასაცავად 400 რუსი დაქირავებული არ გაუგზავნია, რასაც უფრო ადრე სააგენტო Reuters-ი ამტკიცებდა. ამასთან, Reuters-ი, საეჭვო წყაროებზე დაყრდნობით, წერდა, რომ საუბარია, სავარაუდოდ, კრემლთან დაკავშირებული მილიარდერის, ევგენი პრიგოჟინის, მიმდევრებზე, რომლებიც უკრაინის, სირიისა და აფრიკის რამდენიმე სახელმწიფოს კონფლიქტებში მონაწილეობენ.

Reuters-ის ცნობით, მებრძოლები თავდაპირველად ჩარტერული რეისით კუბაზე ჩავიდნენ და შემდეგ ვენესუელაში გაემგზავრნენ. Reuters-ის წყარო ხაზს უსვამს, რომ დაქირავებულები არა მოსკოვიდან, არამედ მესამე ქვეყნებიდან გაფრინდნენ.

ვენესუელა რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორად რჩება და მოსკოვი კარაკასის სუვერენიტეტის სადარაჯოზე დგომას განაგრძობსო, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა.

ხუან გუაიდო დროებით პრეზიდენტად უკვე აღიარა აშშ-მა, არგენტინამ, პარაგვაიმ, კოლუმბიამ, ბრაზილიამ, კანადამ, პერუმ, ჩილემ, ეკვადორმა, კოსტა-რიკამ, საქართველომ და ისრაელმა. ევროკავშირის ქვეყნებმა - გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და ესპანეთმა - განაცხადეს, რომ აღიარებენ გუაიდოს, თუ მადურო ახალ საპრეზიდენტო არჩევნებს არ დანიშნავს მომდევნო კვირების განმავლობაში.

რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, ირანი, კუბა, მექსიკა, ბოლივია, ურუგვაი და რიგი სხვა ქვეყნები პრეზიდენტად ისევ ნიკოლას მადუროს აღიარებენ.

ნიკოლას მადურო მეორე ვადით პრეზიდენტად 2018 წელს აირჩიეს, თუმცა დარღვევების გამო არჩევნების შედეგებს არც ოპოზიცია აღიარებს და არც ზოგიერთი დასავლური ქვეყანა.

სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი ვენესუელაში კატასტროფულ მასშტაბებს მიუახლოვდა: ინფლაცია, სხვადასხვა მონაცემებით, 1 300 000-დან 4 000 000-მდე პროცენტია, ფასები ყოველ ორკვირა-ნახევარში მინიმუმ ორჯერ იზრდება, მაღაზიებში ამოიწურა ფქვილის, პურის, საპნისა და სხვა ელემენტარული ნივთების მარაგი. მეზობელ ბრაზილიასა და კოლუმბიაში 3 მილიონამდე ადამიანი გაიქცა.

XS
SM
MD
LG