ქედაში ფეთქებადი ნივთიერების წესების დარღვევით გამოყენების ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალი წარედგინა. სამივე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა. გამოძიება მათ ედავება უკანონოდ და უსაფრთხოების წესების დარღვევით წარმოებული ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების გამო, რომელსაც შსს-ის ვერსიით, დაკავებულები შპს "სტრუიკ გრუპ ჯორჯიას" ქვეკონტრაქტორი შპს "ალბაირაქისა" და შპს "დინამიტი-ლ.დ."-სთვის ასრულებდნენ. რა დროსაც მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს ქედის რაიონის სოფელ ჭინკაძეებში, ძლიერი აფეთქების შედეგად გასროლილი ქვა თავის არეში მოხვდა 2012 წელს დაბადებულ გ.ო.-ს, რომელიც მიყენებული დაზიანების გამო ადგილზე გარდაიცვალა.
დაკავებულების ადვოკატი ვაჟა ხახუტაიშვილი აცხადებს, რომ: „დაკავებულები წარმოადგენენ დამკვეთის მხარეს, მუშები არიან, რომლებიც შავ სამუშაოს ასრულებენ, ისინი არ არიან პასუხისმგებელი პირები“
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში, ქვის კარიერზე მიმდინარე სამუშაოებს კი ადგილობრივი მცხოვრებლები აქტიურად აპროტესტებდნენ. როგორც ამბობდნენ, წიაღისეულის მოპოვების დროს შექმნილი ეკოლოგიური პრობლემების გამო. დოლოგანში მცხოვრებმა მოქალაქეებმა არაერთხელ მოითხოვეს უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლება.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტი გამოძიებას აგრძელებს და აცხადებენ, რომ მიმდინარეობს კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლების გამოკითხვა და შესაძლოა სხვა პირების ბრალეულობაც გამოიკვეთოს. აჭარის ეკონომიკის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ გამოძიების მიერ დასახელებულ კომპანიებს არ ჰქონდათ ნებართვა ბურღვა-აფეთქებით სამუშაოებზე.
„ჩვენ ნებართვა არ გაგვიცია და უკანონოდ წარმოებდა ფეთქებითი სამუშაოები არსებულ ლოკაციაზე. ჩვენ გვყავს შესაბამისი სტრუქტურა, რომელიც შეისწავლის რამდენად მიზანშეწონილია იქ აფეთქებითი სამუშაოების წარმოება, ალტერნატივა არის ბურღვითი სამუშაოების წარმოება; შეისწავლიან ნიადაგს, საინფორმაციო პაკეტს და სხვა ფაქტორებს, რომ დადგინდეს რამდენად შესაძლებელია კონკრეტულ ლოკაციაზე მსგავსი ტიპის საქმიანობის წარმოება“, - ამბობს ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი.
აფეთქების უფლება არა, თუმცა შპს "სტრუიკ გრუპ ჯორჯიას" ქედის მუნიციპალიტეტში დოლოგანის საბადოზე ქვის მოპოვების ნებართვა ჰქონდა. საწარმოს შემოწმების ვალდებულება კი, როგორც აჭარის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ უწყებას არ აქვს. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით კი, კომპანიას ყოველ ორ წელიწადში აქვს ვალდებულება ინსპექტირება წარმოებულ სამუშაოებზე თავად ჩაატაროს და ანგარიში სამინისტროს წარუდგინოს. თუმცა მსგავსი კვლევის შედეგები უწყებაში არ აქვთ, რადგან კარიერზე ქვის მომპოვებელი კომპანია ქედის მუნიციპალიტეტში გასული წლის აპრილიდან მუშაობს. სწორედ 2018 წლის 10 აპრილით დათარიღებული საქართველოს მთავრობის #753 დადგენილებით, შპს "სტრუიკ გრუპ ჯორჯიას" ლიცენზიის გარეშე მიენიჭა უფლება, განეხორციელებინა წიაღისეულის მოპოვების სამუშაოები ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების სოფლებში და მოპოვებული ქვა მიეტანა ბათუმის ზღვისპირა ზოლში მიმდინარე ნაპირგამაგრებით სამუშაოებზე. ეკოლოგი კახა გუჩმანიძის თქმით, საქართველოს მთავრობის ამ დადგენილებაში მითითებულია მხოლოდ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, რომ კომპანიამ გაითვალისწინოს მერიის მოთხოვნები. ქედის მუნიციპალიტეტის მერია კი მოხსენიებული არ არის:
ასეთი პროტესტები რაღაც საკითხებისადმი შემოდის, მაგრამ ჩვენ ვერ განვიხილავთ. მუნიციპალიტეტს კი ამ საბადოს საქმიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. იმიტომ რომ ეს არის სახელმწიფოს მიერ გაცემული ლიცენზია და ჩვენ არც კონტროლის და არც მონიტორინგის მექანიზმი არ გვაქვს...ლევან გორგილაძე
„განკარგულების მეორე ნაწილის დ პუნქტში ხაზგასმით წერია, რომ კომპანია ვალდებულია, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განსაზღვრული მოთხოვნები გაითვალისწინოს და დაემორჩილოს. თუმცა აქ ჩნდება კითხვა - რატომ წერია მხოლოდ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია და არ არის მითითებული ქედის მუნიციპალიტეტი. მე ვთვლი, რომ განკარგულებაში გაიპარა ეს მომენტი, დაავიწყდათ ან გამორჩათ, ან რაღაც იყო, რატომაც არ არის მითითებული ქედის მუნიციპალიტეტის მერია“, - ამბობს ეკოლოგი კახა გუჩმანიძე.
ქედის მუნიციპალიტეტის მერი ლევან გორგილაძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტს ქვის მომპოვებელი კომპანიის არც კონტროლის და არც მონიტორინგის უფლება არ ჰქონდა. დოლოგანში ქვის კარიერზე მიმდინარე სამუშაოების გამო მოქალაქეების პროტესტის ან უკმაყოფილების შესახებ კი ინფორმაციას არ ფლობს:
„შეიძლება იყო, შეიძლება არც იყო, ასე ზეპირად არ მახსოვს. იმიტომ რომ ასეთი პროტესტები რაღაც საკითხებისადმი შემოდის, მაგრამ ჩვენ ვერ განვიხილავთ. მუნიციპალიტეტს კი ამ საბადოს საქმიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. იმიტომ რომ ეს არის სახელმწიფოს მიერ გაცემული ლიცენზია და ჩვენ არც კონტროლის და არც მონიტორინგის მექანიზმი არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეხება ამ საქმიანობასთან არ გვქონია. ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებდით, მოსახლეობის მომართვის შემთხვევაში ჩვენ მიერ იქნებოდა პასუხი, რომ ჩვენ არ ვაკონტროლებთ აღნიშნულ სიტუაციას“, - განაცხადა ქედის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან გორგილაძემ.
მოსახლეობა აქციებს აწყობდა, გზას კეტავდა, რადგანაც უკმაყოფილებას გამოხატავდა ამ სამუშაოების გამო, ჩამოდიოდა ინერტული მასალა და ნადგურდებოდა ხეობა, სოფელი და ბუნება. ხალხის უკმაყოფილება კი ჩაახშვეს რამდენჯერმე პოლიციის ძალის გამოყენებით. ვინც ხელმძღვანელობდა ამ გამოსვლებს და აქტიურობდა ყველა დააშინეს...სანიბეგ საფარიძე
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში, ქვის კარიერზე მიმდინარე სამუშაოებს კი ადგილობრივი მცხოვრებლები აქტიურად აპროტესტებდნენ. როგორც ამბობდნენ, წიაღისეულის მოპოვების დროს შექმნილი ეკოლოგიური პრობლემების გამო. დოლოგანში მცხოვრებმა მოქალაქეებმა არაერთხელ მოითხოვეს უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლება. მათ შორის იყო სანიბეგ საფარიძე, რომელიც ამბობს, რომ საპროტესტო გამოსვლები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ჩართულობით, ძალის გამოყენებითა და დაშინებით რამდენჯერმე დაშალეს:
„მოსახლეობამ ჩაკეტა ხეობა, მაშინ გამგებელი იყო დათო დუმბაძე, იგი დაემუქრა მოსახლეობას, პოლიციით ავიდა და დაშალა. მოსახლეობა აქციებს აწყობდა, გზას კეტავდა, რადგანაც უკმაყოფილებას გამოხატავდა ამ სამუშაოების გამო, ჩამოდიოდა ინერტული მასალა და ნადგურდებოდა ხეობა, სოფელი და ბუნება. ხალხის უკმაყოფილება კი ჩაახშვეს რამდენჯერმე პოლიციის ძალის გამოყენებით. ვინც ხელმძღვანელობდა ამ გამოსვლებს და აქტიურობდა ყველა დააშინეს“.
სანიბეგ საფარიძე ამბობს, რომ დოლოგანის ქვის საბადოს გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობა დაცულად არ გრძნობდნენ თავს და სწორედ ამის გამო გამოხატავდა პროტესტს. 31 ოქტომბერს აფეთქებამდე კი ადგილობრივი მცხოვრებლები არავის გაუფრთხილებია, რასაც უბედური შემთხვევა მოჰყვა. ქედის მუნიციპალიტეტში ქვის კარიერზე 31 ოქტომბერს, მომხდარი აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვი დაიღუპა საცხოვრებელი სახლის ეზოში. რომელიც აფეთქების ადგილიდან დაახლოებით 100 მეტრი მანძილით იყო დაშორებული.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ფეთქებადი ნივთიერების წესების დარღვევით გამოყენებას გულისხმობს.