Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბიჭები ცოცხლად დაიწვნენ!!!" - მოსკოვი ადასტურებს სამხედროების დაღუპვას სირიაში


რუსი ჯარისკაცები სირიაში, 2016 წელი
რუსი ჯარისკაცები სირიაში, 2016 წელი

27 მაისს რუსეთის სამხედრო უწყებამ დაადასტურა ოთხი რუსი ჯარისკაცის დაღუპვა სირიის დეირ ეზ-ზორის პროვინციაში. შემთხვევა გასულ კვირაში მოხდა. რუსი სამხედრო მრჩევლები, რომლებიც სირიის არმიის საარტილერიო ბატარეის საცეცხლე მართვას ახორციელებდნენ, ოფიციალური ინფორმაციით, „ტერორისტების“ მობილური, ინტენსიური თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ. ორი სამხედრო ადგილზე დაიღუპა, ხუთიდან ორი მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობაში არ იყო ნათქვამი, თუ ზუსტად როდის მოხდა თავდასხმა, თუმცა რამდენიმე დამოუკიდებელმა მედიასაშუალებამ უფრო ადრე შეიტყო, რომ ჯარისკაცების დაღუპვის შესახებ ცნობა რუსეთის სამხედრო უწყებამ მომხდარიდან მეოთხე დღეს გაასაჯაროვა.

სწორედ ეს თარიღი დაასახელა საიტმა "Читa.ру“-მ, რომელმაც 27 მაისს გაავრცელა ცნობა და გამოაქვეყნა აუდიომასალა სირიაში დაღუპული ჯარისკაცების ქალაქ ჩიტაში დაკრძალვის შესახებ.

მოგვიანებით თარიღი 23 მაისი დაადასტურეს სხვა წყაროებმაც - სახელდობრ, „ნოვაია გაზეტამ“ და „კომერსანტმა“.

რამდენიმე წყაროს ცნობით, ზემოხსენებული თავდასხმისას, სინამდვილეში, უფრო მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, ვიდრე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობაშია ნათქვამი.

ციფრ ექვსს ასახელებენ საგამოძიებო ჯგუფი Conflict Intelligence Team და „კომსომოლსკაია პრავდა“.

ხოლო საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“, ლონდონში მოქმედ „სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრზე“ დაყრდნობით, ზემოხსენებულ შეტაკებაში 9 რუსი და 26 სირიელი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შესახებ იუწყება.

ამ ციფრებს არ ადასტურებს რუსეთის სამხედრო უწყება, რომლის თანახმად, ინტენსიურ ბრძოლაში რუსმა და სირიელმა სამხედროებმა43 ექსტრემისტი გაანადგურეს იმავე ბრძოლაში.

ვინ ვის დაესხა თავს?

მიუხედავად კრემლის განცხადებისა, რომ სირია მთლიანად არის გაწმენდილი ექსტრემისტებისგან, სირიელი მეამბოხეები და ექსტრემისტული ორგანიზაციები გამაგრებული არიან სირიის ჩრდილო-დასავლეთსა და სამხრეთ-დასავლეთის ცალკეულ რაიონებში, ხოლო აშშ-ის დახმარებით მოქმედი ქურთების ალიანსი ჩრდილო-აღმოსავლეთის დიდ ნაწილს აკონტროლებს.

23 მაისის შეტაკებამ დეირ ეზ-ზორში დაადასტურა, რომ მეამბოხეების შეტევითი პოტენციალი კვლავაც ძლიერია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ცნობაში ნათქვამია, რომ „ტერორისტების რამდენიმე მობილური ჯგუფი ბნელი ღამით დაესხა თავს დეირ ეზ-ზორში განლაგებული სირიის სამთავრობო ჯარების საარტილერიო ბატარეას. სირიელმა სამხედროებმა და მათთან მყოფმა რუს მრჩეველთა ჯგუფმა ბრძოლა გაუმართეს თავდამსხმელებს. ბრძოლა ერთ საათს გრძელდებოდა. სამხედროებმა შეძლეს 43 ტერორისტისა და ტყვიამფრქვევებით აღჭურვილი ექვსი მაღალი გამავლობის ავტომობილის განადგურება“.

„კომერსანტი“ და „ნოვაია გაზეტა“ ფლობენ ინფორმაციას, რომ თავდასხმაში, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ „სირიის ზომიერი ოპოზიციის“ წარმომადგენლები. მათი რაზმები დეირ ეზ-ზორის პროვინციაში შესაძლოა ერთი თვის წინ გადაისროლეს საერთაშორისო კოალიციის ბაზა ეტ-ტანფედან. გამოცემების ვარაუდით, შესაძლოა ეს რაზმები მიეკუთვნებოდნენ „სირიის დემოკრატიულ ძალებს“, რომლის ბანაკზე თავდასხმას თებერვლის დასაწყისში შეეცადნენ რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მიერ დაქირავებული მებრძოლები.

ზემოხსენებულ საიტ "Чита.ру“-ს ინფორმაციით, რომელმაც დაღუპული ჯარისკაცების დაკრძალვის ადგილიდან გააკეთა რეპორტაჟი, ჯარისკაცთა ცხედრები რუსეთში დახურული კუბოებით ჩამოიტანეს და ნათესავებსაც არ მისცეს მათი გახსნის უფლება. კომენტარებში, რომელიც პორტალ „ანონიმ არმიაზე“ ("Аноним Армия") გამოქვეყნდა, ქალაქ გორნოს მცხოვრები ოქსანა მაკეევა წერს, რომ დაღუპულები „ცოცხლად დაიწვნენ“.

სწორედ ქალაქ გორნოში მდებარეობს მე-200 სამხედრო საარტილერიო ბრიგადა, რომელშიც ირიცხებოდა სირიაში დაღუპული 4 რუსი სამხედრო მოსამსახურე. ესენი არიან: 1995 წელს დაბადებული სერჟანტი იგორ მიხაილოვი, 32 წლის უფროსი ლეიტენანტი სერგეი ელინი, 22 წლის ვიაჩესლავ კრავჩენკო და 24 წლის დმიტრი ვერშერინი.

მას შემდეგ, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა სირიაში კიდევ ოთხი რუსი ჯარისკაცის დაღუპვა, სირიის სამოქალაქო ომში დაღუპული რუსი სამხედროების რიცხვი 51-მდე გაიზარდა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG