Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიბილოვმა ოპოზიციას მიტინგით უპასუხა


დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა მომხრეები 4 სექტემბრის საღამოს შეკრიბა და ოპოზიცია ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაში დაადანაშაულა.
დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა მომხრეები 4 სექტემბრის საღამოს შეკრიბა და ოპოზიცია ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაში დაადანაშაულა.

„ბიბილოვის მომხრეებმა თეატრალური მოედნის ნახევარიც ვერ შეავსეს. საბიუჯეტო ორგანიზაციების წარმომადგენლები კოლექტიურად მოდიოდნენ. ავტობუსებით მოიყვანეს ხალხი, მაგრამ იმდენი მაინც ვერ შეაგროვეს. აგვისტოს ბოლოს აღშფოთებული ხალხი, რომელიც ჯაბიევის მკვლელების დასჯას და ბიბილოვისა და ჯაგაევის გადადგომას მოითხოვდა, ბევრად მეტი იყო, მოედანი გადაჭედილი იყო, მაგრამ ბიბილოვმა მათ მოთხოვნას მიტინგითვე უპასუხა და ამბობდა, მე ხალხის არჩეული ვარო. სადაა მისი ხალხი? 600 კაცი? მან ლეგიტიმურობა დაკარგა და სკამს ებღაუჭება. ვიდრე ახალგაზრდა კაცის წამებისა და მკვლელობის შემსრულებლები და დამკვეთები არ დაისჯებიან, ჩვენს რესპუბლიკაში მშვიდობა არ იქნება. უკანონობის დროს მშვიდობა შეუძლებელია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ცხინვალელი წყარო, რომლის ვინაობას მისივე უსაფრთხოებისათვის არ ვასახელებთ.

დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა მომხრეები 4 სექტემბრის საღამოს შეკრიბა და ოპოზიცია ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაში დაადანაშაულა, ოპოზიციამ კი ბიბილოვის მიტინგის დაწყებამდე სოციალური ქსელით გაავრცელა განცხადება, რომ ხელისუფლება საბიუჯეტო ორგანიზაციების წარმომადგენლებს იძულებით კრებს, რათა მოსკოვს სახალხო მხარდაჭერა აჩვენოს. ოპოზიციამ საკუთარ მომხრეებს პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად ურჩია, რომ ბიბილოვის მიტინგზე არ მისულიყვნენ.

ანატოლი ბიბილოვის მიტინგზე გამოსვლას აქტიურად აშუქებდა ოსური მედია. დე ფაქტო პრეზიდენტი კი თავის გამოსვლაში უფრო მეტს პოლიტიკურ ოპონენტებზე ლაპარაკობდა, ვიდრე ინალ ჯაბიევის საქმის შესახებ.

„და გამოდის, რომ ოსეთში ადამიანის დასაფლავებიდან პოლიტიკის კეთებაა შესაძლებელი. როგორ და რისთვის აკეთებენ ამას? - იმისთვის, რომ ადამიანებმა ერთმანეთში კონფლიქტი დაიწყონ; იმისთვის, რომ ვიღაცა სავარძელში ჩაჯდეს. ნუთუ სავარძელი ამდენი ღირს? ადამიანს შეცდომები ახასიათებს, მაგრამ ყველამ აგოს პასუხი კანონის წინაშე და არა ულტიმატუმებით ესაუბროს პრეზიდენტს. მე ხალხმა ამირჩია და როცა ახალი პრეზიდენტის არჩევნების დრო მოვა, ჩვენ მას ავირჩევთ“,- განაცხადა ბიბილოვმა და ამით უარი უთხრა ოპოზიციასაც და იმ ხალხსაც, ვინც ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე რამდენიმე დღის განმავლობაში მის გადადგომას მოითხოვდა.

ბიბილოვის მხარდამჭერი მიტინგის დაწყებამდე სოციალურ ქსელ ფეისბუკში ოპოზიციური პარტია „ნიხასის“ წევრმა, დავით სანაკოევმა, განცხადება გაავრცელა და ამ მიტინგს უკანონობის მხარდამჭერი უწოდა:

„გასაგებია, რომ სამხრეთ ოსეთის არც ერთი მოქალაქე ასეთ სამარცხვინო ღონისძიებაში ნებაყოფლობით მონაწილეობას არ მიიღებს. ამიტომ იმ ხალხსაც კი ურეკავენ, რომლებსაც პრეზიდენტის ფონდის დახმარებით სახურავი შეუკეთეს. ანატოლი ბიბილოვმა და მთელმა ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ საერთოდ დაკარგეს ლეგიტიმაცია, ამიტომ მათი იძულებითი მიტინგი რესპუბლიკის მცხოვრებლებისთვის კი არ არის დანიშნული, არამედ ფიქრობენ, რომ მათი აუდიტორია რუსეთშია. ასე ცდილობენ ჩვენს რუს მეგობრებს აჩვენონ „მხარდაჭერის“ სურათი, რადგან პრეზიდენტმა და მთავრობამ საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა. მათ როგორც ჩვენს რესპუბლიკას, ისე რუსეთს რეპუტაციული ზარალი მიაყენეს“.

დე ფაქტო პრეზიდენტი კი თავის გამოსვლაში უფრო მეტს პოლიტიკურ ოპონენტებზე ლაპარაკობდა, ვიდრე ინალ ჯაბიევის საქმის შესახებ.
დე ფაქტო პრეზიდენტი კი თავის გამოსვლაში უფრო მეტს პოლიტიკურ ოპონენტებზე ლაპარაკობდა, ვიდრე ინალ ჯაბიევის საქმის შესახებ.

განცხადებები ოპოზიციური პარტიების სხვა წარმომადგენლებმაც გაავრცელეს.

„ბიბილოვს, ჯაგაევს და სხვებს არ ესმით იმ ათასობით ადამიანის, რომლებიც ქუჩაში დეპუტატებისთვის კი არა, სამართლიანობისთვის გამოვიდნენ. ხალხი დაიღალა უკანონობით და განუკითხაობით. ინალ ჯაბიევის მკვლელობამ კი ყველა შეძრა. ხალხი ნებისმიერ დროს შეიკრიბება და ამის გამო არავის უნდა დაემუქრონ და დააშანტაჟონ შერემონტებული სახურავებით. ჩვენ მივაღწევთ სამართლიანობას ინალ ჯაბიევისთვის“, - წერია დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2 სექტემბერს დე ფაქტო პარლამენტის უმრავლესობა ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა. 17-მა დეპუტატმა დე ფაქტო პრეზიდენტს მოსთხოვა დე ფაქტო გენერალური პროკურორის, ურუზმაგ ჯაგაევის, გადაყენება, ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი საპარლამენტო მუშაობის შეჩერებით დაიმუქრა. პასუხად ბიბილოვმა მათ შეუთვალა, რომ კანონით დადგენილ ათ დღეს იფიქრებს და პასუხს აცნობებს. გარდა ამისა, ბიბილოვმა დე ფაქტო პარლამენტის სპიკერს ინალ ჯაბიევის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა შესთავაზა, თუმცა დეპუტატები, პირველ რიგში, გენერალური პროკურორის გადადგომას ითხოვენ, რადგან ის დე ფაქტო რესპუბლიკაში კანონის აღსრულებაზე იყო პასუხისმგებელი.

„მივიჩნევთ, რომ ურუზმაგ ჯაგაევის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ყოფნა ხელს უშლის სრულყოფილი და მრავალმხრივი გამოძიების ჩატარებას ინალ ჯაბიევის სიკვდილის მიზეზების დასადგენად“, - ეს არის ამონარიდი დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატთა განცხადებიდან.

ცხინვალში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა. დე ფაქტო პრეზიდენტსა და დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატების ერთ ჯგუფს შორის ურთიერთობა სულ უფრო იძაბება. ე.წ. დეპუტატები ინალ ჯაბიევის მკვლელობის საქმეში დე ფაქტო შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, იგორ ნანიევის, პასუხისმგებლობასაც ხედავენ. დე ფაქტო სამართალდამცავებმა ჯაბიევის საქმეზე 7 მილიციელს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. 3 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ამოცნობის დროს კიდევ ერთმა დაზარალებულმა, ნიკოლაი ცხოვრებოვმა, რომელიც ინალ ჯაბიევთან ერთად დააკავეს და ისიც სასტიკად სცემეს, ხელი დაადო დე ფაქტო შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, იგორ ნანიევის, ახლო ნათესავს, აცამაზ ნანიევს, რომელიც ასევე დაკავებულია.

30 წლის ინალ ჯაბიევი 28 აგვისტოს გარდაიცვალა ცხინვალის დროებითი იზოლატორიდან საავადმყოფოში მიყვანამდე. ჯაბიევი ეჭვმიტანილი იყო დე ფაქტო შს-თა მინისტრ იგორ ნანიევის ავტომანქანაზე 17 აგვისტოს განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმაში. ინალ ჯაბიევის სიკვდილი, სავარაუდოდ, გამოიწვია მილიციელების მიერ მისმა წამებამ და ცემამ. ამ ინფორმაციას და სოციალური ქსელებით ფოტოების გავრცელებას ცხინვალში მასობრივი მღელვარება და საპროტესტო აქციები მოჰყვა.

დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი იძულებული გახდა ე.წ. მთავრობა დაეთხოვა. მიუხედავად ამისა, 28 აგვისტოს შემდეგ ცხინვალში არ წყდება საპროტესტო გამოსვლები თავად ბიბილოვისა და დე ფაქტო გენერალური პროკურორის, ჯაგაევის, გადადგომის მოთხოვნით. 31 აგვისტოს ინალ ჯაბიევის დაკრძალვის შემდეგ გამართული აქციის მონაწილეებმა დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეჭრაც სცადეს.

XS
SM
MD
LG