ამ შემოდგომაზე ქართული რაგბის ფანებს ნატვრა აუხდათ - საქართველოს ნაკრებს ევროპის „ექვს ერში“ გაერთიანებულ ქვეყნებთან ერთად ტურნირზე თამაშის შანსი მისცეს. ნოემბერ-დეკემბერში ბორჯღალოსნები კონტინენტის უძლიერეს ნაკრებებს „რვა ერის თასზე“ დაუპირისპირდებიან.
მეორე მხრივ, ქართულ რაგბის ასეთი ცუდი შემოდგომა არასოდეს ჰქონია. მრავალწლიანი, დაუსრულებელი შიდა დაპირისპირება, რომელიც აქამდე მიჩქმალული იყო, გარეთ გამოვიდა. ხალხს, რომელსაც ეგონა, ბევრი სხვა სპორტისგან განსხვავებით, რაგბიში ყველაფერი იდეალურად იყო, იმედები გაუცრუვდა.
16 სექტემბერს საქართველოს რაგბის კავშირში ერთი რიგითი შეკამათება გასროლით დასრულდა. ცეცხლსასროლი იარაღით ორჯერ ესროლეს და დაჭრეს საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრების კაპიტანი რამაზ ხარაზიშვილი. რამდენიმე საათში კი სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი დააკავეს - რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია, რომელსაც 19 სექტემბერს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.
საქმეში სამართალდამცავების სწრაფად ჩარევა რომ არა, "ოჯახს" შეეძლო ეს ამბავიც ისე მიეჩქმალა, როგორც ბევრი სხვა სიტყვიერი თუ ფიზიკური დაპირისპირება. თუმცა ახლა სხვა რეალობაა. პრობლემა ვეღარ, და როგორც ჩანს, აღარც იმალება. ამაზე მიუთითებს ოცდათერთმეტი სარაგბო კლუბის მიერ შექმნილი საინიციატივო ჯგუფის ბოლოდროინდელი აქტიურობები და მათი ოფიციალური განცხადება.
„რაგბი იყო და გარწმუნებთ, რომ მომავალშიც იქნება ის, რითაც თითოეული ჩვენი მოქალაქე იამაყებს. ჩვენ მომავალშიც ბევრ სიხარულს მოგიტანთ, ოღონდ მანამდე გვაქვს ერთი რამ გასაკეთებელი - ეს არის რაგბის თემიდან „კლანის" მოშორება“, - წერია საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში.
იმავე განცხადების თანახმად, აღნიშნული „კლანი“, უკვე თორმეტი წელია, რაც რაგბის კავშირში დამკვირდა. კლუბების წარმომადგენლებს პირდაპირ არ უხსენებიათ, მაგრამ მარტივი გამოსათვლელია, რომ „კლანის“ წევრებად ისინი რაგბის კავშირის ორ პრეზიდენტს მიიჩნევენ: გია ნიჟარაძეს, რომელიც რაგბის კავშირს 2006-2016 წლებში ედგა სათავეში, და გოჩა სვანიძეს (2016-2020). „კლანის“ ძირითად დანაშაულად კი საქმის არაპროფესიულად მართვას, რაგბის სამყაროს ორად გახლეჩას და ფინანსურ დარღვევებს ასახელებენ.
სწორედ ამ დარღვევებზე საუბრით დაიწყო რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კამპანია ვეტერანმა მორაგბემ, „ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტარმა ირაკლი აბუსერიძემ. 2020 წლის დასაწყისში აბუსერიძე უმთავრეს კონკურენტ გოჩა სვანიძეს კრიტიკული შეფასებებით დაუპირისპირდა.
საპრეზიდენტო არჩევნები 30 იანვარს უნდა გამართულიყო, მაგრამ რაგბის კავშირმა გაითვალისწინა ორი კანდიდატის - ირაკლი აბუსერიძისა და ბაჩო ხურციძის - თხოვნა, რომ საარჩევნო კამპანიისთვის დრო არ ჰყოფნიდათ, და საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა ოცდახუთი დღით გადადო.
მორაგბეებმა პრეზიდენტი ვერც 24 თებერვალს აირჩიეს - კვორუმი არ შეიკრიბა, ყრილობაზე ხმის უფლების მქონე დელეგატთა ორ მესამედზე ნაკლები მივიდა. დარბაზში შესული ორმოცდასამი დელეგატი გოჩა სვანიძის მხარდამჭერი იყო, მაგრამ მათ თავიანთი არჩევანის დაფიქსირება ვერ შეძლეს.
ირაკლი აბუსერიძემ მაშინ ჟურნალისტებს უთხრა, რომ არ იცოდა, რატომ არ მივიდა დელეგატთა ნაწილი არჩევნებზე. სინამდვილეში არჩევნების კიდევ ერთხელ გადადება მისი სტრატეგიის ნაწილი იყო, სვანიძემ კი მასმედიასთან თქვა, რომ რეგიონებში მყოფ დელეგატებზე პარლამენტარი კანდიდატის მხრიდან ზეწოლა ხდებოდა.
მეორე არჩევნებამდე ორი დღით ადრე, 22 თებერვალს, სოციალურ ქსელში გავრცელდა სახელმწიფო აუდიტის დასკვნა, რომელშიც საქართველოს რაგბის კავშირში დაფიქსირებულ ფინანსურ დარღვევებზე იყო საუბარი.
საინტერესოა, რომ რაგბის კავშირის საქმიანობის აუდიტი მის ოფიციალურ გამოქვეყნებამდე გავრცელდა ფეისბუქის გვერდზე, რომელიც პირველ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, 22 იანვარს იყო შექმნილი. ლოგიკურად გაჩნდა ეჭვი, რომ დოკუმენტის გასაჯაროება შეგნებულად დაამთხვიეს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებს და ეს სვლა გოჩა სვანიძის მიმართ პოლიტიკური აქტი იყო.
მეორედ გადადებულ საპრეზიდენტო არჩევნებს კორონავირუსის პანდემია მოჰყვა, შიდა ბრძოლები კი, რა თქმა უნდა, ვერც COVID-19-მა ჩააცხრო. 31 ივლისს მოულოდნელად გოჩა სვანიძემ გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება. მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც ახალი ოთხწლიანი ვადით გასაპრეზიდენტებლად ემზადებოდა, უეცრად ბრძოლას ჩამოშორდა. მორიგი მოულოდნელი ამბავი აღმოჩნდა კიდევ ერთი გადადგომა: 14 აგვისტოს თანამდებობა დატოვა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად რამდენიმე დღის წინ დანიშნულმა გიორგი გორგასლიძემ.
სვანიძისა და გორგასლიძის გადადგომის უმთავრეს მიზეზად მორაგბეებმა ქართულ რაგბიში არსებული კრიზისული მდგომარეობა დაასახელეს - კონკრეტულად, საკლუბო რაგბის ფინანსური პრობლემები. ეროვნული ჩემპიონატი „დიდი-10", წინასწარი გეგმით, ივლისის დასასრულს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ მასში მონაწილე კლუბების დაუფინანსებლობის გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო.
შიდა ჩემპიონატში მონაწილეობისთვის, როგორც წესი, კლუბები სახელმწიფოსგან, რაგბის კავშირის გავლით, გარკვეულ თანხას იღებენ ხოლმე, წლეულს კი თანხის ჩარიცხვა საეჭვოდ გაიწელა. გოჩა სვანიძემ და გიორგი გორგასლიძემ პრობლემის მოგვარება ვერ შეძლეს.
პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის გადადგომის პარალელურად, საქართველოს რაგბის კავშირში კლუბების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და პრესკონფერენცია გამართეს.
სარაგბო კლუბების საინიციატივო ჯგუფი - ასე დაერქვა გაერთიანებას, რომელმაც ჯერ კიდევ პრესკონფერენციამდე გაავრცელა სპეციალური განცხადება, რომ კლუბები, რაგბის კავშირის უმოქმედობის გამო, იძულებული არიან თავად იბრძოლონ ქართული რაგბის გადასარჩენად.
ფინანსური პრობლემა გორგასლიძის გადადგომიდან ორ დღეში მოგვარდა - მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შეხვდა საინიციატივო ჯგუფის წევრებს. ახალი კალენდარიც მალევე გამოქვეყნდა.
„დიდი-10-ის“ პრობლემის გადაჭრამ მორაგბეთა შიდა ომი ოდნავადაც ვერ ჩააცხრო. საინიციატივო ჯგუფი ისევ აქტიურად უპირისპირდება რაგბის კავშირის ხელმძღვანელობას, რომელიც სვანიძის მხარდამჭერ გუნდად მოიაზრება (პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ თორნიკე გოგებაშვილის გამოკლებით, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კადრია). ამ ორ დაპირისპირებულ მხარეს წარმოადგენენ სამართალდამცავების მიერ დაკავებული მერაბ ბესელია და მის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი რამაზ ხარაზიშვილი.
ქართული რაგბის შიდა სამზარეულოს ამბების საჯაროდ გამოლაგების და ერთმანეთის ლანძღვა-გინების რეალური მიზეზი კი სულ სხვა რამეა: რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც დეკემბერში უნდა გაიმართოს.