Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრიზისი ქართულ რაგბიში - არც ჩემპიონატი, არც პრეზიდენტი და... აღარც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი


საქართველოს რაგბის კავშირი პრეზიდენტის გარეშე აგრძელებს მუშაობას. ორიოდ კვირის წინ, თანამდებობა დატოვა გოჩა სვანიძემ, რომელიც კავშირს 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა და წინასწარი გეგმით, ახალი ოთხწლიანი ვადით დასარჩენადაც უნდა ეყარა კენჭი, მაგრამ მოულოდნელად, აბსოლუტურად განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო.

სვანიძის გადადგომის შემდეგ, რამდენიმე დღეში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი გორგასლიძე დაინიშნა. სწორედ მას უნდა მიეყვანა რაგბის კავშირი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც სავარაუდოდ დეკემბერში გაიმართება, მაგრამ... დღეს უკვე გორგასლიძის გადადგომის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

პრეზიდენტისა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის გადაწყვეტილებების უმთავრეს მიზეზად სახელდება ქართულ რაგბიში არსებული კრიზისული მდგომარეობა. კონკრეტულად კი, საკლუბო რაგბის ფინანსური პრობლემები. ეროვნული ჩემპიონატი „დიდი-10“ წინასწარი გეგმით, ივლისის დასასრულს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ მასში მონაწილე კლუბების დაუფინანსებლობის გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო.

შიდა ჩემპიონატში მონაწილეობისთვის, როგორც წესი, კლუბები სახელმწიფოსგან, რაგბის კავშირის გავლით გარკვეულ თანხას იღებენ ხოლმე. წლეულს კი, დაფინანსებაზე ჯერჯერობით არაფერი ისმის. გოჩა სვანიძემ და გიორგი გორგასლიძემ პრობლემის მოგვარება ვერ შეძლეს.

დღეს, გორგასლიძის გადაწყვეტილების გავრცელების პარალელურად, საქართველოს რაგბის კავშირში კლუბების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და პრესკონფერენცია გამართეს.

კლუბების საინიციატივო ჯგუფი - ასე ჰქვია გაერთიანებას, რომელმაც ჯერ კიდევ პრესკონფერენციამდე გაავრცელა სპეციალური განცხადება. ტექსტს 31 კლუბის წარმომადგენელი აწერს ხელს და მასში ნათქვამია, რომ კლუბები რაგბის კავშირის უმოქმედობის გამო, იძულებულები არიან, თავად იბრძოლონ ქართული რაგბის გადასარჩენად.

კლუბების საერთო განცხადების მიხედვით, პრობლემების შესახებ მათ რაგბის კავშირის ყოფილ პრეზიდენტს და მთავრობის წარმომადგენლებსაც მიმართეს. შედეგად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან მიიღეს ფინანსური დახმარების თაობაზე დაპირება. ასევე მიღებულ იქნა რეკომენდაცია, რომ შეიქმნებოდა ანტიკრზისული საბჭო, რომელსაც არჩევნებამდე კოლექტიურად უნდა ემართა რაგბის კავშირი, მაგრამ კლუბის წარმომადგენელთა განცხადებით, კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მხრიდან ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა.

„ქართული რაგბი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და ამ კრიზისის სამართავად აუცილებლად უნდა შეიქმნას ანტიკრიზისული საბჭო. ჩვენი მოთხოვნაა, ამ საბჭოში აუცილებლად შევიდნენ კლუბების წარმომადგენლებიც. უახლოეს მომავალში უნდა შევძლოთ და შევხვდეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, რათა პრობლემა რაც შეიძლება მალე მოგვარდეს. კრიზისის დაძლევა შეუძლებელია სახელმწიფოს მონაწილეობის გარეშე“ - უთხრა რადიო თავისუფლებას კლუბების საინიციატივო ჯგუფის წევრმა რამაზ ხარაზიშვილმა

  • 16x9 Image

    ოთარ მაღლაკელიძე

    სპორტული ჟურნალისტი. ბლოგერი. აშუქებს ქართული და უცხოური სპორტის ამბებს. არის ქართველ სპორტსმენთა შესახებ გამოცემული ოთხი წიგნის ავტორი; ნოდარ გუგუშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, სპორტულ ჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისთვის. 2012-2017 წლებში იყო „თავისუფლების დილის“ თანაწამყვანი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან.

XS
SM
MD
LG