Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა და სთხოვა სამოქალაქო პირთა დაცვა, მაგრამ „არა ცეცხლის შეწყვეტა“


ჯო ბაიდენი და ბენიამინ ნეთანიაჰუ
ჯო ბაიდენი და ბენიამინ ნეთანიაჰუ

შეერთბული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შაბათ საღამოს ტელეფონით ესაუბრა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს.

„როიტერსი“ თეთრ სახლზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბაიდენს ნეთანიაჰუსთან ჰქონდა ხანგრძლივი საუბარი, რომლის დროსაც განიხილეს ისრაელის სამხედრო ოპერაციების „მიზნები და მიმდინარეობა“, ასევე, სამოქალაქო პირთა სიცოცხლის დაცვის საჭიროება.

მათ ასევე ისაუბრეს „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლების აუცილებლობაზე.

პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის თანახმად, ნეთანიაჰუმ „ცხადად თქვა, რომ ისრაელი გააგრძელებს ბრძოლას, სანამ მისი ყველა მიზანი არ შესრულდება“.

ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას „არ უთხოვია ცეცხლის შეწყვეტა“ ნეთანიაჰუსთვის. პრემიერმა მადლობა გადაუხადა მას გაეროს უშიშროების საბჭოში დაკავებული პოზიციისთვის.

გაეროს უშიშროების საბჭომ 23 დეკემბერს მიიღო რეზოლუციის შერბილებული ვერსია, რომელშიც ღაზის სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დაუყოვნებლივი დახმარების აღმოჩენის დაჩქარებისკენ მოწოდებაა გამოთქმული, მაგრამ არ წერია თავდაპირველი მოწოდება აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულ ჰამასსა და ისრაელს შორის საომარი მოქმედების სასწრაფო შეწყვეტის შესახებ.

7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმას 1200-ზე მეტი ისრაელელი ემსხვერპლა, მათი დიდი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო. მძევლად აიყვანეს 240 ადამიანი.

ჰამასის მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის მხრიდან წარმოებულ საპასუხო ომს ღაზის სექტორში ემსხვერპლა 20 ათასამდე ადამიანი, ძირითადად ქალები და ბავშვები.

გაეროს საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავს ღაზის სექტორში საკვებთან დაკავშირებული უმძიმესი მდგომარეობის გამო.

საკვების უსაფრთხოების ფაზების დამდგენი ორგანიზაციის (IPC) მიერ მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ღაზაში 2 მილიონზე მეტ ადამიანს შიმშილი ემუქრება.

FAO აცხადებს, რომ სასურსათო უსაფრთხოების მისაღწევად აუცილებელია ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

XS
SM
MD
LG