არჩილ ჩიქოვანს ამ დრომდე არც მედიასთან შეხვედრის მზადყოფნა გამოუთქვამს და არც ბათუმელებს შეხვედრია, იმ მოქალაქეებსა და აქტივისტებს, რომლებიც უკანასკნელ წლებში ქალაქის წინაშე მდგარ ურბანულ პრობლემებს აქტიურად აპროტესტებენ და მოთხოვნები აქვთ.
ბათუმელი აქტივისტი, სტუდენტი დავით ხილაძე, ამბობს, რომ თუ მერის მოვალეობის შემსრულებელი მომავალშიც არ გამოთქვამს შეხვედრის სურვილს სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფთან, შეხვედრის ინიციატორები თავად იქნებიან. დავით ხილაძე ამბობს, რომ მათი მოთხოვნა, წინა მერების დროს თაროზე შემოდებული, სპეციალისტების მიერ შემუშავებული ქალაქგანვითარებითი დოკუმენტების მიღებაა. ასეთი კი რამდენიმეა: პროექტი „მწვანე ქალაქები“, რომელიც ბათუმში მდგრადი სატრანსპორტო სისტემის შექმნას გულისხმობს, ასევე ძველი ისტორიული ბათუმის ზონების დამტკიცებისთვის საჭირო საყრდენი გეგმა და სხვა.
„ბევრი მტკივნეული თემაა და უნდა მოგვისმინოს. ურბანული განვითარების პრობლემებია ბათუმში: ძველი ბათუმის მემკვიდრეობა საფრთხეშია და ზიანდება. ძველი ბათუმის მიღმა, ახალ და სხვა უბნებშიც ქაოსური განაშენიანება მიდის. მწვანე სივრცეების ათვისების ხარჯზე კორპუსებს აშენებენ და ისეთი ჩარევებია ქალაქში, რომ მოსახლეობის საცხოვრებელი გარემო გაუარესდა. ეს კი ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია და ამიტომ ვიბრძვით. ბათუმს აქვს იმის ფუფუნება, რომ აქვს ბევრი ქალაქგეგმარებითი დოკუმენტი. ახლა დროა, რომ ეს დოკუმენტები მერმა თაროებიდან ჩამოიღოს და აამოქმედოს“, - ამბობს ბათუმელი აქტივისტი დავით ხილაძე და იმასაც აღნიშნავს, რომ ბათუმს ეკოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად მწვანე სივრცეების შენარჩუნება და ეკოლოგიური ტრანსპორტის განვითარება სასწრაფოდ სჭირდება.
ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე მომუშავე საზოგადოება „ბათომის“ წევრი კი, ირმა ზოიძე, გვეუბნება, რომ მერის მოვალეობის შემსრულებელს, მართალია, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და აქტივისტებთან შეხვედრის სურვილი ჯერჯერობით არ გამოუთქვამს, მაგრამ არსებულ გამოწვევებს მას აუცილებლად შეახსენებენ.
„ქალაქს სასწრაფოდ სჭირდება რეგულაციები და წესები. მათ შორის უპირველესია ისტორიული ზონის დამტკიცება. ეს დოკუმენტი არსებობს, თუმცა, უკვე ორი წელია, მის რატიფიცირებას არ ახდენენ. ამის გამო დღესაც ძალიან დიდი პრობლემაა ბათუმის ისტორიულ უბნებში - გაიცემა სამშენებლო ნებართვები, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს ისტორიული ქალაქისთვის. იმისთვის რომ ქალაქი ჯანსაღად იმართებოდეს, ამას სჭირდება წესები, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს ყველა დაინტერესებულმა მხარემ. როცა ქალაქს ეს წესები არ აქვს, არ შეიძლება მას ჰქონდეს ამბიცია ქალაქის წოდების“, - ამბობს ირმა ზოიძე.
აქტივისტების მიერ დასახელებული ურბანული პრობლემების გადაჭრა ჯერ კიდევ წინა, არჩეული მერის, ლაშა კომახიძის დროს არაერთხელ მოუთხოვიათ ხმაურიანი საპროტესტო აქციებით, მაგრამ არჩეულმა მერმა არც ბათუმელთა ნაწილის მოთხოვნა დააკმაყოფილა და სულაც ისე წავიდა თანამდებობიდან, რომ მიზეზიც არ განმარტა.
ამ ფაქტს კი საშიშ ტენდენციად მიიჩნევს ბათუმის საკრებულოსთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი, თეონა დიასამიძე. მისი აზრით, ბათუმის მსგავსად მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩეული მერების თანამდებობიდან წასვლა თვითმმართველობის საქმიანობაში პირდაპირ ჩარევაზე მიანიშნებს, ხოლო თუ არჩეული მერი არ ითვალისწინებდა საზოგადოებრივ მოთხოვნებს, მით უფრო, დანიშნული მერი არ გაითვალისწინებს:
„არჩეული მერები საკუთარი ხელისუფლების წყაროდ არა ადგილობრივ მოქალაქეებს და საზოგადოებას, არამედ პარტიულ ლიდერებთან და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან თვლიან თავს ანგარიშვალდებულად. სამწუხაროდ, ეს პოლიტიკა გაგრძელდება. ფაქტია, რომ ჩვენ გვეყოლება არა არჩეული, არამედ მმართველი პარტიის მიერ დანიშნული პირი. წინამორბედი მერის წასვლა აჩენს ეჭვს, რომ დანიშნული მერი უფრო მეტად იქნება დამოკიდებული ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე და მათ სურვილებზე. პირიქით, ახლა უფრო მეტად იქნება დაშორებული თვითმმართველობა ადგილობრივ მოქალაქეებს“, - ამბობს თეონა დიასამიძე
2017 წელს არჩეული ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე, 16 ივლისს საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა თანამდებობიდან. იმავე დღეს ვიცე-მერად და, შესაბამისად, მერის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა არჩილ ჩიქოვანი, რომელიც მანამდე აჭარის მთავრობის აპარატის უფროსად მუშაობდა.
ჯერჯერობით მისი აქტიურობა მხოლოდ ბათუმის მერიის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე შეიმჩნევა, სადაც იგი მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოებს ათვალიერებს და აფასებს კიდეც. რადიო თავისუფლება ბათუმის მერის პრესსამსახურს დაუკავშირდა და მერის მოვალეობის შემსრულებელთან ინტერვიუს ჩაწერა ითხოვა. როგორც პრესსამსახურში განაცხადეს, არჩილ ჩიქოვანმა დრო ითხოვა და ინტერვიუსთვის მზადყოფნა მომდევნო კვირისთვის გამოთქვა.