Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალციხეში სომხეთის მხარდასაჭერად ფულის შეგროვებას იწყებენ


აშოტ კავალერიანი შეკრებილთა შორის. ეკლესიის ეზო.
აშოტ კავალერიანი შეკრებილთა შორის. ეკლესიის ეზო.

ახალციხეში სომხური სამოციქულო ეკლესიის ეზოში ადგილობრივებმა სომხეთის მხარდასაჭერად შეხვედრა გამართეს.

შეკრებილებმა სომხური არმიისთვის ფულით, პროდუქტით და ცოცხალი ძალით დახმარებაზე იმსჯელეს. დაახლოებით ასამდე ადამიანი შეთანხმდა, რომ შედგებოდა სია, სადაც შემოწირულება აღინუსხებოდა. დახმარების შეგროვებას თანამოაზრეები ხვალვე აპირებენ.

„მთიან ყარაბაღს ამჯერად ფინანსურად დავეხმარებით, რადგან როგორც გავარკვიეთ, მათ აქვთ სურსათი, ტანსაცმელი და მედიკამენტი. 30 სექტემბერს შეგროვებულ თანხას გადავრიცხავთ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ანგარიშზე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას შეკრების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და სამოციქულო ეკლესიის მღვდელმა თორგომ ვარდანიანმა.

თორგომ ვარადნიანი (მარცხნიდან პირველი და ედუარდ აივაზიანი (თეთრ პერანგში) ეკლესიის ეზოში.
თორგომ ვარადნიანი (მარცხნიდან პირველი და ედუარდ აივაზიანი (თეთრ პერანგში) ეკლესიის ეზოში.

გუშინ ახალქალაქის და ნინოწმინდის ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის ნაწილმა სომხური არმიის დასახმარებლად საქართველოდან ფულთან ერთად პროდუქტით დატვირთული 2 სატვირთო ავტომანქანა გააგზავნა.

დღეს კი ახალციხეში შეკრებილი მოხალისეები შეთანხმდნენ, რომ ხვალიდან ფულის შეგროვებას 2–3 ახალგაზრდა ითავებს, რომლებიც დახმარების სათხოვნელად კარდაკარ დაივლიან.

ახალციხეში მცხოვრებმა სომხურმა თემმა, რომელიც დღეს საჯაროდ ცდილობდა სომხეთში დახმარების გაგზავნას, მთიანი ყარაბაღის გამწვავებულ კონფლიქტში ოფიციალური თურქეთის პროაზერბაიჯანული პოზიციაც საჯაროდ გააკრიტიკა.

ეკლესიის ეზოში შეკრებილი მოხალისეები.
ეკლესიის ეზოში შეკრებილი მოხალისეები.

"ჩემი ერია, ჩემი მიწაა და ჩემი სამშობლოა. 80-მილიონიან თურქეთს უფლება არ აქვს 150-ათასიან ხალხს თავს დაესხას... საქართველოს ხელისუფლებას ვთხოვ, დაფიქრდნენ და გახსნან საზღვრები. ეს ჩვენი ომია“, - საჯაროდ განაცხადა შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ სტეფანე კანანიანმა.

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაკეტილი საზღვრების გახსნას ითხოვდა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია “მედია ანალიტიკური ცენტრის” ხელმძღვანელი ედუარდ აივაზიანიც.

"საქართველოს კანონმდებლობა საკვების გატანას არ კრძალავს, მაგრამ მედიკამენტების და საბურავების ნაწილში პრობლემა შეიქმნა. წესით, ქართულმა და სომხურმა სახელმწიფოებმა ეს საკითხი ერთად უნდა გადაჭრან. არამარტო ახალციხესა და ჯავახეთში, არამედ სომხეთს გარეთ მცხოვრებ სომხებში ბევრია მოხალისეობის მსურველი, მაგრამ ვფიქრობ, ამ ეტაპზე სომხური არმია კარგად ართმევს თავს შექმნილ სიტუაციას, რის გამოც ჯერ მხოლოდ ფინანსური დახმარებაა ჩვენგან საჭირო“, - თქვა მან შეკრებაზე.

მოსახლეობა შეკრებაზე მიდის, ახალციხე.
მოსახლეობა შეკრებაზე მიდის, ახალციხე.

29 სექტემბერს ახალციხის სომხური სამოციქულო ეკლესიის ეზოში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა კიდევ ერთი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალციხე ტრანსის” ხელმძღვანელი აშოტ კავალერიანი, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკზე გამოქვეყნებული განცხადებაც გააკრიტიკა.

"სამწუხაროდ ცეცხლზე ნავთს ასხამს ბევრი პოლიტიკოსი, მათ შორის საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მან განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს ეკუთვნის. ძალიან შეცდა. როგორც ჩანს, არ იცის ყარაბაღის ისტორია. ასეთ განცხადებებს, მით უმეტეს წინასაარჩევნოდ პოლიტიკოსები არ აკეთებენ“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

დღეს 29 სექტემბერს ახალციხეში გამართულ შეხვედრას წინ უძღოდა ნინოწმინდაში საქართველო-სომხეთის საბაჟოსთან გამართული საპროტესტო აქცია. ჯავახეთში მცხოვრებმა ეთნიკურად სომეხმა მოხალისეებმა სომხეთში წუხელ სურსათით დატვირთული 2 სატვირთო ავტომობილი გაგზავნეს. მედიკამენტებით დატვირთული ავტომობილები და საბურავებით სავსე ოთხი სატვირთო მანქანა პოლიციამ საზღვარზე არ გაატარა.

XS
SM
MD
LG