ახალგორის რაიონში ბოლო ერთი თვის განმავლობაში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები არაერთ მოქალაქეს ეგრეთ წოდებული საზღვრის დარღვევის ბრალდებით აკავებენ. უმრავლესობას ჯარიმას უწერენ და კორონავირუსის პრევენციის მიზნით კარანტინში გადაჰყავთ. როგორც ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი რადიო თავისუფლებას უყვება, საუბარია, დაახლოებით, ორ ათეულ ადამიანზე, რომლებიც არ დაელოდნენ „რაზდახანის“ გამშვები პუნქტის გახსნას, არც პანდემიის დასრულებას და შეგნებულად წავიდნენ ე.წ. საზღვრის დარღვევაზე, რომ როგორმე საკუთარ სახლში დაბრუნებულიყვნენ. ისინი კვეთენ ე.წ. საზღვარს, არც „მესაზღვრეებს“ ემალებიან, დაკავებისას უჩვენებენ დოკუმენტებს, რომლებიც მათ ვინაობას ადასტურებს, ამტკიცებს, რომ ნამდვილად ახალგორის მცხოვრებლები არიან და გადაადგილებისთვის შესაბამისი საშვიც აქვთ.
საქართველოს მოქალაქეები „მესაზღვრეებს“ უხსნიან, რომ, დიდი ხანია, სახლში დაბრუნება უნდათ, დაკავებულებს კი აჯარიმებენ, იქვე, საგუშაგოსთან, სასწრაფო დახმარების მანქანაში სხამენ და ორკვირიან კარანტინში გზავნიან, იქიდან კი ისინი დიდი ხნის უნახავ სახლებში ბრუნდებიან.
„ესენი არიან ის ახალგორელები, რომლებმაც საკუთარი სახლები გასული წლის აგვისტოში დატოვეს. ისინი მაშინ გავრცელებულმა ხმებმა შეაშინა იმის შესახებ, რომ გამშვები პუნქტი სამუდამოდ იკეტებოდა. არიან ისეთებიც, ვინც წეროვანში სინაგურის გავლით გავიდა მკურნალობისთვის და სხვა საჭიროებებისთვის. პენსიონრებისთვის ზამთარში რამდენიმე დღით გახსნეს გამშვები პუნქტი და ზოგი მაშინვე არ დაბრუნდა, შემდეგ პანდემიაც დაიწყო და წეროვანში ნათესავებთან ჩარჩნენ“.
თამარ მეარაყიშვილი ამბობს, რომ ამ ადამიანებს წეროვანშიც აქვთ სახლები, ჰყავთ იქ ნათესავები, მაგრამ სხვაგან ცხოვრება არ შეუძლიათ და მაინც ახალგორის სახლებში ბრუნდებიან, სადაც მთელი ცხოვრება გაატარეს. ახალგორშია მათი მშობლების საფლავები. გარდა ამისა, უკვე ხილის მოსავლის აღების დროცაა და ბაღ-ვენახს მოვლა-პატრონობა უნდა. მაგრამ ასეთ რისკზე წასვლა ყველას არ შეუძლია. თამარ მეარაყიშვილი ერთი გაყოფილი ოჯახის ისტორიას იხსენებს:
„ვიცნობ ერთ ახალგაზრდა ქალს, რომელიც გასული წლის აგვისტოში სამ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად წავიდა თბილისში მეოთხე შვილის გასაჩენად. შემდეგ საზღვარი ჩაიკეტა და მას შემდეგ ოთხი შვილით წეროვანში ნათესავებთან იმყოფება, ქმარი კი აქააა. თითქმის წელიწადია, ერთმანეთი არ უნახავთ. ბავშვებით მავთულხლართებზე ეს ქალი ვერ გადმოიპარება. აი, ასე დარჩა ეს ოჯახი ორად გაყოფილი. ახლა რაიონში ისევ დადის ხმები, რომ თითქოს იმ ადამიანების სიის შედგენას იწყებენ, ვისაც დაბრუნება უნდა. კარგი იქნებოდა, რომ ადამიანებმა საკუთარ სახლებში დაბრუნება შეძლონ“.
სამოქალაქო აქტივისტის დაკვირვებით, ბევრი არაა ისეთი ადამიანი, ვისაც ახალგორში დაბრუნების სურვილი აქვს, ამიტომ ამის ორგანიზება რთული არ იქნებოდა. სამართლიანიც იქნება, რომ არა მხოლოდ რუსეთიდან ცხინვალში დაბრუნების მსურველებს, არამედ ახალგორელებსაც ჰქონდეთ ეს უფლება.
ახალგორის ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტი გასული წლის 4 სექტემბრის შემდეგ ჩაკეტილია და გამონაკლისის სახით ის მხოლოდ რამდენჯერმე გაიხსნა. ერთხელ პენსიონერებს მისცეს საშუალება წეროვანში გადმოსულიყვნენ და 5 თვის დაგროვილი პენსია მიეღოთ, რამდენჯერმე კი გადასასვლელი გადაუდებელი ავადმყოფების ტრანსპორტირებისთვის გახსნეს. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს პერიოდულად მძიმე ავადმყოფები ისევ გამოჰყავს ხოლმე. დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის გზა ჩორჩანა-წნელისის კრიზისის გამო ჩაკეტა და ჩორჩანის ტყიდან ქართული პოლიციური საგუშაგოს გატანამდე ახალგორის გამშვები პუნქტის გახსნას არ აპირებს.
30 ივლისს ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების გარდა, ახალგორში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის საკითხსაც განიხილავენ.