Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის მთავრობა - „ბოტებისგან“ თავის დამცველი, თუ „ბოტებით“ თავდამსხმელი?


თორნიკე რიჟვაძის სოციალური ქსელის სკრინშოტი
თორნიკე რიჟვაძის სოციალური ქსელის სკრინშოტი

25 თებერვალს, ღამით, აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ოფიციალურ ფეისბუკ ჩათში, სადაც ჟურნალისტებს ინფორმაციას აწვდიან, შეტყობინება გაჩნდა. მთავრობის პრესსამსახურის თანამშრომელი, ნონა კვასტიანი, იუწყებოდა, რომ ტელეკომპანია „იმედზე“ გადაცემა „სვოტ-ანალიზში“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მიიღებდა მონაწილეობას. სატელევიზიო გადაცემის პირდაპირ ეთერს რიჟვაძის ოფიციალურ გვერდზეც გავაზიარებთო, წერდა და დახმარებას ითხოვდა: „თქვენი დახმარება საჭირო იქნება როგორც თავმჯდომარის, ასევე „იმედის“ გვერდზეც. შემოგვასევენ „ბოტებს“ და ორივეგან დაგვჭირდება ბრძოლა. ვთხოვოთ ჩვენებს“, - ეწერა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პრესსამსახურის თანამშრომლის გზავნილში, რომელიც ნონა კვასტიანმა მალევე წაშალა ჟურნალისტების ჩათიდან და განმარტა, რომ ეს ინფორმაცია არ იყო ჩვენთვის, ანუ ჟურნალისტებისთვის. რამდენიმე წუთში იმავე ჩათში განმარტება გააკეთა აჭარის მთავრობის პრესსამსახურის სხვა თანამშრომელმა, ნათია ტუღუშმა, და თქვა, რომ წინა გზავნილის ავტორს სიცხე აქვს, წევს და მესიჯიც მისი ფანტაზიის ნაყოფია და არა მთავრობის პრესსამსახურის მუშაობის სტილი.

ხდება თუ არა აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა და „ქართული ოცნების“ მომხრეთა ონლაინ მობილიზება

ჟურნალისტებმა მთავრობის პრესსამსახურის ჩათშივე გამოთქვეს ეჭვი იმის შესახებ, რომ შეცდომით გამოგზავნილ გზავნილში გამოჩნდა, თუ როგორ ახდენს მთავრობის პრესსამსახური მხარდამჭერი ე.წ. „ბოტებისა“ და „ტროლების“ მობილიზებას. ამის გასარკვევად გადაცემის მსვლელობას დავაკვირდით.

აღმოჩნდა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ოფიციალურ გვერდზე გადაცემას 200- მდე მაყურებელი ადევნებდა თვალს. დაიწერა ამდენივე, დიდწილად პოზიტიური, კომენტარი, რომლებიც ძირითადად საჯარო მოხელეებს ეკუთვნით. აქტიურობდნენ ხულოს, ხელვაჩაურისა და ბათუმის მუნიციპალიტეტების თანამშრომლები, ბათუმის მერიის საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები, ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წევრები. ლაივს იწონებდნენ და კომენტარებს ტოვებდნენ აჭარის სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების თანამშრომლებიც. პოზიტიური კომენტარების ავტორები იყვნენ აგრეთვე საჯარო მოხელეების ნათესავები, პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, რომელთა აქტიურობა ტელეკომპანია „იმედის“ ფეისბუკგვერდზეც შეიმჩნეოდა.

როგორ უპირისპირდებიან აჭარის ხელისუფლების მხარდამჭერები მოქალაქეებს და ჟურნალისტებს სოციალურ ქსელებში

საჯარო მოხელეებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა კომენტარები სოციალურ ქსელში ყოველთვის არაა პოზიტიური. თუ საქმე ეხება სამოქალაქო აქტივისტების ან მედიის გვერდებს, ისინიც და ყალბი გვერდების შემქმნელებიც, ერთად, ნეგატიური და ხშირად შეურაცხმყოფელი კომენტარების წერით გამოირჩეევიან. განსაკუთრებით ერჩიან კულტურული მემკვიდრეობის დამცველებსა და ჟურნალისტებს. ასეთი ონლაინ კამპანია იყო გაჩაღებული ბულვარისა და კაფე „ფანტაზიის“, ასევე „ბათუმის რივიერის“ დამცველების წინააღმდეგ. მკვლევარი და აქტივისტი შოთა გუჯაბიძე, რომელიც ამ გვერდების ადმინისტრატორია, ამბობს, რომ ყველაზე დიდი შემოტევა სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფშია, რომელსაც „ბათომი“ ჰქვია, და იგი ოცი ათასზე მეტ ადამინს აერთიანებს. ამ ჯგუფში ძირითადად მშენებლობებსა და ურბანულ საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებზე წერენ მოქალაქეები და პასუხს სთხოვენ გადაწყვეტილებების მიმღებ თანამდებობის პირებს.

თორნიკე რიჟვაძესთან ბოლო შეხვედრის შემდეგ - დაახლოებით, ერთი კვირის განმავლობაში - ზეინაბ დიასამიძეს წერდნენ მუქარის შემცველ წერილს. ჩემთან პირადი შეურაცხყოფის შინაარსის წერილი იყო მესინჯერში, პირად შეტყობინებაში.
ნინო ნაკაშიძე

„ღიზიანდებიან, როდესაც მათ „ლიდერზე“ ცუდი აზრი ყალიბდება და იქ მიდის უკვე ორგანიზებული შეტევა. აღმოჩნდა, რომ ძალიან აქტიურები არიან განსაკუთრებით ადამიანთა ჯგუფები, რომლებსაც შიდა ჯგუფი აქვთ და ერთმანეთს სწრაფად აგებინებენ, რომ აქ შემოდი და რაღაც დაწერე, ვაგინოთ და ა.შ. როცა ამ ადამიანების გვერდზე შეხვალ, აღმოჩნდება, რომ მერიის სამსახურის თანამშრომელია ან ხელისუფლების მხარდამჭერები არიან, რომლებიც ან რეალური ადამიანები არიან ან ე.წ. „ბოტები“. მაგრამ დიდი განსხვავება მათ შორის არ არის, იმიტომ რომ პოზიცია აქვთ ერთი და იგივე, ერთნაირი ლექსიკა აქვთ, ერთნაირად შეურაცხმყოფელ შინაარსს წერენ და, რაც მთავარია, კამათისას არანაირი ლოგიკა არ აქვთ. ბევრი შემთხვევაა, როცა ძველ ბათუმში რაღაცას ანგრევენ და იქ რაღაც საშინელებას აშენებენ, საზოგადოებას ამაზე მგრძნობელობა აქვს და ამაზე წერენ ჯგუფში, მათი შეურაცხმყოფელი კომენტარების წაშლას ვცდილობ, მაგრამ იმდენად ბევრია, რომ ყველას თვალსაც ვერ მიადევნებ“, - ამბობს შოთა გუჯაბიძე.

იყო შემთხვევები, როცა ძველი ბათუმის დამცველებს მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი შეტყობინებები პირადად გაუგზავნეს. ბათუმელი ნინო ნაკაშიძე, რომელიც ქაოსური მშენებლობების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი აქტიური ორგანიზატორია, ამბობს, რომ გასულ წელს მას და მის აქტივისტ მეგობარს, ზეინაბ დიასამიძეს, მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი შეტყობინებები მისწერეს სოციალურ ქსელში. მისივე თქმით, ეს მიმოწერა მას შემდეგ შეწყდა, რაც ბათუმელმა აქტივისტებმა იგი გაასაჯაროვეს:

„თორნიკე რიჟვაძესთან ბოლო შეხვედრის შემდეგ - დაახლოებით, ერთი კვირის განმავლობაში - ზეინაბ დიასამიძეს წერდნენ მუქარის შემცველ წერილს. ჩემთან პირადი შეურაცხყოფის შინაარსის წერილი იყო მესინჯერში, პირად შეტყობინებაში. ეს იყო ვიღაც ახალგაზრდა, მითითებული სახელითა და გვარით, და თითქოს იყო თბილისის მერიის თანამშრომელი. იგი იყო ჩვეულებრივი „ბოტი“, არარსებული პიროვნება. მაშინ ჯერ კიდევ საპროტესტო აქციაც არ გვქონდა, ჩვენ საბოლოოდ შევხვდით მთავრობის თავმჯდომარეს მოთხოვნებით და წამოვედით გაწბილებულები, რადგან ბატონმა თორნიკემ გვითხრა, რასაც ჩვენ ვაპროტესტებდით, „რივიერას“, აშენდება, იმიტომ რომ მას მოსწონს“, - ამბობს ბათუმელი ნინო ნაკაშიძე.

სოციალურ ქსელში ორგანიზებულ შეტევაზე აჭარის ტელევიზიის ვებსაიტის რედაქტორიც ლაპარაკობს. სოფო ჟღენტი ამბობს, რომ რეგიონალური საზოგადოებრივი მაუწყებლის ონლაინ სამსახური ინტერესდება და იკვლევს ფეისბუკში მოქალაქეების მიერ დატოვებულ კომენტარებს, ამით კი ადგენს საზოგადოებრივ აზრს. თუმცა აღმოაჩინა, რომ სოციალურ ქსელში აჭარის ტელევიზიის ოფიციალურ გვერდზე ყველაზე ხშირად საჯარო მოხელეები აქტიურობენ:

„ჩვენ გავტესტეთ და ვიცით, რომ, მაგალითად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეზე თუ გვაქვს რაიმე სახის ინფორმაცია, იქ აუცილებლად იქნება ძალიან დიდი აქტიურობა. აქტიურობენ ერთი და იგივე ადამიანები. ჩვენ სახელებსაც ვცნობთ და ხშირად ნიკებსაც ვცნობთ. ზუსტად ვიცით, რომ ეს არის ორგანიზებული, იმიტომ რომ პერიოდულად ვამოწმებთ ხოლმე. თუ რეალური ადამიანები არიან, მათ კედელზე აქვთ გამოქვეყნებული პარტიული აქტივობის ფოტოები. ან ისინი არიან კონკრეტული სახელმწიფო უწყების თანამშრომლები. ეს ჩაჯდებოდა მათ გამოხატვის თავისუფლებაში, რომ არა ერთი ხაზი მოქმედების: თუ არ მოეწონათ ინფორმაცია, გავრცელებული თორნიკე რიჟვაძეზე, ყველა იწყებს ერთი და იგივე შინაარსით წერას, რომ თქვენ ხართ „ნაცების“ ტელევიზია, თქვენ ხართ ჩასაფრებულები და არაობიექტურები“, - ამბობს სოფო ჟღენტი,

რა პასუხი აქვს აჭარის მთავრობის პრესსამსახურს

არის თუ არა ონლაინ შეტევა ორგანიზებული აჭარის მთავრობის პრესსამსახურის მიერ, რომელზეც ჩვენი რესპონდენტები ლაპარაკობენ და რის შესახებაც ეჭვი გაჩნდა სწორედ 25 თებერვალს, პრესსამსახურის მიერ შეცდომით გავრცელებული შეტყობუნების შემდეგ? დღეს აჭარის მთავრობაში ამაზე კომენტარს არ აკეთებენ, პრესსამსახურმა კი ჟურნალისტებს მხოლოდ წერილობით უპასუხა, რომ ხელისუფლების ნებისმიერი აქტივობის დროს პრესსამსახური ვალდებულია უზრუნველყოს მონიტორინგი ინფორმაციის სანდოობის მხრივ, მათ შორის სოციალურ მედიაში, შეცდომით გავრცელებულ შეტყობინებას კი, მთავრობის პრესსამსახურის აზრით, მიეცა არასწორი ინტერპრეტაცია. საუბარია არა ხელოვნურად ვინმეს მობილიზებაზე, არამედ ე.წ. „ბოტებისა“ და „ფეიქ-ნიუსებისგან“ მოსახლეობის დაცვაზეო, - ნათქვამია განცხადებაში.

XS
SM
MD
LG