ავტორი: ქართლოს შარაშენიძე (ამერიკის ხმა)
$4 348 400 000 (ოთხი მილიარდ სამასორმოცდარვა მილიონ ოთხასი ათასი) - ეს არის ფინანსური დახმარების ოდენობა, რომელიც საქართველომ აშშ-ისგან 28 წლის განმავლობაში მიიღო.
1992-დან 2020 წლის ჩათვლით, დახმარების სახით სხვადასხვა მიზნისთვის გამოყოფილი ფინანსების შესახებ, „კონგრესის კვლევითი სამსახურის“ ანგარიშშია საუბარი.
CRS-ის მონაცემებით, ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებს შორის, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო და სამხედრო დახმარების მიმღები წამყვანი ქვეყანაა.
1992-2000 წლებში აშშ-ის მთავრობამ საქართველოსთვის ჯამში $860 მილიონზე მეტი გამოყო. ეს წელიწადში, საშუალოდ, $96 მილიონია.
დეკადის ბოლო ნაწილში, შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ფინანსური დახმარება გაზარდა - საზღვრისა და საზღვაო დაცვის გაუმჯობესებისთვის; ამაში ასევე შევიდა სანაპირო დაცვის გაძლიერება და ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო თანხები.
2000-იან წლებში, ევროპასა და ევრაზიაში, ერთ სულ მოსახლზე, საქართველო შეერთებული შტატების დახმარების მიმღები ყველაზე მსხვილი ქვეყანა გახდა. 2001-2007 წლების განმავლობაში, დახმარების ჯამმა $ 945 მილიონს გადააჭარბა. წელიწადში, საშუალოდ, $135 მილიონი.
2005 წელს, „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ“ საქართველოს $295 მილიონი ღირებულების გრანტი გამოუყო. ხუთწლიანი გრანტი გზების, მილსადენების, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და აგრობიზნესის განვითარებისთვის იყო გამიზნული.
2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა, საქართველოსთვის სამხედრო მიზნებისთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარება მნიშვნელოვნად გაზარდა. პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ, საქართველო, იემენსა და ფილიპინებთან ერთად, ტერორიზმთან ბრძოლის მეორე ეტაპის ნაწილად განიხილა. ამის შემდეგ დაიწყო საქართველოში წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა.
2008 წელს, რუსეთის შეჭრის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა, საქართველოსადმი დახმარება არსებითად გაზარდა. ამერიკის მთავრობამ დაუყოვნებლივ გამოყო $38 მილიონი ჰუმანიტარული და გადაუდებელი დახმარების მიზნებისთვის.
2008 წლის სექტემბერში, მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა განცხადა, რომ საქართველოსთვის საერთო დახმარების პაკეტის ღირებულება მინიმუმ 1 მილიარდი დოლარი იყო.
ჯამში, 2008-2009 ფისკალური წლის განმავლობაში, შეერთებული შტატების დახმარებამ $1.4 მილიარდს მიაღწია. ამ თანხაში შევიდა $250 მილიონი პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება და $100 მილიონი, რომელიც „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ ფონდს დაემატა. ამით, „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ ხუთწლიანმა გრანტმა $395 მილიონს მიაღწია.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, საქართველო კვლავ რჩება შეერთებული შტატების დახმარების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მიმღებად. 2010-2017 საბიუჯეტო წლების განმავლობაში, არასამხედრო მიზნებისთვის, ფინანსური დახმარება წლიურად, საშუალოდ, $60 მილიონი იყო. გარდა ამისა, 2014-2019 წლებში, „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ“ საქართველოს 5-წლიანი გრანტი, $140 მილიონის ოდენობით გამოუყო. გრანტი ძირითადად, საგანმანათლებლო მიზნებისთვის იყო განკუთვნილი.
2018 წელს, საქართველომ ამერიკისგან, არასამხედრო მიზნებისთვის, $70.8 მილიონი მიიღო.
2019 წელს, ამერიკის კონგრესმა, არასამხედრო მიზნებისთვის, საქართველოს $89.8 მილიონი გამოუყო.
2020 ფისკალური წლისთვის, ასევე არასამხედრო მიზნებისთვის, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოსთვის $42.4 მილიონი მოითხოვა. წარმომადგენელთა პალატის და სენატის საფინანსო კომიტეტმა რეკომენდებულ თანხად $89.8 მილიონი, გაორმაგებული გახმარება განსაზღვრა.
„CRS”-ს ევროპის საქმეთა სპეციალისტის, კორი უელტის ანგარიშში - „საქართველო: ფონი და შეერთებული შტატების პოლიტიკა“, ორი ქვეყნის ურთიერთობების თითქმის ყველა ასპექტია მიმოხილული. ამასთან ერთად, მასში საუბარია საქართველოს უახლოესი წარსულის, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების, რუსული ოკუპაციისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობების შესახებ.