ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში უეს მიტჩელი დღეს საოკუპაციო გამყოფ ხაზთან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან ერთად ჩავიდა და ადგილზე გაეცნო ვითარებას. სოფელ ოძისიდან, საქართველოს პოლიციის ბოლო საგუშაგოდან, კარგად ჩანს ოკუპირებულ ახალგორში განთავსებული საოკუპაციო სამხედრო ბაზა. მიტჩელმა ეს ბაზა საკუთარი თვალით ნახა და რუსეთს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ საქართველოში ათი წლის წინანდელი ომი მსოფლიოს არ დავიწყებია:
უეს მიტჩელი მეორე დღეა საქართველოში იმყოფება. იგი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს. ამერიკელმა დიპლომატმა მონაწილეობა მიიღო ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმში.
„10 წლის წინ აქ ომი იყო და დღეს მე აქ ვიმყოფები, რათა რუსეთის მთავრობას შევახსენო, რომ მსოფლიოს ეს ომი არ დავიწყებია. ჩვენ გამყოფ ხაზს არ ვცნობთ სახელმწიფო საზღვრად. ჩვენ ძალიან გვაღელვებს გამყოფ ხაზთან და მის მიღმა მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების მდგომარეობა, ვგმობთ მათი დაკავების, წამებისა და მკვლელობის ფაქტებს და ოჯახებს სამძიმარს ვუცხადებთ. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გააუქმოს საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება და, ასევე, ხელი შეუწყოს რეგიონში ჰუმანიტარულ მიმოსვლას. აშშ მტკიცედ ერთგულია საქართველოს, როგორც პარტნიორის, უსაფრთხოებისადმი და აფასებს მთავრობის, პარლამენტისა და ხალხის ძალისხმევას, აჩვენოს ღრმა ერთგულება დემოკრატიული რეფორმებისადმი. ვაფასებთ საქართველოს ლიდერობას, როგორც წარმატებული დემოკრატიის მაგალითს კავკასიაში“.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ილაპარაკა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, როგორც საქართველოს ეკონომიკური, ისე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების თვალსაზრისით.
"ჩვენ დღეს ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს ოკუპაციის შედეგად აქვს; იმ გამოწვევებზე, რომელიც როგორც იძულებით გადაადგილებულ პირებს, ასევე, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ და თვითონ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ პირებს აქვთ; ასევე, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნისა და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების მნიშვნელობაზე. აუცილებელია ამ შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულება , რასაც რუსეთი არ აკეთებს იმისთვის, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესაძლებლობა გაჩნდეს. ასევე, ვისაუბრეთ საქართველოს მთავრობის შერიგების პოლიტიკაზე, იმ ინიციატივებზე, რომელიც ქმნის ახალ შესაძლებლობებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვის. ჩვენ გვინდა, რომ ამ რეგიონებში მცხოვრები თითოეული ადამიანი იყოს იმ განვითარების მონაწილე, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არის", - განაცხადა ჯანელიძემ.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, უეს მიტჩელს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ადგილზევე მოუწყვეს პატარა პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მცოცავ ოკუპაციას, საოკუპაციო ხაზს მიღმა რუსეთის საოკუპაციო სამხედრო ბაზების განთავსებასა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს ეხებოდა. სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ირაკლი ანთაძის, თქმით, ოძისში საინფორმაციო შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.
უეს მიტჩელი მეორე დღეა საქართველოში იმყოფება. იგი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს. ამერიკელმა დიპლომატმა მონაწილეობა მიიღო ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმში.