Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიხსნა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ორდღიანი ფორუმი


თბილისში გაიხსნა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი. მისი დღის წესრიგის საკითხებია საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევები, სახალხო დიპლომატიისა და სტრატეგიული კომუნიკაციის როლი გააქტიურებული ჰიბრიდული ომის პირობებში, პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდები და გამოწვევები და ტრადიციული და სოციალური მედიის მნიშვნელობა თანამედროვე სახალხო დიპლომატიაში. ფორუმში მონაწილეობენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სახალხო დიპლომატიისა და კომუნიკაციების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო სტრუქტურებისა და ნატოს შტაბ-ბინის წარმომადგენლები და ექსპერტები აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, ჩეხეთიდან, ფინეთიდან, შვედეთიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან. ფორუმის მომხსენებელთა შორის არიან ევროპაში ნატოს მოკავშირეთა უმაღლესი მთავარსარდლობის კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი მარკ ლაიტი, კარნეგის ცენტრის ევროპის პროგრამის დირექტორი ერიკ ბრატბერგი, კრემლის გავლენის ინდექსის ხელმძღვანელი და ჩეხეთის ევროპული ფასეულობების ანალიტიკური ცენტრის დირექტორი იაკუბ იანდა და ფინური სამაუწყებლო კომპანიის სოციალური მედია პროდუქტის საგამოძიებო რეპორტიორი ჯესიკა არო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი, რომელიც მესამედ იმართება, სახალხო დიპლომატიასა და კომუნიკაციაზე მსჯელობის მნიშვნელოვანი პლატფორმაა და მისი მიზანია სახალხო დიპლომატიის ექპერტთა ქსელის გაფართოების ხელშეწყობა, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება და ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად საერთო სტრატეგიისა და მიდგომების შემუშავება. ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი მუშაობას 1 მაისს დაასრულებს.

XS
SM
MD
LG