Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქ ტყუილად არ ჩამოვსულვართ - სოხუმი გალის რაიონს რუსი ტურისტებისთვის ამზადებს


გალის რაიონი, გალის წყალსაცავის ხედი სოფელ მახუნჯიიდან.
გალის რაიონი, გალის წყალსაცავის ხედი სოფელ მახუნჯიიდან.

აფხაზეთის ხელმძღვანელობა გალის რაიონის ტურისტული პოტენციალის გამოყენებას გეგმავს. გასულ კვირას, 30 წლის განმავლობაში პირველად, გალში აფხაზეთის ტურიზმის ე.წ. სამინისტროს წარმომადგენლები საქმიანი ვიზიტით ჩავიდნენ და ადგილობრივებს რუსი ტურისტების მოზიდვას დაჰპირდნენ.  

"ტურიზმის სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩვენმა სტუმრებმა ნახონ ჩვენი ქვეყნის სილამაზე. მათ შორის ნახონ გალის რაიონის არაჩვეულებრივი ბუნება, ადგილები და, რაც ყველაზე მთავარია, აქ ცხოვრობს არაჩვეულებრივი, ძალიან სტუმართმოყვარე ხალხი... აქ ტყუილად არ ჩამოვსულვართ, აქ ტურიზმის დიდი პერსპექტივაა... გალი ყველაზე დაუფასებელი რაიონია აფხაზეთში, ტურიზმის სფეროს ვგულისხმობ, გასაგები მიზეზების გამო. მაგრამ უახლოეს მომავალში ამას გამოვასწორებთ", - უთხრა ტურიზმის ე.წ. მინისტრმა თეიმურაზ ხიშბამ აფსნიპრესს 19 აპრილს.

სოხუმიდან ჩასულმა ჩინოვნიკებმა, რომლებსაც გალის რაიონის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებისას თან ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კონსტანტინე ფილია ახლდათ, გადაწყვიტეს, რით დაიწყებენ 2023 წლის საკურორტო სეზონისთვის მზადებას. პირველი ტურისტული ობიექტი გალის წყალსაცავი და ძველი სპორტული ბაზა "რეჩხი" უნდა გახდეს.

მარცხნივ გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კონსტანტინ ფილია და მარჯვნივ ტურიზმის ე.წ. მინისტრი თეიმურაზ ხიშბა.
მარცხნივ გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კონსტანტინ ფილია და მარჯვნივ ტურიზმის ე.წ. მინისტრი თეიმურაზ ხიშბა.

"ე.წ გალის ზღვაზე ვარჯიშობდნენ მსოფლიო ჩემპიონები კანოეზე. იმართებოდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატები. მჯერა, რომ სწორი ხელმძღვანელობით სპორტული ტურიზმის განახლება შესაძლებელია. აქ განსაკუთრებული ბუნებაა, წყალსაცავზე ყველაზე სუფთა წყალია, თევზით მდიდარი. ექსტრემალური დასვენებისა და თევზაობის მოყვარულთათვის ეს საინტერესო იქნება. ვეცდებით ამით დავიწყოთ", - თქვა ხიშბამ გალში.

გალის წყალსაცავი, რომელსაც ადგილობრივები "დაგუბებულს" ეძახიან, მდინარე ერისწყალზე 1969 წელს სოფელ რეჩხში აშენდა. ძირითადად, მდინარეების ერისწყლისა და ენგურის ჩამონადენით საზრდოობს. გალის წყალსაცავი, ჯვრის წყალსაცავთან ერთად ქმნის კასკადს, რომლის ძირითადი დანიშნულება ენგურისა და ერისწყლის ჩამონადენის დღეღამური რეგულირებაა.

გალის წყალსაცავი.
გალის წყალსაცავი.

გალის ე.წ. ზღვას 3 კუნძული აქვს, სანაპიროს ბუჩქნარი და ფოთლოვანი ტყე აკრავს. ადგილობრივთა ნაწილი იქ მართლაც თევზაობს, თუმცა საბანაოდ არ იყენებენ, რადგან წყალი სუფთა არ არის.

აფხაზეთის მთავრობის გეგმის მიხედვით, გალის ღირსშესანიშნაობებს შორის წყალსაცავი აფხაზეთის ტურისტულ მარშრუტებში პირველი შევა და ტურისტული სექტორის განვითარებას ბიძგს მისცემს.

"გალის რაიონი ძალიან საინტერესოა, ტურისტებისთვის ბევრი ლამაზი ადგილია. გვაქვს 19-კილომეტრიანი სანაპირო ზონა, ევკალიპტების ტყე, სადაც კემპინგის მოწყობა შეიძლება", - დაამატა რეგიონის ხელმძღანელმა კონსტანტინ ფილიამ.

გალის სოფელ მახუნჯიას მცხოვრები იხსენებს, რომ გალის რაიონში მართლაც იყო დასასვენებელი სივრცეები, რომლებიც ჩინოვნიკებს არ უხსენებიათ. სათანჯოს მთაზე, რომელიც მათ შორის გალის წყალსაცავს აკრავს, საბჭოთა დროს ბავშვებისა და დიდებისთვის დასასვენებელი ბანაკები ეწყობოდა.

"პიონერთა ბანაკი იყო, ბავშვები ისვენებდნენ. ხომ არსებობდა სოფლის სხვადასხვა მეურნეობა და ამ მეურნეობებს თავიანთი მუშების დასასვენებელი ბანაკები ჰქონდათ სათანჯოს მთაზე. მეურნეობა აორგანიზებდა ამ ყველაფერს", - იხსენებს მახუნჯიას მკვიდრი.

სოხუმელი მინისტრის მასპინძლობის შემდეგ გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კონსტანტინ ფილიამ შავი ზღვის სანაპიროზე სოფელ პრიმორსკში, ქართულად მეორე გუდავა, რუსი ტურისტებისთვის აზარტული თამაშების ზონის მოწყობის იდეაც გამოთქვა.

"პირველად ვახმოვანებ ჩვენთან კაზინოს გახსნის იდეას. ალბათ, გამაკრიტიკებენ, მაგრამ, რაც არ უნდა თქვას ვინმემ, ვფიქრობ, ეს აუცილებელია და მნიშვნელოვანი ტურისტული სფეროა", - თქვა ფილიამ და ხაზი გაუსვა იმას, რომ აზარტული თამაშების ზონა ხელმისაწვდომი უნდა იყოს მხოლოდ აფხაზეთის სტუმრებისთვის და არა ადგილობრივებისთვის.

ფილია მართლაც გააკრიტიკეს, საჯაროდაც და აფხაზურ სოციალურ ქსელებშიც.

"გალის რაიონის ხელმძღვანელის კონსტანტინე ფილიას იდეის მიმართ უარყოფითად ვარ განწყობილი. ეს ძალიან საშიშია ქვეყნისთვის, ჩვენი გაჭირვებული ხალხისთვის", - თქვა აფხაზმა პოლიტიკოსმა ნუგზარ აგრბამ რადიო თავისუფლების პროექტ "ეხო კავკაზასთან" საუბრისას. მას საეჭვოდ მიაჩნია ისიც, რომ აფხაზეთის პარლამენტმა კანონმდებლობა შეცვალოს. სათამაშო ბიზნესი აფხაზეთში 17 წლის წინ, 2006 წელს სერგეი ბაღაფშის მმართველობის პერიოდში აკრძალეს.

სოფელი პრიმორსკი გალის რაიონული ცენტრიდან 35 კილომეტრში მდებარეობს. საბჭოთა პერიოდში, ენგურის ჰიდროელექტოსადგურის მშენებლობიდან მოყოლებული ამ სოფელში მუშები ცხოვრობდნენ. 1992-1993 წლებში აფხაზეთში ომის შემდეგ სოფელი თითქმის დაიცალა, რამდენიმე ათეული ადამიანი თუ დარჩა.

ფილიამ თქვა, რომ არსებობს ინვესტორი, რომელიც მზად არის დააბანდოს ფული ინფრასტრუქტურის შექმნაშიც - გაიყვანოს გზა, განათება და წყალმომარაგება.

გალის მცხოვრებლები, რომლებსაც თავისუფლება ესაუბრა, გალის ტურისტულ პოტენციალს ხედავენ, თუმცა მისი განხორციელების პერსპექტივა აეჭვებთ.

"ტურისტების მოსაზიდად აქ საკმაო რესურსია ბუნება, ზღვა, მთა, მაგრამ ეს ტურისტებისთვის საინტერესო რომ გახდეს, დიდი ფულია საჭირო. ბევრი არა, მაგრამ ღარიბი რუსი ტურისტები ისედაც დადიან ხოლმე ნაცნობ-ნაცნობობით. თუ ვინმე დიდი სპონსორი არ გამოჩნდა, პერსპექტივას ვერ ვხედავ", - ამბობს გალის სოფელ ჭუბურხინჯის მკვიდრი.

მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური გზა მოწესრიგებულია, გალის რაიონში არ არსებობს სასტუმროები და განვითარებული ინფრასტრუქტურა.

ასე გამოიყურება დღეს გალის რკინიგზის სადგური, საიდანაც საერთაშორისო რეისები სრულდებოდა.
ასე გამოიყურება დღეს გალის რკინიგზის სადგური, საიდანაც საერთაშორისო რეისები სრულდებოდა.

ნაგავსაყრელად არის ქცეული სოფელი შაშიკვარა, რომელიც გალის რაიონული ცენტრიდან ორი კილომეტრითაა დაშორებული. ბოლო ოთხი წელია, რაც ყოველდღე სოხუმიდან საყოფაცხოვრებო ნაგავი გალის ამ სოფელში ჩამოაქვთ.

თბილისში, სადაც ასევე არ სჯერათ გალის ტურისტული პოტენციალის სწრაფად განვითარების, სხვა ტენდენციაზე მიუთითებენ. ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში შესამჩნევად გააქტიურდა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ახალი ინიციატივები, რომელიც უშუალოდ გალის რაიონს უკავშირდება.

"ჩანს, რომ ამ ბოლოს დროს გალის მიმართულებით გააქტიურდნენ: ვიზიტების რაოდენობამ მოიმატა, ვაჭრობა აკრძალულია [ოფიციალურად] და ახლა დაიწყეს ლაპარაკი, რომ ხომ არ დავუშვათ ვაჭრობა. აწი გამოჩნდება, რას შეიძლება ნიშნავდეს ეს", - ამბობს რონდელის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი შოთა უტიაშვილი.

კოვიდპანდემიის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, 2019 წელს აფხაზეთს მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია. აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ცნობით, მათი დაახლოებით 90% რუსეთის მოქალაქე იყო. ტურიზმი აფხაზეთისთვის საკუთარი შემოსავლების დიდ წილს შეადგენს. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ტურიზმით მიღებული შემოსავლები აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე დაიხარჯა, გალის რაიონის გარდა.

  • 16x9 Image

    ლანა კოკაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. ძირითადად, მუშაობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის, ადამიანის უფლებებისა და სოციალური საკითხების გაშუქებაზე.

XS
SM
MD
LG