Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზი, ოსი და ქართველი ჟურნალისტების შეხების წერტილები


მონტენეგროში, ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე, ქალაქ ულცინში, 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ქართველი, აფხაზი და ოსი ჟურნალისტების შეხვედრა-ტრენინგი.

გადმოწერა

ისინი კონფლიქტების გაშუქებისა და მშვიდობის ჟურნალისტიკის შესახებ მსჯელობდნენ. გერმანელი მედიატრენერი ულრიკე ბუტმოლოიუ მათ კონფლიქტების სენსიტიურ გაშუქებასა და ამ დროს ადამიანური ისტორიების მნიშვნელობაზე ესაუბრებოდა. ტრენინგის ფარგლებში ჟურნალისტებმა შერეულ სამუშაო ჯგუფებში იმუშავეს და მონტენეგროს ქალაქებში ერთობლივი ჟურნალისტური პროდუქცია შექმნეს. განსხვავებული პოლიტიკური პოზიციებისა და მოსაზრებების მიუხედავად, ჟურნალისტები თანხმდებიან, რომ ეთიკურ და მაღალპროფესიულ ჟურნალისტიკას საზოგადოებრივი განწყობების შეცვლა შეუძლია. თავიდან სოხუმელი და ცხინვალელი კოლეგები უფრო ჩაკეტილები იყვნენ, თითქოს კონტაქტსაც გაურბოდნენ. ზოგიერთი კოლეგა ფოტოს გადაღებაზეც უარს ამბობდა იმ მიზეზით, რომ საზოგადოების ნაწილმა სოხუმსა და ცხინვალში შესაძლოა ეს არასწორად აღიქვას და იარლიყები მიაწებოს. იმის გამო, რომ ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრა მათთვის შეიძლება მაკომპრომეტირებელი აღმოჩენილიყო, მათმა დიდმა ნაწილმა საერთოდ უარი თქვა რაიმე სახის კომუნიკაციაზე. თუმცა მომდევნო დღეებში ურთიერთობის ფორმები თანაშრომლობის ფარგლებში ასე თუ ისე შეიცვალა, ბარიერებს მიღმა მცხოვრები საზოგადოების მიერ აღქმის შიში მაინც ვერ დაიძლია.

შეგვიძლია დავიწყოთ თუნდაც ერთი თემით და გონივრულ გადაწყვეტამდე მივიყვანოთ. მაგალითად, განათლების სფერო. ქართველ კოლეგებთან ერთად სიამოვნებით და დიდხანს ვიმსჯელებდი როგორ მოხერხდეს რაც შეიძლება მეტი აფხაზის ჩართვა ევროპული განათლების მიღებაში და ეს შესაძლებლობა ხელოვნურად არ შეიზღუდოს.
კრისტიან ბჟანია

ერთადერთი სოხუმელი ჟურნალისტი, ვინც ინტერვიუზე დაგვთანხმა, კრისტიან ბჟანიაა. ბჟანია ვლადისლავ არძინბასა და სერგეი ბაღაფშის პრეზიდენტობის დროს ინფორმაციის სამთავრობო სამმართველოს ხელმძღვანელობდა წლების განმავლობაში. ამჟამად თავისუფალი ჟურნალისტია. მისი აზრით, ჟურნალისტებმა შეხების წერტილები, პირველ რიგში, ჰუმანიტარული საკითხების გაშუქებისას უნდა მოძებნონ, რადგან საზოგადოებისთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ბჟანიას თქმით, საქართველოს ჯანდაცვის პროგრამა აფხაზეთის მოქალაქეების მიმართ წარმატებულად მუშაობს, მაგრამ იმავეს თქმა შეუძლებელია განათლების მიმართულებით. აფხაზი ჟურნალისტის აზრით, საქართველომ არ უნდა შეაფერხოს აფხაზი ახალგაზრდების სურვილი განათლება ევროპაში მიიღონ, რადგან განათლებულ საზოგადოებას შეუძლია კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება, ნდობის აღდგენა, სამშვიდობო ინიციატივების განხორციელება, ხოლო გაუნათლებელი საზოგადოების მანიპულირება და მართვა სხვადასხვა პროპაგანდისტული ხრიკებით ადვილია. ბჟანიას თქმით, აფხაზურმა საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცის საქართველოს ხელისუფლების ახალი სამშვიდობო ინიციატივის შესახებ, რომელიც სოხუმელი და ცხინვალელი ახალგაზრდების ევროპული განათლების საკითხებს ეხება. ამჟამად აფხაზი ახალგაზრდები უმაღლეს განათლებას რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში იღებენ, მაგრამ იქ არსებული კორუფცია და სწავლის დაბალი ხარისხი ევროპული განათლების მიღების სურვილს სულ უფრო აძლიერებს.

„შეგვიძლია დავიწყოთ თუნდაც ერთი თემით და გონივრულ გადაწყვეტამდე მივიყვანოთ. მაგალითად, განათლების სფერო. ქართველ კოლეგებთან ერთად სიამოვნებით და დიდხანს ვიმსჯელებდი როგორ მოხერხდეს რაც შეიძლება მეტი აფხაზის ჩართვა ევროპული განათლების მიღებაში და ეს შესაძლებლობა ხელოვნურად არ შეიზღუდოს. სხვადასხვა მიზეზით ჯანდაცვის სფეროში გარკვეული წინსვლაა, რასაც ვერ ვიტყვით განათლებაზე. ვფიქრობ, რომ მშვიდობიანი მომავლისთვის ყველაზე დიდი საფრთხე და უბედურება გაუნათლებლობაა. გაუნათლებელ ადამიანებზე უარესი არაფერია. ეს უკვე ბრბოა და არა საზოგადოება, ისტორიიდან კი ვიცით, რომ ბრბო იოლად სამართავია. ამიტომ არ მინდა ჩემს საზოგდოებას ექცეოდნენ როგორც ბრბოს“, - ამბობს კრისტიან ბჟანია.

ქალაქი ულცინი
ქალაქი ულცინი

ზარინა სანაკოევა ცხინვალელი ჟურნალისტია. მისი აზრით, ჟურნალისტებმა, პირველ რიგში, კონტაქტები უნდა დაამყარონ და ერთმანეთში ინფორმაცია გაცვალონ. მისი თქმით, ვითარების დეესკალაცია სწორედ ზუსტი ინფორმაციის გავრცელებით არის შესაძლებელი და არა მითების შექმნით. ჩაკეტილ საზოგადოებაში კი მითების შექმნა ადვილია. სანაკოევას აზრით, ორივე მხარის პოზიციების დაფიქსირებით, როგორი მიუღებელიც უნდა იყოს მეორე მხარისთვის ეს პოზიცია, საზოგადოება მეტად ინფორმირებული გახდება. მთავარია მუდმივად იყოს კომუნიკაცია, რადგან კომუნიკაციის მოშლა კონფლიქტის ესკალაციის საფუძველი ხდება.

ზოგადად, აფხაზ და ოს ჟურნალისტებთან ყოველი ერთობლივი ვორქშოფის შემდეგ კიდევ ერთხელ ვრწმუნდები რამდენად ფრთხილი უნდა იყო კონფლიქტების გაშუქების დროს, რამდენად მტკივნეულად აღიქვამს, მაგალითად, ყველა მხარე დეტალებს და რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს თუნდაც ტერმინოლოგიას.
ნინო კახიშვილი

„ჟურნალისტისთვის ფასდაუდებელი შესაძლებლობაა ფლობდეს ყველანაირ ინფორმაციას, შეეძლოს მისი გადამოწმება, დადასტურება და თავისი წყაროები ჰყავდეს ქვეყანაში, სადაც ვერ ჩადის და მის საკუთარ ქვეყანას კონფლიქტი აქვს. თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ ჟურნალისტს, მაგალითად, სძულს საქართველო, როგორც პროფესიონალს, უნდა სურდეს ქართველების აზრის გაგება, ქართული ახალი ამბების მოსმენა, რათა შემდეგ თავის საქმიანობაში გამოიყენოს და იყოს იმაზე უკეთესი პროფესიონალი, ვიდრე დღეს არის“,- აცხადებს ზარინა სანაკოევა.

ნინო კახიშვილი „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტია. მისი გამოცემა სოხუმისა და ცხინვალის ამბებს ხშირად აშუქებს, მაგრამ, ნინოს აზრით, პირადი კონტაქტების დამყარება უფრო მნიშვნელოვანია. ნინო კრისტიან ბჟანიასთან ერთ გუნდში მოხვდა, გარკვეული სამუშაო ერთად ჩაატარეს და შეთანხმდნენ კიდეც, რომ მათი პროფესიული ურთიერთობა მონტენეგროს შემდეგაც გაგრძელდება. კახიშვილი მიიჩნევს, რომ კონფლიქტების გაშუქებისას ჟურნალისტს განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებს, განსაკუთრებით ტერმინოლოგიის შერჩევისას.

„მსგავსი შეხვედრები ყველას გვეხმარება, რომ უშუალოდ პირველწყაროებიდან მივიღოთ ესა თუ ის ინფორმაცია ან შემდგომში ერთმანეთთან გადავამოწმოთ, მაგალითად, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ამბები. ზოგადად, აფხაზ და ოს ჟურნალისტებთან ყოველი ერთობლივი ვორქშოფის შემდეგ კიდევ ერთხელ ვრწმუნდები რამდენად ფრთხილი უნდა იყო კონფლიქტების გაშუქების დროს, რამდენად მტკივნეულად აღიქვამს, მაგალითად, ყველა მხარე დეტალებს და რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს თუნდაც ტერმინოლოგიას“, - ამბობს ნინო კახიშვილი.

მონტენეგროში ჟურნალისტების შეხვედრის ორგანიზატორი „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი“ იყო. ცენტრის წარმომადგენელი ნათია გორგაძე ამბობს, რომ შეხვედრა მიზნად ისახავდა ჟურნალისტებისთვის ახალი ცოდნის მიცემას და მათ შორის კონტაქტების დამყარებას. მისი აზრით, ეს მიზანი მიღწეულია.

პროექტი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. მისიის მიზანია კავშირებისა და ურთიერთობების აღდგენით ხელი შეუწყოს ბარიერების სხვადასხვა მხარეს მყოფი ადამიანების ურთიერთნდობის აღდგენას.

XS
SM
MD
LG