Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„არ ღირს ოკუპაციის დემონიზება“ - რისთვის იბრძვის "ალტ-ინფო" 


​​​​​​​5-6 ივლისის ძალადობრივი აქციების აქტიური მონაწილე და ერთ-ერთი სავარაუდო ორგანიზატორი, ტელეკომპანია „ალტ-ინფო ღიად იწყებს მტკიცებას, რომ საქართველოს, რუსეთის ორბიტაზე დაბრუნების გარდა, სხვა არჩევანი აღარ რჩება. 

  • არის თუ არა ამ მცირე ჯგუფის რიტორიკა სახიფათო?
  • რა გავლენა აქვს "ალტ-ინფოს" მის მხარდამჭერებზე, ხელისუფლებაზე და თავად ვისი გავლენის ქვეშ არიან?

თუკი აქამდე "ალტერნატიული ინფორმაციის წყაროს" (როგორც ისინი უწოდებენ საკუთარ თავს) ძირითადი სამიზნე ლგბტქ+ თემის უფლებების დაცვის გამო საქართველოს "წაბილწვაში" დადანაშაულებული ევროკავშირისა და ამერიკის ელჩები იყვნენ, ბოლო დღეებში "ალტ-ინფოს" ჯგუფი ღიად საუბრობს კრემლის პოზიციების გაზიარების საჭიროებაზე.

„ალტ-ინფოს“ წამყვანები ცდილობენ იხუმრონ საზოგადოების ნაწილის ბრალდებაზე, რომ ისინი ვლადიმირ პუტინის მეხოტბისა და მხარდამჭერის, მათი ეთერის ხშირი სტუმრის, ანტილიბერალი, ანტიგლობალისტი, ულტრანაციონალისტი იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის სანატრელ გეგმებს ახმოვანებენ. ერთ-ერთმა ისიც თქვა - ჩემი სახლის ჩხრეკის შედეგად ჟურნალისტები დუგინისა და პუტინის „ამოღებას“ ელოდებოდნენო.

"ალტ-ინფოელებს" სახლები 16 ივლისს გაუჩხრიკეს, 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებზე პოლიციაში გამოკითხეს და შინ გაუშვეს. გამოძიება გრძელდება და მაუწყებლობას აგრძელებს "ალტერნატიული ინფორმაციის" წყაროც.

რა მესიჯები ისმის „ალტ-ინფოს“ ეთერიდან?

#1 - საქართველოს ხსნა რუსეთის ხელშია

საქართველოს არა აქვს არანაირი ევროპული მომავალი და ის ვერც ნატოში გაწევრიანდება; განსაკუთრებით ყარაბაღის ომის შემდეგ, საქართველო აღმოჩნდა ძალიან მარტივი არჩევნის წინაშე: ან ირჩევს თურქეთს და ისლამს ანდა ირჩევს ერთმორწმუნე რუსეთს და იწყებს დიალოგს მისი გეოპოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით.

  • „საქართველოს ბედი არის ბანალურობამდე მარტივი - ან ჩვენ ვიქნებით თურქეთის გავლენის ზონა და აქ მიდის ნეოოსმალური ასიმილაციის პროცესი; ან ვხდებით რუსეთის გავლენის ზონა“ - ზურაბ მახარაძე;
  • „არ არსებობს რაღაც ევროპული მომავალი საქართველოში... აქ არსებობს ან ისლამიზაციის ვერსია ან რუსული გავლენის ზონა - ეგ უნდა აირჩიო... მხოლოდ ეს ორი ძალა (რუსეთი და თურქეთი) გადაწყვეტს ყველაფერს აქ (საქართველოში ) რა მოხდება. დასავლეთი უბრალოდ ჩართვასაც ვეღარ მოახერხებს“ - შოთა მარტინენკო;
  • „ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ორგანულად, კატასტროფულად არ აწყობს საქართველოს გაქრობა, არის სწორედ რუსეთი“ - გიორგი ქარდავა.

#2 საქართველოს წარმომადგენელმა კრემლში მისვლა უნდა იჩქაროს

საქართველო არ უნდა დარჩეს დასავლეთის ფუჭ იმედად, უნდა იჩქაროს, რომ „რუსეთის გავლენის ზონაში“ მოხვდეს მისთვის მომგებიანი სტატუსით; თუკი საქართველოს წარმომადგენელი სწრაფად არ დაჯდება კრემლის ლიდერების წინაშე, შესაძლოა სუვერენიტეტიც ვერ შევინარჩუნოთ და ზედმეტი იქნება ფიქრი - ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე; რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური თემების დალაგებით, საქართველომ „ბენეფიტების“ აღება უნდა იჩქაროს, თორემ შემდეგ - რუსეთი თავის ინტერესებს მაინც გაიტანს და საქართველო ვერაფერს მიიღებს.

  • „ადრე თუ გვიან, საქართველოს წარმომადგენელი მოხვდება კრემლში. ადრე თუ გვიან, საქართველოს წარმომადგენელი იჯდება რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობის წინ... და ერთადერთი რეალური განსხვავება გეოპოლიტიკური ტენდენციის მიხედვით არის შემდეგი: ჩვენი წარმომადგენელი იქ იჯდება როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის ხელმძღვანელი, რომელიც იქ ალაგებს ეკონომიკის უსაფრთხოების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თემებს იმ დაშვებით, რომ აქ რუსებისთვის გეოპოლიტიკური, სამხედრო თემები თუ ლაგდება, ჩვენ რა ბენეფიტებს მივიღებთ, მაგაზეა იქ ლაპარაკი.... თუ ჩვენ ვაგრძელებთ ისე მოქმედებას, როგორც ახლა ვმოქმედებთ და იქ (მოსკოვში) ჩაჰყავთ დროებითი გუბერნატორის ფუნქციის მქონე ტიპი და ჩვენს ტერიტორიებს უნაწილებენ თავიანთ ვასალებს... ამ ორ მოცემულობას შორის ჩვენთვის არის კატასტროფულად დიდი განსხვავება“ - ზურაბ მახარაძე.
  • „დიალოგი მოგვიწევს ყველა შემთხვევაში, უბრალოდ - უნდა ვეცადოთ, რომ ეს დიალოგი დავიწყოთ, რაც შეიძლება კარგ პირობებში; რაც შეიძლება კარგ პირობებზე მოლაპარაკების რეჟიმში იმიტომ, რომ დაგვაწყებინებენ მაინც... აღარ არის მასე საქმე, რომ ავირჩიოთ - ეს გვირჩევნია თუ ის გვირჩევნია... გვაიძულებენ... დიალოგზე წაგვიყვანენ და შეიძლება იყოს ძალიან მძიმე პირობები... ჩვენ ვამბობთ, რომ ამიტომ არ უნდა მივიყვანოთ საქმე მაგ მდგომარეობამდე და დავიწყოთ, რაც შეიძლება, კომფორტული პოზიციიდან“ - შოთა მარტინენკო.
  • „შავი ზღვა არის რუსეთის ზღვა“ - გიორგი ქარდავა.

#3 რუსეთის გარეშე საქართველო ტერიტორიებს დაკარგავს

თუკი საქართველო სასწრაფოდ არ დაიწყებს კრემლთან ლაპარაკს, საბოლოოდ რუსეთისა და თურქეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების დანაწევრება მოხდება და ამავე სცენარით - ტერიტორიებს მოითხოვენ აფხაზები, ოსები და სომხები.

  • „ორივე ამ მოთამაშეს (თურქეთს და რუსეთს), რომელიც საქართველოს ბედს გადაწყვეტს, ფეხზე ჰკიდია საერთაშორისო სამართალი, თუკი საქმე ეხება გეოპოლიტიკას, სამხედრო თემატიკას და მათ სახელმწიფო ინტერესებს. ეგ არის ფაქტი... საქართველოს ბედი გადაწყდება შემდეგნაირად - რუსებს საქართველოს ტერიტორიაზე უკვე აქვთ ორი პლაცდარმი; ანუ შეუძლებელია თურქეთის მხრიდან კავკასიონზე ზღუდის შექმნა, რომ ამ ორ რეგიონულ ძალას შორის ბარიერი, ხაზი გაივლოს კავკასიონზე... რუსებს მინიმუმ პრეტენზია აქვთ, რომ მაგ თავის სამხედრო პლაცდარმებიდან ოპერატიული რეაგირების მანძილზე რა ტერიტორიაც არის, მაგ ტერიტორიას... თავის მხრივ - თურქეთს, როგორც მინიმუმ, (პრეტენზია ექნება) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე, სადაც უდიდესი თურქული კაპიტალია დაბანდებული, სადაც თურქები ჩვეულებრივად მუშაობენ და უზარმაზარი რესურსები იხარჯება მედრესეების თემაზე, რომ იქ ხალხი აღიზარდოს მაგ მიდგომით... სად გაივლის ზუსტად ეგ ხაზი, ამ მომენტში ზუსტად ვერავინ ვერ გეტყვით... მაგრამ, ადრე თუ გვიან, ორ ქვეყანას შორის (რუსეთი თურქეთი) ხაზი გაივლება და რა სტატუსით წაიღებს საქართველოს უდიდეს ნაწილს რუსეთი და რას უზამს თურქეთი დანარჩენს, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი... რა სიტუაციაც გვქონდა 1921 წელს, მანდ მივედით ახლა“ - ზურაბ მახარაძე.
  • „თურქეთი არ იქნება თამაშგარე მდგომარეობაში - როგორც 1921 წელს მშვენივრად გაიყვეს საქართველო, შეიძლება ანალოგიური სურათი მივიღოთ“ - გიორგი ქარდავა.
  • „აფხაზებს რომ ჰკითხო, საერთოდ ქუთაისიც მაგათი იყო და ყაზბეგის რაიონი, ოსებს რომ ჰკითხო, მაგათი ტერიტორიაა... და არც სომხები არ იტყვიან უარს - მანდ რომ ფაშინიანის ნაცვლად პრორუსი მთავრობა მოვა - ყარაბაღში რაც დაკარგეს, ეგ დაუკომპენსირონ (რუსებმა) ჯავახეთის ხარჯზე“ - ზურაბ მახარაძე.
  • „საქართველოს სუვერენიტეტის გადარჩენა და საუბარი ტერიტორიულ მთლიანობაზე შეუძლებელი გახდება, თუკი ისე შეთანხმდებიან საქართველოს სტატუსზე (რუსეთი და თურქეთი), რომ ჩვენ ისევ ასე ვიდგებით და ვიძახებთ - მალე ევროკავშირში და ნატოში შევდივართ... გჯერათ თქვენ?! “ - ზურაბ მახარაძე.
  • „დასავლეთზე გაკეთებულმა ფსონმა სომხეთს დააკარგინა ტერიტორიები (ყარაბაღში)... აზერბაიჯანმა რუსეთთანაც დაალაგა და თურქეთთანაც დაალაგა და ვინ მოიგებდა, გასაგები იყო“ - ზურაბ მახარაძე.

#4 რუსეთი უძლეველია - ამერიკულ ბაზაზე ფიქრიც საშიშია

დასავლეთი საქართველოს არაფერში ეხმარება, რუსეთისგან ვერაფრით იცავს - გამორიცხულია აქ ამერიკული ბაზის დაფუძნებაც... დასავლეთმა დახმარება რომც მოინდომოს, შესათავაზებელიც არაფერი აქვს და ის ამას უბრალოდ ვერ მოასწრებს - რადგან რუსეთი ყოველმხრივ მზად არის საპირისპირო მოქმედებებისთვის.

  • „წარმოვიდგინოთ, რომ ამერიკამ გადაწყვიტა საქართველოში სამხედრო ბაზის გაკეთება... ჩავთვალოთ, რომ გაგიჟდნენ ამერიკელები... სანამ მაგ ბაზის ლოჯისტიკური კვანძი საქართველომდე მოვა, რამდენიმე თვეზეა აქ საუბარი. რა თქმა უნდა, რუსები ამას ეგრევე გაიგებენ... რუსეთს უფრო მომგებიანი პოზიცია აქვს სუფთა სამხედრო კუთხით, რომ აგრესია გააგრძელოს და მანამ, სანამ ამერიკული ბაზა აქ ჩამოვა... ამ ტერიტორიაზე სრული უპირატესობა გეოგრაფიული, სამხედრო, ეკონომიკური, ლოჯისტიკური გააჩნია რუსეთს“ - გიორგი ქარდავა.
  • „(ამერიკული ბაზისთვის) უზარმაზარი რაოდენობის აპარატურის, შეიარაღების და პერსონალის გადმოყვანას უნდა თვეები... როცა ეგ გაირკვევა, ცხინვალში არის რუსული ბაზები, რომლებიც იმ რაოდენობის არის, რომ საქართველო შუაზე გადაჭრან უკვე საათების მანძილზე... შესაძლებელია, რომ მთავარი მაგისტრალი, რომელიც აღმოსავლეთს და დასავლეთს ერთმანეთთან აერთებს, გადაიჭრას და ჯავახეთიც აფეთქდეს... ყირიმის ანექსიის ოპერაცია რაც იყო, საათების თემა რომ იყო, ცოტა ეგეთი სცენარი იქნება“ - ზურაბ მახარაძე.
  • „დღეს არ არსებობს რაიმე რეაქცია ბუნებაში, ეგეთი შანსი არ არსებობს, რომ, რუსეთს რომ დასჭირდეს, რამემ გააჩეროს... უბრალოდ დაუცველები ვართ... ამიტომ საჭიროა დიალოგი რუსეთთან“ - შოთა მარტინენკო.

#5 დასავლეთი დასუსტდა, რეგიონიდან გადის - დასუსტებაა ევროკავშირის დროშის განადგურებაც

დასავლეთის დასუსტების ყველაზე ნათელი ინდიკატორია საქართველოში ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტი; დასუსტებაზე მიუთითებს ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესიდან დასავლეთის ქვეყნების გათიშვა... დასავლეთს „ძალა გამოელია“, გადის რეგიონიდან, მიატოვა საქართველო, გადის ავღანეთიდან, ერაყიდან..

  • „ყველაზე კარგი ინდიკატორი რა არის იმისა, რომ დასავლეთი სუსტდება... 5-10 წლის წინ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდა ვერავინ, რომ განრისხებული ხალხი პარლამენტის წინ მოხსნიდა ევროკავშირის დროშას და დაგლეჯდა... ეს რეალობა უკვე ყოველდღიურობაში გადაიზარდა“ - გიორგი ქარდავა.
  • „მსოფლიო ჟანდარმი, ვინც იყო - ამერიკის შეერთებული შტატები - სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის - ჩვენს რეგიონშიც სუსტდება და ჩნდება ვაკუუმი, რომელსაც რეგიონული ძალები იყენებენ... ყარაბაღის ბედი გადაწყდა არა ბრიუსელში და ვაშინგტონში, არამედ მოსკოვში, სადაც შეხვედრა შედგა... ანკარას და მოსკოვის მოლაპარაკება გახდა საფუძველი, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი დალაგებულიყვნენ“ - ზურაბ მახარაძე.
  • „საქართველოსთვის დასავლეთს არაფერი დახმარება არ გაუწევია. რა თანხებიც გადმოურიცხა საქართველოს, იმაზე გაცილებით მეტი ხეირი აქვს ნანახი საქართველოსგან“ - ირაკლი მარტინენკო.
  • „ამ რეგიონში ჩვენ რა რისკები და რა ფუნქციაც შეგვეტენა მაგათთან ურთიერთობაში (ტერიტორიები დავკარგეთ), ეგ კოლოსალურად ძვირი ღირს, ფინანსურ იმაში რომ გადაიყვანო, ვიდრე აქ შემოვიდა“- ზურაბ მახარაძე.
  • „დასავლეთს არაფრის მოცემა არ შეუძლია ჩვენთვის - რომც უნდოდეს. მაგას ხვდება ხალხი... დასავლეთს რომც უნდოდეს ჩვენთვის რამის მოცემა, არაფერი არა აქვს მოსაცემი“ - გიორგი ქარდავა.
  • „საქართველოს ინტერესი არის ტერიტორიული მთლიანობა, ეკონომიკური სიძლიერე, უსაფრთხოება და მაღალი სუვერენიტეტი და... თუ დასავლეთს შეუძლია რომელიმე ამ საკითხში მოგვეხმაროს - მაშინ არის ის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და თუ არ უნდა, არ აპირებს ან არ შეუძლია, მაშინ დაახვიოს“ - ზურაბ მახარაძე.

5 და 6 ივლისს, უპირატესად „ალტ-ინფოს“ მიერ ორგანიზებული ძალადობრივი აქციების დროს, საქართველოს დედაქალაქში, პარლამენტის შენობის წინ მოძალადეებმა ევროკავშირის დროშა ორჯერ ჩამოგლიჯეს, ნაკუწებად აქციეს და ბოლოს ცეცხლსაც უკიდებდნენ. ეს ფაქტი დღემდე საამაყოა „ალტ-ინფოს“ წამყვანებისთვის.

ანტიდასავლური განცხადებები „ალტ-ინფოს“ ეთერს არც წარსულში აკლდა. წამყვანებისთვის არასერიოზული, სასაცილო ამბავი იყო, მაგალითად, სტრასბურგის სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილება, როცა საქართველომ რუსეთს აგვისტოს ომთან დაკავშირებული საქმე მოუგო.

დასავლეთის დაცინვისა და ლანძღვის ხიბლში წამყვანები ისე შედიან, რომ მაყურებელი შიგადაშიგ შეახსენებს - იქნებ, ორი სიტყვა რუსეთის ნაკლზეც გეთქვათო.

ის, რასაც ისინი ამბობენ...

„ალტ-ინფოს“ ეთერში გახმოვანებული გეოპოლიტიკური გეგმა პოლიტოლოგ გია ნოდიასთვის კიდევ ერთხელ ადასტურებს ისედაც ნათელ სურათს, რომ ლგბტქ+ თემის საკითხებს ეს ჯგუფები მხოლოდ დასავლეთის დისკრედიტაციისთვის იყენებენ; მათი მთავარი ამოცანა, რომ ხალხმა გაიზიაროს პოზიცია - საქართველო „მართლმადიდებლობასთან მებრძოლ“ დასავლეთს უნდა გამოეთხოვოს და რაც შეიძლება სწრაფად გაიქცეს კრემლისკენ.

თავისთავად, ორ ქვეყანას შორის დიალოგში ნოდია ცუდს ვერაფერს ხედავს, მაგრამ რუსეთთან დიალოგი მისთვის წარმოუდგენელია წარსულის გამოცდილებითა და საქართველოს ინტერესების დათმობის ხარჯზე:

„რუსეთისთვის საქართველო არასოდეს ყოფილა აღქმული თანასწორ თანამოსაუბრედ, სუბიექტად. დიალოგს ის მხოლოდ ერთგულების მოწმობად და მისი მფარველობის ქვეშ შესვლის სურვილად ჩათვლის. დიალოგი შეიძლება დაიწყოს იმაზე, თუ როგორ გაფორმდეს ეს ქვეშევრდომობა, თორემ არსებით საკითხებზე შეთანხმება უბრალოდ შეუძლებელია.

„ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები რასაც ამბობენ, ნიშნავს, რომ - თავად უნდა ვეახლოთ კრემლს, შევეხვეწოთ და მერე იქნებ კარგი თვალით შემოგვხედოს.

"ბენეფიტები" რაც არის - (ედუარდ) შევარდნაძის დროს ბევრჯერ ვნახეთ, თუ როგორ არ ასრულებდა მოსკოვი შეთანხმებებს - მაგალითად, რომ მოამზადებდნენ ჩვენს სამხედროებს, რომ დაგვიბრუნებდნენ წართმეულ ტერიტორიებს, რომ ეკონომიკურად დაგვეხმარებოდნენ, სამხედრო სფეროში რაღაცას გვაჩუქებდნენ.

არასდროს არაფერი უჩუქებია რუსეთს. არანაირი ბენეფიტი არ გვახსოვს მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების დიდი მცდელობისა გასული საუკუნის 90-იანი წლების პირველ ნახევარში... ამიტომ შეცვალა მერე შევარდნაძემ თავისი ტაქტიკა დასავლეთის მიმართულებით“.

საქართველომ ვერასოდეს მიიღო სასურველი „ბენეფიტები“, მიუხედავად იმისა, რომ:

  • საქართველო 1994 წლიდან რუსეთთან ერთად დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) შემადგენლობაშიც იყო, თითქმის 15 წლის განმავლობაში;
  • 1994 წელს საქართველო ასევე შეუერთდა რუსეთის კონტროლქვეშ არსებულ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებას;
  • 1995 წელს რუსეთმა და საქართველომ ხელი მოაწერეს საქართველოს ტერიტორიაზე ოთხი რუსული სამხედრო ბაზის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ შეთანხმებას და იყო კიდევ სხვა არაერთი დათმობა.

რა გარანტიას იძლევა ამჯერად რუსეთი?!

გარანტია ნულია.

„ალტ-ინფოს“ წამყვანებს, ლევან ვასაძის მსგავსად, რუსეთთან სასურველი შედეგის მიღწევა თავადაც ძალიან რთულ პროცესად წარმოუდგენიათ.

ასევე ფიქრობს ალექსანდრ დუგინიც, მაგრამ ის ერთ რამეშია დარწმუნებული, რომ ადრე თუ გვიან, სწორი მოქმედებების შედეგად, რუსეთი საქართველოს "მიიღებს". მაგრამ ეს იმ პირობით, რომ საქართველო, დიალოგის დაწყების მომენტში, უნდა იყოს დამაჯერებლად დაშორებული დასავლეთისგან.

„პუტინის პირობებში, მისი კურსის გათვალისწინებით, დიალოგის დასაწყებად რუსეთისთვის ხელსაყრელი და დამაკმაყოფილებელი იქნებოდა საქართველოს ნეიტრალიტეტი...

მაგრამ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ჭრილში რუსებმა შეიძლება დასვან შეკითხვა - და სად არის გარანტია, რომ მერე, გაერთიანებული საქართველო ასე გამთლიანებული არ შევა ნატოში?!“ - ამბობს დუგინი „ალტ-ინფოსთან“ ერთ-ერთ ინტერვიუში.

რუსეთთან დაახლოების გეგმები ანტილიბერალური ბრძოლის ჟინით შეპყრობილი ადამიანების ჩანაფიქრია. ასეთია "ალტ-ინფოს" ჯგუფიც. ისინი კონსერვატიზმის დროშის ქვეშ მოქმედებენ.

გია ნოდია გვეუბნება, რომ რუსეთის პრეზიდენტისთვის მომგებიანია „ითამაშოს კონსერვატიზმის იდეით“, რადგან ასე უფრო იოლად ახერხებს ანტილიბერალური ჯგუფების აყოლიებას, მათ შორის - გეოპოლიტიკური კუთხითაც.

„დასავლეთის ქვეყნებში კონსერვატიზმი არ არის კავშირში გეოპოლიტიკასთან. იქ გამოიხატება შიდა უკმაყოფილობით ლიბერალური იდეოლოგიის ან მისი გარკვეული ასპექტების წინააღმდეგ... დასავლეთში კონსერვატიზმი უფრო ნაციონალიზმთან არის კავშირში... რუსეთისთვის კონსერვატიზმი უფრო იდეოლოგიური დივერსიის ინსტრუმენტს წარმოადგენს, მათ შორის - ნატოსა და ევროკავშირის დასასუსტებლად“ - გვეუბნება ნოდია.

„ალტ-ინფოს“ ეთერიდან მუდმივად ისმის, რომ ამერიკა და ევროპა საქართველოს გამო არავის დაუწყებენ ომს. საქართველოს მოქალაქეების უდიდესმა ნაწილმა იცის, რომ ნატოში გაწევრიანებამდე პირდაპირი სამხედრო დახმარება არც არის მოსალოდნელი და ამიტომაც არის მიჩნეული ნატოში გაწევრიანება ქვეყნის რეალური უსაფრთხოების ერთადერთ გამოსავლად.

ამავე კონტექსტში, „ალტ-ინფო“ არასოდეს ლაპარაკობს მაგალითად იმის შესახებ, დაიწყებს თუ არა ომს რუსეთი მასთან "ჩასახუტებლად" მისული საქართველოს გამო, ასეთი საჭიროების შემთხვევაში?

ექსპერტების პასუხია - არა, თუკი ეს თავად რუსეთის სასიცოცხლო ინტერესებში არ შედის. მაგალითად, იმავე ყარაბაღის ბოლო ომის დროს, რუსეთმა სამხედრო ძალით არ დაუჭირა მხარი სტრატეგიულ მოკავშირე სომხეთს, რომლის დახმარება მოკავშირეობის ხელშეკრულებით განმტკიცებული ვალდებულებაც იყო.

პოლიტოლოგი ზურაბ ბატიაშვილი გვეუბნება, რომ მართალია, რუსეთმა და თურქეთმა, ყარაბაღის ბოლო ომის კვალდაკვალ, გაიძლიერეს ზეგავლენები რეგიონში, მაგრამ ტყუილია, რომ - საქართველოს ახლა მხოლოდ ორი არჩევანი აქვს - თურქეთსა და რუსეთს შორის:

„საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი კონსტიტუციაშია ჩაწერილი და ის კვლავ ძალაშია. ახლა ქმნიან ახალ ნარატივს, რომ თითქოს ყარაბაღის ომის შემდეგ, რაღაც ძირეულად შეიცვალა. კი ბატონო, იქ სტატუს კვო შეიცვალა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველომ თავისი ცივილიზაციური არჩევანი უნდა დათმოს და ისევ საბჭოთა კავშირში დაბრუნდეს.

პროქართული საქართველო რუსეთის ნარატივია, რადგან ის დასავლეთის წინააღმდეგ არის მიმართული. დასავლეთის გარეშე ყოფნა კი, რუსეთის ნაწილად ყოფნას, მისი ზეგავლენების ქვეშ ყოფნას ნიშნავს“.

პრორუსულ ნარატივს ხედავს ზურაბ ბატიაშვილი ასევე თურქეთის ოკუპანტად წარმოჩენასა და მის წინააღმდეგ ფობიების გაღვივებაში.

მისთვის კიდევ ერთი ტყუილია „ალტ-ინფოს“ მიერ არაერთგზის გახმოვანებული პათოსი, რომ ნატოს წევრი თურქეთი, სადაცაა, საბოლოოდ შეაქცევს ზურგს დასავლეთს და საქართველოს დაუპირისპირდება.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ ნატოზე მძლავრი უსაფრთხოების მექანიზმი მსოფლიოში ჯერ არავის შეუქმნია და ამიტომაც არის, რომ პირველსავე საჭიროებაზე თურქეთს მაშინვე ნატოს იმედი აქვს. ამასთან, თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელთანაც საქართველოს მკაფიოდ განსაზღვრული და დაკანონებული საზღვრები აქვს.

რაც შეეხება დასავლეთის სისუსტესა და მისგან მეტი მხარდაჭერის მოლოდინს, გია ნოდია გვეუბნება, რომ „ძალების გამოლევა“ დასავლეთს არაფერში ეტყობა:

„კი ბატონო, ჩვენ შეიძლება გვინდა, რომ დასავლეთისგან მეტი მხარდაჭერა მივიღოთ და ვიყოთ მასთან ინტეგრირებული... მაგრამ ფაქტია, დასავლეთს დიდი რესურსი აქვს და იგივე რუსეთი იძულებულია, მას ანგარიში გაუწიოს ისევე, როგორც 2008 წელს დაიხია უკან...

სისუსტეები დასავლეთსაც აქვს - შეიძლება დაგპირდნენ კიდეც რამეს და ვერ შეგისრულონ. რუსეთის პროპაგანდა ყოველთვის თამაშობს დასავლეთის სისუსტეებზე, მაგრამ ობიექტურად, დასავლეთი უფრო ძლიერ მოთამაშედ რჩება, ვიდრე რუსეთი და მისი რესურსები განუზომლად უფრო დიდია“ .

გარკვეულ საკითხებში „ალტ-ინფოს“ ჯგუფი საკუთარ შეფასებებს თავადვე ეწინააღმდეგება და ლაბირინთებში იხლართება. საბოლოოდ, გაუგებრად რჩება, მაგალითად: დასუსტდა დასავლეთი და ამიტომ ვეღარ დაეხმარება საქართველოს?! არ შეუძლია მას დახმარება?! თუ, უბრალოდ, აღარ უნდა დახმარება?!

თუკი დასავლეთი, მათივე ლოგიკით, წლების განმავლობაში საქართველოსთვის გამოყოფილი ფულის სანაცვლოდ ბევრად უფრო მეტ სარგებელს იღებდა, ვიდრე თავად საქართველო, მაშინ რატომ არ გააგრძელებს იგივეს მომავალში?!

თუკი სამხედრო და ეკონომიკურ შესაძლებლობებს გადავხედავთ, დასავლეთის ქვეყნების მდგომარეობა რუსეთზე გაცილებით უკეთ გამოიყურება.

თავდაცვის ბიუჯეტი 2020 წლის მონაცემებით:

  • აშშ - 738 მილიარდი დოლარი;
  • რუსეთი - 61 მილიარდი დოლარი;
  • თითქმის რუსეთის მასშტაბის ბიუჯეტი აქვთ ცალ-ცალკე ბრიტანეთს (59.2 მილიარდი), საფრანგეთსა (52.7 მილიარდი) თუ გერმანიას (52.8 მილიარდი);
  • თურქეთის თავდაცვის ბიუჯეტი - 17.7 მილიარდს უტოლდება.

ასევე მკაფიოდ გამსხვავდება (2020 წელი) მთლიანი შიდა პროდუქტის მასშტაბები:

  • ამერიკა 1 ადგილზე - 20 936 600 000 000 (თითქმის 21 ტრილიონი დოლარი);
  • რუსეთი მე-11 ადგილზე (ამერიკაზე 14-ჯერ ნაკლები მშპ) – 1 483 498 000 000 დოლარი;
  • გერმანია - 3 806 060 000 000 დოლარი;
  • საფრანგეთი 2 603 004 000 000 დოლარი;
  • თურქეთი - 720,101 000 000 დოლარი.

საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის გეგმა, რაც „ალტ-ინფოს“ ეთერიდან ისმის, ზურაბ ბატიაშვილს საკმაოდ სახიფათო სიმპტომად მიაჩნია, მაგრამ საერთოდ არ უკვირს, რომ 5-6 ივლისის ძალადობრივი აქციების დაუსჯელი ორგანიზატორები ახლა უკვე ღიად და მკაფიოდ ალაპარაკდნენ ლგბტ თემთან ბრძოლის მიღმა დამალულ ნამდვილ მიზნებზე.

„თუკი ისინი ადრე უფრო შეფარულად მოქმედებდნენ, ახლა ყველაფერს ღიად ამბობენ, რადგან იგრძნეს ძალა და ახლა ჩათვალეს, რომ უკვე დრო მოდის - ესეც „აჭამონ“ საქართველოს მოქალაქეებს.

ყველაზე ცუდი ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ ძალებთან შეთამაშებას ცდილობს და ეს შეიძლება საქართველოსთვის ძალიან ცუდად დასრულდეს... 5 ივლისს ვნახეთ რით დასრულდა, როცა სახელმწიფომ თავისი ფუნქციები ერთი დღით სრულად გადააბარა ამ ძალებს.

21-ე საუკუნეში გაჩაღებულია საინფორმაციო ომები და ბრძოლა ადამიანების ტვინებისთვის... 5 ივლისსაც ტვინების გამორეცხვის შედეგი ვნახეთ.

რუსეთის დროშა ჯერ რომ არ აუფრიალებიათ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ უკან რუსეთის ძალები არ დგანან. უბრალოდ, ჯერ ვერ გაბედეს ეს. თუკი მიუშვებენ, მერე რუსეთის დროშითაც გამოვლენ “ - გვითხრა ბატიაშვილმა.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ქვეყანაში, სადაც მოქალაქეების თითქმის 80% უჭერს მხარს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას, პროკრემლისტური ძალები რთული ამოცანის წინაშე დგანან, რადგან ქვეყნის ისტორიული გადაწყვეტილების გადახედვა პრაქტიკულად შეუძლებელია.

მაგრამ ასევე თვლიან, რომ რუსეთის სასარგებლოდ ქვეყნის არევას რამდენიმე ათასი კაციც თავისუფლად მოახერხებს.

„ალტ-ინფოს“ წამყვანები „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით 5-6-ივლისის გამართული ძალადობრივი აქციების ორგანიზატორები იყვნენ. „ქუდზე კაცის“ გამოსვლისკენ ისინი ხალხს წინა დღეებში საპატრიარქოს სახელით მოუწოდებდნენ. და ხალხიც გამოვიდა, არა უშუალოდ მათი, არამედ - უფრო საპატრიარქოს მოწოდებების გამო.

თუკი ინტერნეტში გავრცელებული ვიდეომასალით ვიმსჯელებთ, ანტიდასავლური და პრორუსული განცხადებები არცთუ იშვიათად გვხვდება სასულიერო პირთა ქადაგებებში თუ სხვა განცხადებებში; მაგალითად:

  • წმინდა სინოდის წევრი, სხალთის მთავარეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი (აბულაძე) ავრცელებს მტკნარ ტყუილს - დედებისა და შვილების ქორწინება დაკანონებულია ბრიტანეთშიო;
  • დეკანოზი თადეოზ სარალიძე კი, მოუწოდებს მრევლს - დაიჭირონ ხელში რუსეთის დროშები. მას უნდა ასევე, რომ რუსეთის დროშა იყოს საპატრიარქოშიც, სხვადასხვა ეპარქიასა და თითოეული მღვდლის ოჯახში.

„ახლა დამიწყებენ - მიწა წაგვართვეს, ეს გვიქნეს, ის გვიქნესო... რაც დაგრჩა, იმასაც მიაყოლებენ...დღეს ერთადერთი ძალა, ნაღდი ძალა არის რუსეთში“ - ესეც დეკანოზ თადეოზ სარალიძის სიტყვებია.

„ალტ ინფოს“ მაყურებლების ერთ ნაწილს დღემდე სჯერა, რომ კოვიდის აცრებით ადამიანების სხეულში მასონებს „ჩიპები“ შეჰყავთ და ასე უპირებენ გაკონტროლებას; კიდევ სხვა ნაწილი - კლასიკური ანტივაქსერია. გეოპოლიტიკაზე მსჯელობისას ისინი ძირითადად ისევ აცრების მავნებლობაზე წერდნენ კომენტარებს.

„ალტ-ინფოს“ წამყვანებს მსმენელები ასევე უსვამდნენ რიტორიკულ შეკითხვას - რუსეთის ნდობა როგორ შეიძლებაო?! მასეო, - პასუხობენ ისინი, - არც დასავლეთის ნდობა შეიძლება მაშინ, მანაც შეიძლება მოგატყუოთო.

რას ამბობს და როგორ მოქმედებს დუგინი

რუსეთში ალექსანდრ დუგინს „პუტინიზმის რუხ კარდინალად“ მოიხსენიებენ. ის რუსეთის პრეზიდენტის დაუფარავი მეხოტბეა და მას წიგნიც კი მიუძღვნა.

რუსეთის მედია რამდენიმე წლის წინ „Bloomberg“-ზე დაყრდნობით წერდა იმასაც, რომ დუგინმა ქმედითი დახმარება გაუწია რუსეთის პრეზიდენტს თურქეთთან ურთიერთობების დალაგების საქმეში მას შემდეგ, რაც თურქეთმა 2015 წელს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო და ვითარება ამ ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვნად დაიძაბა.

დუგინი ადასტურებს, რომ ხელი შეუწყო მრავალი შეხვედრის ორგანიზებას მხარეებს შორის, მაგრამ მთავარი როლი პუტინმა შეასრულაო. რუსულენოვან გამოცემებს მოჰყავთ მისი სიტყვებიც:

„ჩვენს ქვეყანაში ყველაფერს წყვეტს პრეზიდენტი. მე ყოველთვის ვეხმარები ჩვენს პრეზიდენტს - ამ და სხვა შემთხვევებშიც“.

პუტინით აღფრთოვანებული ფილოსოფოსი რამდენიმეჯერ მიიწვიეს ლევან ვასაძესთან აფილირებული „ალტ-ინფოს“ ეთერში. დუგინის მოსაზრებები და "ალტ-ინფოელების" რიტორიკა სრულ უნისონშია.

2021 წლის თებერვალში დუგინმა მაგალითად თქვა შემდეგი:

  • „ილუზიაა დასავლეთის დახმარება. დასავლეთი არასოდეს არავის ეხმარება... წარმოდგენაც კი საშიშია - რის ფასად ხდება ეს... თქვენ ამაში თავად დარწმუნდით... ამაზე არც მინდა ლაპარაკი, ეს თქვენთვის იმდენად მტკივნეულია (გულისხმობს აგვისტოს ომს და ოკუპაციას)“;
  • „(ყარაბაღის ომის შემდეგ) საქართველო, როგორც ყველაზე პროდასავლური ქვეყანა შესაძლოა გახდეს ორგანიზებული ატლანტისტების სამიზნე, რომ ააფეთქონ კავკასია, პრობლემების შეუქმნან რუსეთს, ირანს, თურქეთს... ეს კატასტროფა იქნება საქართველოსთვის";
  • „თქვენს ადგილას ასე ვიფიქრებდი - თუკი დასავლეთი შეძლებს საქართველოსთვის უზრუნველყოს სუვერენიტეტი, ძლევამოსილება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დამოუკიდებლობა იმ გაგებით, რომ არ გაეხვეს კონფლიქტებში, მე დასავლეთზე დავდებდი ფსონს... მაგრამ ვინცკი დადო ფსონი დასავლეთზე თავიანთი სუვერენიტეტის განმტკიცების გზაზე, ყველა წაგებული დარჩა“;
  • „რუსეთთან დიალოგი ერთადერთია, რაც რაციონალურია ამ სიტუაციაში... ვიცი, რომ ეს ძნელია თქვენთვის, მაგრამ სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს“;
  • „საქართველოს უნდა სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა... და ვის შეუძლია მისცეს მას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საშუალება თუნდაც თეორიულად?! რა თქმა უნდა, არა - ვაშინგტონს. გასაღები რუსეთის ხელშია... რუსეთს შეუძლია დაუახლოვდეს საქართველოს გეოპოლიტიკურად ისევე, როგორც ეს იყო ისტორიული ეპოქების არაერთ ეტაპზე“;
  • „საქართველო შეიძლება ნაკუწებად იქცეს ძალიან სწრაფად - ეს რომ არ მოხდეს, დაინტერესებული ვართ როგორც ჩვენ, ასევე თქვენ“;
  • „არ არის აუცილებელი, საქართველო პრორუსული იყოს... მაგრამ უნდა იყოს დამოუკიდებელი დასავლეთისგან, ამერიკისგან, არ იყოს ნატოს წევრი, იყოს ბაიდენისა და გეი ქორწინებების გარეშე... აი იყოს უბრალოდ პროქართული საქართველო - ასეთი ჩვენ სავსებით გვაწყობს და დაიწყებოდა ტერიტორიული საკითხების მოგვარებისკენ მიმართული დასაახლოებელი დიალოგი“;
  • „წარმოუდგენელია, რომ ჩვენ, მართლმადიდებელი ხალხები, განსაკუთრებით - მთიელი ქართველები როგორ იცხოვრებენ კოლონიად იმ ქვეყნისა (აშშ), რომელიც ქადაგებს ჰომოსექსუალურ ფასეულობებს, სძულს ტრადიციები, ილაშქრებს ქრისტიანობის წინააღმდეგ... ნუთუ ეს მაინც რუსეთის მოკავშირეობაზე უკეთესია?!“;
  • „საქართველოს სჭირდება თუნდაც პატარა, სიმბოლური პოლიტიკური ჯგუფი ანდა იდეოლოგიური ჯგუფი, რომელიც იტყვის - ხელში ვიღებთ დამოუკიდებელი, ძლიერი საქართველოს დროშას... და თან ვიცით - ვინ შეიძლება აქციოს საქართველო ასეთად... ბოდიში და ეს მოსკოვია... გარწმუნებთ, რუსეთი თქვენ მიგიღებთ ასეთს, შეიძლება არა უცბათ და არა ყველა, მაგრამ მიგიღებთ“;

2020 წლის ივლისში, ასევე „ალტ-ინფოს“ ეთერში, დუგინმა თქვა:

  • „2008 წელს რუსული ტანკები თბილისამდე რომ ჩასულიყვნენ, სიტუაცია დიდად განსხვავებული არ იქნებოდა დღევანდელისგან, მაგრამ მთლიანი იქნებოდა საქართველო... საქართველო ახლა ნეიტრალურია... არ ღირს რუსეთის ოკუპაციის დემონიზება.. კი, ჩვენ ხისტად ვუპირისპირდებით ნატოს, ეს სასიცოცხლო საკითხია ჩვენთვის... რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს იმპერიული განზომილება და სულ გვქონდა... მაგრამ ტანკები თბილისამდე რომ ჩასულიყვნენ, სიტუაცია ასეთივე იქნებოდა, როგორც ახლაა, ივანიშვილის პირობებში - ბალანსით აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის... საქართველოს დანაწევრება არასოდეს იყო რუსეთის გეოპოლიტიკის მიზანი. იმპერიას თავისი ლოგიკა აქვს“;
  • „ხომ ხედავთ, სააკაშვილის დროს ვერ გადაწყვიტა პრობლემები დასავლეთმა და ვერც ახლა გადაწყვეტს... ბევრი რამ დღემდე ჩვენზეა დამოკიდებული“;
  • „საჭიროა ნაბიჯ-ნაბიჯ, ძალიან აკურატულად, პასუხისმგებლობით, აუჩქარებლად ვიაროთ ურთიერთგაგებისკენ“;.
  • „ჩვენ გვაერთიანებს ტრადიციული მართლმადიდებელი იდენტობა, ტრადიციების მიმართ ერთგულება, დასავლური ულტრალიბერალიზმის მიუღებლობა... ამიტომ არ მგონია ეს საკითხი ისეთი უიმედო იყოს, როგორადაც ის გამოიყურება“;

დუგინი დღემდე იბრძვის ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტობის მესამე ვადის დროს გახმოვანებული „ევრაზიული კავშირის“ იდეისთვის, რაც რუსეთის ლიდერობით, ანტიამერიკული ცენტრის, ახალი რუსეთის იმპერიის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად. ჩანაფიქრის მიხედვით, მან უნდა გააერთიანოს ყოფილი საბჭოთა ქვეყნები და მათ შორის, ცხადია - საქართველოც.

პუტინმა საბჭოთა კავშირის დაშლას წლების წინ უწოდა მე-20 საუკუნის „უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა“.

შეხმატკბილებულ საბჭოურ ოჯახს მისტირის დუგინიც და წუხს, რომ შემდეგ უკვე, 90-იანი წლებში, „ლიბერალების ვაკხანალია“ გამეფდა.

„იმისათვის, რომ მსოფლიოს მრავალ პოლუსიანი სისტემაში სრულფასოვან პოლუსად იქცეს, რუსეთსა და მის პოტენციურ მოკავშირე ქვეყნებს (ცალ-ცალკე) „ფატალურად არ ჰყოფნით“ ფინანსები, მასშტაბი და ინფრასტრუქტურა“ - ასე ხსნის თავად ალექსეი დუგინი რუსეთის კალთის ქვეშ ახალი გაერთიანების შექმნის აუცილებლობას თავის ერთ-ერთ სტატიაში.

იქვე განმარტავს, რომ თუკი ასეთი ცენტრი არ შეიქმნება დსთ-ს ყოფილი წევრები, ადრე თუ გვიან, აღმოჩნდებიან ევროპის ამერიკის, ჩინეთის ანდა რადიკალური ისლამის ჰეგემონიურ კოალიციებში.

რუსეთის მედიის ცნობით, დუგინი რამდენიმე წლის წინ, აქტიურად მონაწილეობდა, მაგალითად, ლენინის მშობლიურ მხარეში, ულიანოვსკის ოლქში, საბჭოთა კავშირის შექმნიდან მე-100 წლისთავისთვის (2022 წელს) მიძღვნილი ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.

ის ამ დროს ირიცხებოდა კრემლის მიერ ფინანსურად მხარდაჭერილი ანალიტიკოსების გაერთიანებაში - კონსერვატიულ-პატრიოტულ კლუბში. სწორედ ამ კლუბში შემუშავდა პრეზიდენტ პუტინისთვის გაგზავნილი წერილის შინაარსი. ტექსტში წერია, მაგალითად, შემდეგი:

  • „აუცილებელია დაბრუნდეს საბჭოთა კავშირის დიადი ისტორია დიადი რუსეთის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში",
  • „დავუბრუნოთ საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებს საერთო ღირებულებები და ურთიერთპატივისცემა“.

„პრაიდის ნამსხვრევებზე“ „ალტ-ინფო“ ახალი პოლიტიკური ძალის აღმოცენებასა და ამოქმედებაზე ლაპარაკობდა. თავიდან ყველას ეგონა, რომ ლაპარაკი იყო ლევან ვასაძის მომავალ პარტიაზე. თუმცა ეს ეტაპი ახლა აშკარად შეჩერებულია - ტელევიზიის წამყვანები კატეგორიულად უარყოფენ, რომ მათ ვასაძე აფინანსებს; ხოლო პოლიტიკურ გეგმებთან და არჩევნებთან დაკავშირებით ასეთი პასუხი აქვთ - ჯერ დიდი, სრულფასოვანი ტელევიზია უნდა შეიქმნას.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG