Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სიყვარულით ნაკარნახევი" ძალადობა


დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილს, რომელიც რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოძალადე ჯგუფებს, 5 ივლისს, ძალადობისკენ მოუწოდებდა, საპატრიარქოში მხოლოდ საყვედური გამოუცხადეს.

იურისტების შეფასებით კი, ამ სასულიერო პირის ქმედება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული საკმაოდ მძიმე დანაშაულის ნიშნებს მოიცავს და ამით საგამოძიებო სტრუქტურები უნდა დაინტერესებულიყვნენ.

საპატრიარქო დეკლარირებულად ემიჯნება ძალადობას, თუმცა მთელ პასუხისმგებლობას ისევ „თბილისი პრაიდის“ მხარდამჭერებსა და ჟურნალისტებს აკისრებს. ამასთან, მაღალი იერარქიის სასულიერო პირები თავიანთ განცხადებებში კვლავაც ცდილობენ ძალადობის გამართლებას.

"იძალადე" თუ "იბრძოლე"?

5 ივლისს, როცა ჟურნალისტების მასობრივი ცემის პროცესი უკვე დაწყებული იყო, დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა პარლამენტის შენობის წინ, მიკროფონში, ემოციურად განუმარტა ისედაც გავეშებულ ჯგუფებს, რომ ძალადობა არა მხოლოდ შესაძლებლობა, არამედ - მათი ვალდებულებაა:

„არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ - იძალადოთ სამშობლოსთვის, იძალადოთ ქვეყნისთვის, იძალადოთ სიწმინდისთვის!“

მის მოწოდებებს იქ შეკრებილთა დიდი ოვაციები მოჰყვა და ბევრი ფიქრობს, რომ სასულიერო პირის ამ ქმედებამ იმ დღეს მომხდარი კიდევ ბევრი ძალადობის ფაქტი წაახალისა.

როდის და რა ფორმით, არ განმარტავს, მაგრამ 8 ივლისს, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გვითხრა, რომ „მამა სპირიდონს გამოუცხადეს საყვედური“ და მანვე მოგვაწოდა სასულიერო პირის ფეისბუკლაივის ბმულიც.

თერჯოლის ვარდიგორის მამათა მონასტრის ფეისბუკგვერდზე გაშვებულ ლაივში დეკანიზი სპირიდონ ცქიფურიშვილი "შეცდომისთვის" ბოდიშს უხდის ეკლესიას; თუმცა ამბობს, რომ - რუსთაველის გამზირზე მის მიერ წარმოთქმული სიტყვები კონტექსტიდან ჟურნალისტებმა ამოჭრეს და დაამახინჯეს. ერთადერთი, რასაც ვერაფერს უხერხებს, ეს სიტყვაა - „იძალადეთ“ და შესაბამისად, შეცდომასაც, მხოლოდ ამ კონტექსტში აღიარებს.

„უნდა მეთქვა „იძალადეთ საქართველოსთვის“ კი არა, „იბრძოლეთ საქართველოსთვის“, უნდა მეთქვა „იბრძოლეთ ზნეობისთვის“ და „იბრძოლეთ სამშობლოსთვის“... ამ ფორმით რომ მეთქვა, უკეთესი იყო“.

თავისი ძველი პოზიციიდან სხვა ყველაფერს დეკანოზი ძალაში ტოვებს - ამბობს, რომ ყველამ უნდა იბრძოლოს, რადგან დღეს „ომია ქრისტეს მომხრეებსა და სოდომის მომხრეებს შორის“ და გამარჯვება იქნება დამარცხებაც „რადგან ჩვენ ქრისტეს ერთგულებისთვის გავალთ ამ ქვეყნიდან“.

საპატრიარქომ 5 ივლისს განაცხადა, რომ ძალადობისკენ სავარაუდო წამქეზებელ სასულიერო პირებს თავადვე მიხედავდა - „თუკი ასეთები არსებობენ“.

8 ივლისს სხვა სასულიერო პირებიც მოვიკითხეთ - ხომ არ გამოუვლენია ისინი საპატრიარქოს?

„სხვა სასულიერო პირებთან დაკავშირებით, თუ იქნება დასაბუთებული გადაცდომები, მიღებული იქნება ზომები“ - გვითხრა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

სახელმწიფო და სისხლის სამართლის კოდექსი

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში რადიო თავისუფლებას განუმარტეს, რომ სახელმწიფო საგამოძიებო სტრუქტურებს ჰქონდათ სრული საფუძველი დაინტერესებულიყვნენ დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის ქმედებით, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

კოდექსის ეს მუხლი „ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას“ შეეხება:

„რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნის მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად ძალადობრივი ქმედებისაკენ ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება, თუ ეს ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე“.

საიაში განმარტავენ, რომ 5 ივლისს, უკიდურესად დაძაბული მდგომარეობის გათვალისწინებით, მსგავს მოწოდებებს აშკარად ახლდა ძალადობრივი ქმედების განხორციელების საფრთხე.

სახელმწიფო ამ ფაქტით არ დაინტერესებულა.

გენერალურ პროკურატურაში დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის შესახებ ვერაფერი გვითხრეს. დაგვპირდნენ ასევე გარკვევას, თუ დაიწყო რაიმე სახის მოკვლევა სხვა სასულიერო პირებთან მიმართებით, თუმცა საბოლოოდ პასუხი ვერ მივიღეთ.

ბევრი არაფერი ვიცით იმ შეხვედრების შესახებ, რომელიც 7 ივლისს პრეზიდენტის სასახლეში შედგა. სალომე ზურაბიშვილთან მივიდა შს მინისტრი ვახტანგ გომელაური; ხოლო მანამდე, მასთან იმყოფებოდნენ პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე. მხოლოდ გომელაურმა აღნიშნა, რომ საუბარი 5-6 ივლისის მოვლენების დროს პოლიციის მუშაობას შეეხებოდა.

გერმანიაში მცხოვრებ თეოლოგს, მირიან გამრეკელაშვილს საერთოდ არ უკვირს, რომ სასულიერო პირების მიერ ძალადობის წახალისება და მხარდაჭერა სახელმწიფოს ყურადღების მიღმა დარჩა. ის ვერ იხსენებს ვერცერთ შემთხვევას, როცა, უმცირესობების მიმართ გამოვლენილი ძალადობის ფაქტების ჭრილში, საგამოძიებო უწყებები სასულიერო პირების პასუხისმგებლობით დაინტერესდნენ.

„ის ადამიანები 5 ივლისს ძირითადად საპატრიარქოს მოწოდებების გამო შეიკრიბნენ... შეიძლება ვთქვათ, რომ ამ (ძალადობრივ) ქმედებებს სწორედ მან მისცა ლეგიტიმაცია და სანქცია... მაგრამ სახელმწიფოს ურჩევნია, რომ ჯოხი დაზარალებულებზე გადატეხოს. აქ მთავარი საკითხი არჩევნებს უკავშირდება. სახელმწიფო ამას არ აკეთებს იმიტომ, რომ საარჩევნო ხმები არ დაკარგოს და ეკლესიასთან ურთიერთობები არ აეშალოს“ - გვითხრა გამრეკელაშვილმა.

სწორედ საარჩევნო მიზნებს უკავშირებენ ექსპერტები იმ ფაქტს, რომ საპატრიარქოს მისამართით თითქმის არანაირი კრიტიკა არ ისმის ოპოზიციის ძირითადი ნაწილისგან და ამ საკითხზე მკაფიო განცხადებებს მხოლოდ რამდენიმე პარტია და ცალკეული პოლიტიკოსები აკეთებენ.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, მეუფე გიორგი ჯამდელიანმა 7 ივლისს, ძალადობრივი აქციების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი მედიაორგანიზაციის, „ალტ-ინფოს“ ეთერში განაცხადა, რომ არჩევნებზე ხმებს ვერ მიიღებს ვერცერთი ის პარტია, რომელმაც მხარი დაუჭირა „თბილისი პრაიდს“.

წახალისება და გამართლება

საპატრიარქომ ბოლო დღეებში არაერთი განცხადება გამოაქვეყნა იმის შესახებ, რომ ძალადობა დაუშვებელია, თუმცა მთელ პასუხისმგებლობას ის ისევ დაზარალებულ მხარეს - ჟურნალისტებსა და „პრაიდის მომხრეებს“ აკისრებს.

ამასთან, მაღალი იერარქიის სასულიერო პირები თავიანთ განცხადებებში სხვადასხვა ფორმით ცდილობენ ძალადობის გამართლებას.

მაგალითად, 7 ივლისს, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა თქვა, რომ მოსეს სჯულის თანახმად ასე არისო: "ურჩი შვილი, რომელიც არ უსმენს თავის მშობელს და არც არავის არ უსმენსო, გაიყვანეთ გარეთ და ჩაქოლეთო".

ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეომასალებში კარგად ჩანს, რომ, როცა 5 ივლისს, „ფორმულას“ ჟურნალისტს რადიკალებმა პარლამენტის წინა ტერიტორიის დატოვება უბრძანეს და ხელის კვრით დაძრეს ადგილიდან - იქვე მეუფე იოანე გამრეკელიც იდგა. სულ რამდენიმე წამში კი, ხალხის ტალღაში შეთრეულ ჟურნალისტზე ფიზიკური ანგარიშსწორება დაიწყო. ვიდეომასალებში ისმის იქ მყოფთა ნაწილის შეძახილები - „ნუ ურტყამთ! ნუ ურტყამთ!“

ამ ეპიზოდის გაგრძელებაში ვხვდებით კიდევ ორ სასულიერო პირს, რომელიც გავეშებული ბრბოსგან ჟურნალისტის დაცვასა და, პოლიციელთან ერთად, მის სამშვიდობოს გაყვანას ცდილობს. სიძულვილის ჯგუფები მხოლოდ ამ ფრაგმენტზე აპელირებენ იმის დასტურად, რომ სასულიერო პირები ძალადობას აღუდგნენ წინ.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტი, რომელიც 5 ივლისს მოვლენებს ადგილზე აშუქებდა, შეესწრო ფაქტს, თუ როგორ ელაპარაკებოდა სასულიერო პირი „სამ დაკუნთულს“ და უხსნიდა მათ - „რქები უნდა დაატეხო, თორე შენ დაგატეხენო“.

5 ივლისს, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილებს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, გიორგი ჯამდელიანმა მიმართა. მან მოუწოდა შეკრებილებს, რომ თავი შეეკავებინათ ჟურნალისტებზე თავდასხმისგან - თუმცა იქვე დასძინა, რომ ესმის ხალხის გაბრაზება - „ფსიქოლოგიური ტერორის“ გამო და რომ „ერის დიდი ნაწილისთვის“ მიუღებელია, როცა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები „სულში ხელებს აფათურებენ“ და ქვეყნის სუვერენიტეტს ეხებიან.

6 ივლისს - ჯამდელიანის ტონი კიდევ უფრო გაუხეშდა. მისი სამიზნე იყო ძალადობის წინააღმდეგ შეკრებილთა აქცია „თავისუფლებისთვის“ და სოციალურ ქსელში გავრცელდა მუქარის შემცველი მისი მოწოდება ხელისუფლებისთვის, რომ პროცესები შეიძლება უმართავი გამხდარიყო:

,,ამ კრიტიკული ვითარებიდან გამოსავალია,სანამ უმართავ პროცესებში გადასულა სიტუაცია,დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები მთავრობამ და რუსთაველის გამზირიდან გაიყვანოს სოდომიტები და მათი დამცველი ოპოზიცია, რომლებიც პირდაპირ ეთერში ლანძღავენ ჩვენს ერს,ეკლესიას და პატრიარქს“.

7 ივლისს ჯამდელიანი ძალადობის გამართლებას უკვე „ალტ-ინფოს“ ეთერში ცდილობდა:

  • ერთი მხრივ, ის აღნიშნავს, რომ ფიზიკურ ანგარიშსწორებას არ ემხრობა; მაგრამ, მეორე მხრივ, იმასაც ამბობს, ძალადობა "ვინც ჩაიდინა, სიყვარულით ნაკარნახევია“ - რადგან ასეთს აქვს შიში, რომ ფეხქვეშ უთელავენ იმას, რასაც "მისი წინაპრები შეეწირნენ".
  • ჯამდელიანი ამ კონტექსტში პარალელს ქრისტესთანაც ავლებს, რომელმაც ვაჭრები ტაძრიდან გაყარა - „იძალადა მან? ქრისტე, რომელიც სიყვარულია, იძალადა?!“

ამ დღეებშიც, ალტერნატიულ აზრს მხოლოდ სასულიერო პირების მცირე ნაწილი გამოხატავს და მათ განცხადებებსაც მწვავე რეაქციები მოჰყვება.

მაგალითად, მანჩესტერისა და ბირმინგემის ქართული სამრევლოს წინამძღვარი, დეკანოზი ილია ჭიღლაძე „ალტ-ინფოს“ ეთერში მწვავედ გააკრიტიკა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა და თქვა, რომ ჭიღლაძეს ისედაც სასჯელი ელის.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG