ვასაძე ცდილობს, 2019 წლის ივნისში სხვენში შემოწყობილი „კომბლები“ იქვე დატოვოს და დაარწმუნოს ყველა, რომ აპირებს მშვიდ, არაძალადობრივ ურთიერთობებს, მათ შორის, მედიასთანაც, რომლის "უსასტიკესად დასჯას" ითხოვდა ახლო წარსულში. არ იცის, მიიღებს თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში მისი პოლიტიკური ძალა - იქამდე, უახლოეს მომავალში საზოგადოებრივ მოძრაობას დააფუძნებს.
- ვის მიმხრობას შეძლებს და ვის ხედავენ ექსპერტები ვასაძის სავარაუდო მხარდამჭერებს შორის?
- ვინ დგას ვასაძის უკან და მის გვერდით?
ულტრაკონსერვატორი შეხედულებების ბიზნესმენის, ლევან ვასაძის პოლიტიკოსად შესაძლო გარდაქმნის საკითხი ბოლო წლებში პერიოდულად ხდება განსჯის საგანი. 2013 წლის შემოდგომაზე, როცა ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტს ტოვებდა, ბევრი იმასაც მოელოდა, რომ შემცვლელად სწორედ ლევან ვასაძეს დაასახელებდა.
2019 წლის ზაფხულში, როდესაც ბიზნესმენი ვასაძე „თბილისი პრაიდის“ ჩასაშლელად ქუჩის რადიკალურ მოძრაობას ჩაუდგა სათავეში, ერთ-ერთ მიტინგზე ისიც თქვა, რომ ივანიშვილი მის „პოლიტიკაში ჩათრევას“ ძალით ცდილობდა და მას საიდუმლო საუბრების გახმაურებითაც დაემუქრა.
ვასაძის სავარაუდო კანდიდატურაზე მსჯელობდნენ პოლიტიკის ექსპერტები საპრეზიდენტო არჩევნების წინ და ზოგადად, გარკვეულ წრეებში, თითქმის ყველა არჩევნები მისი გამოჩენის ან გამოყენების მოლოდინს აჩენდა.
პოლიტიკაში მოსვლისა და „ქვეყნის გადარჩენის“ განზრახვა პირადად მან პირველად 2021 6 მაისს გაასაჯაროვა და იქვე თქვა, რომ მისი მიზანი, პრაქტიკულად, მესამე ცენტრად ჩამოყალიბებაა.
ლევან ვასაძე ამბობს, რომ პოლიტიკური საქმიანობისას სამომავლოდ უმიზნებს „საზოგადოების სამ შრეს“:
1. საზოგადოების 60%-ს - ვინც აღარ დადის არჩევნებზე და ნიჰილისტურად არის განწყობილი;
2. „ქოცების ელექტორატს“, რომელიც ხმას აძლევს ლოზუნგით - „ოღონდ ნაცები და მიშა არ დაბრუნდეს“;
3. ხალხის იმ ნაწილს, რომელიც „ისეა გამწარებული ქოცებზე და პირადად ბიძინაზე“, რომ დასჯის მიზნით „კოლექტიურ ნაცებს“ აძლევს ხმას.
ვინ (არ) დგას ვასაძის გვერდზე?
გვერდზე მდგომების ვინაობა ჯერ გასაიდუმლოებულია. ამბობს მხოლოდ იმას, რომ - ისინი ცნობილი სახეები არიან და რომ კავშირი არა აქვს, მაგალითად: გია გაჩეჩილაძესთან (უცნობთან), ექსპრემიერ გიორგი გახარიას სამომავლო პოლიტიკურ გეგმებთან და მის გუნდში არ იქნებიან არც "ნამახვანჰესთან" დაკავშირებული საპროტესტო მოძრაობის ლიდერები. თუმცა ვასაძე თავად აპირებს შეუერთდეს "რიონის ხეობის მცველთა" თბილისის აქციას.
ვიდრე თავის გასაიდუმლოებულ გუნდს გააცნობს, მომხრეების მოზიდვის მიზნით, როგორც თავად ამბობს, ლევან ვასაძე მთელ საქართველოს დაივლის, ხალხს შეხვდება და შემდეგ, 16 მაისს, ყველას 9 აპრილის ბაღში, აქციაზე დაელოდება.
ექსპერტების ნაწილი მოელის, რომ იდეოლოგიური მსგავსების გამო, ვასაძის აქციაზე იმ ხალხის დიდი ნაწილი მივა, რომლებიც გია გაჩეჩილაძემ 9 აპრილს რიყეზე შეკრიბა.
რატომ ახლა?
პოლიტოლოგი გია ნოდია ჩვენთან საუბარში ვარაუდობს, რომ ლევან ვასაძის პოლიტიკაში გამოჩენა „ქართული ოცნების“ დასუსტებით არის განპირობებული.
პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ ლევან ვასაძის პოლიტიკურ ძალას შეუძლია „ელექტორატი წაართვას უფრო მეტად „ქართულ ოცნებასა“ და „პატრიოტთა ალიანსს“, ხოლო ძირითადი ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლის მიმხრობას "ნაკლებად მოახერხებს".
ექსპერტები ფიქრობენ, რომ ელექტორატი ვასაძის გარშემო არა პოლიტიკური ან ფინანსური ფაქტორების გამო, არამედ უფრო იდეოლოგიური ნიშნით გაერთიანდება.
პოლიტოლოგისა და ტელეწამყვანის, არჩილ გამზარდიას აზრით, მის მხარდამჭერთა შორის შეიძლება ვიხილოთ: „ევროსკეპტიკოსები; პოსტსაბჭოური ნოსტალგიის მქონე პირები; ე.წ. ტრადიციების მიმდევრები, რომლებიც ჩაკეტილობას ამჯობინებენ; იმ პროპაგანდის მსხვერპლები, რომ მთელი მიმდინარე (დასავლური) პროცესები სახელმწიფოს ფუნდამენტს ეწინააღმდეგება“.
„მას ნამდვილად ექნება გარკვეული მხარდაჭერა და გააჩნია კიდევ, ამ ყველაფერს როგორ გაშლის თავის პროგრამაში. ფაქტია, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მის მიმართ გარკვეული მისტიციზმი გააჩნია“, - ამბობს გამზარდია.
ვინ დგას ვასაძის უკან?
თავად უარყოფს, მაგრამ ექსპერტებისა და პოლიტიკოსების ერთ ნაწილს ლევან ვასაძის გამოჩენა ბიძინა ივანიშვილის პროექტი ჰგონია - დასუსტებული „ქართული ოცნების“ ჩანაცვლების მიზნის ნაწილი.
მათ არ ეთანხმება არჩილ გამზარდია, რომელიც 2015 წლამდე აქტიურად თანამშრომლობდა „ქართულ ოცნებასთან“. ის ნაკლებად ვარაუდობს, რომ „ფსიქოტიპიდან გამომდინარე“, ბიძინა ივანიშვილი ასე იოლად შეეგუება თავისი შექმნილი პარტიის, „თავისი ნაკეთობის“ ჩანაცვლებას.
„მისი სტრატეგია უფრო არის სხვების დისკრედიტაცია იმ დონეზე, რომ მისი შექმნილი, ხარისხის მიუხედავად, უფრო გაყიდვადი იყოს“, - ეუბნება არჩილ გამზარდია რადიო თავისუფლებას.
ის უფრო ფიქრობს, რომ ლევან ვასაძემ პოლიტიკურ ლანდშაფტზე გარკვეული თავისუფალი სივრცე დაინახა და პოლიტიკური სპექტრის დასუსტებითა და არასტაბილურობით სარგებლობა გადაწყვიტა.
6 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ლევან ვასაძემ ბიძინა ივანიშვილს „უდიდესი ქველმოქმედი“ უწოდა, თუმცა როგორც პოლიტიკოსი გაანულა და ირონიულად მოიხსენია „ევროპის გაოცების“ ივანიშვილისეული იდეაც. ზოგადად კი, ვასაძის მიზანია, საქართველოში დაასრულოს "ლიბერალების მმართველობა" და "გლობალისტების გავლენები", „ტრადიციონალისტური, კონსერვატიული“ პრინციპების გამარჯვებით.
საზოგადოებრივი მოძრაობისა და პარტიის დაფინანსებაზე ლევან ვასაძე ამბობს, რომ ფული თავადაც აქვს და დამატებითი სახსრების მოზიდვას ბიზნესმენებისგან შეეცდება, სამომავლო თავისუფლების დაპირებითა და სრული გარანტიით.
ყველასათვის ცნობილია ლევან ვასაძის საგანგებო, მეგობრული ურთიერთობები პატრიარქის მოსაყდრესთან, მეუფე შიოსთან. შესაძლოა თუ არა, რომ ლევან ვასაძეს ეკლესიის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს? წყარო, რომელიც იცნობს ეკლესიის შიგნით არსებულ განწყობებს, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ვასაძე "წმინდა სინოდის საკმად დიდ ნაწილს არ მოსწონს".
„კარიერული გადაწყვეტილება რა ეკლესიის საქმეა“, - ასე პასუხობს თავად ვასაძე პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილების სასულიერო პირებთან სავარაუდო შეთანხმებასთან დაკავშირებულ შეკითხვას.
დგას თუ არა მის უკან რუსეთი?
ეს არის აქცენტი, რომელიც ლევან ვასაძეს განსაკუთრებით არ მოსწონს. ამბობს, რომ ქონების დიდი ნაწილი უკვე გადმოტანილი აქვს საქართველოში და რუსეთში ამჟამად მხოლოდ ზოომაღაზიების ქსელის მოწილე და სულ ერთი ბინის მფლობელია, რაც არანაირად არ უღირს იმად, რომ ამან რუსეთთან სამომავლო დათმობები აიძულოს. ვასაძე რუსეთში ბიზნესწილის გაყიდვას გეგმავს.
ამბობს, რომ პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, რუსეთისგან ოკუპირებული ტერიტორიების დათმობას პირდაპირი დიალოგით შეეცდება და "ძმაკაცობასაც" ჰპირდება, თუკი დაუბრუნეს, მაგრამ როგორ მოიქცევა რუსეთი, ეს ჯერ მისთვის ძნელი სათქმელია.
ვასაძე არ უარყოფს ახლო მეგობრობას ევრაზიული მოძრაობის დამფუძნებელთან, ანტიდასავლური პოლიტიკით გამსჭვალულ ულტრანაციონალისტ იდეოლოგთან, ალექსანდრ დუგინთან და ამბობს, რომ ის უკვე "გადაიბირა" და მისი დამსახურებაა, რომ 2015 წლის შემდეგ, საქართველოს ოკუპაციაზე დუგინს ძველებური განცხადებები აღარ გაუკეთებია.
დუგინის ანტიდასავლური განცხადებები კი მისი განწყობების მსგავსია - ვასაძის რიტორიკა ხშირად ბევრს კრემლის რიტორიკასაც ახსენებს.
ქართველი ულტრანაციონალისტი სხვადასხვა დროს აქტიურად ლანძღავდა საქართველოში მოქმედ საელჩოებს, ხოლო დასავლეთს გარყვნილების პროპაგანდის თავს მოხვევასა და იდენტობის დაკარგვის მცდელობაში ადანაშაულებდა. ერთგვარი "საპროგრამო" გამოსვლა ჰქონდა 2016 წელს, როდესაც თბილისმა უმასპინძლა მეათე „მსოფლიო საოჯახო კონგრესს“ სახელწოდებით - „ცივილიზაციის გზაჯვარედინზე: ოჯახი – თავისუფლებისა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების ბასტიონი“.
ანტიდასავლური განცხადებები ლევან ვასაძემ 6 მაისის პრესკონფერენციაზეც გააკეთა:
- დასავლეთი საქართველოს თავს ახვევს მისთვის მიუღებელ ფასეულობებს და ართმევს სუვერენიტეტს და მაგალითად „დანიელსონის დოკუმენტიც“ ამ მიზანს ემსახურება;
- დასავლეთს საქართველო გადაჰყავს „ხელით მართვაზე“ დამატებითი კრედიტების სანაცვლოდ და ამზადებს „ბერძნული სცენარისთვის“, რომელიც საბოლოოდ გაკოტრებასა და პერსპექტივაში, ისევ უცხოელი ექსპერტების რჩევით, სამუშაო ადგილების შემცირებას გულისხმობს.
- დასავლეთში არ იციან ზნეობისა და ოჯახის ფასი - „ისეთი სამარცხვინო კოლაფსი, როგორიც ახლა არის დასავლურ კულტურაში, არ მომხდარა“.
- დასავლეთი მხოლოდ ტექნოლოგიური სფეროებით არის მისაბაძი საქართველოსთვის; დანარჩენ სფეროებში საქართველომ რჩევებიც არ უნდა მიიღოს.
ნატოსა და ევროკავშირს ლევან ვასაძე არა ინტეგრაციის სამიზნეებად, არამედ მხოლოდ „ინსტრუმენტებად“ განიხილავს და თვლის, რომ ბალანსირებული პოლიტიკის ფარგლებში საუბარი მათთანაც იმ დოზით შეიძლება, როგორც სხვა ქვეყნებსა და საერთაშორისო სტრუქტურებთან; ხოლო საუბრის მთავარი მიზანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა იყოს.
ძალადობა, კომბლები
აკადემიური ტონის შენარჩუნებით, ლევან ვასაძე პრესკონფერენციაზე ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მის მიერ „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ 2019 წელს ორგანიზებული ქუჩის აქციების დროს, კომბლებთან, ხელების ქამრებით გადაკოჭვასა და სახალხო ლეგიონის შექმნასთან დაკავშირებული გეგმები მას არასწორად გაუგეს.
ვასაძე ამბობს, რომ ძალადობას აბრალებდნენ, რადგან იმ პერიოდში, მის მიერ ორგანიზებულ აქციებზე „თმის ერთი ღერიც არავის ჩამოვარდნია“, ხოლო „გავრილოვის ღამეს“ პოლიცია სისხლში იყო ამოსვრილი.
ამ დროს, 2019 წლის ზაფხულში, ლევან ვასაძე პოლიციასაც ემუქრებოდა და „კომბლების რევოლუციასაც“ ახსენებდა. შს სამინისტრომ მაშინ სისხლის სამართლის საქმეც აღძრა.
ლევან ვასაძის მიერ ორგანიზებულ აქციებზე ულტრანაციონალისტური, რადიკალური, ძალადობით გამორჩეული ჯგუფები იყრიდნენ თავს. ამ ძალებს სამომავლოდ ბევრი მის პოტენციურ ამომრჩევლებს შორისაც ხედავს.
გია ნოდია გვეუბნება, რომ შესაძლოა, ლევან ვასაძე მხოლოდ ძალადობასთან არ ასოცირდება, მაგრამ „ძალადობასთანაც ასოცირდება“ და შექმნილია შთაბეჭდილება, რომ „თავისი იდეოლოგიის დასაცავად ვასაძე მზად არის ძალაც გამოიყენოს“.
ლევან ვასაძის ბიოგრაფიიდან
ლევან ვასაძეს განათლება აქვს მიღებული საქართველოში, აშშ-სა და რუსეთში. ბიოგრაფიული მონაცემების თანახმად, თბილისის, ატლანტის, ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის უნივერსიტეტების გარდა, ლევან ვასაძე სწავლობდა ასევე მოსკოვის წმინდა ტიხონის მართლმადიდებლურ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში.
ის 1990 წლიდან სხვადასხვა დროს ცხოვრობდა და მუშაობდა რუსეთში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და საქართველოში. სხვადასხვა ეტაპზე იყო რუსული და საერთაშორისო კომპანიების დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, გენერალური დირექტორი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი თუ დირექტორი, ამჟამად ის არის რუსეთში მოქმედი ზოომაღაზიების ქსელის - Pet Retail Russia-ს დამფუძნებელი და მოწილე.
2006 წელს ლევან ვასაძემ საქართველოში დააარსა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია შპს "ბაგრატიონი 1882". მისი დაფუძნებულია ასევე ქართული ტრადიციული სამოსის კომპანია "სამოსელი პირველი"(2009 წელი).
ლევან ვასაძეს დაარსებული აქვს ასევე კიკეთის "იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქართული სასწავლებელი". 2010 წელს მან კიკეთში ასევე დააფუძნა სარაგბო კლუბი "იუნკერები". 2013 წლიდან ვასაძემ საქართველოს დემოგრაფიის აღორძინების ფონდის თავმჯდომარის პოსტი დაიკავა.