Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ვასაძემ პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მიიღო


ულტრანაციონალისტი ბიზნესმენი ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოსვლას აპირებს და აფუძნებს ორგანიზაციას „ერთობა, რაობა, იმედი".

"მივიღე ჩემთვის ძალიან მძიმე პირად ჭრილში გადაწყვეტილება, რომ დავემშვიდობო, ან საბოლოოდ დავემშვიდობო ჩემთვის ასე საყვარელი კერძო პირის მდგომარეობას და გადავდგა ნაბიჯი და შემოვიდე და მივიღო მონაწილეობა ამ ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე ლევან ვასაძემ და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული, სოციალური და იდეოლოგიური კრიზისის გამო მიიღო, ბოლო წვეთი მისთვის კი „დანიელსონის დოკუმენტის“ ხელმოწერა იყო:

"ამ დოკუმენტში ჩემი აზრით, გარდა ძალიან მძიმე გადაწყვეტილებებისა, დამნაშავეების ციხიდან კანონის დარღვევით გამოშვებისა, მოხდა ქვეყნისათვის კიდევ უფრო დამაზიანებელი რამ. ქვეყნის სუვერენიტეტის უხეში ხელყოფა და შემცირება იმიტომ, რომ აწი თუ ეს დოკუმენტი ბოლომდე განხორცილედა და ძალაში შევიდა, ამ დოკუმენტის შედეგად ჩვენს ქვეყანას მისი ისედაც შეზღუდული, შევიწროვებული მყიფე და მცირე სუვერენიტეტი, თითქმის აღარ რჩება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ აწი ჩვენი სახელმწიფო თვითონ ვეღარ წყვეტს, როგორ იმუშაოს ცესკომ და როგორ დათვალოს ხმები. ის ვეღარ წყვეტს, ვინ დანიშნოს მოსამართლედ და ვინ არა უცხოელების ჩარევის გარეშე და ისვე ვერარ წყვეტს, როგორ ამუშაოს ანტიკორუფციული ინსტიტუტები და სტრუქტურები თავის შიგნით. ეს სამივე ნებისმიერი სახელმწიფოს სუვერენიტეტისათვის საკვანძო, ფუნდამენტალური საკითხებია", - განაცხადა ლევან ვასაძემ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, საზოგადოებრივი მოძრაობა "ერთობა, რაობა, იმედი" აბრევიატურით "ერი" დიდი ალბათობით პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება.

საზოგადოებრივი მოძრაობის "ერთობა, რაობა, იმედის" პრეზენტაცია 16 მაისს გაიმართება. ლევან ვასაძის თქმით, მოძრაობის წევრების შეკრებაზე "ფართო დღის წესრიგი" იქნება დაყენებული, მანამდე კი მომხრეებთან და თანამოაზრეებთან შეხვედრებს რეგიონებში გამართავს.

ბიზნესმენი ლევან ვასაძე ულტრანაციონალისტური, ქსენოფობიური, ჰომოფობიური და პრორუსული განწყობებითაა ცნობილი.მის სახელს უკავშირდება რამდენიმე ჰომოფობიური აქციის ორგანიზება. ბიზნესმენ ლევან ვასაძე ერთ-ერთი იყო, ვინც იმუქრებოდა ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) კინოჩვენების ჩაშლით. მოგვიანებით იგი სათავეში ჩაუდგა ძალადობრივ ჯგუფებს, რომლებიც კომბლებით და ქამრებით აპირებდნენ თბილისი პრაიდის ღირსების მარშის ჩაშლასაც.

ლევან ვასაძეს 2013 წლის ნოემბერში საქართველოს სამეფო ოჯახმა რაინდის წოდება მიანიჭა.

XS
SM
MD
LG