Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ალაზანი ენერჯი“: "ხადორი 3"-ის მშენებლობა უახლოეს მომავალში განახლდება


პანკისის ხეობა
პანკისის ხეობა

პანკისის ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და, პარალელურად, საპროტესტო აქციების განახლება იგეგმება. "ხადორი 3"-ის მშენებლობა 29 ივნისს დაიწყო, თუმცა პროტესტის გამო მაშინ მუშაობა შეჩერდა. მოსახლეობა ამბობს, რომ თუკი ჰესი აშენდება, ხეობა სასმელი და სარწყავი წყლის გარეშე დარჩება, ასევე განადგურდება ეკოსისტემა. საპირისპიროს ამბობენ ჰესის მშენებელ კომპანიაში, თუმცა მათ მიმართ პრეტენზიები აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც. საქმეზე სასამართლოში სარჩელია შეტანილი.

პანკისის ხეობაში რამდენიმე დღეში ჰიდროელექტროსადგურ „ხადორი 3“-ის მშენებლობის განახლება იგეგმება. შესაბამისად, ხეობის მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ განახლდება საპროტესტო აქციებიც, რადგან, მათივე თქმით, თუკი ჰესი აშენდა, გარდაუვალი იქნება ეკოლოგიური კატასტროფა, დარჩებიან სასმელი და სარწყავი წყლის გარეშე; აგრეთვე შეიღობება ჰესისთვის განკუთვნილი ტერიტორიის მიმდებარე ფართობი და ისედაც მწირი საძოვრები კიდევ უფრო შემცირდება. ადგილობრივი შენგელი ტოხოშვილი ამბობს, რომ 4 სექტემბერს დუისის პოლიციის განყოფილების უფროსისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ ჰესის მშენებლობა განახლდება. როგორც ტოხოშვილი ამბობს, ინვესტორთან არსებობდა შეთანხმება, რომ 21 სექტემბერს შედგებოდა შეხვედრა, სადაც საკითხს ექსპერტების თანდასწრებით განიხილავდნენ, თუმცა შეიტყვეს, რომ 21 სექტემბერს აღარ ელოდებიან და ჰესის მშენებლობას იწყებენ. ტოხოშვილის თქმით, აქციები ხეობაში სწორედ ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ დაიგეგმა:

„ინვესტორები არ ელოდებიან 21 სექტემბერს და დაგეგმილ შეხვედრას ექსპერტებთან, ვინაიდან მათი კომპანია მიდის ზარალში და ამიტომ უნდათ, რომ სამუშაოები ახლავე დაიწყონ. მოსახლეობა კი მშენებლობის განახლების წინააღმდეგია, იმიტომ რომ ამ ჰესს სარგებელზე მეტი ზიანი მოაქვს ჩვენთვის. არ გვინდა, რომ შუა ხეობაში აშენდეს ჰესი. ხალხის მიერ დაანონსებულია აქციები. ჩვენ ჰესის მშენებლობას აუცილებად გავაპროტესტებთ“.

5 სექტემბერს მოსახლეობის ნაწილი სოფელ დუისის კულტურის ცენტრში შეიკრიბა და გააპროტესტა ჰიდროელექტროსადგურის „ხადორი 3“-ის მშენებლობის შესაძლო განახლება.
5 სექტემბერს მოსახლეობის ნაწილი სოფელ დუისის კულტურის ცენტრში შეიკრიბა და გააპროტესტა ჰიდროელექტროსადგურის „ხადორი 3“-ის მშენებლობის შესაძლო განახლება.

პანკისის ხეობაში რიგით მესამე ჰესს კომპანია "ალაზანი ენერჯი" აშენებს. ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 5,4 მეგავატი იქნება. მშენებლობა დაიწყო მიმდინარე წლის 29 ივნისს, მაგრამ მოსახლეობის პროტესტის გამო სამუშაოები მაშინვე შეჩერდა. კომპანია „ალაზანი ენერჯის“ მესაკუთრე ლაშა იორდანიშვილი გვეუბნება, რომ პირადად მასთან არანაირი შეთანხმება არ ყოფილა, რომ 21 სექტემბრამდე მუშაობა არ უნდა განახლებულიყო. იორდანიშვილის თქმით, მუშაობა რამდენიმე დღეში მას შემდეგ განახლდება, რაც ნებართვას მიიღებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან. მისივე განცხადებით, მცდარ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ, რეალურად კი „ხეობას არც სასმელი წყლის გარეშე დარჩენა ემუქრება და არც ეკოსისტემა განადგურდება“:

„ეკონომიკის სამინისტროს მითითების შემდეგ განვაახლებთ სამუშაოებს და ეს მოხდება, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში. ზუსტი თარიღი არ ვიცი და აუცილებლად გაგაგებინებთ. ყველანაირი პროცედურა დაცულია. იყო საჯარო განხილვები და შეთანხმებები მოსახლეობასთან. არსებობს სამშენებლო ნებართვა. არ იჭრება არც ერთი ხე და არ იტბორება არც ერთი კვადრატი. არ მოხდება არც ერთი ოჯახის განსახლება. არც კერძო საკუთრებას ექმნება საფრთხე“.

იმ დროს, როდესაც "ხადორი 3"-ის პროექტი იგეგმებოდა, განხილვებში მონაწილეობა არ მიუღია არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივას". ამ ორგანიზაციამ საკითხის შესწავლა ხალხის პროტესტის შემდეგ დაიწყო. "მწვანე ალტერნატივის" წარმომადგენლის, დავით ჭიპაშვილის, თქმით, ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დოკუმენტში დეტალურად არის აღწერილი პრობლემები, რომლებიც ჰესის აშენების შემთხვევაში დადგება. ჭიპაშვილი აქცენტს აკეთებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტზე, რომელსაც ის "უხარისხოს" უწოდებს.

"ხადორი 3"-ის მშენებლობის შეჩერებას ითხოვს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“. ორგანიზაციამ სასამართლოში სარჩელი მიმდინარე წლის ივლისში პანკისის ხეობის მოსახლეობის სახელით შეიტანა. EMC-ში ამბობენ, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ მშენებლობის ნებართვა მანამდე გასცა, ვიდრე გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტს მიიღებდა, რაც პრობლემაა. სადავოდ მიაჩნიათ თავად გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტიც. “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი ეთო გვრიტიშვილი გვეუბნება, რომ „ხადორი 3“-ის საქმეზე სასამართლო პროცესი ამ დრომდე არ არის ჩანიშნული:

„სასამართლო დავის ეტაპზე თუ არ შეჩერდება მშენებლობის ნებართვა, მოგვიანებით რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სასამართლომ, ვერ მოხდება გარემოსთვის მიყენებული ზიანის აღდგენა-რეაბილიტაცია. მაგალითად, სამი წლის შემდეგ რომ დააკმაყოფილოს სასამართლომ ჩვენი მოთხოვნა, რა შედეგი დადგება, თუკი მანამდე გათხარეს, მილები გაიყვანეს და ბუნება და ადგილობრივი ეკოლოგიური სისტემა განადგურდა?! სასამართლომ მოგვიანებით რომ დაამტკიცოს ეს სარჩელი, აღუსრულებელი გადაწყვეტილება იქნება“.

პანკისში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის წინააღმდეგ რამდენიმე აქცია უკვე გაიმართა. მოსახლეობა ამბობს, რომ ჰესი არ უნდა აშენდეს და თუკი მთავრობისა და მშენებელი კომპანიის მხრიდან საამისო მზაობა იქნება, მზად არიან შეთანხმებას აქციების გარეშეც მიაღწიონ.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG