საქართველოს მთავრობის მიერ მოწვეულმა ავსტრიულმა საკონსულტაციო კომპანია MC Mobility Consultants GmbH-მა საქართველოს წარმომადგენლობასთან (MCmaxgeorgia) ერთად კვლევითი სამუშაოები დაიწყო რუსთავამდე მიწისზედა მეტროს მშენებლობის პროექტირების მიზნით.
რუსთავის ვიცე-მერმა ბესიკ ტოგონიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ კომპანიის ექსპერტებმა რუსთავის ინფრასტრუქტურის სამსახურიდან უკვე მიიღეს რუსთავი-თბილისის მიმართულებით და, პირიქით, მგზავრთა ნაკადის შესახებ ინფორმაცია. ვიცე-მერმა თქვა, რომ ექსპერტები „სასიამოვნოდ გაკვირვებულები დარჩნენ“ მგზავრთა ნაკადის რაოდენობით.
ბესიკ ტოგონიძემ მათ შეახსენა, რომ მიმდინარე წლის იანვარში, მას შემდეგ, რაც რუსთავის მოსახლეობამ მწვავე პროტესტი გამოთქვა კომპანია „ინტერტრანსის“ მიერ თბილისი-რუსთავის მარშრუტზე მგზავრობის ღირებულების მოსალოდნელი გაზრდის გამო, მერიამ მგზავრთნაკადის დადგენის მიზნით, სამოქალაქო სექტორთან ერთად მონიტორინგი ჩაატარა. შედეგების თანახმად , რუსთავიდან თბილისში და, პირიქით, მხოლოდ მიკროავტობუსებით 25 ათასი ადამიანი მგზავრობს. გარდა ამისა, ვიცე-მერის ინფორმაციით, დაახლოებით 2 ათასი ადამიანი მგზავრობს მინივენებით, ნაწილი მსუბუქი ტაქსებით, დამატებით, მგზავრები გარდაბანი-თბილისის ხაზზე მოძრავი მატარებლით გადაადგილდებიან. საგულისხმოა, რომ მატარებელი დღეში ერთ რეისს ასრულებს, რაც ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს. ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტს ასევე იწვევს „ინტერტრანსის“ მუშაობის გრაფიკი, განსაკუთრებით პიკის საათებში, როცა თბილისსა თუ რუსთავში უამრავი ხალხი კომპანიის კუთვნილი მიკროავტობუსების მოლოდინშია. ბესიკ ტოგონიძის თქმით, განიხილება რუსთავამდე მიწისზედა მეტროს ხაზის მშენებლობის ორი ვარიანტი:
„ერთი ლილოდან, მეორე თბილისის აეროპორტიდან. წინასწარი ვარაუდით, მეტროს ვაგონების სალიანდაგო გადაერთება არსებულ სარკინიგზო მაგისტრალზე მოხდება დედაქალაქიდან დაახლოებით 20 კილომეტრში მდებარე გაჩიანის სარკინიგზო კვანძზე“.
2018 წლის 22 ოქტომბერს თბილისის მერმა კახი კალაძემ საზოგადოებას აცნობა, რომ დაგეგმილია სამგორიდან ლილოსა და აეროპორტის მიმართულებით მიწისზედა
მეტროს აშენება. კალაძის თქმით, პროექტის განხორციელება 2019 წლის ბოლოს დაიწყება და 90 მილიონი დოლარი დაჯდება.
პროექტის ფარგლებში, 8 ახალი სადგური აშენდება და მოემსახურება 200 000-ზე მეტ ადამიანს. გარდა ამისა, მიწისზედა მეტროს განვითარების მეორე ეტაპზე იგეგმება თბილისისა და რუსთავის დაკავშირება მიწისზედა მეტროს საშუალებით.
რუსთავის ვიცე-მერის ბესიკ ტოგონიძის თქმით, ის ესაუბრა ავსტრიული კომპანიის ექსპერტებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ, სავარაუდოდ, მიწისზედა მეტროს მოძრაობის ინტერვალი თბილისი-რუსთავის ხაზზე 15-დან 30 წუთამდე იქნება, თუმცა ეს საბოლოოდ ლოჯისტიკური კვლევისა და პროექტის საბოლოო შემუშავების შემდეგ გახდება ცნობილი.
მიწისზედა ლილოსა და აეროპორტის მიმართულებით, იქიდან კი რუსთავამდე მეტროს მშენებლობის პროექტი რამდენიმე თვეში უნდა დასრულდეს. რუსთავის ვიცე-მერის თქმით, მეტროს მშენებლობაზე ტენდერი, სავარაუდოდ, წლის ბოლოს გამოცხადდება.