Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ორი გზა არსებობს, რომ განვიხილოთ ევროკავშირის პასუხი უკრაინაში ომთან დაკავშირებით. პირველი პესიმისტური გაგებაა - მორჩილი, მთვლემარე ალიანსისა, რომელმაც დაუშვა, რომ მისი მეზობელი და, მასთან ერთად, უსაფრთხოების მთელი სტრუქტურა, რომელზეც მისი თავისუფლება და სიმდიდრე დგას, ცეცხლს მოეცვა. მეორე კი უფრო იმედიანი ხედვაა - რომ ალიანსმა ბოლოს და ბოლოს გამოიღვიძა, გაერთიანდა როგორც არასდროს და სოლიდარობისა და ტკივილის ისეთი ზომები გაატარა, რომლებსაც, ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ, ვერავინ წარმოიდგენდა.

იმას, თუ რომელი პასუხი უფრო სწორია, ჯერ ვერავინ დაადგენს. ვითარება ყოველ დღეს და ყოველ საათს იცვლება. სანამ უკრაინა ალყაშია, ეს უფრო თეორიული საკითხია. მაგრამ, საბოლოოდ მთელი კონტინენტი საკუთარ თავს ჰკითხავს - „ვიდრე ჰხვალ?“ - მოვესწრებით ახალ „ევროპულ რენესანსს“ და მთელი კონტინენტი ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი იქნება თუ წინ რაღაც ბევრად უარესი გველის?

„დაუჯერებლად გულუბრყვილო“, - ასე აღწერდნენ ყველაზე ხშირად ევროკავშირის დიპლომატები ალიანსის რეაქციას ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე. ყოველ შემთხვევაში, საწყის ეტაპზე მაინც. ახლა ყველა აღიარებს, რომ ამერიკის დაზვერვის მონაცემები უზუსტესი იყო. თუმცა, ეს ცოტამ თუ აღიარა, როცა საჭირო იყო. ბალტიის ქვეყნებს და პოლონეთს კი შეუძლიათ, ყველას უთხრან - „ხომ გეუბნებოდით?“ - მას შემდეგ, რაც ათწლეულების განმავლობაში ცივი ომის ისტერიკაში ჩარჩენილ მებრძოლებს ეძახდნენ.

თუმცა, ევროპელებს მხოლოდ ვითარების აღქმა არ შეშლიათ. დამსჯელი ზომები ძალიან გვიანი და ძალიან არასაკმარისი იყო. ერთად აღებული, უბრალოდ ბრიუსელის რეგულარული სანქციებია. რუსეთს ისინი ზიანს მიაყენებს, განსაკუთრებით საშუალო და გრძელ ვადებში, მაგრამ მყისიერი შედეგი არ ჰქონია - ყოველ შემთხვევაში, კრემლის გათვლებზე არ უმოქმედია.

გაუთავებელი კამათი, განსაკუთრებით SWIFT-ის სანქციებთან დაკავშირებით ბერლინში მტკივნეული საყურებელი იყო. სანქცია მიიღეს, მაგრამ არა სრულად. ზოგი ამბობს, რომ იმავე ზომებმა ირანთან დაკავშირებით იმუშავა და საჭიროა, რომ ჩვეულებრივ ხალხს ტკივილი ნაკლებად მიაყენონ. მაგრამ, სხვები ამბობენ, ექსტრაორდინარული მოვლენები ექსტრაორდინარულ პასუხს მოითხოვსო. მიზანში ამოიღეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი რუსული ინდუსტრია, მაგრამ სხვა ბევრი ბიზნესი დღემდე ვაჭრობს რუსეთთან - თითქოს არაფერი მომხდარაო. ფრენა აკრძალეს, მაგრამ ეს ხელს არ უშლის Air Serbia-ს, გაზარდოს ფრენების რაოდენობა რუსეთის მიმართულებით და პორტებიც ჩვეულებრივ მუშაობს. ოლიგარქებს სანქციები დაუწესეს, მაგრამ ყველას - არა. ბელარუსის სანქციები გაამკაცრეს და ხვრელები დაგმანეს, მაგრამ ჩნდება შეკითხვა - რატომ არ გააკეთეს ეს თავიდანვე, როდესაც ცხადი იყო, რომ მინსკთან ვაჭრობა კვლავ მშვენივრად მიმდინარეობდა?

კითხვა ისევ ძალაშია - რამდენი ადამიანი უნდა მოკვდეს უკრაინაში, რამდენი ქალაქი უნდა გაასწორონ მიწასთან და კიდევ რა უნდა მოიმოქმედოს ლუკაშენკას რეჟიმმა, ვიდრე ევროკავშირი შემდეგ ნაბიჯს გადადგამდეს? პასუხი ყოველთვის ერთია - ბრიუსელს მოქმედება ყოველთვის უნდა აიძულო.

ლეთარგიის ამბავია. იტალიაში კოვიდით მომაკვდავი ათასობით ადამიანის ფოტოები გახდა საჭირო, რომ ევროკავშირი გაერთიანებულიყო და პანდემიასთან ებრძოლა. სამხრეთ ევროპაში ბიზნესების მთელი თაობა განადგურდა, ვიდრე ევროპის ცენტრალური ბანკი პირობას დადებდა, რომ ყველაფერს იზამდა ევროს გადასარჩენად. როგორც ერთმა ცინიკურმა ევროკრატმა მითხრა: „კარგ კრიზისს ხელიდან არასოდეს ვუშვებთ“.

დიდი შანსია, რომ ახლაც ასე მოხდეს - რაგინდ უგულოდ და უხეშად უნდა ჟღერდეს ეს უკრაინელებისათვის, რომლებიც ახლა არსებობისთვის იბრძვიან.

მაგრამ, ისიც მართალია, რომ ევროკავშირმა ბოლო 6 დღის განმავლობაში მეტი გააკეთა, ვიდრე ბრიუსელის გაშუქების 15 წლის განმავლობაში მინახავს.

კი, უპრეცედენტო დროში ვცხოვრობთ, მაგრამ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს ვნახავდი. უცებ აღმოჩნდა, რომ შესაძლებელია ევროკავშირში RT-ს და Sputnik-ის აკრძალვა. სულ რაღაც 24 საათი ეყო. ველაპარაკე დიპლომატებს, რომლებიც საკანონმდებლო აქტებს ელვის სისწრაფით იღებენ და არა თვეობით მოლაპარაკებების შემდეგ. ევროკავშირმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა მშვიდობის დარგში, ყველაზე დიდი ტაბუ დაარღვია და უკრაინას ნახევარი მილიარდი ევრო გადასცა იარაღის საყიდლად.

მერე კი პუტინს მისი ლოიალისტები - მილოშ ზემანი და მარინ ლე პენიც განუდგნენ. ბრიუსელის დერეფნებში კი სერიოზულად ალაპარაკდნენ კიევის ევროკავშირში გაწევრიანების რეალურ პერსპექტივაზე. ირონიულია, რომ უკრაინა ახლა ისე ახლოსაა ევროკავშირის წევრობასთან, როგორც არასდროს. ეს ჯერ კიდევ ოცნებად რჩება, მაგრამ მან ოდნავ მაინც შეისხა ხორცი.

ყველაზე კარგის მომასწავებელი ასპექტი კი იმის დანახვაა, თუ როგორ გამოდიან ევროკავშირის მოქალაქეები მთელ კონტინენტზე უკრაინის მხარდასაჭერად, მილიონებს სწირავენ და უკრაინის საზღვართან მიდიან ადამიანების დასახმარებლად. აქ დათესილი მარცვლები გაიზრდება და, მიუხედავად იმისა, თუ როგორ დამთავრდება ომი, რა სახის უბედურება მოჰყვება მას, ბოლო დღეებში დაწყებული პოზიტიური პროცესები ძალიან რთული შესაჩერებელი იქნება.

თურმე, მართლა შესაძლებელი ყოფილა ქართველობის წართმევა. ეს სამომავლო საფრთხე აღარაა - მოხდა უკვე.

რას წარმოვიდგენდი ცხოვრებაში, რომ მსოფლიო რუსეთს დაუპირისპირდებოდა და ჩვენ ამ კონფლიქტში ჩვენ ძმებს და დებს, ჩვენ უახლოეს მეგობრებს, ჭირში და ლხინში გვერდით მდგომებს, ამ ომში ობიექტურად, აბსოლუტურად, ასი პროცენტით მართალ მხარეს ვუგანებდით და რუსების მხარეს დავიჭერდით? თან რატომ, იმიტომ რომ შეგვეშინდა?

ეგ გვასწავლეს მშობლებმა? ეგ გვასწავლეს სკოლაში? ეგ წერია ჩვენს წიგნებში?

ეგაა ქართველობა?

თუ კიდევ ვინმე გულუბრყვილოს კიდევ ჰგონია, რომ სინამდვილეში ჩვენ საკმარისი მხარდაჭერა გამოვხატეთ 300 ათასი დოლარით და რამდენიმე უგულო ტვიტით - ჯერ მოდი, იმას შეხედეთ, ვინ გვაქებს და ვის ვაწყენინეთ? გვაქებენ მარგარიტა სიმონიანი და დუმის ვიღაც დეპუტატი, რომლის სახელის დაძებნაც არ მინდა, რა მნიშვნელობა აქვს პუტინის მიერ სენატში დასმულმა რომელმა ცხენმა დაიჭიხვინა.

უკრაინელები ამ დროს გაოგნებულნი გვიყურებენ - ესენი რეებს სჩადიანო. ეგენი ქართველები არ არიანო?

აღარა ვართ. ჩვენ ვართ კაცნი უგუნურნი, რომლებიც მოყვარესა მოყვარულსა სწირავენ. კაცნი აუგიანი, ცრუ და ღალატიანი. სიცოცხლე ნაზრახი სიკვდილს კი არა, ყველაფერს ურჩევნიათ. ეგრე ცხოვრობენ. ნაზრახად. უღირსად.

ეგაა ქართველობა?

მთავრობის ლაჩრული საქციელი ჩვენი ყველას სირცხვილია. სათითაოდ ყველასი. ჩვენი შვილების სირცხვილია. იმიტომ, რომ ისინი საქართველოს სახელით მოქმედებენ, ჩვენი სახელით მოქმედებენ და ამის სრულიად ლეგიტიმური უფლება აქვთ.

რა, ბევრ რუსს არ უწევს ეხლა დაჩოქება და ტირილით ბოდიშების მოხდა, ჩვენ სხვა ვართ და პუტინი ცუდიაო? გერმანელებს არ უწევთ დღემდე ჰიტლერის გამო სინანული?

ახლა რა, უკრაინელ მეგობრებს უნდა ვუხსნათ, რომ ჩვენ სხვა ვართ და ჩვენი ქვეყანა - სხვა? რანაირად ვართ სხვა? იმას, რასაც საქართველო სჩადის ჩვენ ყველანი ვაკეთებთ. ვაფრიალოთ ეხლა დროშები და დიდება გმირებს ვიყვიროთ - ვის რაში ჭირდება.

ამ ისტორიულ მომენტში საქართველო ჩასვრილი დგას ისტორიის არასწორ მხარეს. ამ სირცხვილს ქვეყანა სულ მცირე ათწლეულები ვერ მოიწმენდს.

ამ შერცხვენილი საქართველოს მეთაურია ადამიანი, რომელსაც არ სწამს ვაქცინის, სანქციების და ქართველობის - მეგობრის ლაჩრულ ღალატს გონივრულობად და ეროვნულობად გვასაღებს და ოდნავადაც ვერ გრძნობს იმ თანამდებობის მნიშვნელობას, რომელზეც დასვეს და საიდანაც, ხაზი გადაუსვა თაობების მონაპოვარს.

არა აქვს მნიშნელობა, რას ამბობს. მთავარია - როგორ ამბობს. ისე ამბობს, რომ პუტინის დამქაშებს გაეხარდეთ.

ირაკლი ღარიბაშვილი და მისი ამფსონები (ბიძინიანად თუ უბიძინოდ, მაგრამ, თუ ძმა ხარ რა, რანაირად უბიძინოდ?) წყალში ყრიან იმ საქმეს, რომელიც, ცუდი რამეების პარალელურად, გაუკეთებიათ ზვიადს, ედუარდს, მიშას და, თუნდაც ბიძინას.

ევროკავშირში ინტეგრაციაზე და დასავლურ მისწრაფებებზე და ეგეთებზე აღარაა ლაპარაკი. ქართველობაზეა ლაპარაკი, რომელსაც აღარ გვართმევენ. წაგვართვეს.

ამ დროს აღარანაირი საჭიროება აღარა აქვს დიდხნიან უსაგნო კამათს, რუსეთის პროექტია თუ არა „ქართული ოცნება“. რა მნიშვნელობა აქვს, ანტიქართული საქმე მთავრობას კრემლმა უბრძანა თუ თავად მოიფიქრეს? რა განსხვავებაა, თეა წულუკიანს ნარიშკინმა უთხრა, ზელენსკის ტონკად დაემუქრეო თუ თავისით მოიფიქრა? რა აზრი აქვს იმის გარკვევას, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ უგვანად ნათქვამი სამარცხვინო სიტყვები კაგებემ დაუწერა თუ ვინმე ასისტენტმა? აი, მიხეილ ყაველაშვილმა დღეს საკუთარ თავს დედა შეაგინა - ან შეგნებულად, ან კი - შეუგნებლად. რა მნიშვნელობა აქვს, აცნობიერებს ამას თუ არა?

თუ რუსების საქმეს არ ვაკეთებთ, უკრაინელმა ძმებმა ჩვენგან ელჩი საკონსულტაციოდ რატომ გაიწვიეს? შუა ომში. გვამების დამარხვის პარალელურად. დაბომბვებს შორის. კონსულტაციებისთვის ცალიათ?

ძაანაც კაი ქნა რომ გაიწვია. იმიტომ რომ ჩვენ ის ქართველები აღარა ვართ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG