თურმე, მართლა შესაძლებელი ყოფილა ქართველობის წართმევა. ეს სამომავლო საფრთხე აღარაა - მოხდა უკვე.
რას წარმოვიდგენდი ცხოვრებაში, რომ მსოფლიო რუსეთს დაუპირისპირდებოდა და ჩვენ ამ კონფლიქტში ჩვენ ძმებს და დებს, ჩვენ უახლოეს მეგობრებს, ჭირში და ლხინში გვერდით მდგომებს, ამ ომში ობიექტურად, აბსოლუტურად, ასი პროცენტით მართალ მხარეს ვუგანებდით და რუსების მხარეს დავიჭერდით? თან რატომ, იმიტომ რომ შეგვეშინდა?
ეგ გვასწავლეს მშობლებმა? ეგ გვასწავლეს სკოლაში? ეგ წერია ჩვენს წიგნებში?
ეგაა ქართველობა?
თუ კიდევ ვინმე გულუბრყვილოს კიდევ ჰგონია, რომ სინამდვილეში ჩვენ საკმარისი მხარდაჭერა გამოვხატეთ 300 ათასი დოლარით და რამდენიმე უგულო ტვიტით - ჯერ მოდი, იმას შეხედეთ, ვინ გვაქებს და ვის ვაწყენინეთ? გვაქებენ მარგარიტა სიმონიანი და დუმის ვიღაც დეპუტატი, რომლის სახელის დაძებნაც არ მინდა, რა მნიშვნელობა აქვს პუტინის მიერ სენატში დასმულმა რომელმა ცხენმა დაიჭიხვინა.
უკრაინელები ამ დროს გაოგნებულნი გვიყურებენ - ესენი რეებს სჩადიანო. ეგენი ქართველები არ არიანო?
აღარა ვართ. ჩვენ ვართ კაცნი უგუნურნი, რომლებიც მოყვარესა მოყვარულსა სწირავენ. კაცნი აუგიანი, ცრუ და ღალატიანი. სიცოცხლე ნაზრახი სიკვდილს კი არა, ყველაფერს ურჩევნიათ. ეგრე ცხოვრობენ. ნაზრახად. უღირსად.
ეგაა ქართველობა?
მთავრობის ლაჩრული საქციელი ჩვენი ყველას სირცხვილია. სათითაოდ ყველასი. ჩვენი შვილების სირცხვილია. იმიტომ, რომ ისინი საქართველოს სახელით მოქმედებენ, ჩვენი სახელით მოქმედებენ და ამის სრულიად ლეგიტიმური უფლება აქვთ.
რა, ბევრ რუსს არ უწევს ეხლა დაჩოქება და ტირილით ბოდიშების მოხდა, ჩვენ სხვა ვართ და პუტინი ცუდიაო? გერმანელებს არ უწევთ დღემდე ჰიტლერის გამო სინანული?
ახლა რა, უკრაინელ მეგობრებს უნდა ვუხსნათ, რომ ჩვენ სხვა ვართ და ჩვენი ქვეყანა - სხვა? რანაირად ვართ სხვა? იმას, რასაც საქართველო სჩადის ჩვენ ყველანი ვაკეთებთ. ვაფრიალოთ ეხლა დროშები და დიდება გმირებს ვიყვიროთ - ვის რაში ჭირდება.
ამ ისტორიულ მომენტში საქართველო ჩასვრილი დგას ისტორიის არასწორ მხარეს. ამ სირცხვილს ქვეყანა სულ მცირე ათწლეულები ვერ მოიწმენდს.
ამ შერცხვენილი საქართველოს მეთაურია ადამიანი, რომელსაც არ სწამს ვაქცინის, სანქციების და ქართველობის - მეგობრის ლაჩრულ ღალატს გონივრულობად და ეროვნულობად გვასაღებს და ოდნავადაც ვერ გრძნობს იმ თანამდებობის მნიშვნელობას, რომელზეც დასვეს და საიდანაც, ხაზი გადაუსვა თაობების მონაპოვარს.
არა აქვს მნიშნელობა, რას ამბობს. მთავარია - როგორ ამბობს. ისე ამბობს, რომ პუტინის დამქაშებს გაეხარდეთ.
ირაკლი ღარიბაშვილი და მისი ამფსონები (ბიძინიანად თუ უბიძინოდ, მაგრამ, თუ ძმა ხარ რა, რანაირად უბიძინოდ?) წყალში ყრიან იმ საქმეს, რომელიც, ცუდი რამეების პარალელურად, გაუკეთებიათ ზვიადს, ედუარდს, მიშას და, თუნდაც ბიძინას.
ევროკავშირში ინტეგრაციაზე და დასავლურ მისწრაფებებზე და ეგეთებზე აღარაა ლაპარაკი. ქართველობაზეა ლაპარაკი, რომელსაც აღარ გვართმევენ. წაგვართვეს.
ამ დროს აღარანაირი საჭიროება აღარა აქვს დიდხნიან უსაგნო კამათს, რუსეთის პროექტია თუ არა „ქართული ოცნება“. რა მნიშვნელობა აქვს, ანტიქართული საქმე მთავრობას კრემლმა უბრძანა თუ თავად მოიფიქრეს? რა განსხვავებაა, თეა წულუკიანს ნარიშკინმა უთხრა, ზელენსკის ტონკად დაემუქრეო თუ თავისით მოიფიქრა? რა აზრი აქვს იმის გარკვევას, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ უგვანად ნათქვამი სამარცხვინო სიტყვები კაგებემ დაუწერა თუ ვინმე ასისტენტმა? აი, მიხეილ ყაველაშვილმა დღეს საკუთარ თავს დედა შეაგინა - ან შეგნებულად, ან კი - შეუგნებლად. რა მნიშვნელობა აქვს, აცნობიერებს ამას თუ არა?
თუ რუსების საქმეს არ ვაკეთებთ, უკრაინელმა ძმებმა ჩვენგან ელჩი საკონსულტაციოდ რატომ გაიწვიეს? შუა ომში. გვამების დამარხვის პარალელურად. დაბომბვებს შორის. კონსულტაციებისთვის ცალიათ?
ძაანაც კაი ქნა რომ გაიწვია. იმიტომ რომ ჩვენ ის ქართველები აღარა ვართ.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.