Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ორშაბათი, 7 თებერვალი 2022

8 თებერვალი, როგორც პირველი ქართული უნივერსიტეტის გახსნის დღე, წარმოუდგენელია უნივერსიტეტის დამფუძნებელი მამების - ივანე ჯავახიშვილის, პეტრე მელიქიშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის, იოსებ ყიფშიძისა და სხვათა ხსენების გარეშე; წარმოუდგენელია უნივერსიტეტის იდეის მთავარი მატარებლის, ილია ჭავჭავაძისა და უნივერსიტეტის ფიზიკური სხეულის შემქმნელების, ნიკო ცხვედაძისა და სვიმონ კლდიაშვილის გახსენების გარეშე, თუმცა საქართველოში იყო დრო, როცა უნივერსიტეტის დაარსების მრგვალი, საიუბილეო თარიღების აღმნიშვნელ ღონისძიებებსა და წერილებშიც კი მხოლოდ საბჭოთა პარტიული და სახელმწიფო მოღვაწეების თითიდან გამოწოვილი ღვაწლი აღინიშნებოდა. როგორც წესი, ახსენებდნენ ლენინს, სტალინს, ბერიას და მოლოტოვსაც კი და იქმნებოდა ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს თბილისის ქართული უნივერსიტეტის გახსნა რაღაც ფორმით ბოლშევიკებისა და ამხანაგ სტალინის ძალისხმევის შედეგი იყო. ცხადია, შემთხვევით არ ეწოდა თბილისის უნივერსიტეტს სტალინის სახელი და არც უნივერსიტეტის გაზეთს დაერქვა შემთხვევით ჯერ „პროლეტარ სტუდენტთა ხმა“, შემდეგ კი „საბჭოთა უნივერსიტეტის ხმა“, „ბოლშევიკური კადრებისათვის“ და „ახალგაზრდა სტალინელი“.

უნივერსიტეტის ეზო. 2022 წელი
უნივერსიტეტის ეზო. 2022 წელი

ისტორიისა და წარსულის ფალსიფიკაციამ, რასაც რუსეთის ფედერაციის დღევანდელი ხელისუფლება იურიდიული და ადმინისტრაციული მეთოდებით ებრძვის, სინამდვილეში არნახულ, დაუჯერებელ მასშტაბებს მიაღწია მისი წინამორბედი ხელისუფლებების დროს, თუმცა დღეს რუსეთის პოლიტიკური ელიტა ფიქრობს, რომ „სტალინის გადაჭარბებული დემონიზაცია“ სხვა არაფერია, თუ არა საბჭოთა კავშირსა და რუსეთზე თავდასხმის ერთ-ერთი გზა. არადა, სინამდვილეში, საუბარია სწორედ საბჭოთა პერიოდში ფალსიფიცირებული ისტორიის გასწორებასა და სიმართლის დადგენაზე...

საქართველოს ისტორიის საბჭოური ფალსიფიკაციის საუკეთესო ნიმუშად გამოდგება 1938 წლის თებერვალი, როცა ქვეყანა აღნიშნავდა თბილისის უნივერსიტეტის 20 წლის იუბილესა და საქართველოს გასაბჭოების მორიგ წლისთავს.

უცნაურია, მაგრამ ქართველ მწერალთა მთავარ ორგანოს, „ლიტერატურულ გაზეთს“, საერთოდ არ „გახსენებია“ უნივერსიტეტის დღეობა, სამაგიეროდ, არაერთი პუბლიკაცია მიუძღვნა წითელი არმიის 20 წლისთავსა და საქართველოში „მენშეკიკების წინააღმდეგ მომხდარი სახალხო აჯანყების“ მე-17 წლისთავს.

„ქართველი ხალხის გამყიდველმა მენშევიკებმა უცხოეთის კაპიტალისტების, ინტერვენტების ხიშტების დახმარებით მოინდომეს მუშათა და გლეხთა აჯანყების სისხლში ჩახშობა... მაგრამ კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით მებრძოლი ხალხი ჰქმნის შეიარაღებულ ძალებს, აწყობს წითელ პარტიზანულ რაზმებს, რომელნიც თავგამოდებით იბრძვიან მენშევიკებისა და უცხოელი ინტერვენტების ბატონობის დასამხობად“, - „ლიტერატურული საქართველო“ ისტორიის ბანალურ, პროზაულ ფალსიფიკაციას არ სჯერდება და თავდაყირად წარმოჩენილ ფაქტებს „ხალხური პოეზიის“ ნიმუშებით ამყარებს:

ვხოცეთ და ვხოცეთ გვარდია
დაეხსომებათ მარადა!
ისე ვიბრძოდით გლეხშვილნი,
თავი გვეგონა ლომადა,
გვარდიელები დამფრთხალნი
გარბოდნენ ცალი-ცალადა“.

არადა, არანაირი აჯანყება და გვარდიის წინააღმდეგ გლეხების ბრძოლა არ ყოფილა 1921 წლის თებერვალში. საქართველოს ოკუპაცია რუსეთის კომპარტიისა და წითელი არმიის ერთობლივი მოქმედების შედეგი იყო.

უნივერსიტეტის ეზო.2022 წელი
უნივერსიტეტის ეზო.2022 წელი

კიდევ უფრო „უცნაურად“ არის აღწერილი უნივერსიტეტის ისტორია 1938 წლის ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნების“ მე-3 ნომერში გამოქვეყნებულ წერილში „თბ. სახელმწიფო უნივერსიტეტის 20 წლისთავი“, სადაც საერთოდ არ არიან ნახსენები არც ივანე ჯავახიშვილი და არც ვინმე სხვა, ვისაც რამე პირდაპირი ან ირიბი კავშირი ჰქონდა თბილისის უნივერსიტეტის დაარსებასთან. სამაგიეროდ, წერილიდან მკითხველი შეიტყობს, რომ ამხანაგი მოლოტოვი 1912 წლის 26 მაისის გაზეთ „პრავდაში“, თურმე „სასტიკად დასცინოდა“ მეფის მთავრობას იმის გამო, რომ: „30 წელზე მეტია კავკასიის მოსახლეობა თხოულობს უნივერსიტეტის გახსნას თბილისში. ამ მიზნისთვის უკვე შეგროვილია 2 მლნ მანეთზე მეტი, მაგრამ კავკასიის უნივერსიტეტი მაინც არ არის... მეფის ეპოლეტებიანი მოხელეები ათასგვარ ყალბ ინფორმაციას აწვდიდნენ მეფეს საქართველოს შესახებ, ქართველი ხალხის ბუნტარული ბუნების შესახებ და ამის გამო მეფე შიშისგან ცახცახებდა და ამიერკავკასიაში საშინლად აძლიერებდა რეპრესიებს მშრომელი ხალხის დასათრგუნავად“.

წერილი ისეა დაწერილი, თითქოს ბოლშევიკები იბრძოდნენ ქართული უნივერსიტეტის შექმნისთვის. არადა, სტატიაში ნახსენები „კავკასიის უნივერსიტეტი“ (სინამდვილეში „ამიერკავკასიის რუსული უნივერსიტეტი“) თვისებრივად სხვა სასწავლებელი იყო, რომელიც სწორედაც რომ ქართული უნივერსიტეტის საპირწონედ და ალტერნატივად გამოიყენებოდა.

1918 წელს რადგან საქართველოს დამოუკიდებლობა ჯერ არ ჰქონდა გამოცხადებული, თბილისის ქართული უნივერსიტეტის დებულება უნდა დაემტკიცებინა დროებითი მთავრობის განათლების სამინისტროს, რომლის არაკეთილსინდისიერება ღიად ამხილა აკაკი შანიძემ 1917 წლის 14 ოქტომბერს გაზეთ „სახალხო საქმეში“ გამოქვეყნებულ სტატიაში „ორი უნივერსიტეტი“, რომლის მიხედვითაც, რუსეთის დროებითი მთავრობა ყველანაირად (მათ შორის, მატერიალურადაც) ახალისებდა ამიერკავკასიის რუსული უნივერსიტეტის გახსნას თბილისში, მაშინ როცა ქართული უნივერსიტეტის დებულების დამტკიცებას საშველი არ დააყენა. საბოლოო ჯამში, ქართული უნივერსიტეტი რუსეთის მთავრობის ნებართვის გარეშე გაიხსნა.

თბილისის უნივერსიტეტის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ სტატიაში ასევე ნახსენებია ლავრენტი ბერია (რომელიც „საუკეთესო პირობებს უქმნის სასწავლებელს მუშაობისთვის“) და სტალინი, რომლის საქმის გამარჯვების შემდეგ „დაიწყო ისეთი მეცნიერების აყვავება, რომელიც ხალხს კი არ ემიჯნება, ხალხისგან შორს კი არ იჭერს თავს, არამედ მზად არის ემსახუროს ხალხს“.

ბუნებრივია, უნივერსიტეტის იუბილეს გამოეხმაურა სასწავლებლის გაზეთი „ბოლშევიკური კადრებისათვის“ (1938 წ. N14), სადაც მცირე მოცულობის სტატიაში, რომლის ავტორი უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი აკაკი შანიძეა, ნათქვამია, რომ „ოცი წლის წინად მეცნიერთა ერთმა ჯგუფმა კერძო თაოსნობით და პროფ. ივანე ჯავახიშვილის მეთაურებით შესძლო საფუძველი ჩაეყარა უმაღლესი სასწავლებლისათვის“.

1938 წელს უკვე შეიძლებოდა ივანე ჯავახიშვილის ხსენება, თუმცა მანამდე (1926 წლის 23 ივნისს) სასწავლებლიდან გააგდეს ბრალდებით, „უნივერსიტეტს შუა საუკუნეებისკენ მიაქანებსო“ და წლების განმავლობაში ლექციების წაკითხვის საშუალება არ მისცეს.

უნივერსიტეტეის ერთ-ერთი კედელი. 2022 წელი
უნივერსიტეტეის ერთ-ერთი კედელი. 2022 წელი

საბჭოთა ხელისუფლება მრავალი ათეული წლის განმავლობაში ამკვიდრებდა აზრს, რომ პირველი რესპუბლიკის მთავრობამ „დაღუპვის კარამდე მიიყვანა ჩვენი უმაღლესი სასწავლებელი“ და რომ არა ბოლშევიკთა მზრუნველი პარტია, სასწავლებელში ნამდვილი მეცნიერული მუშაობა ვერ გაიშლებოდა.

არადა, სინამდვილეში, საქართველოს ეროვნული საბჭო უშუალო მონაწილეობას იღებდა ქართული უნივერსიტეტის გახსნაში. აკაკი ჩხენკელი იმავდროულად ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების თავმჯდომარეც იყო და სწორედ მან წარმოთქვა პირველი და უაღრესად შთამბეჭდავი სიტყვა 1918 წლის 8 თებერვალს უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიაზე.

„ერს, რომელსაც არა აქვს სამეცნიერო ტაძარი, არ შეუძლია თქვას, რომ იგი სრულ ასაკოვანია. როცა მე მესმოდა საზღვარ-გარეთ საქართველოს შესახებ საგმირო ამბები, თუ რა მონაწილეობას იღებდა იგი განმათავისუფლებელ მოძრაობაში, - მაშინ მეკითხებოდნენ, რამდენი უნივერსიტეტი, პოლიტეხნიკუმი და სხვა უმაღლესი სასწავლებელია საქართველოშიო. და მე ამ შეკითხვაზე მხოლოდ გაწითლებით ვუპასუხებდი: ჩვენ არ შეგვეძლო მიგვეღო განათლება სამშობლო ენაზე. რა ერია ის ერი, რომელსაც არა აქვს საშუალება ისარგებლოს მეცნიერების ნაყოფით სამშობლო ენაზე...“

საქართველოს პირველ რესპუბლიკაში თბილისის უნივერსიტეტი, ისევე როგორც მეტ-ნაკლებად ყველა დაწესებულება, მართლაც დიდ ფინანსურ შეჭირვებას განიცდიდა, მაგრამ ამას ჰქონდა მთავრობისგან დამოუკიდებელი მიზეზებიც, რადგან თავისი არსებობის ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში, ქვეყანას რამდენჯერმე მოუხდა როგორც გარედან ინსპირირებული აჯანყებების ჩახშობა, ასევე საომარ მოქმედებებში ჩაბმა, რამაც დანგრეული ეკონომიკის აღდგენა მეტად შეაფერხა, დაიწყო როგორც ინფლაცია, ასევე ეროვნული ფულის ნიშნების საოცარი დევალვაცია, ამიტომ ხელფასები ვეღარ აკმაყოფილებდა ელემენტარულ საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებებს. აუტანელ მატერიალურ გაჭირვებას განიცდიდნენ უნივერისტეტის როგორც პროფესორ-მასწავლებლები, ასევე სტუდენტობა.

„აღიძრას შუამდგომლობა მთავრობის წინაშე, რათა უნივერსიტეტის სამეცნიერო პერსონალის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. არჩეული იქნას კომისია, შ. ნუცუბიძის, კ. კეკელიძისა და გ. ახვლედიანის შემადგენლობით, რომელსაც დაევალება აცნობოს მთავრობას პროფესორ-მასწავლებელთა გაჭირვებული მდგომარეობა, რათა ხელისუფლებამ გამონახოს საშუალება შინაურული გზით (სურსათ-სანოვაგით, შეშით და სხვათა სახით) უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილი პროფ-მასწავლებელთა მდგომარეობის შესამსუბუქებლად“, - ვკითხულობთ უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს 1920 წლის 15 ოქტომბრის დადგენილებაში.

ასევე შემორჩენილია ივანე ჯავახიშვილის შუამდგომლობა მომარაგების კომისარიატისადმი: „ავადმყოფ პეტრე მელიქიშვილს გამოეყოს ცოტა პროდუქტი, რადგანაც იგი აუტანელ გაჭირვებაში იმყოფება“.

თუმცა, მიუხედავად ამგვარი გაჭირვებისა, ივანე ჯავახჯიშვილი მაინც კმაყოფილი შენიშნავდა, რომ უნივერსიტეტი, როგორც ახალბედა სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულება, მაინც ვითარდებოდა და წინ მიიწევდა:

„უნივერსიტეტს საფუძველი ჩაეყარა 369 სტუდენტით და 89 მსმენელით, 1920 წლის შემოდგომის სემესტრში კი სტუდენტ-მსმენელთა საერთო რიცხვმა 2814-ს მიაღწია, პროფესორ-დოცენტთა ლექტორების რიცხვმა 66 შეადგინა, ხოლო ასისტენტ ლაბორანტ-ორდინატორებისა კი 61-ს. 49 პროფესორ-დოცენტთაგან 38 ქართველია, ხოლო 11 რუსი პროფესორი“.

ივანე ჯავახიშვილი
ივანე ჯავახიშვილი

ივანე ჯავახიშვილმა ზუსტად იცოდა, რა უფრო დიდი უბედურება იყო საქართველოსა და უნივერსიტეტისთვის - პურის, ლობიოს, შაქრის, ბრინჯის, მარილის, ჩაის, წუმწუმის, სარეცხი საპნისა და ნავთის სიძვირე თუ თავისუფლების დაკარგვა. შემთხვევით არ იყო, რომ 1921 წლის 23 თებერვალს, როცა წითელი არმია თბილისის კედლებს აწყდებოდა, უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილ სტუდენტებს შემდეგი სიტყვებით მიმართა:

„შვილებო! ჩემო მოვალეობაა მე თქვენ წიგნისა და კალმისაკენ მოგიწოდოთ, მაგრამ, ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როცა საჭიროა ყველაფერი განზე გადადო და იარაღით ხელში მტერს მიეგებო. და აი, მე დღეს თქვენ იარაღისკენ მოგიწოდებთ!“

ივანე ჯავახიშვილი არ შემცდარა. 1921 წლის 25 თებერვალს, საქართველოსთან ერთად, უნივერსიტეტმაც დაკარგა თავისუფლება და, საქართველოს მსგავსად, უნივერსიტეტიც წალეკა წითელმა ფერმა როგორც პირდაპირი (პროფესორ-მასწავლებლების დახვრეტა), ასევე გადატანითი მნიშვნელობით (წითელი პროფესურისა და იდეოლოგიის მოძალება). და თუ საქართველო და თბილისის უნივერსიტეტი დღეს ისეთები არ არიან, როგორებიც პირველი რესპუბლიკისა და უნივერსიტეტის დამფუძნებელმა მამებმა ჩაიფიქრეს, დიდწილად 1921 წლის 25 თებერვალს მომხდარი კატასტროფის ბრალია. თავიდანვე ცხადი იყო, რომ საქართველოსა და უნივერსიტეტის მოტაცება უკვალოდ არ ჩაივლიდა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

7 დეკემბერს საღამოს ჰიტლერი შეიტყობს პერლ-ჰარბორზე იაპონელების თავდასხმის შესახებ. მეორე დილით ფიურერი უბრძანებს თავის წყალქვეშა ნავებს, იერიში მიეტანათ ამერიკის ფლოტზე.

11 დეკემბერს, 14:18 საათზე, საგარეო საქმეთა მინისტრი ფონ რიბენტროპი ვილჰელმშტრასეზე მიიღებს ამერიკის საქმეთა დროებით რწმუნებულ ლელანდ მორისს. მოქმედი ელჩი უილსონი 1938 წლის ნოემბერში, Kristallnacht-ის (ბროლების ღამე) პოგრომის შემდეგ იქნა გაწვეული პროტესტის ნიშნად. რიბენტროპი მორისს, სავარძლის შეთავაზების ნაცვლად, ფეხზე მდგომს წაუკითხავს განცხადებას, რომელიც ამ წინადადებით მთავრდებოდა: „დღეიდან გერმანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავს ომში თვლის.“ შეხვედრის ბოლოს, რომელიც სულ 3 წუთი გაგრძელდება, რიბენტროპი ინგლისურად მიმართავს ლელანდს: „თქვენს პრეზიდენტს უნდოდა ეს ომი და, აი, მიიღო კიდეც“.

ორმოცი წუთის შემდეგ ჰიტლერი ომის გამოცხადების შესახებ აცნობებს ოპერაში შეკრებილ დეპუტატებს (და რადიომიმართვით - მოსახლეობას). დაახასიათებს რა რუზველტს როგორც „გონებრივად დაავადებულს, რომელსაც ზურგს ნიუ-იორკელი ებრაელი ბანკირები უმაგრებდნენ ომში გერმანელი ხალხის წინააღმდეგ“, ჰიტლერი ხაზს გაუსვამს, რომ ამერიკასთან ცივი ომი, ცხლად გადაიქცა.

„ყველა ეპოქაში, ღმერთები აბრმავებენ მათ, ვისი განადგურებაც სურთ. სიტუაციის შემხედველი ნორმალური და ობიექტური ადამიანი, რომელსაც გერმანიისთვის მხოლოდ სიკეთე სურს, ერთადერთ იმ დასკვნამდე მიდის, რომ ომის ეს გამოცხადება, საუკეთესო შემთხვევაში გაახანგრძლივებს კონფლიქტს, სინამდვილეში კი, მხოლოდ გერმანიის და მისი მოკავშირეების - იტალიისა და იაპონიის - ტოტალურ დამარცხებას გამოიწვევს. (...) გერმანიაში დაბადება მკაცრი სასჯელია. ეს ხალხი მთლიანად გაგიჟდა. იაპონელების თავდაპირველმა წარმატებებმა მათ ყოველგვარი ზომა დააკარგვინა; მათ უბრალოდ დაკარგეს გონიერება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძნელი გასაგებია, რატომ ამტკიცებს ბევრი თანამემამულე დიდი სერიოზულობით, რომ გერმანიის გამარჯვება დაჩქარდება!!!!! შოკირებული ვარ ამ მასშტაბის იდიოტობით. ამდენი სისულელის წინაშე ყვირილი მინდა“ - ჩაწერს 12 დეკემბერს თავის დღიურში გერმანელი იურისტი ფრიდრიხ კელნერი.

მართლაც, ხომ წარმოუდგენელია, რომ ჰიტლერს დავიწყებოდა, თუ როგორ შეცვალა ამერიკამ ძალთა თანაფარდობა პირველ მსოფლიო ომში ჩართვისას? ასე რომ, არა მარტო ამ სიტყვების ავტორი 1941-ში, არამედ 80 წლის შემდეგ ისტორიკოსები გაოცებულნი არიან და მსჯელობენ ჰიტლერის მოტივზე, გადაელახა ისეთი საშიში რუბიკონი და გამოეცხადებინა ომი მსოფლიოს წამყვანი ეკონომიური ძალისთვის სწორედ იმ მომენტში, როდესაც დიდი ბრიტანეთი ჯერ კიდევ დაუმარცხებელი იყო, ხოლო წითელი არმია თავისი კონტრშეტევით (1941 წლის 6 დეკემბერი) ბერლინს დაანახვებს ოპერაცია ბარბაროსას მწარე მარცხს...

რამ უბიძგა ჰიტლერს ამ გადაწყვეტილების მიღებისკენ? ხელმისაწვდომი წყაროები საშუალებას არ გვაძლევს გადაჭრით გავცეთ პასუხი ამ კითხვას, ისტორიკოსების ვარაუდები და ჰიპოთეზები კი მრავალია.

მართლა იაპონელების პირველი წარმატება უკარნახებს ჰიტლერს ომის გამოცხადებისკენ, როგორც ამას კელნერი ჩათვლის? მაგრამ მაშინ რატომ დატოვებს ფიურერი უპასუხოდ ტოკიოს თხოვნას საომარი მოქმედებების კოორდინაციის შესახებ?

ზოგიერთი ისტორიკოსის ვარაუდით (გერჰარდ ვაინბერგი), ჰიტლერი რჩებოდა საკუთარი რასისტული მითების ტყვედ და ჯეროვნად ვერ აფასებდა ამერიკის ეკონომიკურ და პოტენციურ სამხედრო ძალას. მაგრამ ფაქტები აჩვენებს, რომ ჰიტლერი არ იყო ასეთი ირაციონალური - წინააღმდეგ შემთხვევაში ფიურერი ბოლო 6 თვის განმავლობაში კატეგორიულად რატომ უკრძალავდა საკუთარ ფლოტს აგრესიულ ქმედებებს ამერიკის ფლოტის წინააღმდეგ? რატომ არ გახდა ჰიტლერისათვის casus belli ან რუზველტის მიერ 1941 წლის 14 აგვისტოს ხელმოწერილი ატლანტიკური ქარტია (რომელიც „ნაციზმის ტირანიის საბოლოო განადგურებას“ ისახავდა მიზნად), ან კიდევ ამერიკის პრეზიდენტის 11 სექტემბრის ბრძანება, ცეცხლი გაეხსნათ გერმანიის წყალქვეშა ნავებისათვის მათი ხედვის არეში გამოჩენისთანავე?

თუ ამერიკისათვის ომის გამოცხადების მიზეზი ჰიტლერის ანტიიუდაიზმში უნდა ვეძიოთ, როგორც ამას გერმანელი ისტორიკოსი კრისტიან გერლახი ვარაუდობს? იყო ჰიტლერის ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევი მისი სურვილით, უკვე დედამიწის ზედაპირიდან აღეკვეთა ებრაელები? ყოველ შემთხვევაში, ასე ახსნის თავის გადაწყვეტილებას ჰიტლერი 11 დეკემბერს: „რაც შეეხება ებრაულ საკითხს - ფიურერს გადაწყვეტილი აქვს საძირკვლიანად აღმოფხვრას იგი. მან უკვე იწინასწარმეტყველა, რომ თუ ებრაელები დაიწყებდნენ მსოფლიო ომს, ისინი განადგურებულ იქნებოდნენ. ეს არ იყო ცარიელი სიტყვები. მსოფლიო ომი აქაა და ებრაელობის განადგურება მისი აუცილებელი შედეგი უნდა გახდეს. ეს საკითხი ყოველგვარი სენტიმენტალობის გარეშე უნდა იქნეს გადაწყვეტილი“ - ჩაწერს თავის დღიურში გებელსი 13 დეკემბერს.

ამ ჰიპოთეზის მიმართულებისკენ თითქოს მიანიშნებს ვანზეეს კონფერენციის მოწვევის თარიღიც - თავდაპირველად კონფერენცია 9 დეკემბერს იყო დაგეგმილი (ჰაიდრიხის მიერ მოწვეული ვანზეეს უწყებათაშორისი კონფერენცია შეაჯამებს ებრაელების განადგურების პოლიტიკაში მიღებულ გამოცდილებას და დასახავს სამოქმედო გეგმას). მაგრამ გერლახის ჰიპოთეზის საწინააღმდეგოდაც შესაძლებელია უამრავი ფაქტის მოყვანა - ჰიტლერს ხომ ტაქტიკური მიზნების მისაღწევად არაერთხელ შეურბილებია ან დროებით შეუჩერებია ებრაელთა დევნა 30-იან წლებში?! ამას გარდა გამოდის, რომ თუ აქამდე ჰიტლერის ანტიებრაული პოლიტიკის რადიკალიზაცია ომში წარმატებებით იყო განპირობებული, 1941 წლის 8 დეკემბრის შემდეგ ანტიებრაული პოლიტიკა იწყებს ჰიტლერის ომის პოლიტიკის განსაზღვრას? მაგრამ ომის შემდგომი სამწელიწად-ნახევარი ხომ საპირისპიროს ამტკიცებს?!

ერთი სიტყვით, თვისებრივად მსგავს ფაქტთა ქრონოლოგიური სიახლოვე არ არის საკმარისი მიზეზობრიობის დასადგენად. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სამოცდაათი წლის განმავლობაში, ისტორიკოსები ვერ შეთანხმებულან შოას ქრონოლოგიაზეც კი!

დაბოლოს: პირველ სტატიაში მე ვახსენე, რომ შოას ისტორიოგრაფიაში კიდევ უამრავი „შავი ხვრელია“. ზემოთ ჩამოთვლილი მხოლოდ ერთი-ორია იმ ასეულიდან, რომელთა განათება თავის საათს ელოდება...

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG