Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰოლოკოსტის დასაბამთან (10) ბოლოსიტყვაობა


7 დეკემბერს საღამოს ჰიტლერი შეიტყობს პერლ-ჰარბორზე იაპონელების თავდასხმის შესახებ. მეორე დილით ფიურერი უბრძანებს თავის წყალქვეშა ნავებს, იერიში მიეტანათ ამერიკის ფლოტზე.

11 დეკემბერს, 14:18 საათზე, საგარეო საქმეთა მინისტრი ფონ რიბენტროპი ვილჰელმშტრასეზე მიიღებს ამერიკის საქმეთა დროებით რწმუნებულ ლელანდ მორისს. მოქმედი ელჩი უილსონი 1938 წლის ნოემბერში, Kristallnacht-ის (ბროლების ღამე) პოგრომის შემდეგ იქნა გაწვეული პროტესტის ნიშნად. რიბენტროპი მორისს, სავარძლის შეთავაზების ნაცვლად, ფეხზე მდგომს წაუკითხავს განცხადებას, რომელიც ამ წინადადებით მთავრდებოდა: „დღეიდან გერმანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავს ომში თვლის.“ შეხვედრის ბოლოს, რომელიც სულ 3 წუთი გაგრძელდება, რიბენტროპი ინგლისურად მიმართავს ლელანდს: „თქვენს პრეზიდენტს უნდოდა ეს ომი და, აი, მიიღო კიდეც“.

ორმოცი წუთის შემდეგ ჰიტლერი ომის გამოცხადების შესახებ აცნობებს ოპერაში შეკრებილ დეპუტატებს (და რადიომიმართვით - მოსახლეობას). დაახასიათებს რა რუზველტს როგორც „გონებრივად დაავადებულს, რომელსაც ზურგს ნიუ-იორკელი ებრაელი ბანკირები უმაგრებდნენ ომში გერმანელი ხალხის წინააღმდეგ“, ჰიტლერი ხაზს გაუსვამს, რომ ამერიკასთან ცივი ომი, ცხლად გადაიქცა.

„ყველა ეპოქაში, ღმერთები აბრმავებენ მათ, ვისი განადგურებაც სურთ. სიტუაციის შემხედველი ნორმალური და ობიექტური ადამიანი, რომელსაც გერმანიისთვის მხოლოდ სიკეთე სურს, ერთადერთ იმ დასკვნამდე მიდის, რომ ომის ეს გამოცხადება, საუკეთესო შემთხვევაში გაახანგრძლივებს კონფლიქტს, სინამდვილეში კი, მხოლოდ გერმანიის და მისი მოკავშირეების - იტალიისა და იაპონიის - ტოტალურ დამარცხებას გამოიწვევს. (...) გერმანიაში დაბადება მკაცრი სასჯელია. ეს ხალხი მთლიანად გაგიჟდა. იაპონელების თავდაპირველმა წარმატებებმა მათ ყოველგვარი ზომა დააკარგვინა; მათ უბრალოდ დაკარგეს გონიერება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძნელი გასაგებია, რატომ ამტკიცებს ბევრი თანამემამულე დიდი სერიოზულობით, რომ გერმანიის გამარჯვება დაჩქარდება!!!!! შოკირებული ვარ ამ მასშტაბის იდიოტობით. ამდენი სისულელის წინაშე ყვირილი მინდა“ - ჩაწერს 12 დეკემბერს თავის დღიურში გერმანელი იურისტი ფრიდრიხ კელნერი.

მართლაც, ხომ წარმოუდგენელია, რომ ჰიტლერს დავიწყებოდა, თუ როგორ შეცვალა ამერიკამ ძალთა თანაფარდობა პირველ მსოფლიო ომში ჩართვისას? ასე რომ, არა მარტო ამ სიტყვების ავტორი 1941-ში, არამედ 80 წლის შემდეგ ისტორიკოსები გაოცებულნი არიან და მსჯელობენ ჰიტლერის მოტივზე, გადაელახა ისეთი საშიში რუბიკონი და გამოეცხადებინა ომი მსოფლიოს წამყვანი ეკონომიური ძალისთვის სწორედ იმ მომენტში, როდესაც დიდი ბრიტანეთი ჯერ კიდევ დაუმარცხებელი იყო, ხოლო წითელი არმია თავისი კონტრშეტევით (1941 წლის 6 დეკემბერი) ბერლინს დაანახვებს ოპერაცია ბარბაროსას მწარე მარცხს...

რამ უბიძგა ჰიტლერს ამ გადაწყვეტილების მიღებისკენ? ხელმისაწვდომი წყაროები საშუალებას არ გვაძლევს გადაჭრით გავცეთ პასუხი ამ კითხვას, ისტორიკოსების ვარაუდები და ჰიპოთეზები კი მრავალია.

მართლა იაპონელების პირველი წარმატება უკარნახებს ჰიტლერს ომის გამოცხადებისკენ, როგორც ამას კელნერი ჩათვლის? მაგრამ მაშინ რატომ დატოვებს ფიურერი უპასუხოდ ტოკიოს თხოვნას საომარი მოქმედებების კოორდინაციის შესახებ?

ზოგიერთი ისტორიკოსის ვარაუდით (გერჰარდ ვაინბერგი), ჰიტლერი რჩებოდა საკუთარი რასისტული მითების ტყვედ და ჯეროვნად ვერ აფასებდა ამერიკის ეკონომიკურ და პოტენციურ სამხედრო ძალას. მაგრამ ფაქტები აჩვენებს, რომ ჰიტლერი არ იყო ასეთი ირაციონალური - წინააღმდეგ შემთხვევაში ფიურერი ბოლო 6 თვის განმავლობაში კატეგორიულად რატომ უკრძალავდა საკუთარ ფლოტს აგრესიულ ქმედებებს ამერიკის ფლოტის წინააღმდეგ? რატომ არ გახდა ჰიტლერისათვის casus belli ან რუზველტის მიერ 1941 წლის 14 აგვისტოს ხელმოწერილი ატლანტიკური ქარტია (რომელიც „ნაციზმის ტირანიის საბოლოო განადგურებას“ ისახავდა მიზნად), ან კიდევ ამერიკის პრეზიდენტის 11 სექტემბრის ბრძანება, ცეცხლი გაეხსნათ გერმანიის წყალქვეშა ნავებისათვის მათი ხედვის არეში გამოჩენისთანავე?

თუ ამერიკისათვის ომის გამოცხადების მიზეზი ჰიტლერის ანტიიუდაიზმში უნდა ვეძიოთ, როგორც ამას გერმანელი ისტორიკოსი კრისტიან გერლახი ვარაუდობს? იყო ჰიტლერის ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევი მისი სურვილით, უკვე დედამიწის ზედაპირიდან აღეკვეთა ებრაელები? ყოველ შემთხვევაში, ასე ახსნის თავის გადაწყვეტილებას ჰიტლერი 11 დეკემბერს: „რაც შეეხება ებრაულ საკითხს - ფიურერს გადაწყვეტილი აქვს საძირკვლიანად აღმოფხვრას იგი. მან უკვე იწინასწარმეტყველა, რომ თუ ებრაელები დაიწყებდნენ მსოფლიო ომს, ისინი განადგურებულ იქნებოდნენ. ეს არ იყო ცარიელი სიტყვები. მსოფლიო ომი აქაა და ებრაელობის განადგურება მისი აუცილებელი შედეგი უნდა გახდეს. ეს საკითხი ყოველგვარი სენტიმენტალობის გარეშე უნდა იქნეს გადაწყვეტილი“ - ჩაწერს თავის დღიურში გებელსი 13 დეკემბერს.

ამ ჰიპოთეზის მიმართულებისკენ თითქოს მიანიშნებს ვანზეეს კონფერენციის მოწვევის თარიღიც - თავდაპირველად კონფერენცია 9 დეკემბერს იყო დაგეგმილი (ჰაიდრიხის მიერ მოწვეული ვანზეეს უწყებათაშორისი კონფერენცია შეაჯამებს ებრაელების განადგურების პოლიტიკაში მიღებულ გამოცდილებას და დასახავს სამოქმედო გეგმას). მაგრამ გერლახის ჰიპოთეზის საწინააღმდეგოდაც შესაძლებელია უამრავი ფაქტის მოყვანა - ჰიტლერს ხომ ტაქტიკური მიზნების მისაღწევად არაერთხელ შეურბილებია ან დროებით შეუჩერებია ებრაელთა დევნა 30-იან წლებში?! ამას გარდა გამოდის, რომ თუ აქამდე ჰიტლერის ანტიებრაული პოლიტიკის რადიკალიზაცია ომში წარმატებებით იყო განპირობებული, 1941 წლის 8 დეკემბრის შემდეგ ანტიებრაული პოლიტიკა იწყებს ჰიტლერის ომის პოლიტიკის განსაზღვრას? მაგრამ ომის შემდგომი სამწელიწად-ნახევარი ხომ საპირისპიროს ამტკიცებს?!

ერთი სიტყვით, თვისებრივად მსგავს ფაქტთა ქრონოლოგიური სიახლოვე არ არის საკმარისი მიზეზობრიობის დასადგენად. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სამოცდაათი წლის განმავლობაში, ისტორიკოსები ვერ შეთანხმებულან შოას ქრონოლოგიაზეც კი!

დაბოლოს: პირველ სტატიაში მე ვახსენე, რომ შოას ისტორიოგრაფიაში კიდევ უამრავი „შავი ხვრელია“. ზემოთ ჩამოთვლილი მხოლოდ ერთი-ორია იმ ასეულიდან, რომელთა განათება თავის საათს ელოდება...

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG