Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

სამშაბათი, 29 ნოემბერი 2022

რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

რა ხდება?: ნატოს 30 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები 29-30 ნოემბერს ბუქარესტში იკრიბებიან წლის ბოლო მინისტერიალზე. ასეთი შეხვედრები, როგორც წესი, ბრიუსელში ტარდება, მაგრამ ნატომ გადაწყვიტა, რომ წელიწადში ერთხელ მაინც გასვლითი შეკრება მოაწყოს ალიანსის რომელიმე წევრ ქვეყანაში. შარშანდელი მინისტერიალი ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩატარდა (თუმცა, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო ჟურნალისტების რაოდენობა შეზღუდული იყო და მოქმედებდა სოციალური დისტანციის წესები.) შემთხვევითი არ არის, რომ მინისტრები ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე იკრიბებიან - ალიანსს სურს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომთან ახლოს შეკრებით ხაზი გაუსვას თავის აქტიურობას რეგიონში.

რას უნდა ველოდოთ?: ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეუერთდებიან კოლეგები შვედეთიდან და ფინეთიდან. მათ მოწვეული სტუმრის სტატუსი ექნებათ, რადგან თურქეთსა და უნგრეთს ჯერ არ გაუკეთებიათ მათი წევრობის განაცხადების რატიფიკაცია. ამ ფრონტზე პროგრესს არ ელიან - ბუდაპეშტმა განაცხადა, რომ საბოლოო თანხმობას თებერვალში გასცემს, თურქეთთან მოლაპარაკებები კი, სავარაუდოდ, 2023 წელსაც გასტანს.

საქართველოზე იტყვიან რამეს?: მინისტერიალზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას ჩასვლასაც ელიან. ბუქარესტში იქნებიან ბოსნია-ჰერცეგოვინის, მოლდოვისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებიც, რომელთაც ერთი სამუშაო შეხვედრა მიეძღვნებათ. ივნისში ჩატარებული ნატოს სამიტის ბოლო დეკლარაციაში ნატოს ლიდერებმა აღნიშნეს, რომ „ევროპის უსაფრთხოების ვითარება შეიცვალა“ და „ახალი ზომები იქნება მიღებული, რათა პარტნიორებს, მათ შორის ბოსნია-ჰერცეგოვინას, მოლდოვასა და საქართველოს მათზე მორგებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა შევთავაზოთ“. ეს, სავარაუდოდ, გამოიხატება იმაში, რომ ამ ქვეყნებს მეტ ერთობლივ წვრთნებს შესთავაზებენ, მომზადდება ნატოს მრჩევლების ვიზიტები და იმუშავებენ კიბერთავდაცვის გაძლიერებაზე.

რა სიმბოლური დატვირთვა აქვს შეხვედრას ბუქარესტში?: მინისტერიალი იმ დარბაზში ტარდება, სადაც ნატომ, 2008 წლის სამიტზე უმნიშვნელოვანესი დეკლარაცია მიიღო - ნატომ მაშინ ფორმალურად პირველად დაადასტურა, რომ უკრაინა და საქართველო გახდებოდნენ ალიანსის წევრები. როდის მოხდება ეს, ნატოს არ უთქვამს, მაგრამ ხშირად იმეორებს, რომ „ბუქარესტის გადაწყვეტილება“ ძალაშია.

გაფართოებაზე რამეს იტყვიან?: ეს საკითხი, ცხადია, წამოიჭრება, მაგრამ რაიმე გადაწყვეტილებას არ უნდა ველოდეთ. უკრაინის (და, შესაბამისად, საქართველოს) ნატოსკენ მისწრაფებებზე გაცილებით მეტი ლაპარაკი იქნება ნატოს მომავალი სამიტის წინ - ის ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ჩატარდება 2023 წლის 11-12 ივლისს. მასპინძელი იმედოვნებს, რომ ვილნიუსში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც მოახერხებს ჩასვლას - მას უკრაინა ომის დაწყების შემდეგ არ დაუტოვებია.

ბევრი რამ, ცხადია, დამოკიდებული იქნება იმაზე, რა ეტაპზე იქნება ომი, თუმცა არსებობს იმედები (განსაკუთრებით ნატოს აღმოსავლეთის ქვეყნების ლიდერებში), რომ კიევს უკვე რაიმე ხელშესახებს შესთავაზებენ ნატოს წევრობის მხრივ. ადრე ამას „გაწევრიანების სამოქმედო გეგმის“ სახე ექნებოდა, მაგრამ დღეს ნატოს ბევრი წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ეს მექანიზმი მოძველდა. ვარაუდობენ, რომ ეს იქნება რაიმე სახის კონკრეტული დაპირება, რომელიც ომის დასრულების შემდეგ ამოქმედდება. ზუსტად რა დაპირებაზეა ლაპარაკი, ჯერ არავინ იცის - ბევრი მოლაპარაკება დასჭირდება, რომ არც უკრაინის გაწევრიანების მომხრე აღმოსავლეთის ქვეყნები გაანაწყენონ და ალიანსის უფრო ფრთხილი ქვეყნებიც დაითანხმონ.

რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

კვირას სტარტი აიღო მსოფლიოს ყველაზე პოპულარულმა და მომგებიანმა სპორტულმა ტურნირმა. ერთი თვის განმავლობაში „ფიფას“ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში მილიონობით ადამიანი ადევნებს თვალს. სულ 64 შეხვედრა ჩატარდება - მათი უმეტესობა მნიშვნელოვანია, თუმცა რამდენიმეს კიდევ დამატებითი ინტრიგა ახლავს თან - ზოგს პოლიტიკური, ზოგს კი წმინდა საფეხბურთო ქიშპობის გამო.

პირველი ასეთი თამაში უკვე ჩატარდა - ჩემპიონატის პირველი მატჩი - სადაც მასპინძელი ქვეყანა ეკვადორმა 0:2 ანგარიშით დაამარცხა. ამ ორ გუნდს ერთმანეთთან მეტოქეობის განსაკუთრებული ისტორია არ გააჩნიათ, თუმცა ორივეს მონაწილეობა მუნდიალში სკანდალებთან იყო დაკავშირებული. კატარი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლად 12 წლის წინათ შეირჩა და ამ არჩევანს თავიდანვე მკაცრად აკრიტიკებდნენ - ეჭვობდნენ კორუფციას (2015 წელს ზეპ ბლატერი და მიშელ პლატინი ფეხბურთს 8-8 წლით ჩამოაცილეს, რამდენიმე მაღალჩინოსანი კი დააპატიმრეს. აშშ-ის გამოძიებათა ფედერალური ბიუროს მონაცემებით, ბოლო 20 წელიწადში ბრალდებულებმა 150 მილიონი დოლარის ქრთამი აიღეს. მათ შორის იმაში, რომ მუნდიალი რუსეთსა და კატარში ჩატარებულიყო), წერდნენ, რომ სტადიონები კატარში გაუსაძლის პირობებში შენდებოდა, რომ კატარში სისტემატურად ძალადობენ ლგბტ ადამიანებზე...

ეკვადორი კი, ჩილესა და პერუს საფეხბურთო ფედერაციების აზრით, საერთოდ ვერ უნდა მოხვედრილიყო კატარში. აღმოჩნდა, რომ ეკვადორელი ბაირონ კასტილო სინამდვილეში კოლუმბიაში იყო დაბადებული და ამის დამალვას გაყალბებული დაბადების მოწმობით ცდილობდნენ. საბოლოოდ სპორტის არბიტრაციის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ეროვნებას ქვეყნის კანონი ადგენს და რადგან ეკვადორი კასტილოს ეკვადორელად აღიარებდა, მას ნაკრებში თამაშის უფლება ჰქონდა, თუმცა დოკუმენტების გაყალბების გამო ეკვადორი მომავალი მუნდიალის საკვალიფიკაციო ტურნირს სამი ქულის გამოკლებით დაიწყებდა.

აი, კიდევ 4 მატჩი, რომლებსაც კიდევ დამატებითი ინტრიგა ახლავს თან:

27 ნოემბერი: ესპანეთი-გერმანია

ჯგუფურ ტურნირზე ერთმანეთს შეეჯახება ფეხბურთის ორი გიგანტი, რომელთაც, ერთად აღებული, 5 მსოფლიოს თასი აქვთ მოპოვებული. ამავე დროს, ეს არის დაპირისპირება ორი ნაკრებისა, რომლებიც ბოლოდროინდელი წარუმატებლობების შემდეგ კვლავ მწვერვალზე ასვლას ცდილობენ. ეს საუკუნე საფრანგეთის, ესპანეთისა და გერმანიის იყო. ესპანეთმა 2008-2012 წლებში ლამის ყველაფერი მოიგო - ევროპის ორი ჩემპიონატი და 2010 წლის მუნდიალი. გერმანიამ კი, ბევრი მცდელობის შემდეგ, მოახერხა ესპანელების წინსვლის შეჩერება და, 2014 წელს, მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა. ნაკრებებში ჯერ კიდევ თამაშობს დიდების იმ წლების რამდენიმე მონაწილე, თუმცა ორივე გუნდი ახლა ახალი იდენტობის და გამარჯვებისაკენ მიმავალი ახალი გზების ძიებაშია.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეს ჩემპიონატი სავარაუდოდ უკანასკნელი იქნება 21-ე საუკუნის ორი უდიდესი ფეხბურთელის - არგენტინელი ლიონელ მესისა და პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუსთვის - გერმანიისა და ესპანეთის თამაშის დროს მაყურებელი ახალი ამომავალი ვარსკვლავების ძიებაში იქნება. განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არიან თინეიჯერები - ესპანეთის ნაკრებში პედრი (19 წლის) და გავი (18 წლის), გერმანიის გუნდში კი ჯამალ მუსიალა (19 წლის) და იუსუფა მუკოკო (17 წლის).

2 დეკემბერი: სერბეთი-შვეიცარია

ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მატჩია, სადაც ერთმანეთს ორი, ბევრი არაფრით გამორჩეული ევროპული ნაკრები დაუპირისპირდება. თუმცა, ამ შეხვედრას დამატებითი პოლიტიკური დატვირთვა აქვს. შვეიცარიის ორი ვარსკვლავი - ნაკრების კაპიტანი გრანიტ ჯაკა და ჯერდან შაჩირი - წარმოშობით კოსოვოელი ალბანელები არიან. ეს თამაშს განსაკუთრებულ სიმწვავეს შესძენს, მით უფრო, რომ ჯგუფური ტურნირის ბოლო მატჩია, რომელიც ხშირად წყვეტს ხოლმე, თუ ვინ გავა შემდეგ ეტაპზე.

ამას ემატება 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩატარებული შეხვედრის მოგონებები - მაშინ შაჩირს ბუცებზე კოსოვოს დროშა ჰქონდა ამოქარგული, სტადიონზე ფანები ანტიალბანურ სიმღერებს მღეროდნენ, სერბეთის ზოგ ფანს კი სამხედრო დამნაშავის, რატკო მლადიჩის გამოსახულებიანი მაისური ეცვა. იმ მატჩში გოლი ორივემ გაიტანა და შვეიცარიას 2:1 გაამარჯვებინა. ორივემ გოლის აღსანიშნავად ხელით ორთავიანი არწივი - ალბანეთის სიმბოლო გამოხატა, რაც სერბეთმა „შეურაცხმყოფლად“ მიიჩნია. „ფიფამ“ ორივე 10 ათასი შვეიცარიული ფრანკით დააჯარიმა „არასპორტული“ საქციელისათვის. ამას ემატება ჩრდილოეთ კოსოვოში არსებული დაძაბულობა, რაც შვეიცარიისა და სერბეთის დაპირისპირებას ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ შეჯიბრებად აქცევს.

2 დეკემბერი: განა-ურუგვაი

ამ ორ გუნდსაც ძველი ანგარიშები აქვთ ერთმანეთთან გასასწორებელი, თუმცა, ეს სრულიად საფეხბურთო შუღლია. ყველაფერი 2010 წლის სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე დაიწყო - პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც აფრიკის კონტინენტზე ჩატარდა. ბევრს სურდა, რომ რომელიმე აფრიკულ გუნდს მაინც კარგი შედეგი ეჩვენებინა. არადა, თითქმის ყველა აფრიკული ნაკრები, მასპინძლების ჩათვლით, ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩა. ერთადერთი განამ მოახერხა შემდეგ ეტაპზე გადასვლა და მერვედფინალში აშშ დაამარცხა დამატებით დროში. ეს დიდი ამბავი იყო - მიუხედავად იმისა, რომ აფრიკის ქვეყნებს არაერთი მსოფლიო კლასის ფეხბურთელი ჰყოლიათ, აქამდე ვერც ერთს მოეხერხებინა ნახევარფინალში გასვლა. ახლა კი, აფრიკაში, ამის საუკეთესო შანსი გაჩნდა.

მეოთხედფინალში ურუგვაისთან შეხვედრის ძირითადი დრო 1-1 დასრულდა. დამატებითი დროის მიწურულს განელმა მოთამაშემ ბურთი ცარიელ კარში გაგზავნა, რომელიც ლუის სუარესმა ხელით მოიგერია. სუარესმა წითელი ბარათი მიიღო, განამ კი პენალტი ააცილა. ლუის სუარესმა ჯერ აცილებული პენალტი იზეიმა, შემდეგ კი თავისი გუნდის გამარჯვება პენალტების სერიაში და თავი „ტურნირის მთავარი სეივის“ ავტორად გამოაცხადა. ამან სუარესი აქცია „ყველაზე საძულველ ფეხბურთელად“ აფრიკაში. 12 წლის შემდეგ ნაკრებები ისევ უპირისპირდებიან ერთმანეთს. სუარესი კვლავ ურუგვაის ვარსკვლავია და აფრიკულ ნაკრებს ჯერაც არ მიუღწევია ნახევარფინალამდე.

29 ნოემბერი: ირანი-აშშ

ორი ქვეყანა, რომელთაც, რბილად რომ ვთქვათ, დაძაბული ურთიერთობა აქვთ 1979 წლიდან მოყოლებული, ერთმანეთს ხვდება მუნდიალზე, რომელიც პირველად ტარდება არაბულ ქვეყანაში. ამას ემატება ისიც, რომ ირანთან ბირთვული შეთანხმების აღდგენის შანსი სულ უფრო მცირდება, დასავლეთი ქვეყანას ახალ სანქციებს უწესებს რუსეთის სამხედრო მხარდაჭერის გამო, თეირანი კი სასტიკად უსწორდება ქალების აგორებულ საპროტესტო ტალღას. ზოგი ამბობს, სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოსო, მაგრამ, აბა, როგორ?

ირანი და აშშ 1998 წლის ჩემპიონატზე შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ, როგორც ამბობდნენ, აიათოლამ პირადად აუკრძალა ირანელებს, რომ ამერიკელებისათვის მატჩამდე ხელი ჩამოერთმიათ. ამიტომ, ამერიკელები თავად მივიდნენ ირანელებთან, რომლებმაც მეტოქეებს თეთრი ვარდები გადასცეს. ორივე ნაკრებმა ერთობლივი ფოტო გადაიღო. მატჩი ინციდენტის გარეშე დასრულდა - ირანელებმა კი მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს - 2:1. ერთი თვის წინ შედგა ამ ორი ნაკრების ამხანაგური მატჩი ამერიკაში. პრესა წერდა, ფეხბურთელებმა ამ 90 წუთში მეტს მიაღწიეს, ვიდრე დიპლომატებმა ათწლეულების განმავლობაშიო.

აშშ-ის ფაქტორი რომ არც იყოს, ირანის ნაკრები მთელი ჩემპიონატის განმავლობაში მაინც ყურადღების ცენტრში იქნება. ნაკრების ფეხბურთელებმა ინგლისის წინააღმდეგ პირველი მატჩის წინ თავიანთი ქვეყნის ჰიმნი არ იმღერეს და ასე გამოუცხადეს სოლიდარობა ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებს. ამ დროს ოპერატორები კადრში აჩვენებდნენ სტადიონზე მყოფ ირანის გულშემატკივარ ქალებს, რომლებიც, როგორც ჩანს, ფეხბურთელების ამ ჟესტით გულაჩუყებულები ტიროდნენ.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG